რატომ ატარებდა კონსტანტინე გამსახურდია შავ ჩოხას

რატომ ატარებდა კონსტანტინე გამსახურდია შავ ჩოხას

კონსტანტინე გამსახურდიას ფიზიკური ყოფნა-არყოფნის საკითხი რამდენჯერმე იდგა სასწორზე. იყო პერიოდი, ამ თემის ირგვლივ ვერსიების კორიანტელი იდგა. დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგი, პროფესორი სოსო სიგუა სწორედ ამ ეპიზოდებს შეეხება ცნობილი მწერლის ცხოვრებიდან.

სოსო სიგუა: კონსტანტინე გამსახურდია 1921 წელს მოექცა ბოლშევიკების ყურადღების არეში, მაშინ როდესაც იგი გაზეთი „სოციალისტ-ფედერალისტის” ფურცლებიდან აკრიტიკებდა ხელისუფლებას, აღნიშნავდა 26 მაისს, მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას, ქვეყნის დაშლის შეჩერებას...

რა მოჰყვა ამას პასუხად?

– შოვინისტი, რეაქციონერი, თეთრგვარდიელი, შავი ჯადოსანი, – ასეთი ეპითეტებით შეამკეს საპასუხო წერილებში გამსახურდია, რაც მწერალს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. მისი პოლემიკა საქართველოს ბედზე, არ შეიძლება, არ სცოდნოდა 22 წლის ლავრენტი ბერიას, რომელიც ამ დროისთვის უკვე იყო აზერბაიჯანის „ჩეკას“ თავმჯდომარის მოადგილე. მით უმეტეს, რომ კონსტანტინე დემონსტრაციულად იქცეოდა, პროტესტის, ეროვნული გლოვის ნიშნად შავ ჩოხას ატარებდა, მთავრობის სახლის წინ ცხენს დააჭენებდა, არ ერიდებოდა ბოლშევიკების ლანძღვას, რასაც ერთვოდა კონფლიქტი... ერთ კრებაზე კი, ინტერნაციონალი რომ დაუკრეს, ფეხზე არ ადგა, რის გამოც კომუნისტებმა დარბაზიდან გააძევეს.

ამგვარი ინციდენტების მიუხედავად, მწერალი ციხეში არ მოხვედრილა?

– მოხვდა და არაერთხელ. კონსტანტინე პირველად 1922 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში, ისევე, როგორც იოსებ გრიშაშვილი, მაგრამ ორივე მალე გაათავისუფლეს. მომდევნო წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორის დახმარებითა და ივანე ჯავახიშვილის თანადგომით კონსტანტინე გამსახურდია ევროპაში გაემგზავრა. ამ დროისთვის ბერია საქართველოს „ჩეკას“ (გპუ-ს) თავმჯდომარის მოადგილეა და დაქორწინებულია საშა და ევგენია გეგეჭკორების ნათესავზე. რაც შეეხება გამსახურდიას, 1924 წელს, აგვისტოს აჯანყების შემდეგ, იგი კვლავ მეტეხის ციხეში მოათავსეს, სადაც რამდენიმე თვე დაყო, ხოლო მისი ნათესავი ხოფერია, რომელსაც მწერალი სახლში მალავდა, დახვრიტეს. 25 წლის ლავრენტი ბერია ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. იგი ცდილობდა, აჯანყების გეგმა ჩაეშალა. კონსტანტინე, რა თქმა უნდა, თანაუგრძნობდა მეამბოხეებს, მაგრამ აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომ იგი მეორედაც გადაურჩა სიკვდილს.

ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ მოხდა მწერლის დაპატიმრება?

– 1926 წლის 1 მარტს გამსახურდია კიდევ ერთხელ დააპატიმრეს და გადაასახლეს თეთრ ზღვაში მდებარე სოლოვკის არქიპელაგზე. განაჩენი ასეთი იყო: საკონცენტრაციო ბანაკი 10 წლის ვადით. ამ პერიოდიდან ბერია უკვე საქართველოს „გპუს“ თავმჯდომარე და ამიერკავკასიის „გპუს“ თავმჯდომარის მოადგილეა. „ჩეკას“ როლი იზრდებოდა, რეპრესიები კი ძლიერდებოდა. კონსტანტინეს დახსნას ცდილობდნენ ალექსანდრე აბაშელი, პავლე ინგოროყვა, სიმონ ჯანაშია და ზოგიერთი ხელმძღვანელი პირიც.

რა მოჰყვა მათ ძალისხმევას?

– მამია ორახელაშვილმა, შალვა ელიავამ და ფილიპე მახარაძემ ყურად იღეს ინტელიგენციის აზრი, გაითვალისწინეს ისიც, რომ კონსტანტინეს ძმა, ალექსანდრე, ბოლშევიკი იყო და ორჯონიკიძესთან ერთად იჯდა ბაქოს ციხეში. მწერალმა ვერ გაუძლო ჩრდილოეთის სასტიკ ჰავას, ხშირად ავადმყოფობდა. ოფიციალურმა პირებმა მხარი დაუჭირეს საქმის გადასინჯვას, მაგრამ ბერიამ ფილიპე მახარაძის მიმართვას უარით უპასუხა – კონსტანტინეს დანაშაული დამტკიცებულია მოწმეთა ჩვენებითა და თავად განსასჯელის აღიარებითო. მიუხედავად ამისა, 1927 წელს კონსტანტინე საქართველოს „ცაკის“ შუამდგომლობითა და სსრკ „ცაკის“ გადაწყვეტილებით, პირობითად გაათავისუფლეს. ფაქტია, რომ ბერია საქმის კურსში იყო და მხარს არ უჭერდა გამსახურდიას. ალბათ, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ 1926 წლიდან, როდესაც საქმეს საქართველოს „გპუ“ იძიებდა.

როგორ გრძელდება მწერლის ცხოვრება გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ?

– ერთი მხრივ, წიგნები გამოუცეს, მისცეს სათარგმნი მასალა, მეორე მხრივ კი პრესის ფურცლები აივსო მისი სალანძღავი წერილებით. მწერალს დეპრესია მოეძალა. გარკვეული ხნის შემდეგ იგი ბერიას შეეხმიანა ენის მდგომარეობის გამო, თან შესჩივლა, უსამართლოდ მაკრიტიკებენო. ბერიამ უპასუხა, შენს საქმეს მიხედე, მათ სიტყვებს რა ძალა აქვსო. 1931 წელს ბერია საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი გახდა, მომდევნო წელს კი – ამიერკავკასიის სამხედრო კომიტეტის პირველი მდივანიც. ამ პერიოდისთვის კონსტანტინე ახალი გარიცხული გახლდათ მწერალთა კავშირიდან. მწერალმა თხოვნით მიმართა ცეკას განყოფილების გამგესა და მდივანს, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და აღდგენა ითხოვა. მათ ეს საკითხი ვერ გადაწყვიტეს, არც ბერიამ შეასრულა მწერლის სათხოვარი.

როდის იცვლება კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ დამოკიდებულება?

– სტალინის ლოზუნგი – „კადრები წყვეტენ ყველაფერს”– ლიტერატურაზეც გავრცელდა. ამის შემდეგ შეიცვალა ბერიას დამოკიდებულება გამსახურდიასადმი. 1932 წელს კონსტანტინე აღადგინეს მწერალთა კავშირის წევრად. 1933 წელს ცეკას მხარდაჭერით გამოსცეს „დიონისოს ღიმილი”, მაგრამ ბენიტო ბუაჩიძემ აღშფოთება ვერ დამალა – ფაშისტური რომანი გამოუციათო. „რაპელთა“ ლიდერს ხელისუფლებაში ავტორიტეტი ისევ ჰქონდა, ამიტომ კარლო ორაგველიძემ ტირაჟის განადგურება მოითხოვა. ასეთ სიტუაციაში გამომცემლობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლო მიწიშვილი, ბერიასთან მივიდა. ბერიას რჩევით, წიგნს „რაპელ“ პლატონ ქიქოძის პასკვილი წარემძღვარა, რათა გამომცემლობისა და ავტორის პოზიცია ერთმანეთისგან გარჩეულიყო. მთავლიტს წიგნში ცვლილებები არ შეუტანია და რომანი სრული სახით გამოვიდა. პარალელურად, ისევ გრძელდებოდა პრესაში გამსახურდიას კრიტიკა. მწერალს ეგონა, ხელისუფლება კარგი თვალით მიყურებს და ეს „კომუნისტი” რას გადამკიდებიაო, მაგრამ, ესეც პოლიტიკის ნაწილი იყო. წიგნს გამოსცემდნენ, მუშაობის საშუალებას აძლევდნენ, თუმცა, აკრიტიკებდნენ, რათა იდეოლოგიურად აღეზარდათ ურჩი კადრი. გამსახურდიამ კარლო ორაგველიძეს წერილით მიმართა – „კომუნისტი” მაკრიტიკებს, მუშაობას ვერ ვაგრძელებო. მწერალს ორაგველიძის პასუხი არ მოეწონა და ამ ფაქტს ვრცელი წერილით გამოეხმაურა. ამის შემდეგ გამსახურდიას წიგნი გამოუცეს, მაგრამ ჰონორარი არ მისცეს. ახლა ცეკას მეორე მდივანს, პეტრე აღნიაშვილს მიმართა კონსტანტინემ. არ ვიცი, შეუთანხმდა თუ არა აღნიაშვილი ბერიას, მაგრამ ავტორს კუთვნილი თანხა გადაუხადეს. ამის შემდეგ გამოიცა „გოეთეს ცხოვრების რომანი”, რომელიც ავტორმა ბარათთან ერთად გაუგზავნა ლავრენტი ბერიას მადლობის ნიშნად. როგორც ბიოგრაფები აღნიშნავენ, ბერიას ძალიან აინტერესებდა გერმანიის ისტორია და კულტურა.

ლავრენტის ვაჟის, სერგო ბერიას აღმზრდელი იყო ბოლნისელი გერმანელი ქალი – ელა ალმედინგერი. გერმანულ სკოლაში, სადაც სერგო სწავლობდა კონსტანტინე გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა, სერგო ბერია აღნიშნავს, მამაჩემმა ორჯერ სიკვდილისგან იხსნა კონსტანტინე, იგი ჩვენი ოჯახის სასურველი სტუმარი იყოო.

ამ პერიოდიდან იწყება გამსახურდიას შემოქმედებითი აღმავლობა?

– დიახ და გრძელდება 1946 წლამდე. 1933 წელს გამსახურდიამ დაიწყო „მთვარის მოტაცების” წერა. წიგნი როგორც იწერებოდა, ისე იბეჭდებოდა „მნათობის” ფურცლებზე. რომანში მოქმედება იწყება 1931 წლის აპრილში და მთავრდება 1932 წელს, რაც იმეორებს ბერიას აღზევების თარიღებს. მთავარი პერსონაჟები არიან ქართული ორიენტაციის აფხაზები. აფხაზების საკითხი კი ბერიას ყოველთვის აინტერესებდა. წიგნის ბოლოს გამოჩნდება პენსნეიანი ტანმორჩილი პერსონაჟი ცეკას ახალი მდივანი... კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ბერიამ თუ წაიკითხა ეს რომანი?

– ზვიად გამსახურდია მეუბნებოდა: „მნათობში” დაბეჭდილ ტექსტებს ლავრენტის თამარ შარვაშიძის მსგავსი ცისფერთვალება და ქერათმიანი ნინა გეგეჭკორი უკითხავდაო. ხელისუფლება სხვადასხვა არხით ამ წიგნს გულმოდგინედ სწავლობდა, საზოგადოებაშიც მოწონებით სარგებლობდა. 1936 წელს „მთვარის მოტაცება” სამ წიგნად გამოიცა. ამავე წელს დაიბეჭდა რუსული თარგმანიც, რაც ბერიას დასტურის გარეშე წარმოუდგენელი იყო. 13 ივლისს მან მწერალი მიიღო, მხარდაჭერა აღუთქვა და პარტიაში შესვლაც შესთავაზა, რაზეც გამსახურდიამ უპასუხა: პარტიაში როგორ არ შევიდოდი, მაგრამ, ვიცი, მალე გასარიცხი ვიქნებიო. ბერიას გაეცინა და ძალა აღარ დაატანა. ტრიუმფალური იყო რომანის განხილვა მწერალთა კავშირშიც.

1937 წლიდან, როცა დაიწყო „დიდი ტერორი”, „მთვარის მოტაცება” სწრაფად მიეცა დავიწყებას. კონსტანტინეს წინაშე ახალი საფრთხე აღიმართა – იგი დახვრეტის უპირველესი კანდიდატი იყო. სტალინის მოხსენებიდან გამომდინარე ბერია საქართველოშიც ეძებდა შპიონებს, ტროცკისტებს, სამშობლოს მოღალატეებს, ეძებდა ლიტერატურაშიც და ასახელებდა კიდეც.

ვინ დასახელდა?

– გიორგი ლეონიძე, პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ტიციან ტაბიძე, ტოროშელიძე.... მხოლოდ ბერიას იმედი კონსტანტინეს არ უნდა ჰქონოდა. სახელმწიფოს განაგებდა არა ცეკა, არამედ „ჩეკა“ (შინსახკომი), ანუ ნიკოლაი ეჟოვი, რომელიც ემორჩილებოდა სტალინს. 1938 წელს გაიცა ბერიას დაპატიმრების ორდერი, რომელიც სტალინმა გააუქმა. ბერიას ეჟოვთან შეჯახება მოუვიდა, რამაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა ეჟოვის ბედი. სტალინმა ბერია მას მოადგილედ დაუნიშნა. რეპრესირებულ იქნა საქართველოს მწერალთა კავშირის 48 წევრი, რომელთაგან უმრავლესობა დახვრიტეს. კონსტანტინე ცდილობდა, ფრთხილად ყოფილიყო, ღამეებს სახლში არ ათევდა, პარალელურად, ცდილობდა, ხელისუფლებისთვის თანადგომა ეჩვენებინა სიტყვითაც, შემოქმედებითაც. 30 მაისს მწერალთა პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე გამსახურდიამ განაცხადა, სამი სიცოცხლე რომ მქონდეს, სამივეს სტალინს შევწირავდი, მე ვიცავ ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელის – ბერიას პრესტიჟსო. 10 ივნისს თვითკრიტიკით გამოვიდა, მაგრამ ტროცკისტებთან კავშირი უარყო. 31 ივლისს ბესო ჟღენტმა სალიტერატურო გაზეთში გამოაქვეყნა „კ. გამსახურდიას შემოქმედებითი გზა”, რომელიც, სათანადო კორექტივებით, მწერლის დაცვა იყო. ეს თითქოს სასიკეთო ნიშანს წარმოადგენდა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რაც ხდებოდა შინსახკომში.

რა ხდებოდა?

– „ჩეკისტები“, წამების შედეგად, სასურველ ჩვენებებს აწერინებდნენ პატიმრებს. კონსტანტინეს სახელს არ სცილდებოდა სიტყვები: „ფაშისტი“ და „აგენტი“. ამ მასალებზე დაყრდნობით ბერიას შეეძლო, საქმე მის დასაღუპავად წამოეწყო – მასალა საჭიროზე მეტი იყო და გადასარჩენად მწერლის იმ მომენტის პოზიცია არ კმაროდა. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ, თითქოს, ეჟოვის განკარგულებით, კონსტანტინეს გვარიც იყო რეპრესიის კანდიდატთა სიაში, მაგრამ ბერიამ სტალინს ამოაღებინა. ამას აღნიშნავს ალექსანდრე მირცხულავა – ცეკას პირველი მდივანი.

რეპრესიების ფონზე უფრო ფასეული ხდებოდა ახალ მეხოტბეთა წამოწევა. ბერიას უკვე დაწერილი ჰქონდა ბოლშევიკების ისტორია ამიერკავკასიაში, რისთვისაც ლენინის პრემია მიიღო. ახლა საჭირო იყო ლიტერატურაში უფრო მკვეთრად წარმოჩენილიყო ბელადის სახე, მისი მოღვაწეობის კავკასიური პერიოდი, თანაც, ახლოვდებოდა სტალინის იუბილე. კონსტანტინე დათანხმდა ბერიას შემოთავაზებას, თუმცა შიში გამოთქვა – როგორ შევძლებ ასეთ დიდ თანამედროვეზე წიგნის დაწერასო. ეს ბერიას მიერ გადმოგდებული „მაშველი რგოლი“ იყო, რათა კონსტანტინე გადაერჩინა, მაგრამ, ბერია ამ შანსს არ მისცემდა, „მთვარის მოტაცება” რომ არ ჰქონოდა დაწერილი. სტალინს ხომ ყველას არ ანდობდნენ!

შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე წერდა რომანს „ბელადი”, გიორგი ლეონიძე პოემას – „ბავშვობა და ყრმობა”, შალვა დადიანი პიესას – „ნაპერწკლიდან”, დემნა შენგელაია მოთხრობას – „ყრმობა”. ამიტომ, მათ, სანამ ბერიას პოზიცია მტკიცე იქნებოდა, ხელს არ ახლებდნენ.