ჯარსაც ამცირებენ და მის დაფინანსებასაც

ჯარსაც ამცირებენ და მის დაფინანსებასაც

ბიუჯეტის შემცირების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ხათუნა ოჩიაური. თუმცა, რამდენით შემცირდება თავდაცვის დაფინანსება, მისივე თქმით, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამასთან, საუბარია შეიარაღებული ძალების შემცირებაზე. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს 37 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცთა რაოდენობა 7 ათასით შემცირდება.

"ჩვენ გვინდოდა თავდაცვის მინისტრის მოწვევა და მოსმენა. არის რეფორმაზე და რეორგანიზაციაზე საუბარი, რომ უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი ჯარი, მაგრამ როგორ იქნება, რამდენით შემცირდება - ამასთან დაკავშირებით სქემა ჯერჯერობით დახვეწილი არაა," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხათუნა ოჩიაურმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, შეიარაღებული ძალების კვოტა 40 ათასით არის განსაზღვრული.

"სხვათა შორის, თავიდან საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის კვოტა სამივესათვის 40 ათასით იყო განსაზღვრული. შემდეგ სომხეთმა მიაღწია შეთანხმებას და თავისი კვოტა 56 ათასამდე გაზარდა, აზერბაიჯანმა კი - 73 ათასმდე. საქართველომ ისევ ის დაიტოვა, რაც ჰყავდა საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში. ასე რომ, 40 ათასზე მეტი ჩვენ ვერ გვეყოლება ჩვენ მიერ ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად.

"ახლა რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რატომ ამცირებენ სამხედროების რაოდენობას, ამას ვერ გეტყვით. ეტყობა, რომელიღაც ჩინოვნიკს თავი ბალიშზე ცუდად ედო. ამ ხელისუფლების ტვინი ისეთივე იოლად ცვალებადია, როგორც ქარის ქროლის მიმართულებები. აქამდე სულ იმას გვიმტკიცებდა, რომ ჯარი უნდა გავზარდოთო. ვეკითხებოდი, რატომ ვზრდით-მეთქი? მპასუხობდნენ, რომ იმიტომ, რომ ასეა საჭიროო. ვეკითხებოდით, რატომ 37 და არა 40 ათასი? პასუხი არ იყო.

"ახლა ისევ წამოიქროლა რაღაცამ და ამბობენ, რომ შევამციროთო. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ჯარი არაა სახელმწიფოს ზრუნვის საგანი. ჯარი იქნება ან ამ ხელისუფლების პირადი ყმების ლაშქარი, ან არაფერი არ იქნება," - უთხრა "რეზონანსს" სამხედრო ექსპერტმა კახა კაციტაძემ.

აღსანიშნავია, რომ "ვარდების რევოლუციამდე" საქართველოს 30 ათასი სამხედრო ჰყავდა. შეიარაღებული ძალების რაოდენობა 7 ათასით სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წლებში გაიზარდა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით თევძაზე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა ამოცანა აქვს ახლა ჯარს.

"ვერ გეტყვით, რატომ მცირდება რაოდენობა. სწორია თუ არა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იზომება სხვა სივრცეში. ჩემს დროს შემცირებისკენ მიდიოდა ჯარის რაოდენობა, სადღაც 30 ათასის ფარგლებში იყო.

"არ ვიცი, რა ამოცანა აქვს ახლა ჯარს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანების წინაშე დგას ქვეყანა. არ ვიცი, ახლა როგორია თავდაცვის სამინისტროს სამზარეულო," - ამბობს დავით თევზაძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ჯარმა ხელისუფლებისთვის დაკარგა თავისი ფუნქცია და მას, როგორც წარმატებულ პროექტს, თავისი პოლიტიკური პიარ-კამპანიებისთვის ვერ იყენებს.

"რამდენადაც ვიცი, მნიშვნელოვნად მცირდება თავდაცვის ბიუჯეტი და ასევე ჯარისკაცთა რაოდენობა. ეს არის პრეზიდენტის და ხელისუფლების მიდგომა ჯარისადმი ომის შემდგომ. ხელისუფლებისა და პრეზიდენტისთვის ჯარმა დაკარგა თავისი ფუნქცია. ჯარს უკვე ვეღარ იყენებს, როგორც წარმატებულ პროექტს თავის პოლიტიკურ პიარ-კამპანიებში. დაინგრა ის მითი, რომ ჩვენ გვყავდა უძლიერესი არმია.

"ფაქტობრივად, გამოირიცხა მომავალში შეიარაღებული ძალების გამოყენება, როგორც კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი საშუალება. ფაქტია, რომ ჯარის მიმართ მას გააჩნია გარკვეული შიში და ეს დადასტურდა იმავე მუხროვანის ამბოხით და შემდეგ უკვე ბაჩო ახალაიას დანიშვნით. ამ სახელმწიფოში შეიძლება ძალიან ბევრი ლოგიკური კითხვა დავსვათ, მაგრამ ამ ლოგიკურ კითხვებზე ქართულ ხელისუფლებას სწორი პასუხები ვერ ექნება. ის ქვეყანას მართავს ალოგიკური პოლიტიკით," - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

შეიარაღებული ძალების შემცირებას დადებითად აფასებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდრიგიძე და ამბობს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს არა რაოდენობას, არამედ ხარისხს.

"უპრეცედენტოდ დიდი ფინანსები იხარჯებოდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ იმის გამო, რომ ბიუჯეტი გაუმჭვირვალე იყო, ჩვენ არ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია ფინანსების რაოდენობაზე. აქცენტი უნდა გაკეთდეს არა რაოდენობაზე, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ ხარისხზე," - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.