როცა საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობი 140 დოლარზე მეტი ღირდა, საცალო ქსელში საქართველოში საწვავი თითქმის იმავე ფასად იყიდებოდა, როგორც დღეს. მაგრამ დღეს საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი უკვე 70 დოლართან მერყეობს. თუ ბიზნესმენს ბაზრის მონოპოლიზაციის საშუალება აქვს, ზემოგებაზე უარს არ იტყვის. რამ შეიძლება შეუშალოთ ხელი საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომ ბენზინს, მაგალითად, 3 ლარი დაადონ ფასი? პასუხია -კონკურენციამ. მაგრამ თუ რამდენიმე ლიდერი კომპანია ამას ერთმანეთთან შეათანხმებს, მაშინ? საქართველოს სინამდვილეში დღეს პასუხია -არაფერი.
გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ფასს კონკურენცია განსაზღვრავს. ჩვენთან კი კონკურენტული გარემო სუსტად არის განვითარებული და უზრუნველყოფილი. არ არსებობს რეგულაციის კონკრეტული საშუალებები ანუ ანტიმონოპოლიური სამსახური, რომლის აღდგენა-არაღდგენაზე დიდი ხანია ბჭობენ.
კონკურენტული გარემო ფასებს დაარეგულირებს და რეალურ ზღვრამდე მიიყვანს, მაგრამ არ შეიძლება ნავთობის ფასის პირდაპირ მიბმა შიდა ბაზრის ფასებზე. ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგან ფასის ნახევარს გადასახადები შეადგენს. თანაც გადასახადები ამ სეგმენტში ფიქსირებულია. ნავთობის ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზარზე ავტომატურად იგივე პროცენტით ვერ გამოიწვევს ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემცირებას. მიუხედავად იმისა, ფასი დაბალია თუ მაღალი, აქციზი ტონა ბენზინზე 250 ლარს, დიზელზე კი 150 ლარს შეადგენს. ასე რომ, ნავთობპროდუქტების ფასში გათვალისწინებულია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური კომპონენტი. საწვავის ფასი თუნდაც რომ განულდეს, აქციზის საფასური მაინც გადასახდელი იქნება.
აქციზი მაშინაც ხომ იმდენივე იყო, როცა ბარელი ნავთობი 140 დოლარი ღირდა და ჩვენთან საწვავი თითქმის იმავე ფასად იყიდებოდა რაც ახლა ღირს?
- ნავთობის გაიაფებამ კი უნდა გამოიწვიოს ფასების კლება ნავთობპროდუქტების ბაზარზე, მაგრამ არა იმავე პროპორციით. 140 დოლარიდან 70 დოლარამდე რომ შემცირდა ნავთობის ფასი, ეს არ ნიშნავს, რომ იმავე მოცულობით უნდა შემცირდეს ადგილობრივი ფასები. მაგრამ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, უნდა შემცირებულიყო. პრობლემა არა იმდენად ფასია, რამდენადაც ის, რომ ჩვენი მომხმარებლის დიდი ნაწილი გადახდისუუნაროა. ნებისმიერ პროდუქტში უნდა ვიხდიდეთ იმდენს, რომ ბიზნესაც მიჰქონდეს თავისი წილი მოგება და ჩვენც ვიყოთ კმაყოფილი. გეთანხმებით, დღეს ბიზნესი უფრო მაღალრენტაბელურია და მათი მოგების მარჟა უფრო მაღალია, ვიდრე ადრე. რატომ არის ასე და რა ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით არის ეს განპირობებული, ამაზე ჯობს თავად კომპანიებმა ილაპარაკონ.
ფიქრობთ, რომ ჩვენთან საწვავის ფასები ხელოვნურად არ არის გაზრდილი?
- რა თქმა უნდა, ხელოვნური კომპონენტიც არის და სწორედ ეს არის სუბიექტური ფაქტორი, მაგრამ ფასს ობიექტური მოტივაციებიც აქვს. როცა საწვავი იაფი იყო, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი კომპანია მომხმარებელს საწვავს ჰპარავდა. ანუ თავს ვიტყუებდით. ფასი იყო დაბალი, მაგრამ 10 ლიტრზე 300-400 გრამით ნაკლებს გვისხამდნენ.
ახლა არ ატყუებენ მომხმარებელს?
- სტანდარტები გაუმჯობესდა, გამკაცრდა მონიტორინგი და აშკარად უკეთესი ვითარებაა. ესეც ფასის განმსაზღვრელი ერთ-ერთი კომპონენტია. მაგრამ ნავთობიმპორტიორების ადვოკატად ვერ გამოვდგები.
ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, რა შეუშლით ხელს ნავთობიმპორტიორებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საწვავის ფასი, ვთქვათ, სამ ლარამდე გაზარდონ?
- მხოლოდ და მხოლოდ კონკურენცია,
სხვა ხელშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესში. რა უშლის ხელს "ავერსს", რომ ანალგინს 50 ლარი დაადოს? თუმცა არ ვამტკიცებ, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. ზუსტად იმ პრობლემას ვუბრუნდები, რომ ქვეყანაში კონკურენცია სუსტად არის განვითარებული. თუ ბიზნესმენს აქვს ბაზრის მონოპოლიზაციის საშუალება, ყოველთვის შეეცდება ზემოგების მიღებას. როგორ უზრუნველყოს კონკურენტული გარემო და როგორ უნდა მოხდეს რეგულირება, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამისთვის გვჭირდება სწორედ ანტიმონოპოლიური სამსახური.
მე თუ მეყიდება პროდუქტი მაღალ ფასში, ბიზნესმენი ვარ და მორალსა და ზნეობაზე თუ არ ვისაუბრებთ, რამდენის მოგებაც შემიძლია, იმდენს მოვიგებ. თუ ბაზარი მაძლევს საშუალებას, ვიშოვო მეტი, რატომ ვიტყვი ამაზე უარს... ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, შექმნას მექანიზმები, ისეთი სივრცე, სადაც ეს შეუძლებელი იქნება. დღესდღეობით კი ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი.