„რამკიანი ცოლების“ საპატიო „წარსული“

„რამკიანი ცოლების“ საპატიო „წარსული“

ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, რომელსაც თბილისში საგაზეთო ჯიხურების გაუქმება მოჰყვა, პრესის გამავრცელებლები და ჟურნალისტები ამ ეტაპზე სხვადასხვა ფორმით უპირისპირდებიან. ტენდერის შესაჩერებლად უკვე გაიმართა რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა, თუმცა უშედეგოდ. უგულავა უკან დახევას არ აპირებს.

ქალაქის მერია აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან საჯარო დისკუსიაში არ შედის და მხოლოდ ტენდერის პირობებზე საუბრობს. რაც შეეხება სხვა „არასასიამოვნო“ კითხვებს, ჟურნალისტები ტენდერთან დაკავშირებით რომ სვამენ, მათზე უგულავას ნაცვლად ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ან „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორი თაკო ფხაკაძე პასუხობენ. ისინი კი ცალსახად უპირისპირდებიან პრესის გამავრცელებლებს და ირიბად - ბეჭდური მედიის იმ ნაწილს, რომელიც ჯიხურების აღებას ეწინააღმდეგება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ დროისთვის ქალაქში ექვსასამდე ჯიხური აიღეს და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. გამომცემლებმა უკვე დაიწყეს ტირაჟების შემცირება და, სავარაუდოდ, ზოგიერთი გაზეთი, შესაძლოა, დაიხუროს კიდეც. ერთი სიტყვით, გიგი უგულავამ ქართულ ბეჭდურ მედიას ღიად შეუტია, გაირკვა ისიც, რომ ამ ბრძოლაში დედაქალაქის მერი მარტო არ არის და მას ზურგს ორი კანონიერი ქურდის ყოფილი ცოლები უმაგრებენ.

გაზეთი „პრაიმ ტაიმი“, ისევე, როგორც ჟურნალი „ტაბულა“, დიდი ხანია, საზოგადოებაში ხელისუფლების მხარდამჭერ მედიასაშუალებად მოიაზრება და ამის შესახებ არაერთი დისკუსია გამართულა ქართულ ტელეარხებზე, მაგრამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღიარებას ორივე გამოცემის რედაქტორები კეთროვანივით გაურბიან.

ასე, მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილი დღემდე ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე, საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „ნაცი“ გიგა ბოკერია ჟურნალის საქმიანობაში არ ერევა, ხოლო ის ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც „ტაბულა“ უწევს აგიტაციას, მხოლოდ ჩორგოლეიშვილის ტვინში იხარშება. არადა, საინტერესოა, როგორ ესმოდა ლიბერალიზმი ან თუნდაც ყბადაღებული „ნულოვანი ტოლერანტობა“ და „ყველანი ციხეში“ თამარ ჩერგოლეიშვილს მაშინ, როცა ის პირველ ქორწინებაში შავი სამყაროს ერთ-ერთ ავტორიტთან, დიდუბელ „კოკოშასთან“ იგივე კოტე კოპალეიშვილთან იმყოფებოდა(?!).

დღეს ეს ადამიანი (კოკოშა) ჩიტივით თავისუფალია, რაშიც ბევრი სწორედ გიგა ბოკერიას ძალისხმევის კვალს ხედავს. შესაძლოა, ეს „კვალი“ მხოლოდ კონსპიროლოგიისადმი გადამეტებული მიდრეკილებითაც იყოს გამოწვეული, მაგრამ, ფაქტია - პოლიცია ჩერგოლეიშვილის პირველი ქმრის საქმიანობით არ დაინტერესებულა, მაშინ, როცა არა თუ კანონიერ ქურდებს, არამედ კრიმინალური სამყაროს გაცილებით „წვრილფეხა“ წარმომადგენლებსაც კი მერაბიშვილის უწყება მსოფლიოს ყველა წერტილში ზარზეიმით აკავებს, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხები კი ამას საგანგებო სიუჟეტებს უძღვნიან.

არის თუ არა კავშირი „კოკოშას“ ერთგვარ ხელშეუხებლობასა და მისი ყოფილი მეუღლის ამჟამინდელ ქმარ გიგა ბოკერიას შორის?! სხვას რომ თავი დავანებოთ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ოფიციალური მეუღლის ყოფილი ქმრის დაკავება, სულ ცოტა, მითქმა-მოთქმას და ზედმეტ ყურადღებას გამოიწვევს, რაც, შესაძლოა, პოლიციისთვის ერთგვარი „შემაკავებელი ფაქტორი“ იყოს?!

ამ სავსებით ლოგიკურ და ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორს, კანონიერი ქურდის - „კოკოშას“ ყოფილ, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მეუღლეს, ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილს დავუკავშირდი, უფრო ზუსტად პირად ნომერზე მივწერე შეკითხვა – მფარველობს თუ არა მისი შვილის მამას და მის პირველ მეუღლეს კოტე კოპალეიშვილს გიგა ბოკერია?

პასუხი „ტაბულას“ რედაქტორს არ მოუწერია, ამიტომ მას ტელეფონით დავუკავშირდი:

ქალბატონო თამარ, გაზეთ საქართველო და მსოფლიოდანგაწუხებთ.

- გამარჯობათ. „საქართველო და მსოფლიო“» მე არ ვაძლევ კომენტარს...

და უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლემ ტელეფონი გათიშა. გავლენიანი ლიბერალური ჟურნალის რედაქტორს შემდგომი ზარებისთვის აღარ უპასუხია.

როგორც ჩანს, ქალბატონ თამარს არ სურს საკუთარ წარსულზე საუბარი და ურჩევნია, მხოლოდ იმ ლიბერალურ ღირებულებებზე ისაუბროს, რომლებიც მას, სავარაუდოდ, ბოკერიასთან ქორწინების შემდეგ ჩამოუყალიბდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ლიბერალური ღირებულებები მას ხელს არ უშლის, საჯარო სივრცეში ქართული თეატრის მაესტროს, რობერტ სტურუას მიმართ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასაპარლამენტო ლექსიკა გამოიყენოს და შიგადაშიგ ისეთი ფრაზები გამოურიოს, არათუ ლიბერალური ტონალობის ჟურნალის რედაქტორი, ბენღაზის პორტის საწყობის დარაჯიც რომ მოერიდებოდა პორტის მასირებული დაბომბვისას არტილერისტების მისამართით. როგორც ჩანს, ლიბელარად ჯერ საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა და ვერც დიდუბელი „კოკოშას“ იდეოლოგიიდან გათავისუფლდა სრულად.

რადგან ქალბატონზე ვსაუბრობ, არაჯენტლმენურ ჟესტად რომ არ ჩამითვალოთ, აქვე მოვიყვან რამდენიმე „შედარებით კორექტულ ცნობილ გამონათქვამს“ ქალბატონი თამარის არსენალიდან: „სულ მკიდია სტურუას შემოქმედება. ბიძინა ივანიშვილი ახალი თესლი ქართულ პოლიტიკაში“... ვფიქრობ, უმჯობესია, მკითხველმა თავად დაასკვნას, ვის გავლენას უფრო განიცდის ამ სიტყვების ავტორი – უშიშროების საბჭოს ლიბერალი თავმჯდომარე გიგა ბოკერიასი თუ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტ „კოკოშასი“... თუმცა დასკვნის გამოსატანად „რეზონანსის“ მთავარ რედაქტორთან მისი დებატებიც საკმარისია, ეკა კვესიტაძის გადაცემაში ახლახან რომ იხილა საზოგადოებამ. ამ პროცესს დებატები პირობითად შეიძლება დაერქვას, თორემ ჩერგოლეიშვილმა ნამდვილი ქურდული გარჩევა მოუწყო ლაშა ტუღუშს პირდაპირ ეთერში.

რაც შეეხება „პრაიმ ტაიმს“ და მის რედაქტორ თაკო ფხაკაძეს, რომელსაც უგულავამ ყველაზე სკანდალური გაზეთი ჩააბარა, ბოლოს თავად გაეხვა ყველაზე ხმაურიან და სამარცხვინო სკანდალში. „პრაიმ ტაიმის“ ერთგულ მკითხველს გაუკვირდება, ალბათ, ის ფაქტი, რომ ამ გაზეთის რედაქტორი არ საუბრობს თავის პირად წარსულზე მის მკითხველთან მაშინ, როცა არც ერთი ცნობილი ადამიანის წარსული არ დაუტოვებია გამოუჩხრეკავი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორს თავის რესპონდენტებზე არანაკლებ სკანდალური ცხოვრება აქვს გამოვლილი. კონფიდენციალური წყარო გვატყობინებს, რომ თაკო ფხაკაძეს „ექსკლუზიურად პირადი“ ცხოვრება აკავშირებდა კანონიერ ქურდ დავით კაკულიასთან. მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდის პირველი ცოლი თაკო ფხაკაძე მამამთილს, გურამ კაკულიას არ მოსდიოდა თვალში. შეგახსენებთ, დავით კაკულია შევარდნაძის დროს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს ორთაჭალის ციხეში და სწორედ მის სახელს უკავშირდება ე. წ. რეზბალნიცაზე პატიმრების შემოწირულობებით აშენებული ეკლესია. მოგვიანებით კაკულიამ ციხეს თავი დააღწია და მოსკოვში გააგრძელა „მოღვაწეობა“, სადაც მოკლეს. ამ ფაქტს მაშინ რუსული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ. რატომ არ აეწყო პირადი ცხოვრება გავლენიან ქურდთან და რატომ არ საუბრობს ამ თემაზე თაკო ფხაკაძე დღემდე, ამის გასარკვევად „პრაიმ ტაიმის“ რედაქციას დავუკავშირდი.

ტელეფონს ოფისმენეჯერმა უპასუხა.

საქართველო და მსოფლიოდან» გაწუხებთ, ქალბატონ თაკოსთან გვსურს ინტერვიუ?

- რა საკითხზე?

მის პირად ცხოვრებაზე.

- მითხარით და გადავცემ, ახლა თათბირი აქვს.

გვაინტერესებს: იმყოფებოდა თუ არა ის კანონიერ ქურდ დავით კაკულიასთან ქორწინებაში?

- იცით, მგონი, რაღაც გეშლებათ.

არ მეშლება, ჰკითხეთ და, თუ სურვილი ექნება, გაგვცეს პასუხი.

-კარგი. ჩავიწერ და გადავცემ. საათ-ნახევარში დარეკეთ.

დათქმულ დროს კვლავ დავუკავშირდი „პრაიმ ტაიმის“ რედაქციას.

ისევ ოფისმენეჯერმა მიპასუხა:

- იცით, მე გადავეცი ქალბატონ თაკოს დანაბარები. თუ შეიძლება თქვენი ნომერი მომეცით, თავად დაგიკავშირდებათ და გაგცემთ პასუხს.

რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომერი დავუტოვე, მაგრამ, როგორც ჩანს, თაკო ფხაკაძე ამ თემაზე სასაუბროდ მზად არ აღმოჩდა ან, უბრალოდ, დუმილი არჩია, თუმცა, თუ გადაიფიქრებს, მზად ვარ, მოვუსმინო.

ამ მასალის მომზადების მიზანი სულაც არ არის მაღალი თანამდებობის საჯარო პირის მეუღლის თამარ ჩერგოლეიშვილის ან სკანდალური გაზეთის რედაქტორის პირადი ცხოვრების არცთუ სასიამოვნო წარსულის მოქექვა. ეს მათი პირადი საქმეა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, თანამედროვე ქართული კანონმდებლობით (რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და სულისჩამდგმელი იდეოლოგი ქალბატონ თამარის ამჟამინდელი მეუღლე გიგა ბოკერია გახლავთ), ორგანიზებულ დანაშაულთან და მის ავტორიტეტებთან ნებისმიერი კავშირი კანონით ისჯება. ეს პუბლიკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, რომ დედაქალაქის მერიის სახელით ხელისუფლებამ ბეჭდურ მედიას ღია ბრძოლა გამოუცხადა. დაე, საზოგადოებამ ის ადამიანებიც დაინახოს, რომლებიც ამ დაპირისპირებაში უგულავას მხარდამხარ იბრძვიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ბეგრაუნდის (როგორც ერთი აწ განსვენებული ოლიგარქი იტყოდა) მქონე ადამიანები უპირისპირდებიან თავისუფალი პრესის გავრცელებას საქართველოში. ვფიქრობ, დედაქალაქის მერისა და კანონიერი ქურდების ყოფილი ცოლების ტანდემი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში საუკეთესო წინაპირობა სულაც არ არის და ნათლად მეტყველებს, რომ სახელისუფლო ეშელონებში როგორც მორალის, ასევე ჟანრისა და კადრების მწვავე დეფიციტია.

და ბოლოს, აჯობებს, ამ ორმა გამოცემამ ცოტა მეტი წეროს ქურდებზე, არამარტო რამკიანებზე, არამედ იმათზეც, ვინც ასფალტის, ფასადების შეღებვისა თუ სხვადასხვა ჯიშის „ატკატებით“ ბიუჯეტი გამოხრა, ახლა კი სიტყვის თავისუფლებასაც გვპარავენ. ვფიქრობ, მათი ბეგრაუნდის გათვალისწინებით, ამ ტიპის ქურდებისა თუ ზოგადად ქურდული სამყაროს საკითხებში დედაქალაქის მერისა და ზემოხსენებული ქალბატონების ტანდემზე კომპეტენტური ადამიანი ძნელად მოიძებნება საქართველოში.