ირაკლი ოქრუაშვილი, ექსთავდაცვის მინისტრი, ერთ დროს სააკაშვილის უახლოესი მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საფრანგეთში პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობს, ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. ოქრუაშვილის "აჩრდილი" დღესაც ბევრს უფრთხობს სიმშვიდეს საქართველოში. მიუხედავად თავის დროზე არცთუ უცოდველი მოღვაწეობისა, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი და ხელისუფლების მიმართ მისი შოკის მომგვრელი ბრალდებები იქცა 2007 წელს დიდი ოპოზიციური ტალღის აზვირთების იმპულსად. მართალია, ეს სამშობლოს დატოვებად დაუჯდა, მაგრამ როგორც "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი დღესაც ბევრს ფიქრობს საქართველოს მომავალზე:
ბატონო ირაკლი, რას საქმიანობთ უცხოეთში, ვისთან გაქვთ ურთიერთობა?
- დროის დიდ ნაწილს ბავშვების აღზრდას ვუთმობ, ამის საშუალება სხვა დროს ნამდვილად არ მექნება და თანაც ორი წლის განმავლობაში მოწყვეტა ქართული გარემოსგან ბავშვებს სწრაფად აშორებს "ქართველობისაგან", რასაც ვერასოდეს შევეგუები. დანარჩენ დროს საქმეს ვახმარ, რომელიც დიდწილად საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთანაა დაკავშირებული. ვხვდები ბევრ ისეთ ნაკლებად ცნობილ პირს, რომელთათვისაც საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა შემაშფოთებელია და საკუთარ ქვეყანას ბიზნესპროექტად არ აღიქვამენ, თანაც თავიანთ წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში.
ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ ხშირად ისეთი ჭორები მესმის, რომ ესეც მახალისებს. მაგალითად, ის, რომ პოლიტიკოსობიდან რესტორატორობამდე ჩამოვლაბორანტდი, ელისეს მინდვრებზე 20-მილიონიანი და 4-სართულიანი რესტორანი კარგა ხანს ვეძებე, მაგრამ ამაოდ; ისიც მომეწონა, რომ პარიზში უზარმაზარ სახლს ვიშენებ და მშენებლობაზე მხოლოდ სომეხ და აზერბაიჯანელ მუშებს ვამუშავებ. თუ ვინმეს აინტერესებს, იმასაც გეტყვით, რომ პარიზში საერთოდ არ ვცხოვრობ და ასეთი რესტორანი ან სახლი რომ მქონოდა, მიშას ტელეკომპანიები დღეში ცხრაჯერ გაჩვენებდნენ სხვადასხვა რაკურსით. ჭორებს დისკრედიტაციის გარდა ის მიზანიც აქვს, რომ განსაკუთრებით ჩემმა გარემოცვამ აიყაროს ჩემზე გული, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ციხეში სხედან.
რამდენად იყიდება დასავლეთში კარგად შეფუთული ქართული რეალობა?
- მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ომისა, 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევისა, სასამართლოს არარსებობისა, ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევისა და ა.შ., ვერ ვიტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად დისკრედიტირებულია საქართველოს ხელისუფლება, თუნდაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, და ეს ორი მიზეზით არის გამოწვეული: ათობით მილიონი დოლარი იხარჯება როგორც ევროპელ, ასევე ამერიკელ იმიჯმეიკერებზე მაშინ, როცა საგარეო ვალი ერთ წელიწადში 100%-ით გაგვეზარდა და ხალხი შიმშილის ზღვარზე ჰყავს სააკაშვილს მიყვანილი. საინტერესოა, რომ იმიჯმეიკერები მხოლოდ სააკაშვილის იმიჯისთვის მუშაობენ და არა თუნდაც ხელისუფლების ან საქართველოსი.
მარტო ევროპაში ხუთი კომპანია ჰყავთ დაქირავებული რომლებიც ამ საქმეს აკეთებს და არცთუ ცუდად გამოსდით (წიგნების გამოცემით დაწყებული და დამთავრებული ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხალხმრავალი ბანკეტებით). მხოლოდ ერთი ფილმი ენდი გარსიას მონაწილეობით 45 მილიონი დაჯდა. იმავეს გაკეთებას ცდილობს მერაბიშვილი თავისი იმიჯისათვის და რუსეთში აწერინებს წიგნებს, სადაც "მძლეთამძლე" მინისტრად გამოჰყავთ.
მეორეა ამერიკელების მუდმივი პროპაგანდა მიშას შეუცვლელობაზე. პრინციპი "საქართველოში სტაბილურობა სჯობს დემოკრატიას", მათ აიძულებს, თავიანთი "ნაშიერი" ყველგან აქონ და ეს გარკვეულწილად მოქმედებს ევროპელებზე. ამას ემატება ოპოზიციის "უპერსპექტივობაც". თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევროპულ კონსერვატიულ წრეებში სკეპტიციზმი სააკაშვილის მიმართ საკმაოდ დიდია.
მინდა გკითხოთ სკანდალზე, რომელიც უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გამო ატყდა, მერაბიშვილი-თარგამაძის სატელეფონო საუბარსა და ასევე ტიმოშენკოსთვის სააკაშვილის სატელეფონო მხარდაჭერაზე...
- ვანტიურა, რომელიც სააკაშვილმა უკრაინაში მოაწყო, დღევანდელ მსოფლიოში დიდი ხნის მოძველებული მეთოდია სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევის ან რომელიმე პოლიტიკოსისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ ამას არ ექნებოდა დიდი მნიშვნელობა, ამით ქართულ-უკრაინული ურთიერთობა რომ არ დაზარალებულიყო. მოდი, პრაგმატულად შევხედოთ ყველაფერს: რა მიზანი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც 2000 კაცი გაგზავნა დონეცკში - იულიას დახმარება და იანუკოვიჩთან ბრძოლა? არა, იულიას ამ ქმედებით სრულიად საპირისპირო სამსახური გაუწია და იმდენად დააზარალა, რომ შესაძლოა, ის 3%-იანი სხვაობა, რაც ტიმოშენკოს გამარჯვებისათვის დააკლდა, სწორედ ამ სატელეფონო საუბრებისა და 2000 "მისიონერის" წარგზავნით გამოწვეული ნეგატიური პიარის გამო მიიღო.
საინტერესოა, როდის მიხვდა იულია ამას? სააკაშვილმა წინასწარ იცოდა, რომ თუნდაც 10 000 კაცითაც ვერაფერ შედეგს მოუტანდა ტიმოშენკოს და უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობას საკმაოდ გაართულებდა. მას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა: უცხოელი პარტნიორებისთვის დაენახებინა, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად უკრაინაშიც კი ებრძვის ისეთ "გველეშაპს," როგორიც რუსეთია და უფრო კონკრეტულად, პუტინის ხელისუფლებას. ასეთმა პრიმიტივიზმმა და ავანტიურამ მიიყვანა ჩვენი ქვეყანა იმ კატასტროფამდე, რაც შარშანწინდელი ომით მივიღეთ. ფაქტი ერთია, სააკაშვილს ორი მტრით მეტი გაუჩნდა. ერთია იანუკოვიჩი, მეორე - ტიმოშენკო. გარდა ამისა, საქართველოს შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ გართულებული ექნება ურთიერთობა უკრაინასთან.
ამბობენ, რომ სააკაშვილი მერაბიშვილისაგან დისტანცირებას აპირებს. ითქვა, მიუნხენში სააკაშვილი ქიბარ ხალვაშსაც შეხვდაო. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია და აპირებთ, შეურიგდეთ სააკაშვილს, თუკი ის პირველი გადმოდგამს ნაბიჯს?
- მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს ასეთი პერსპექტივა. არც იმის თეორიული შანსი არსებობს, რომ სააკაშვილი მერაბიშვილს გაემიჯნოს და არც იმის, ჩვენი "შერიგება" მოხდეს. თუ რატომ, მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ჩვენი მტრობის დასასრული, მასთანაც და მერაბიშვილთანაც, ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან, საკმაოდ დრამატული იქნება.
ქართული პოლიტიკური სპექტრი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. სახელისუფლებო კანდიდატის შანსზე რას ფიქრობთ?
- არჩევნები პირადად ჩემთვის მიზნის მისაღწევი საშუალებაა და სრულიად არა ვარ ნეგატიურად განწყობილი, მაგრამ არის ერთი პრინციპულად განმასხვავებელი საკითხი, კერძოდ, ვის რა მიზანი აქვს? ვიღაცისათვის არჩევნების მეშვეობით თბილისის მერის სავარძლის დაკავებაა მიზანი, ხოლო ჩემთვის სააკაშვილის მოშორება. ვისი მიზანია რეალური, ამას სწორი გეგმისა და პარტნიორების არსებობის შემთხვევაში დრო გამოაჩენს.
არჩევნების საკითხზე კონსენსუსი სწორედ ამის გამო ვერ დგება, რადგან ოპოზიციის ერთი ნაწილი მხოლოდ თბილისის მერობის შედეგით კმაყოფილდება, პოლიტიკოსი ქცევით ფასდება და ჩემი აზრი აქ ზედმეტია. რაც შეეხება ზურას შეხვედრას პუტინთან და ამაზე ატეხილ აჟიოტაჟს, მეჩვენება, რომ დღეს საქართველოში ზუსტად ისეთი ავადმყოფური გარემოა, გამსახურდიას დროს მოღალატის იარლიყებს ყოველ ნაბიჯზე რომ არიგებდნენ.
ზურამ უმადურობით აღსავსე და იმიჯისათვის სარისკო გზით სიარული არჩია და ეს გამბედაობა უფრო დასაფასებელია, ვიდრე საქილიკო. რაც შეეხება იმის მოლოდინს, რა გამოუვა და რა შედეგს ელოდება, ვერაფერს ვიტყვი. ისე, ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს წინა პირობების გარეშე რუსეთთან საუბარი? როდესაც ვნახავ, პირადად ვკითხავ.
ლევან გაჩეჩილაძე მორიგ, დამაგვირგვინებელ საპროტესტო ტალღაზე ლაპარაკობს, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის. თქვენი აზრით, ამის ძალა და შანსი რამდენად აქვს ოპოზიციას?
- ვეჭვობ, რაიმე საფუძველი არსებობდეს როგორც ასეთი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე რაიმე ტალღის ასაგორებლად, გარდა საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნეგატიური განწყობისა, რომელიც თანაბრად ნეგატიურია ოპოზიციის მიმართაც. ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და სკეპტიციზმი უნდა იქნეს პირველ რიგში დაძლეული ოპოზიციის მხრიდან და ვიდრე გასული წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანგრეული ხიდი არ აღდგება ხალხთან, ძალიან მეპარება ეჭვი, ვინმემ დაიჯეროს ჩვენი პრინციპულობა.
თანაც, მოლოდინის ფუჭად გაღვივება, როდესაც არათუ გეგმა არ არსებობს პროტესტის დასაწყებად, არამედ სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოშორების მიზანიც არ არსებობს, ხალხს უფრო მეტად უძლიერებს იმედგაცრუებას. ვიდრე ჩვენ არ გაგვიჯდება გონებაში, რომ ახალი პროტესტი საჭიროა სააკაშვილის მოსაშორებლად, ამისათვის ვიბრძვით ყველა მეთოდით და ხალხს შუა გზაზე არ მივატოვებთ, მანამადე არაფერი გამოვა.
თქვენი პოლიტიკური ძალა რას გააკეთებს ამ ვითარებაში?
- მე ტალღის აგორებაზე არ ვმუშაობ. რაც ტალღის აგორებას ავტომატურად იწვევს და მიზნის მისაწევად ეფექტური გზაა, იმაზე ვმუშაობ და საამისოდ თანამოაზრეებს ვეძებ. მაგ რეჟიმთან ორი წელია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, მიშა ტყვიებს ისვრის და მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ აქეთა მხრიდან ბალეტის ცეკვას აზრი არა აქვს (თანაც მხოლოდ იმიტომ, დასავლეთში ცუდად არ შემოგვხედონო). ასეთი იდიოტიზმი მხოლოდ საქართველოში ხდება. ვისთვისაც მიზანი იგივეა და თავგანწირვა შეუძლია ამ ბრძოლაში, თავს შავ მუშად შევთავაზებ. დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა დასაშვები.
მინდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზეც გკითხოთ. ითქვა, რომ მთავრობიდან თქვენი წასვლა "თავისუფლების ინსტიტუტის" აქტიური ჩარევის შედეგია. კონკრეტულად, ვინ ირჯებოდა განსაკუთრებულად, რომ თქვენსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა გაეფუჭებინა?
- წარსულით არ ვცხოვრობ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა როგორ გესახებათ?
- სამწუხაროდ, ამ საკითხის ნაკლებპერსპექტიულობა ხალხზეც აისახება და საზოგადოებას დაღლილობა ეტყობა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ილუზიებით არ უნდა ვაცხოვროთ ხალხი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას. თუმც რეალობა კი ისეთია, რომ ჩვენ იმაზე მეტად დავშორდით ამ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას, ვიდრე სამი წლის წინ ვიყავით. ხვალ არც აფხაზეთსა და არც ცხინვალს ნებით არავინ დაგვიბრუნებს: ვერც ამერიკელები (საამისოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ და ვეჭვობ, სურვილიც რომ ჰქონდეთ) და არც რუსები გაიყვანენ ნებაყოფლობით ჯარს და არც მათი აღიარების დეზავუირებას მოახდენენ.
მუდმივი დიპლომატიური მუშაობა და ხელსაყრელი დროის ლოდინი არის ის ერთადერთი იარაღი, რომელიც არსენალში დაგვრჩა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. სანამ სხვა რეალობა არ შეიქმნება მსოფლიოში, ვიდრე დღესაა, მანამდე არაფერი გამოვა და კიდევ გავიმეორებ: ილუზიებით არ უნდა ვუყუროთ ამ პრობლემას და ქვეყნის განვითარება ამის გამო ხელოვნურად არ უნდა შევაფერხოთ. 45 წელი ელოდნენ გერმანელები გახლეჩილი ქვეყნის გაერთიანებას, ვიდრე სასურველი დრო დაუდგებოდათ.
პირობითად, ერის ჩამოყალიბებისა და ქვეყნის განვითარების ასწლიანი გეგმა უნდა შევქმნათ (ამ საკითხზე კონსენსუსს უნდა მიაღწიოს პოლიტიკურმა სპექტრმა, ამაზე მნიშვნელოვანს ჩვენი თაობა ვერაფერს გააკეთებს). შეუძლებელია ყოველ 15-20 წელიწადში საგარეო ვერტიკალი 180 გრადუსით ვატრიალოთ და ვერ გავერკვეთ, სად ვართ და საით მივდივართ. ხან რუსეთთან გვინდა, ხან დასავლეთთან, ასეთი არასერიოზული მსჯელობა მიდის ბოლო რამდენიმე წელია. ასეთი მიდგომებითა და ქცევით ქვეყანა გავანახევრეთ ზომითაც და მოსახლეობითაც. გლობალურ პოლიტიკაში ჩვენზე "ტინგიცურად" არავინ იქცევა, უკრაინის მაგალითიც საკმარისია, შარშანწინდელ ომს თავი რომ დავანებოთ.
ხომ იცით, სერბეთს რა უქნეს, მაგრამ იქ ყურები არავის ჩამოუყრია და ამის გამო საპირისპირო პოლუსისკენ არ დაუწყიათ ყურება. სადაც იყვნენ, ისევ იქ არიან და იმ საზღვრებში აშენებენ ძლიერ ევროპულ ქვეყანას, რაც დარჩათ. გავიძახით, დასავლური ფასეულობების მატარებელი ერი ვართო და დასავლური ფასეულობა, მეტყევეს რომ რეინჯერს დავარქმევთ, ან უფრო უარესი, გარყვნილებას რომ ცხოვრების წესად ვაქცევთ, ის გვგონია. დღეს რომ რუსეთზე სენტიმენტები გაჩნდა საზოგადოებაში, ამის გამომწვევი მიზეზები ხომ წინასწარვე ცნობილი იყო?! რამდენი წელია ამერიკა-რუსეთს შორის სავაჭრო საგანი ვართ და ჩვენ გარდა, ჩვენივე უთავბოლობით, ყველა სარგებელს ნახულობს ამ თამაშში.
მიშას და ბოკერიასთანები კიდევ ბევრი გამოჩნდება და იმის იმედით, ვიღაცას თავი მოაწონონ, შესაძლოა, ერთ დღეს ერთსქესიანი ქორწინების იდეის დანერგვაც დაიწყონ, მაგრამ ქვეყანა რჩება სამუდამოდ და რაზეც დგას, ის ფასეულობები უნდა შევინარჩუნოთ. დღეს იდეოლოგიური ომი მიდის ქვეყნის შიგნით და ამ ბრძოლაში დამარცხება ერის გადაგვარებას ნიშნავს. სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს ჯერ კიდევ არ ესმის. ქართული სახელმწიფოს შენება უნდა იყოს ჩვენი მიზანი და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აუცილებლად ან იქით უნდა ვიყოთ, ან აქეთ. ზესახელმწიფოების ინტერესების ბალანსირებაა ჩვენი საფრთხეების შემცირების ერთადერთი გზა და ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმ უაზრო ნეიტრალიტეტს, რომელიც ახალი სატყუარაა.
საქართველოში ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლები აპირებენ ჩამოსვლას. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?
- არანაირი "ჰააგა" არ იქნება და მიმაჩნია, რომ ყველა შეგნებულმა ქართველმა, რომელსაც ესმის ტრიბუნალის აზრი და მისგან გამომდინარე შედეგები, ენას კბილი უნდა დააჭიროს. სააკაშვილის ზიზღმა ქვეყანა არ უნდა დაგვაყენებინოს საფრთხის წინაშე. ჰააგის სასამართლოთი დღეს მხოლოდ მეხუთე კოლონა ან გაუთვითცნობიერებელი ადამიანი აპელირებს.