ბათუმი, ვისკი, მიშა... და ინგა გრიგოლია

ბათუმი, ვისკი, მიშა... და ინგა გრიგოლია

ამბობენ, ადამიანები ამინდზე მაშინ ლაპარაკობენ, როცა სხვა თემა არ აქვთო. ჩვენც ამინდით დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს.

ცოტა უჩვეულოა, ბათუმში ასეთი ზაფხული არ გვახსოვს - მზიანი და უღრუბლო. არც ბათუმი გვახსოვს ასეთი - ლამაზი და თან... პრობლემებით სავსე.

ინგა განსაკუთრებულ პლაჟზე არ გადის, ჩვეულებრივ გარემოში ჩვეულებრივ ხალხთან ერთად ეფიცხება მზეს - პოლიტიკოსისთვის ეს უფრო ხელსაყრელია, ბევრს ისმენს და ბევრ ახალს იგებს. პირველად აღმოაჩინა წელს მზისგან მოკუნტული ადამიანები, რომლებიც სანაპიროზე დადიან და ჩურჩულით გთავაზობენ - წყალი ან სიმინდი იყიდეო. ხელისუფლებამ გალამაზებული ბათუმის გამო მათ ერთადერთი შემოსავლის წყარო დაუხშო.

ალბათ, სტრატეგია არსებობს ამგვარი - სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. მსგავსი მსხვერპლი კი ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა - აჭარის საკურორტო ზონის ადგილობრივი მოსახლეობა და თბილისის გასალამაზებლად განწირული ლტოლვილები.

არადა, წინასაარჩევნოდ ყოველ მათგანს შეხვდა ინგა გრიგოლია, რჩევებსაც აძლევდა, თუმცა არ დაიჯერეს, ან ვერ... ლტოლვილებმა ხმა მაინც ხელისუფლებას მისცეს. მერე კი, ხომ გახსოვთ "დათა თუთაშხია" - "ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა"... დღეს ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ, უბედური ბედის ანაბარად...

მე და ინგა სანაპიროზე ვსხედვართ, ვისკის ვწრუპავთ... თუმცა, პოლიტიკასა და პრობლემებზე საუბარს თავს მაინც ვერ ვარიდებთ.

ამინდის პროგნოზს პოლიტიკური პროგნოზი ენაცვლება - ინგამ იცის, რომ ძალიან მალე სერიოზული განხეთქილება მოხდება ხელისუფლებაში. სააკაშვილი კი მის გუნდში აღარავის ადარდებს.

ასე რომ არ იყოს, ნუთუ არავინ ურჩევდა, რომ ვერა ქობალია ეკონომიკური განვითარების მინისტრად არ დაენიშნა, რომ ქობალიების აღზევება არ უნდა წამოეწყო? არ არის ეს ანეკდოტი? ორივეს გვეცინება, თუმცა ეს სასაცილო ნამდვილად არ არის! შესაძლოა, პრეზიდენტის არაორდინარული სვლები ბევრ ჭკვიან პოლიტიკოსს ხელს აძლევს და ახარებს კიდეც, ეს სიმპტომია პრეზიდენტის ვადამდე არჩევნებით პოლიტიკიდან წასვლისა.

სააკაშვილი საქციელს ვეღარ აკონტროლებს? არააა! ის ყოველთვის ასეთი იყო. ეგ იყო - ერთხანს ტონი შეარბილა, ახლა უკვე დაიჯერა, რომ მოძლიერებულია და...

ინგას ჟურნალისტური და პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა პარალელურად მიიწევდა წინ და მაღლა.

ჯერ იყო ძალიან საინტერესო, კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდა სააკაშვილი. გაუცვეთელი და სასურველი რესპონდენტი. მერე იყო მეგობარი სააკაშვილი. ზუსტად ისეთი,  გადაცემა რომ გივარდება, თემა არ გაგაჩნია, მასთან ერთხელ დარეკავ,  ერთ სიტყვას ეტყვი - "მიშველე" და ... მეორე დღეს შენს ყველაზე სკანდალურ გადაცემაზე ყველა ალაპარაკდება.

ჰო,  კარგი მეგობრები იყვნენ. მერე ინგამ აღმოაჩინა, რომ ამ ახალგაზრდა კაცს მშვენივრად აქვს მორგებული დემოკრატის ნიღაბი. ნიღაბია, აბა, რა: როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღეს სამ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას ერთდროულად დახურავ, შენ დემოკრატი არ ხარ!

ინგას და პრეზიდენტის მეგობრობა მაშინ დასრულდა, როდესაც "ვარდების რევოლუციის" პირველივე დღეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტმა გრიგოლიამ რევოლუციონერ სააკაშვილს კომენტარი სთხოვა, მან კი უშვერი სიტყვებით მოურიდებლად გალანძღა.

არადა, ვერ დაუკარგავ, ნიჭიერი კაცია - მშვენივრად მოახერხა, ზურაბ ჟვანიას მიერ წამოწყებული რევოლუცია მიესაკუთრებინა, სადავეები ხელში აეღო და... აი, ზურაბ ჟვანია კი ნამდვილად მოკლულია და ამაში ინგა ასი პროცენტით არის დარწმუნებული. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ყველაფერი გამოაშკარავდება.

ჭორი, რომელიც პრეზიდენტსა და ინგა გრიგოლიას უკავშირდება, ყველაზე მტკივნეული და დამანგრეველი იყო უარესთა შორის.

მტკივნეული იყო განცდილი სიყვარულიც. უფრო სწორად, სიყვარულთან განშორება.

ურთიერთობა კი არასდროს დაწყებულა გრძნობით, პრეისტორია ყოველთვის ჰქონდა რამდენიმეწლიანი მეგობრობის სახით.

სულ სამჯერ უყვარდა - ერთხელ ბავშვობისას და წრფელად, მეორედ - ირაკლი გოგავასთან აკავშირებდა გახმაურებული რომანი, მესამედ - ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი აღმოჩნდა გრძნობა - ის არ არის ცნობილი ადამიანი. დიდხანს იყვნენ ერთად და კარგად. ინგამ ახლახან "დაუქნია ხელი". ხელის დაქნევა ძნელია, თუმცა არ უჭირს. როგორც კი იგრძნობს, რომ თითქმის ამოწურა, ნაკლებად უხარია და... გაეცლება.

დაკარგულის დასაბრუნებლად არასოდეს იბრძვის. ყოველთვის უკეთესის მოლოდინი აქვს.

ახლა მარტოა.

კარგადაა.

მარტოობა არ კლავს, არც ტანჯავს, ბევრზე ფიქრის საშუალებას აძლევს.

ძალებს იკრებს.

ზუსტად იცის, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, მალე მოუტანს დრო ახალ სიყვარულს. ამას გუმანით გრძნობს.

გუმანს კი... ყველაზე მეტად ენდობა.

არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიუღია. ფიქრის პროცესი ხანგრძლივია და მტანჯველი. დუღილისას "ინგრედიენტები" უცვლელია - რამდენიმე უძილო ღამის შედეგად სასწორის პრინციპს მიმართავს - ახარისხებს პლუსებსა და მინუსებს. შედეგი ყოველთვის გემრიელი, ნოყიერი და ჯანსაღი გამოდის. თუმცა, მთავარი - თუ გუმანით არ იგრძნო, რომ ღირს, ფიქრს არც კი წამოიწყებს.

ლონდონში სასწავლებლად გამგზავრებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამბობდნენ, ხელისუფლებამ "გაამწესაო"... ღმერთო, იმის საშუალება კი ნამდვილად ჰქონდა, საკუთარი სწავლა ოთხიოდე თვით დაეფინანსებინა.

არც პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯი "დაინდეს". ხშირად ეკითხებოდნენ - რას გააკეთებ პოლიტიკაში? კითხვაზე კითხვითვე პასუხობდა - უკაცრავად, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ პოლიტიკაში? და საერთოდ, ვის აქვს უფლება, განსაზღვროს, წავიდეს თუ არა ინგა გრიგოლია პოლიტიკაში?!

ვერასდროს ვერავინ ვერაფრით გააოცებს - პრესაში არც ერთი ჟურნალისტი იმ დოზით არ ულანძღავთ, როგორც ინგა. ამიტომ იმუნიტეტი გაძლიერებული აქვს, რეაქცია - ურეაქციო.

ხელისუფლებამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაბლოკა კოკა ყანდიაშვილთან ერთად. მომზადებული გადაცემა ეთერში უნდა გასულიყო და... რამდენიმე მძიმე თვე გადაიტანა ინგამ. დიდი ოჯახი ჰყავს, რომელსაც მოვლა, რჩენა სჭირდებოდა. თავის გასატანად საკუთარი ავტომობილი გაყიდა. მერე ისევ მეგობრობა და გიორგი თარგამაძის თავდადებული ბრძოლა - იქნებ, როგორმე "იმედში" დაეწყო მუშაობა ხელფეხშეკრულ ჟურნალისტს.

მცდელობამ შედეგი გამოიღო.

როდესაც გბლოკავენ, ეს ნიშნავს, რომ აღიარებენ შენს ძლიერებას.

არის ხშირად დაბლოკილი, მაგრამ მაინც ყოველთვის ხელფეხგახსნილი ინგა.

აპოლიტიკური ინგა... აღარც მახსოვს, როდის ვნახე ასეთი - დასვენებულია, დამშვიდებული, თითქოს უფრო ლაღი და მშვიდი...

ასე ლაღი ბოლოს ბავშვობისას ყოფილა.

მერე იყო სტუდენტობა - უმძიმესი მდგომარეობა ქვეყანაში და არანაკლებ მძიმე - ინგას პირად სამყაროში. თვეობით არ გამოდიოდა სახლიდან. ეს მკვდარი ეტაპი იყო.

მერე... თითქოს იმედმაც გამოანათა, მუშაობა მოქალაქეთა კავშირის პრესსამსახურში დაიწყო.

მერე კი... მერე დანარჩენი სხვა - ის, რაც ვიცით და რასაც ვხედავდით. ინგა ჩვენ თვალწინ, "ტელევიზორში იზრდებოდა".

ტელევიზია და ის თორმეტი წელი სიცოცხლის ეტაპია, ბედნიერების, დახარჯვის და სისავსის.

იყო ყველაფერი - აღზევება და ხელის კვრაც, თუმცა არ დაცემულა.

ტელევიზიამ ბევრი მისცა, მაგრამ ერთი და ყველაზე მთავარი კი წაართვა. ბავშვობიდან  წერდა. წერდა, წერდა, წერდა... ლექსებს. დაუსრულებლად!

ჟურნალისტიკაში წასვლამ ემოცია ჩაყლაპა თითქოს, ღრუბლებიდან ძირს დაეშვა და გაცილებით პრაგმატული, რეალისტური გახდა. ახლა ოცნების უფლებას აღარ აძლევს თავს.

ერთადერთი ოცნება კი მაინც აქვს და ისიც მის ერთადერთ შვილს უკავშირდება...

ბავშვობაში ტელევიზიაზე ოცნებობდა.  თვალებს დახუჭავდა და სხვა განზომილებაში გადადიოდა - იმ სამყაროში ზუსტად ისე ცხოვრობდა, როგორც სურდა.

ახლა კი...

თვალებს ვახუჭვინებ.

არაფერიც არ გამოსდის. ოცნებები და სხვა სამყარო აღარ არსებობს.