"ქართულ პარტიაში" მომხდარი ამბები მრავალუცნობიან გამოცანად დარჩა. რა მოხდა დიდი ხმაურით და ამბიციებით შეკრებილ ლიდერებს შორის? რამ განაპირობა ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძის და კახა მიქაიას პარტიიდან წასვლა? რატომ არ ერეოდნენ თუ არ რევდნენ საქმეებში მათ ბოლო პერიოდში სოზარ სუბარი, ირაკლი ოქრუაშვილი და ეროსი კიწმარიშვილი? რას აპირებენ პარტიის ყოფილი წევრები და რჩება თუ არა პარტია პოლიტიკურ სივრცეში?
დარჩენილები ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ. არც წამოსულები ასველებენ დიდად ენას შიდა სამზარეულოზე საუბრით. იმ განცხადებაში, რომლითაც მშობლიური პარტიის დატოვების მიზეზები ახსნეს, წერია, ამ ტიპის რეჟიმთან ბრძოლა მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციითაა შესაძლებელი და მეორე, ბოლო გადაწყვეტილებებში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებდითო. ამ თითქოს განმარტებებმა საზოგადოება კიდევ მეტად დააბნია.
კითხვებზე პასუხის გაცემას კახა მიქაიასაგან შევეცადეთ. რამდენად გამოგვივიდა, თქვენ განსაჯეთ.
კახა, გულახდილად მითხარით, რა მოხდა "ქართულ პარტიაში"? რატომ გაიყო ასე ამბიციურად შექმნილი პოლიტიკური ძალა?
– გაყოფის მიზეზები ნათლად არის გამოკვეთილი ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როცა ლევან გაჩეჩილაძე ძმასთან ერთად პარტიის სხვა ლიდერების გარეშე მივიდა ტელევიზიასთან სახალხო კრების აქციაზე, ეს უკვე იყო ბევრისმთქმელი. მაშინ უკვე გქონდათ გადაწყვეტილი პარტიის დატოვება?
– მაშინ ბოლომდე კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.
ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლის მომხრეები იყავით?
– მისი განცხადებიდან გამომდინარე, ის უნდა ჩამოსულიყო, ყველა ველოდებოდით.
თუ ელოდებოდით, მაშინ იმას გაუნაწყენებიხართ, რომ არ ჩამოვიდა.
– მეტს ვერაფერს გეტყვით.
სოზარ სუბარმა თქვა, ჩვენ ვუთხარით, არ ჩამოხვიდეო. მართლა აპირებდა ჩამოსვლას?
– არ ვიცი. არც ის ვიცოდით, როგორ ჩამოვიდოდა, რას აპირებდა. ჩვენ არ ვიღებდით ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ ვიცოდით, რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ პარტიაში.
ითქვა, რომ გაყრის ერთ–ერთი მიზეზი ფინანსები იყო. ოქრუაშვილი გაბრაზდა, ამდენ ფულს რაში ხარჯავთ და ვის ჯიბეებში მიდისო.
– ყველაფერი, რაც ითქვა, ჭორია. პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ბოლო პერიოდში ინფორმირებულიც კი არ ვიყავით, იქ რა ხდებოდა.
როგორც დათქმული იყო, ოქრუაშვილი რომ ჩამოსულიყო 25 მაისს და აქცია ჩატარებულიყო, მასში მონაწილეობას მიიღებდით?
– რა თქმა უნდა, მივიღებდით. დარბევის ღამეს აქციაზე ვიყავით. ყველა ნაცემი და მოწამლულები ვართ. ჩემი მეგობრები, ვინც ზუგდიდიდან ჩამოვიდა თბილისში, ყველა დაჭერილები და დამტვრეულები იყვნენ. მე მოწამლული ვიყავი, ორი დღე ვიწექი. უცნობი (გიორგი გაჩეჩილაძე) რა დღეში იყო, ნახეთ.
ისე გამოდის, რომ თქვენ იყავით ერთობის და რევოლუციური პროცესის მომხრეები და ლიდერთა მეორე ნაწილი "სიმულიანტობდა"?
– ჩვენი გადაწყვეტილება ადრევე გამოვაცხადეთ, რომ აქციის დარბევის შემთხვევაში, ჩვენ დავდგებოდით აქციაზე, როგორც რიგითი ქართველები, რადგან ვერ ვუყურებთ ჩვენი ხალხის ცემა–ტყეპას ტელევიზიით ან ფანჯრებიდან. აქციის დარბევის შემდეგ მივედით და იქ დავდექით. ჩვენ არ ვიყავით იმ აქციების ორგანიზატორები, არც ვიცოდით, რა გეგმა ჰქონდათ, მაგრამ, როცა პირველსავე ღამეს მოხდა ტელევიზიის წინ ინციდენტი, დიდი მიხვედრა არ უნდოდა, როგორ გაგრძელდებოდა მოვლენები. ამიტომაც მივედით.
ნინო ბურჯანაძე ამბობდა, "ქართული პარტია" ხელისუფლების თამაშს თამაშობს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოქრუაშვილი, კიწმარიშვილი და გაჩეჩილაძე ხელისუფლებაში აღარ მოვიდნენო. მართლა ხომ არ აფათურებდა ხელისუფლება ხელს პარტიაში?
– არანაირად. ბურჯანაძემ დამადასტურებელი ფაქტები დადოს.
რას აპირებთ სამომავლოდ? ეს იქნება კვლავ პარტია, საზოგადოებრივი მოძრაობა, არასამთავრობო თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალაში ან ერთობაში მოიაზრებთ თავს?
– ჩვენი გუნდი ახლო მომავალში გააკეთებს განცხადებას ამის შესახებ.
დავით ბერძენიშვილმა თქვა, კარგი იქნება, თუ ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკურ ტაიმაუტს აიღებსო.
– ირაკლი ალასანია მიესალმა ლევანის მოწოდებას გაერთიანებისკენ. თვითონ განვსაზღვრავთ მომავალს, არავის შევეკითხებით. სააკაშვილის დამარცხება ოპოზიციის და საზოგადოების გაერთიანების გარეშე წარმოუდგენელია. გაჩეჩილაძე ოპოზიციის ცნობილი პოლიტიკური ლიდერია. მის გარეშე ოპოზიციის გაერთიანება და ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ, წარმოუდგენელია.
გაჩეჩილაძე და გუნცაძე პარტნიორების ხშირ ცვლაში არიან შემჩნეულები. კიდევ ერთხელ პარტიის დატოვება როგორ იმოქმედებს პოლიტიკურ იმიჯზე?
– აქტიური პოლიტიკიდან არ წავსულვართ და არც ვაპირებთ წასვლას. ყოველთვის აქტიურები ვართ და განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკური ერთობის გარეშე სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება წარმოუდგენელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილი დასრულდეს.
გზა როგორი იქნება? კვლავ რევოლუციური თუ საარჩევნო?
– გეგმებზე განცხადებებს გავაკეთებთ. იმედი არავის ჰქონდეს, რომ ჩვენ პოლიტიკიდან წავალთ ან ტაიმაუტს ავიღებთ. აქტიურ პოლიტიკაში დავრჩებით და ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ! ჩვენზე არ იჯავრონ არც "რვიანმა" და არც სხვა პოლიტიკურმა ძალებმა. დასახული მიზნისთვის ბრძოლას არ მივატოვებთ, საქართველოა გადასარჩენი და ამისთვის საჭიროა პოლიტიკურ–საზოგადოებრივი ძალების ერთობა.
რა ერთობაზე ლაპარაკობთ? კრილოვის იგავ–არაკის გმირებივით სხვადასხვა მხარეს იწევით.
- ერთხელ უკვე ვნახეთ, რომ ერთობას შეუძლია სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება და ეს გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ლევან გაჩეჩილაძე ყოველთვის დგამდა და მომავალშიც გადადგამს ნაბიჯს ერთობისკენ. ბურჯანაძესთან აქციაზე მისვლაც ამის მაგალითია.