ვაგრძელებთ საუბარს ვინილის დისკებზე და ამ თვალუწვდენელ სივრცეში და უძირო ოკეანეში, მოდით რამდენიმე ფირფიტაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელთა ჟღერადობასთან ერთად, გარეკანის გაფორმებაც საგულისხმოა.
უცნაური ერთი რამაა - რამ დააკნინა ასე ვინილის ალბომები გასული საუკუნის 70-იანების ბოლოსკენ ხანდახან ჟღერადობით დაწყებული, აუცილებლად გაფორმებით დამთავრებული?
ამის ნათელი მაგალითია თუნდაც Deep Purple-ს ალბომებიდან Rainbow-ზე გადასვლა. პირობითად რიჩი ბლექმორს, რომელსაც 1972 წელს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად გაფორმებულ ალბომ Machine Head-ით შეეძლო ეამაყა, უკვე საკუთარ ჯგუფ Rainbow-თან ერთად, საოცრად უღიმღამო გაფორმების მქონე დისკებს გამოსცემს.
გასაგებია, რომ “კონვერტების“ ერა უკვე წარსულს ბარდებოდა, მაგრამ რა უშლიდა ხელს, თუნდაც ალბომის მთავარი (ზედა) გვერდის შინაარსიანად გაფორმებას?
Rainbow-ს ამ თვალსაზრისით არც Deep Purple-ს სხვა „შვილობილები“ – Whitesnake თუ Ian Gillan Band ჩამორჩნენ.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ფირფიტები სასკოლო ასაკის ბავშვების სიმღერების კრებულია გარეკანზე გამოსახული კოსმოსური ხომალდების, პლანეტებისა, თუ ზოგჯერ აბსოლუტურად გაურკვეველი ინვენტარის თანხლებით.
Pink Floyd-ის პირველი ალბომების გარეკანის ფსიქოდელიური კონცეფცია Animals-ის ქარხანამ შეცვალა, ხოლო The Wall კი ლოგიკურად ითხოვდა ბუნებრივ გაფორმებას და არც არაფერია გასაკვირი მისი გარეკანის „ეფექტურობაში“.
გავავლოთ პარალელი Black Sabbath-ის სადებიუტო ალბომის პირქუშ და მისტიკურ გაფორმებასა და ოზი ოსბორნის პერიოდის ბოლო ორ „შედევრს“ – Technical Ecstasy-ის გარეკანზე ესკალატორზე შემხვედრ ორ რობოტსა და Never Say Die-ს ჩაფხუტიან ავტომრბოლელს შორის და მივხვდებით, რომ განსხვავება უდიდესია.
მსგავსი სიტუაციებია Led Zeppelin-ის, Uriah Heep-ისა თუ კიდევ არაერთი სხვა როკ ჯგუფის შემთხვევაში, ხოლო თუკი Rolling Stones-ის 1978 წლის ალბომ Some Girls-ის გაფორმებას Let It Bleed-თან შედარებით კონცეფტუალურად მივიჩნევთ, მაშინ დონა სამერის 1979 წლის დისკო შედევრ Hot Stuff-ზე უნდა გადავინაცვლოთ, რომელიც დისკო ეპოქის შედევრია, როგორც ჩანაწერის, ასევე რეპერტუარისა თუ გაფორმების ხარისხის თვალსაზრისით.
გასაგებია, რომ როკ მუსიკა შედევრებით მდიდარი, გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსა და 70-ების დასაწყისშია, მაგრამ რეპერტუარისა თუ გაფორმების ხარისხთან ერთად, რატომ იკარგებოდა ხოლმე ჩანაწერის ხარისხიც?
ამის ნათელი მაგალითია Uriah Heep, რომლის ალბომების გარეკანი და სტუდიური ჟღერადობა ყოველთვის გამოირჩეოდა. 1976 წელს ჯგუფში ჯონ ლოტონის მოსვლის შემდეგ, ბგერა თითქოს უფრო „კომფორტული“ ხდება, რის ნაკლებობასაც ჯგუფი ისედაც არასოდეს განიცდიდა.
ბასების მოკლება გარი ფეინის არყოფნას ნამდვილად არ უნდა მიეწეროს, რადგან უკვე 1975 წლის ჯონ უეტონის პერიოდის Return To Fantasy ზედმეტი მაღლებით გამოირჩევა, როდესაც იმავე წელს გამოსული Queen-ის ალბომი შედევრი A Night At The Opera „ყრუა”.
ბრიტანული ჯგუფებიდან აშკარა გამორჩევის ღირსია Bad Company, რომლის ნებისმიერი ალბომის ჟღერადობის ხარისხი სანიმუშოა. პიტერ გრანტის კიდევ ერთი პროდუქტი Led Zeppelin-ის Physical Graffity-თან და Presence-თან ერთად, ეწეოდა ბრიტანული ჰარდ როკ ვინილების პრესტიჟის დაცვას, მაგრამ იმ დროს, კომპაქტზე საუბარიც არ ყოფილა და ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიაში შეჭრის თავდაპირველი პროგნოზი, სადღაც 1980 წლისთვის გავრცელდა...
რაში იყო საქმე. ნუთუ ვინილი ისე დაბერდა, რომ მისი მოშორება სურდა ყველას - მუსიკოსს, ხმის რეჟისორსა თუ მომხმარებელს?
1975 წელს King Crimson-ის დაშლის გარკვეულ მიზეზად რობერტ ფრიპმა ტექნოლოგიების გაიოლება დაასახელა. მუსიკოსი ამბობდა, რომ უკვე ადამიანებს წყინდებოდათ დიდი ბაბინებიანი მაგნიტოფონებით სარგებლობა და მელომანები მათ მცირე ზომის კასეტებიან მაგნიტიფონებით ანაცვლებდნენ, რომელთა დამონტაჟებაც მსუბუქ ავტომობილებში ჩვეულ ამბად ქცეულიყო.
ახალგაზრდობას უკვე მობეზრებოდა 15 და 22 წუთიანი კომპოზიციები და “ეპიკური“ ნაწარმოებების ადგილს 3-4 წუთიან „პროგრესივ“ სიმღერები იკავებდა.
ამ ინტერვიუდან 6-7 წლის შემდეგ რობერტ ფრიპს უკვე კომპაქტების ეპოქაში დაბრუნება მოუწევდა, მაგრამ ეს სხვა თემაა...
ჯამში, 70-იანების მეორე ნახევრის ეპიზოდური შედევრები ამინდს ნამდვილად ვერ შექმნიდა და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვინილის ფირფიტების კრახი პირდაპირ კავშირშია იდეების კრახთან და აქედან გამომდინარე მათ გაფორმებასთან.
ყველას მობეზრდა Led Zeppelin II-ის 10 წლის წინანდელი გაცრეცილი ფირფიტა. ეგებ უკეთესად მოისმინებოდა შედევრი ვინილის „ტკრციალისა“ და მისი 19 წუთის შემდეგ გადაბრუნების გარეშე?
სად 42 წუთი გადაბმული მოსმენა და სად მისი ნახევარი? ზოგიერთი ფირფიტის ერთი გვერდი ხომ საერთოდ 15 წუთს არ სჭარბობდა.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ კრიზისი მხოლოდ როკს შეეხო. იგივე ხდებოდა როგორც ჯაზის, ასევე ბლუზის სფეროშიც. სხვა მუსიკა კი წარმმართველის როლს ვერც იტვირთავდა.
ბუნებრივია, ადრე თუ გვიან დადგებოდა კომპაქტების ერა, მაგრამ „გასუფთავებული ბგერა“ თუ როკის მრავალ შედევრს შეჭამდა და ახალსაც მაინცდამაინც არ მოუხდებოდა, ეს როკის მსმნელმა საკუთარ ყურებზე 80-იანების ალბომებით გამოსცადა.
ხარისხის თვალსაზრისით უდავო გამონათებები ამ დროს Genesis-ისა და Dire Staits-ის ფირფიტებია - „Genesis” და “Brothers In Arms” , რომელთაც თითქოს იწინასწარმეტყველეს კიდეც ვინილის საბოლოო მობრუნება...
აი გაფორმება კი? სადღა იყო Uriah Heep-ის Wonderworld-ისა თუ Yes-ის ადრეული ფირფიტების ზღაპრული მოხატულობები? მაგრამ ამ მხრივ მომავალში გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. Yes-ის სულ ცოტა ხნის წინ გამოცემული ალბომი Heaven & Earth ხომ კვლავაც დიდებულმა მხატვარმა - 70 წლის როჯერ დინმა გააფორმა, რომლის ხელწერაც პირდაპირ კავშირშია ვინილთან...
შეგახსენებთ, რომ როკ ალბომების ცნობილ ილუსტრატორს Uriah Heep-ისა და Yes-ის ფირფიტების გარდა, ასევე ეკუთვნის Atomic Rooster, Nucleus, Clear Blue Sky, John Dummer Band, Keith Tippett Group, Asia, Gravy Train და სხვა არაერთი როკ შედევრის გაფორმება (გარძელება იქნება).