მართვის მოწმობის აღების მსურველთა დიდი ნაკადის გამო, რაც თეორიულ გამოცდაში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია, გაცნობებთ რომ 10 დეკემბრამდე მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე განაცხადების მიღება, ნაცვლად 16:30 საათისა იწარმოებს 15:00 სთ-მდე, რათა თითოეულმა მსურველმა შეფერხების გარეშე შეძლოს პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა.
შეგახსენებთ რომ 2014 წლის 15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით ჩააბარებენ.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.