აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის მმართველის თანამდებობიდან საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი გაათავისუფლა.
დიმა ჯაიანის განცხადებით, გათავისუფლების საფუძვლად დასახელებულია 2006-2008 წლებში აფხაზეთის კონტროლის პალატის მიერ თეატრის შემოწმების შედეგები.
ჯაიანის განმარტებით, ბრძანების მიღებისთანავე იგი დაუკავშირდა აფხაზეთის კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამად საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მრჩეველს ზვიად ჭკადუას, რომელმაც განუმარტა, რომ თეატრის საკითხი კონტროლის პალატის პრეზიდიუმს საერთოდ არ განუხილავს.
"ხელისუფლება ჩემზე პოლიტიკურ დევნას ახორციელებს", - აღნიშნა დიმა ჯაიანმა.
მისივე თქმით, თუ მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების დამწერი სოხუმის თეატრში ერთ ადამიანს მაინც ნახავს, რომელსაც იგი ხელმძღვანლად არ უნდა, თანამდებობას დატოვებს.