"ქართული ოცნება" მომავალი არჩევნების შემდეგ დაიშლება"

"ახალი მემარჯვენეები" კატეგორიულად აცხადებენ, რომ საარჩევნოდ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გაერთიანდებიან, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილთან.

მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მემარცხენეებთან თუ სხვა მიმართულების პოლიტიკოსებთან აღრევას არ აპირებენ.

- საზოგადოება ვერ გაიგებს, რომ, მაგალითად, ჩვენ და ლეიბორისტები გავერთიანდით, რადგან მემარცხენე და მემარჯვენე ძალთა სამოქმედო გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე გადავწყვიტეთ, - განაცხადა ჩიხრაძემ.

მემარჯვენე ქალბატონი ძალიან ბევრს საუბრობს ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელთანაც, როგორც ამბობს, ის და მისი პარტიის წევრები არანაირ თანამშრომლობას არ აპირებენ. ივანიშვილის გასაგონად ისინი ამბობენ, ნუ შეგვეშინდება შუაში ყოფნაო.

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ დაიშლება.

- ეს კოალიცია არჩევნებამდე შენარჩუნდება, თუ იქამდე ბიძინა ივანიშვილი ვინმეს არ აუნთებს წითელს. კოალიცია რომ არჩევნებისთვისაა შექმნილი, ამას თავადაც არ მალავენ. საქართველო დიდი ფულის შეჯახების პოლიგონად არ უნდა იქცეს. ივანიშვილს აქვს განცდა, რომ ფულით უნდა იშოვოს ძალაუფლება. ძალიან ბუნდოვანია ივანიშვილის წარმოდგენები პოლიტიკური ღირებულებებისა თუ ორიენტაციის ნაწილში, რაც ხშირად იცვლება. მისი განცხადებები, რომ ის დემოკრატიის დამყარებას ორი ან სამი მინისტრის დაჭერით აპირებს, კრიტიკას ვერ უძლებს. ივანიშვილს აქვს წარმოდგენა, რომ ფულით ყველაფრის ყიდვას შეძლებს. სააკაშვილს აქვს განცდა, რომ ის ძალაუფლებით ყველას და ყველაფერს გააკონტროლებს, ხოლო ივანიშვილის აქვს განცდა, რომ ქართულ საზოგადოებაში ის ფულით მოახერხებს ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს ან იყიდოს. მე ასეთი ფორმულაც შემოვიტანე, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში სააკაშვილმა ძალაუფლებით იშოვა ფული, ივანიშვილს აქვს განცდა, რომ უკვე ნაშოვნი ფულით უნდა იშოვოს ძალაუფლება, - ამბობს ჩიხრაძე.

ფიქრია ჩიხრაძისა და მთლიანად, მემარჯვენეების მოსაზრებით, სააკაშვილის მმართველობის 8 წელმა ბევრი რამის მარგინალიზება მოახდინა ხელისუფლებაშიც და არასახელისუფლებო სივრცეშიც (როგორც ოპოზიციური მოძრაობის, ისე მედიისა თუ სამოქალაქო აქტივობის კუთხით). რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ ხელისუფლების ბრალს არ ხედავენ, მაგრამ მან ყველანაირი სივრცის დახშობით აქტიურად და მიზანმიმართულად შეუწყო ხელი პროცესს, რათა ამ ფონზე თავად უალტერნატივოდ, უძლეველად და მაინც ყველაზე უფრო პროგრესულად წარმოჩენილიყო. სამწუხაროდ, ეს მოახერხა კიდეც.

- მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული და ეს დასასრული სრულიად ლოგიკურად სააკაშვილის ძალაუფლებისთვისაც დგება.

უდავოა, რომ სწორედ ამ ლოგიკის გათვალისწინებით არის 2012 წლის არჩევნები მართლაც საეტაპო და ერთგვარი პოლიტიკური უღელტეხილის დატვირთვის მქონე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ქცევაში ჯერ არ იყო მყარად გამოვლენილი, გასულ პერიოდში მაინც ჩნდებოდა განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავაცნობიერეთ, გამოცდილება შევიძინეთ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ნიშნებიც გამოიკვეთა და, მიუხედავად ერთგვარი პოლიტიკური სტაგნაციისა, ეს ძალიან დამაიმედებლად ჩანდა.

2012 წლის არჩევნებამდე 1 წლით ადრე, ვისთვის სრულიად მოულოდნელად და ვისთვის გარკვეული არგუმენტაციით ადრე თუ გვიან მოსალოდნელად, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა მანამდე იდუმალი ქველმოქმედის სახელით ცნობილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, უდავოდ, მართლაც გამოაცოცხლა (თუ შეატორტმანა) ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სივრცე. ამ ნაბიჯთან მიმართებაში მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, სიღრმისეულად არავინ აანალიზებს, რა რეალობა შექმნა ქვეყანაში ამ ამბავმა, რა პროცესები განაპირობა ან რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ მოვლენამ ქვეყნის მომავალ დემოკრატიულ განვითარებას, - აცხადებენ მემარჯვენეები.

მათი მოსაზრებით, მანამდე იდუმალი და უპრეტენზიო ქველმოქმედის იმიჯის მქონე ივანიშვილი ზედმეტად ამბიციური პოლიტიკური პრეტენზიით შემოვიდა პოლიტიკურ ველზე. მისი მთავარი დივიდენდები იმ დროისათვის იყო წლების განმავლობაში შექმნილი იდუმალი ქველმოქმედის პოზიტიური იმიჯი და საქართველოს მასშტაბისათვის ძალიან დიდი ფულადი რესურსი (მისსავე რესურსად შეიძლება ჩაითვალოს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მილევადი ვადაც და ოპოზიციის სისუსტე თუ უშედეგობა). მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ, შეზღუდული ობიექტური ოპონირების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მაინც მოხდა ამ მოვლენის იმ კუთხით შეფასება, რომ მისმა ფიგურამ ჭარბად ასაზრდოვა მოსახლეობაში მუდმივად არსებული მესიის (თუ მამა-მარჩენალის) მოლოდინი; მითი მისი ქველმოქმედების უანგარობაზე იმთავითვე ეჭვქვეშ დააყენა მისივე უკიდურესმა პოლიტიკურმა პრეტენზიულობამ; ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციური სურვილის მიღმა არ იდგა მკაფიო იდეა, განაცხადი, პოლიტიკური ხედვა; მისი ფუნდამენტური პოლიტიკური ორიენტირები თუ ღირებულებები არც მაშინ და არც დღეს გამოკვეთილი არ არის (პირიქით, მუდმივად ცვალებადია); ბევრი ითქვა მისი ფინანსების რუსულ წარმომავლობაზეც.

სამწუხაროდ, არავის არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ ძალიან მოკლე დროში მან უკვე შეასრულა საკმაოდ მძიმე როლი და სრულიად მოსრა არასახელისუფლებო საზოგადოებრივი სივრცე, რითაც სიტუაცია არათუ გაურთულა, საკმაოდ გაუადვილა ხელისუფლებას. მან ჯერ იარლიყების დაკიდებით დააკომპლექსა ეს სეგმენტი და შემდეგ კი უზარმაზარი ფინანსური რესურსის ამუშავებით, რაც გინდა დაარქვით, იყიდა.

გაანეიტრალა, მხარედ აქცია ყველა (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა) - ჟურნალისტები, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები... ნაცვლად იმისა, რომ 2012 წლისათვის მომძლავრებულიყო სწორედ დამოუკიდებელი, ობიექტური, ხელისუფლების გავლენისაგან თავისუფალი საზოგადოებრივი სეგმენტი, ჩვენ ამ ველზე კიდევ ერთხელ მივიღეთ პრაქტიკულად განულებული მდგომარეობა (როგორც ერთხელ უკვე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ). დღესაც ძალიან გაძნელებულია ობიექტური და მიუკერძოებელი სიტყვის ან შეფასების მოსმენა. ამ გაგებით ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე და ამ სეგმენტში ,,შუა წარმატებით გაკრიფა", - დასძენს ჩიხრაძე.

ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ, როგორც ჩატარდება ეს არჩევნები, უახლოესი ათი წლის განმავლობაში მოვლენები ისე განვითარდება. მისი თქმით, 2012 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ერთადერთი დადებითი რამ ახლავს თან - ხელისუფლების შეცვლას თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა არჩევნების გზით აპირებს.

- თუ არჩევნები იქნება დემოკრატიული და თავისუფალი, ასევე ვიცხოვრებთ შემდეგი ათი წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამის პერსპექტივას დავკარგავთ, - აღნიშნა მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიხრაძემ.