ვინ ლობირებს სამარშუტო ტაქსების ბიზნესს?

ვინ ლობირებს სამარშუტო ტაქსების ბიზნესს?

რამდენიმე დღეა, რაც თბილისის მერიის მიერ სამარშუტო ტაქსებისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. მერიამ ტენდერში გამარჯვებული ოთხი კომპანია უკვე დაასახელა. მოქალაქეები ახალი სამარშუტო ტაქსებით მგზავრობას 2011 წლის ოქტომბრიდან შეძლებენ.

ტენდერის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, საზოგადოებაში ეჭვი თბილისის სატრანსპორტო სფეროში ერთპიროვნული მონოპოლისტის არსებობაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკრებულოს წევრმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა, აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია გაახმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, სამი კომპანია საგანგებოდ საკონკურსოდ დაფუძნდა და სამივე მათგანმა იდენტური, "გადაწერილი" დოკუმენტი წარადგინა (გასხვავებული მხოლოდ ხელმომწერების სახელი და გვარები იყო). მერიამ ტენდერში გამარჯვებულის სტატუსიც სწორედ საეჭვო კომპანიებს მიანიჭა.

როგორ "იკერებოდა თეთრი ძაფით" სატენდერო ისტორია, რა ხდებოდა რეალურად სატენდერო კულუარებში, რაზე ვერ საუბრობდა ტენდერის დასრულებამდე კომისიის წევრის პოზიციიდან – ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, დღეს უკვე პოლიტიკოსის პოზიციიდან, ქრისტიან –დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია ხმამაღლა აცხადებს.

- როცა სატენდერო კომისია ცხადდება, მას აქვს სატენდერო ფორმატი და ეს არ უნდა დაირღვეს. ეს ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ არ უნდა იყო მიკერძოებული და არ წარმოადგენდე მხარეს. ამიტომ, საჯარო დაფიქსირება ჩემი მხრიდან, არ იქნებოდა ამ ეტაპზე მართებული. მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ თინა ხიდაშელს, იმის გამო, რომ ის, რაზეც მე ვერ ვისაუბრებდი, როგორც კომისიის წევრი, საჯარო გახადა. თუმცა, იგივე შეკითხვები, რაც ლოგიკურად გაჩნდა აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით, იმთავითვე დავსვით, როგორც კი პრეტენდენტი კომპანიების შესახებ უკვე გახმაურებული ინფორმაცია მივიღეთ. გარდა იმისა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ ერთმანეთს, ანუ ერთი და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ნოტარიუსთან, ერთი და იგივე ფორმატით იყო წარმოდგენილი და ამის საფუძველზე ეჭვი არსებობდა, გაჩნდა უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვებიც. პირველ რიგში, საკითხი, რომელიც დავსვი, გახლდათ ის, რომ ორგანიზაციებმა, რომელთაც განაცხადი შემოიტანეს, რეალურად უნდა ჰქონოდათ თითოს 20 მილიონი ლარი იმისთვის, რომ განეხორციელებინათ თბილისის ბაზარზე საბოლოო ჯამში 100 მილიონი ინვესტიცია. რამდენადაც ვიცით, არანაირი კაპიტალდაბანდება ამ ფირმებს არ გააჩნიათ და, ბუნებრივია, შეკითხვა დავსვით: საიდან უნდა მოიტანონ მათ საჭირო თანხები? და მივიღეთ ერთგვარად დამცინავი პასუხი ამ ფირმებიდან, რომ ეს მათი ფირმის საიდუმლოება იყო. მათი მხრიდან მანიპულაციასაც კი ჰქონდა ადგილი. ამბობდნენ, რომ ტენდერის პირობები მათ წინაშე სხვა მოთხოვნებს არ აყენებდა, გარდა იმისა, რაც მათ დააკმაყოფილეს. ამ პირობების შემუშავებაში კი მონაწილეობდა მერია. რეალურად ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი პროცესი იმთავითვე. ეს თემა ძალიან მალე საზოგადოებისთვის გახდება საინტერესო. ამ ტენდერის თემა ამოტივტივდება და თავს იჩენს.

ვერ დაუშვეს ტენდერში მონაწილეებმა, რომ გარკვეული ეჭვები გაჩნდებოდა მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით?

- რეალურად, მათ შეეძლოთ ეს ისე გაეკეთებინათ, რომ ეჭვი არ გაჩენილიყო. მაგრამ სავარაუდოდ, ამ ადამიანებს ვიღაც ლობირებს, რადგან არც კი ჩათვალეს საჭიროდ, რომ სერიოზულად მოემზადებინათ დოკუმენტები. დღეს და ხვალ თუ არა, ამ საქმით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები, შესაძლოა, ობიექტურობის თვასაზრისით, უმჯობესია ეს მოხდეს ალბათ არა ამათი მმართველობის დროს. რეალურად, ეს არის ერთადერთი თავისუფალი ბიზნესის ხელში ჩაგდების მცდელობა.

შეგიძლიათ დაასახელოთ ვინ დგას ამის უკან?

- ბუნებრივია, კონკრეტულ სახელსა და გვარს მხოლოდ ჭორის დონეზე, ჰაერში ვერ დავასახელებ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საეჭვო ბევრი რამ არის. რაც შეეხება მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან შეკითხვას, იმაში მდგომარეობდა, თუ რა ურთიერთობა აქვთ ტენდერში მონაწილეებს დღეს მოქმედ სამარშუტო ბიზნესში ჩართულ ადამიანებთან? საქმე ის არის, რომ მანქანების ახალი ნაკადი შემოვა 2011 წლის ოქტომბერში, მანამდე რეალურად მათ უნდა იმუშაონ დღეს მოქმედ ფირმებთან და, მეორე შეკითხაც სწორედ აქედან გამომდინარეობდა. ის სამი ფირმა, რომელმაც წააგო ტენდერში, მათ წარმოადგინეს ხელშეკრულებები სწორედ დღეს მოქმედ სამარშუტო ტაქსებთან, ანუ რეალურად ისინი გვთავაზობდნენ გარკვეულ შეთანხმებებს. და თუ ეს ხელშეკრულებები ამჟამად უკვე წაგებულ კომპანიებს ჰქონდათ, რა გარანტიებს მოგვცემდნენ უკვე გამარჯვებული კომპანიები, რომ ძველი სამარშუტო ტაქსები მათთან ითანამშრომლებდნენ. ჩემთვის მთავარი იყო, ყოფილიყო რაც შეიძლებოდა მეტი მესაკუთრე ამ საქმეში, რომლებიც გადასახადსაც გადაიხდიდნენ, თავისუფალ საშუალო ფენას ჩამოაყალიბებდნენ და ოჯახში ფულსაც შეიტანდნენ. ანუ თავადაც მშიერ–მწყურვალი არ იქნებოდნენ. ადამიანი, რომელსაც ჰყავდა სამარშუტო ტაქსი და იყო მძღოლი, რეალურად თუ მას ოჯახში შეჰქონდა, მაგალითად, 50 ლარი, ახლა მას მისცემენ მოჭრილ ხელფასს და იქნება მხოლოდ დაქირავებული მძღოლი. ამ ადამიანებს, სულ მცირე, ხაზს ვუსვამ, ორჯერ ნაკლები ექნებათ შემოსავალი, ვიდრე ჰქონდათ.

გარდა მძღოლებისა, ამ ბიზნესში ჩართულები იყვნენ სამარშუტო ტაქსების მფლობელებიც. თუ ახალი მანქანები უნდა ჩამოიყვანონ, გამოდის, ეს ადამიანები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. რამდენ ადამიანს ემუქრება დაახლოებით უმუშევრად დარჩენა?

- ე.წ. ხაზების მეპატრონეები და ასევე მანქანის მეპატრონეებიც, ან სხვა შუალედური რგოლი აღარ არსებობს, დღეს რჩება ორი მოთამაშე – ოთხი მონოპოლისტი და დაქირავებული მძღოლი. და ის, ვინც ხაზს ფლობდა ან მესაკუთრე იყო მხოლოდ მანქანის, ამოვარდნენ ამ რგოლიდან. სულ 2500–3000–მდე სამარშუტო ტაქსი მუშაობდა და, შესაბამისად, ამ ბიზნესზე დამოკიდებული იყო დაახლოებით 10.000 ადამიანი.

თუ არის რომელიმე პუნქტში მითითებული, რომ სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება? ერთ–ერთი უმრავლესობის წარმომადგენელი სატელევიზიო ეთერში ოპონენტთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ მგზავრობის ფასი არ გაიზრდება.

- ეს იყო ვერბალურად ნათქვამი, არსად ამის შესახებ წერილობით მითითებული არ არის. მეც ეს მაინტერესებს, გაიზრდება თუ არა ფასები? რასაც, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ.

როდიდან შეიძლება ვივარაუდოთ, მას შემდეგ, რაც ახალ სამარშრუტო ტაქსებს ვიხილავთ, შეიძლება სწორედ "გაუმჯობესებული სერვისის" ხარჯზე მოხდეს საფასურის გაზრდა, როგორც ეს უკვე მოხდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე?

- ეს შეიძლება მოხდეს ზაფხულშიც და შემოდგომაზეც, მაგალითად, ოქტომბერში. და არგუმენტი იქნება ის, რომ ბენზინი გაძვირდა. ან სხვა მსგავსი საბაბით, როგორც ეს ჩვევიათ. ყოველ შემთხვევაში, მე მაქსიმალურად მივადევნებ თვალ–ყურს. ქრისტიან–დემოკრატები ფეხდაფეხ მივყვებით ამ საკითხს, მე არ ვაპირებ ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩერებას. იმიტომ, რომ რეალურად ერთადერთი თავისუფალი ბიზნეს–სფერო მოკლეს. თავისუფლად შეეძლო სახელმწიფოს, განეხორციელებინა ამ სფეროს რეფორმა.