ადამიანს უხსოვარი დროიდან ეშინოდა გველების. ამ გამოუცნობი, საშიში არსების კბენა უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. დღესაც, უამრავ ადამიანს გველის სახელის ხსენებაზეც კი უსიამოვნო ჟრუანტელი დაუვლის. ალბათ, ამის გამოც, ჩვენმა წინაპრებმა მას "უხსენებელი" შეარქვეს.
ბუნებრივია, უამრავი ადამიანი შეაშფოთა ინფორმაციამ - თბილისში გველები მომრავლდნენო.… ჩვენც დავინტერესდით ამ პრობლემით და ქვეწარმავლების კონტროლის სამსახურის უფროსს - გურამ წიკლაურს მივმართეთ:
ბატონო გურამ, რა ხდება, მართლა მომრავლდნენ ქვეწარმავლები თბილისში?
- მინდა დავამშვიდო ჩვენი თანამოქალაქენი და ვუთხრა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, ქვეწარმავლები თბილისში ყოველთვის იყვნენ, და დღესაც არიან. ყოველ წელს დაახლოებით ერთი და იგივე სურათი გვაქვს, გველებს ვპოულობთ თბილისის სხვადასხვა უბანში, ყველაზე ხშირად კი - გარეუბნებში.
რით შეიძლება აიხსნას მათი სიმრავლე?
- წელს მათი აქტიურობა გაიზარდა იმიტომ, რომ ძალიან დაგვიანებული და ცივი გაზაფხული გვქონდა. ქვეწარმავლები ადრე უნდა გამოსულიყვნენ, მარტში თუ არა, აპრილში მაინც. ის, რაც ერთი-ორი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, უეცრად მოხდა. ამიტომაც არიან დიდი რაოდენობით.
გველები იპოვეს ზემო ვაკეში, საბურთალოზე, ვარკეთილში, ვაზისუბანში, ნაძალადევში, ზემო ვეძისში,…ამ დღეებში რუსთაველზეც ნახეს, იტალიურ ეზოში. ყაზბეგის გამზირზეც იყო შემთხვევა.
გამვლელებმა დაინახეს ტროტუარზე გაწოლილი. დაგვირეკეს, დავიჭირეთ და წავიყვანეთ. ზამთრის განმავლობაში ეძინათ, მოშივებულები არიან, ამიტომაც გააქტიურდნენ.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ამ უსიამოვნო არსებას შეეჩეხება?
- გველი ადამიანს არ ერჩის, პირიქით, ემალება და მისი ძალიან ეშინია. თუ ფეხს არ დაადგამთ, ახლოს არ მიხვალთ, ან არ შეაწუხებთ, არაფერს დაგიშავებთ, მით უმეტეს, არც ერთი შხამიანი გველი ჩვენთან არ მოუყვანიათ.
რამდენი გამოძახება გქონდათ ამ თვეში?
- ივნისში, 15 დღის გამავლობაში 132 გამოძახება გვქონდა. მარტო თბილისს ვემსახურებით, მაგრამ ჩვენი საქმიანობის არეალში შედის წყნეთი, კოჯორი, შინდისი, წავკისი, ტაბახმელა და სხვა სოფლები, რომლებიც ადმინისტრაციულად თბილისს ეკუთვნის.
ყველაზე მეტი გამოძახება ამ სოფლებიდან გვაქვს. ქალაქის ცენტრში გველები ცოტანი არიან. ზოგიერთ ქვეყანაში ქვეწარმავლები მოშინაურებული ჰყავთ. მართალია, ვინც გველს ნახავს, შეშინებული გვირეკავს, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ისინი საშიშნი არ არიან.
მაინც რა სახეობის გველები აღმოაჩინეთ თბილისში?
- სხვადასხვა სახეობისა, მაგალითად, წითელმუცელა, წენგოსფერი და ფერადი მცურავები. ასევე ჩვეულებრივი და წყლის ანკარა და სხვ.
რა შეიძლება ითქვას რუსთავზე, სადაც შარშან ამ მხრივ ძალზე რთული მდგომარეობა იყო?
- რუსთავი ჩვენი მომსახურების არეალში არ შედის, იქ მართლაც რთული მდგომარეობაა. საქმე ის გახლავთ, რომ რუსთავში შხამიან გველებსაც პოულობენ. ამ ქალაქში სერიოზული პრობლემა გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. რაც შეეხება თბილისს, აქ გაცილებით უკეთესი სიტუაციაა და მოსახლეობის შეშფოთებაც გველების სიმრავლის გამო გადაჭარბებულია.
მთავარია, არ გააბრაზოთ!
საქართველოში გვხვდება სამი სახეობის მცურავი: წითელმუცელა, წენგოსფერი და ფერადი. წენგოსფერი ძირითადად 80-70 სანტიმეტრისაა, თუმცა ერთმეტრიანიც არსებობს. უმეტესწილად სახლობს ქვიან, ბუჩქებით დაფარულ მცხუნვარე ადგილას. ადამიანს თავს არასოდეს ესხმის. ფერადი მცურავი 1,30 მეტრი სიგრძისაა. ადამიანის დანახვისთანავე თავშესაფრისკენ გარბის. მისი ნაკბენი, ისევე როგორც წითელმუცელა და წენგოსფერი მცურავებისა, საშიში არ არის.