"ერთი ქურდების დედაც და ქურდული სამყაროს წევრებისაც!”

პრიმერა დივიზიონის პირველ ქართველ ლეგიონერსა და ახლო წარსულში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს გიორგი დემეტრაძეს ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცნობილ ფეხბურთელს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

7 ივლისს სამართალდამცველებმა გიორგი დემეტრაძესთან ერთად კიდევ ორი პირი - დავით გაგნიძე და კახა მისირელი დააკავეს, რომლებსაც გამოძიება თანხის უკანონოდ მითვისებას ედავება. საქალაქო სასამართლომ სამივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმეში ფიგურირებს ამჟამად უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, რომლის ძმა - "ვინმე კონსტანტინე" საზოგადოებამ უკრაინის არჩევნების მიმდინარეობისას გივი თარგამაძესთან ფარული სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ გაიცნო.

ვატო ყიფიანი ხელისუფლებამ გასულ წელს ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლა. მან იმავე დღეს დატოვა საქართველო და უკრაინაში გადაიხვეწა. ახლა კი სასამართლომ ყიფიანს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი და საქართველოში მის ექსტრადირებას ელის. დაცვის მხარემ განაჩენი მეორე დღესვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამივე ეჭვმიტანილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პირისგან ე.წ. მაზიანში (სანაძლეო) წაგებული თანხის ნაწილის მიღებას ცდილობდნენ. მანამდე კი გიორგი დემეტრაძემ დავით ფეიქრიშვილისგან გაიგო, რომ მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატზე ე. წ. "მაზებით" მოგებული ჰქონდა 140 ათასი დოლარი. დემეტრაძემ ეს წარსულში ნასამართლევ უკრაინაში მყოფ ვატო ყიფიანს უამბო და ისიც საქმეში ჩაერთო.

ყიფიანი დემეტრაძის, გაგნიძის, მისირელის საშუალებითა და ქურდული გარჩევებით ცდილობდა თანხის ამოღებას წაგებულისგან და ნაწილის ქურდულ "ობშჩიაკში" გადარიცხვას. ყიფიანმა მოგებული თანხიდან "ობშჩიაკისთვის" წილი - 30 ათასი დოლარი მოითხოვა. წაგებულთან შეხვედრა დემეტრაძეს, მისირელსა და გაგნიძეს დაავალა.

სამართალდამცველებმა დემეტრაძე, მისირელი და გაგნიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი 40 ათას 700 დოლარის ასაღებად წაგებულს ხვდებოდნენ. პოლიციამ გაგნიძის პირადი ჩხრეკისას "გლოკის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ხოლო მისირელის ბინაში მაუზერისა და "იერიქოს" ტიპის იარაღები, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები იპოვეს. სისხლის სამართლის საქმე 223-ე, ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით აღიძრა. სასწრაფო წესით დანიშნულმა სასამართლომ ცნობილ ფეხბურთელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა...

გიგი ზირაქიშვილი,  გიორგი დემეტრაძისა და დავით გაგნიძის ადვოკატი: - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნი დანაშაულს არ აღიარებენ, დავაყენე შუამდგომლობა მათი უპირობოდ გათავისუფლების თაობაზე, ამავე დროს ალტერნატივად 5-5 ათასი ლარიც შევთავაზე გირაოდ, რაზეც პროკურორმა უარი გვითხრა.

ბუნებრივია, ეს შეთითხნილი ბრალდებაა. გიორგი დემეტრაძე თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, რომელ ქურდულ სამყაროზეა ლაპარაკი? ყოჩაღად უჭირავს თავი და ამბობს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებო. ისე შორს ვართ ერთმანეთისგან მე და ქურდული სამყარო, ამას, ალბათ, ცუდ სიზმარშიც ვერ ვნახავდიო. შუა ციხეში ყვიროდა გამწარებული: ერთი ქურდების დედაც და ქურდული სამყაროს წევრებისაცო.

კახა მისირელი, რომელიც შსს-ს პოლკოვნიკია და წლების განმავლობაში  ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა (ამბობენ, იგი ერეკლე კოდუას მოადგილე იყო სოდ-ში), როგორ შეიძლება იყოს ქურდული სამყაროს წევრი?! "კანონიერი ქურდების" დაუწერელი კანონია, - ორგანოში ნამუშევარ პირს არ გაიკარებენ. გაგნიძე კი პატიოსანი ოჯახის შვილია. ის და გიორგი ვატო ყიფიანის უბნელები, მთაწმინდელები არიან... თვითონ გიორგი მის დასჯას იმას უკავშირებს, რომ კიევში თავისი ბინა დროებით საცხოვრებლად ვატო ყიფიანს დაუთმო.

მისირელი ამბობს, როგორც ყოფილ თანამშრომელს, იარაღი ომის დროიდან მქონდაო. რაც შეეხება გაგნიძეს, მას იარაღი ნამდვილად არ ჰქონია, დარწმუნებული ვართ, ჩაუდეს, ამიტომ მოვითხოვთ ექსპერტიზას. დათო ამბობს, რომ შეუძლია იმ პირის ამოცნობა, ვინც იარაღი ჩაუდო. ამოღებულ ფულს რაც შეეხება, ეს იყო მეგობრის დასახმარებლად შეკრებილი  თანხა.

დემეს ამბავი ქურდებმა რომ გაიგეს, სიცილით დაიხოცნენ, სად გაგონილა, ქურდი ტრუსებით დარბოდეს და თანაც ზურგზე ნომერი ეწეროსო...

ვატო ყიფიანი 2004 წელს დააკავეს და ბრალი სამი მუხლით წაუყენეს: 109-ე, პეროვსკაიას ქუჩაზე ჩადენილი განზრახ მკვლელობა. მეორე - აეროპორტში იარაღისა და ნარკოტიკების ამოღება და მესამე - სოფელ ღვანკითის ეპიზოდი, სადაც მას იარაღი ამოუღეს. მტკიცებულებების არარსებობის გამო მას განზრახ მკვლელობაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.

ამ შემთხვევაში ვატო თვითონ იყო დაზარალებული, ვინაიდან მისი ზურგიდან იმავე კალიბრის ტყვია ამოიღეს, რაც გარდაცვლილი დაცვის სამსახურის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის სხეულიდან, - მათ ერთი იარაღით ესროლეს. აეროპორტის ეპიზოდშიც გამართლდა, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ნარკოტიკები და იარაღი მისი იყო. საბოლოოდ  განაჩენი იარაღის გადატანისთვის გამოუტანეს, ყიფიანი 2009 წელს უდო-ს კომისიის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ყიფიანი თავს ქურდული სამყაროს წევრად არ მიიჩნევს.

კახი კალაძის უახლოესი მეგობრის, გიორგი დემეტრაძის საფეხბურთო კარიერა 1991-92 წლებში  დაიწყო თელავის "კახეთში". იყო ორჯერ საქართველოს და ერთხელ უკრაინის ჩემპიონი. სულ 12 გუნდში ითამაშა, მათ შორის იყო ჰოლანდიის "ფეინოორდი", კიევის "დინამო", ვლადიკავკაზის "ალანია", მოსკოვის "ლოკომოტივი", დონეცკის "მეტალურგი", თელ-ავივის "მაკაბი", კიევის "არსენალი", ესპანეთის "რეალ სოსიედადი", ხოლო 2008 წლიდან აზერბაიჯანის "ბაკი". 33 წლის ფორვარდი ბოლო დროს ცხინვალის "სპარტაკთან" ერთად ვარჯიშობდა. გიორგი დემეტრაძე თითქმის 11 წელი იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას. ამბობენ, ის კარიერის გაგრძელებას ერთ-ერთ უცხოურ კლუბში აპირებდა.