თუკი გასული საუკუნის უკვე 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, უმაღლეს დონეზე ჩაწერილი ჯაზური ალბომები გამოდის, როკი იმ დროს ჯერ კიდევ ბილ ჰეილის Rock Around The Clock-ის დონეზე იყო.
როკის გარიჟრაჟიმა კიდევ კარგა ხანს გასტანა და საუკეთესო ჟღერადობის ჩანაწერების მოლოდინში, თურმე არაერთი ექსპერიმენტული წელიწადი უნდა გასულიყო.
აქ ძნელია განსაზღვრო, რამ განაპირობა წინსვლა, მუსიკოსების საშემსრულებლო ოსტატობის ზრდიდან გამომდინარე ხმის ჩამწერი ტექნიკის განვითარებამ, თუ პირიქით.
პირველი მაგალითი John Mayall’s Bluesbreakers with Eric Clapton-ის 1966 წლის ლეგენდარული ალბომი გახლავთ, რომელშიც ერიკ კლაპტონის დაკვრა ვერ აღიქვა „ჟღარუნა“ გიტარის შესაძლებლობებზე აწყობილმა იმდროინდელმა აპარატურამ, გამაძლიერებელის ისრებმა სკალის მაქსიმალურ ნიშნულს გადააჭარბა და აპარატურაც „გაწითლდა“.
სწორედ მაშინ დაიბადა გიტარ-სოლოს თანამედროვე ბგერა და ბლუზზე მორგებული ტენდენციები. ეს მაშინ თუ არ მოხდებოდა, ცოტა ხანში მაინც გარდუვალი იქნებოდა ახალი მოთხოვნილებების შემოჭრა.
ხმის ინჟინერმა და პროდიუსერმა მაიკ მოსტმა კი Bluesbreakers with Eric Clapton ალბომით გარისკა და „გადატვირთვით“ ჩაწერა.
ვისაც ჰქონია შეხება ბაბინებიან მაგნიტოფონებზე ვინილის დისკების გადაწერასთან, 60-70-იანების ალბომების ჩაწერისას, ხშირად ჩნდებოდა ხოლმე ამგვარი „გადატვირთვის“ პრობლემა. თუკი დაბალ ხმაზე დააყენებდი ჩაწერას, მაღლების სისინი ჭარბობდა ხოლმე „მშვიდ ადგილებში“, შედარებით აწეული ღილაკების შემთხვევაში კი უსუფთაო „გადატვირთვები“ შეიმჩნეოდა ხოლმე ხმამაღალ ეპიზოდებში.
ალბათ იკითხავთ, ორიგინალ ვინილზე რა ხდებოდაო? რა და - იგივე, რაც ფირზე. ზოგიერთი ვინილი ხმამაღლა იყო ჩაწერილი, ზოგიერთი კი - შედარებით ჩუმად...
ერთ-ერთი პრობლემატური იყო მაგალითად Jethro Tull-ის Aqualung, რომლის რემასტერინგიც მომავალში - კომპაქტ დისკების ეპოქაში, არაერთგზის მომხდარა. ერთგვარი „სისინი“ აქ აკუსტიკურ სიმღერებში მეტად ვლინდებოდა, რაც ბაბინაზე გადატანისას, მეტად მძაფრდებოდა.
Grand Funk Railroad - ტრიოს ფირფიტები ყოველთვის მკვეთრად გამოხატული ბასით გამოირჩეოდა და ბავშვობაში სიამოვნებასაც კი გვანიჭებდა ისედაც “ტლანქი“ და მოუხეშავი საუნდის, კიდევ უფრო ხმამაღლა გადატანა მაგნიტოფონზე, ბასების მაქსიმალურად აწევა და ფანჯრების ზანზარი ოთახში, რასაც ხშირად მოჰყვებოდა ხოლმე თაროებიდან ლარნაკებისა თუ სხვადასხვა ნივთების გადმოპირქვავება იატაკზე... ეს კი დამატებით ხიბლს სძენდა ისედაც შესანიშნავი ალბომის მოსმენას, სადაც ყოველთვის ჩადებული იყო მეზობლებისთვის სიამოვნების მინიჭების დაუოკებელი სწრაფვა...
Jethro Tull-ის აკუსტიკის მომენტი, უმაღლეს დონეზეა დამუშავებული უკვე მომდევნო ალბომ Thick As A Brick-ში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული როკ ჩანაწერია მთლიანობაში, რადგანაც აქ როგორც საორგანო, ასევე დრამ (სოლო) შემოჭრებით გამდიდრებული „ელექტრული სეტიც“ გამორჩეულად ეფექტურადაა ჩაწერილი.
Grand Funk Railroad-ის ჟღერადობას კი დაბალანსება და „გათლა“ მაინცდამაინც არ მოუხდა და „ნატიფი“ ხმოვანებით გამორჩეული Born To Die და გაურკვეველი ორიენტაციის All The Girls In The World Beware, ნამდვილად არ ქცეულა ამერიკული ჯგუფის სავიზიტო ბარათად როგორც იდეების, ასევე ჟღერადობის თვალსაზრისით.
ყოველთვის პოლემიკას იწვევს დიადი ალბომის, Deep Purple In Rock-ის ჟღერადობა. სახელგანთქმულ ხმის ინჟინერს, მარტინ ბირჩს ნამუშევარს უწუნებენ ერთგვარი „სიყრუვის“ გამო, მაგრამ ამ ნაწარმოების ამგვარი შეფასება, ალბათ სწორი არ იქნებოდა, რადგან მარტინ ბირჩს გადასარევად აქვს დაჭერილი როკ-ჰიმნის ერთობლიობით შექმნილი ხასიათი და ზუსტად აქვს მასთან მისადაგებული რაფინირებულობისაგან დიამეტრულად განსხვავებული სტუდიური ჟღერადობა.
კლასიკური ორღანით ფრთაშესხმულ როკ’ნ’როლის თინნეიჯერულ ხისტ ენერგეტიკას, ნადვილად არ მოუხდებოდა ნატიფი და კომფორტული ჟღერადობა, რადგან თვით ჯგუფის წევრებს ესაჭიროებოდათ ამისთვის დაღვინება.
გაცილებით „ზრდასრული“ Deep Purple წინა სამ სტუდიურ ალბომშია, რომელთა ჟღერადობის მიმართაც უკმაყოფილება, მგონი არავის გამოუხატავს.
Led Zeppelin-ის ეპოქალური სადებიუტო ალბომი სწორედ ამ „თინნეიჯერულისა“ და „ზრდასრულობის“ დიდებული ნაზავია. ჯიმი პეიჯის ბლუზური ხედვა აქ ხომ უკვე გამოწრთობილია.
ამიტომაც ალბომის ჟღერადობას არანაირი „სიხისტე“ და „სიყრუვე“ არ ახასიათებს. 24 საათში გამოქვეყნებული შედევრი 1968 წლისთვის მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმც არ ვიქნებით მართალნი, თუ მასთან შედარებით ჟღერადობის თავალსაზრისით, Led Zeppelin-ის სხვა ალბომებს მივანიჭებთ უპირატესობას.
მართალია როკ ალბომების ხმის ჩამწერი ტექნიკა ვითარდებოდა, მაგრამ რამდენად გადმოსცემდა ამა თუ იმ ალბომის ხასიათს ხმოვანება, ეს სხვა საკითხია.
როგორ დაამშვენებდა მეოთხე ალბომს 1973 წლის Houses Of The Holy-ს ჟღერადობა. სამწუხაროდ ალბომ-შედევრში, მხოლოდ აკუსტიკური სიმღერებია უნაკლოდ ჩაწერილი, „სიყრუვის“ დეფექტი კი თვით საუკუნის როკ შედევრ Stairway To Heaven-ის დასკვნით ნაწილსაც შეეხო, რაც რემასტერინგმა შემდგომში გამოასწორა.
მსგავს პრობლემას ვხვდებით Rainbow-ს Long Live Rock’n’Roll-ის Gates of Babylon -ის შემთხვევაში.
ამას ზოგჯერ ვინილის ფაქტურასაც აბრალებდნენ, რომ თითქოს დისკის გვერდის ბოლოსკენ, იცვლება ფირსაკრავის ნემსის დახრის კუთხე ფირფიტის ბილიკებთან...
მაშინ რატომაა, რომ კომპაქტზეც იგივე ხდება ამ სიმღერებში და ხმის გაწმენდა ბოლომდე ვერ ცვლის სურათს?
ალბათ აქ ადამიანური დაუდევრობებიც უნდა მივიღოთ მხედველობაში და ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სხვადასხვა ცნობილ ალბომებზე მსჯელობა, მომავალ კვირაში განვაგრძოთ.
(გაგრძელება იქნება)