გაყინული პოლიტიკური პროცესი, დაბნეული და დათრგუნული საზოგადოება, სწორ ადგილზე განხორციელებული პროპაგანდისტული შეტევა. ეს გახლავთ დღევანდელი რეალობა, რომელიც კარგს არაფერს უქადის როგორც სახელმწიფო ინტერესებს, ასევე თითოეულ მოქალაქეს.
ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და შესაბამისად მთავარი კითხვა, რომელსაც მისვამენ ნაცნობი და უცნობი მოქალაქეები, გახლავთ უკვე კლასიკად ქცეული - "გვეშველება რამე?!...". მიუხედავად იმისა, რომ 13 მარტის "შავი შაბათის" შემდეგ უარი განვაცხადე "ექსპერტის" წოდებაზე, როგორც ჩანს, ინერციით ვიღაცას კიდევ აინტერესებს ჩემი აზრი და ამიტომ სპეციალურად მათთვის შევეცდები ჩამოვაყალიბო საკუთარი ხედვა იმისა, თუ როგორ წარმომიდგენია მოვლენების შემდგომი განვითარება, ისე რომ შევძლოთ სახელმწიფოს ვარდნის პროცესის შეჩერება და ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნება.
იმისთვის, რომ უფრო გასაგები გახდეს, თუ რას ვთავაზობ პოლიტიკურ სპექტრს, წინასწარ ჩამოვაყალიბებ რამდენიმე მოსაზრებას.
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ბატონი ბენდუქიძე გვთავაზობდა წარმოგვედგინა რუსეთის ადგილზე ოკეანე და ყურადღება არ მიგვექცია მისთვის, რუსეთი რეალობაა, ის არსად წასვლას არ აპირებს და ეს ყველაფერი ჩვენ 2008 წელს საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ. სხვათა შორის ბატონმა ბენდუქიძემ სწორედ ამ ოკეანეში ისწავლა ცურვა, რაც შემდგომში კარგად გამოიყენა უკვე ვაკის საცურაო აუზში პატარა ქვეყანაზე ჩატარებული ექსპერიმენტის სახით.
რუსეთთან "მებრძოლი რაინდის" პოზა იმ მიზნით, რომ მოიპოვო მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და გარეთ, უპერსპექტივოა და რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, მხოლოდ კრემლის პოლიტიკის განხორციელებას უწყობს ხელს.
რუსეთთან უპირობო შემრიგებლის პოზაც უპერსპექტივოა, რადგან ესეც კრემლის პოლიტიკის განხორციელებას უწყობს ხელს.
ქართული პოლიტიკური სპექტრის დაყოფა პრო და ანტირუსულ ძალებად პოლიტტექნოლოგებისა და პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით, ქართულ პოლიტიკას ხდის რუსეთის შიდაპოლიტიკის განუყოფელ ნაწილად და შესაბამისად კრემლის პოლიტიკის განხორციელებას უწყობს ხელს.
ბოროტების სიძულვილით ეკლექტურ გაერთიანებას, რომელიც არ ემყარება ერთიან მსოფლმხედველობას, პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან ბოროტებას სიძულვილის ენერგია ბევრად მეტი აქვს და ასეთ ბრძოლაში ის ყოველთვის გაიმარჯვებს.
აქედან გამომდინარე, ობიექტურად აუცილებელია ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რაც სრულიად არ გამორიცხავს შიდა კონკურენციას და მსოფლმხედველობათა ჭიდილს. იმედია, პოლიტიკური ძალები აცნობიერებენ შექმნილ რეალობას და ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც მაგალითად ასე შეიძლება ჟღერდეს:
„ჩვენ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, ვაცნობიერებთ რა იმ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ქვეყანას უპასუხისმგებლო პოლიტიკური ტექნოლოგიებისა და პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით პოლიტიკური სპექტრის ანტი და პრორუსულ ძალებად დაყოფის მცდელობას, ვაცხადებთ:
ვემიჯნებით როგორც პრო, ასევე ანტი-რუსულ ძალებს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ორივე პოლიტიკური მიმდინარეობა ატარებს დესტრუქციულ ხასიათს და საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
ვაცნობიერებთ რა, იმას რომ ქვეყნის გამთლიანება უპირველეს ყოვლისა ქართველთა, აფხაზთა და ოსთა საქმეა, მივმართავთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ჩვენ მზად ვართ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავმართოთ კონსულტაციები რუსულ მხარესთან არა იმ მიზნით, რომ მათ დაგვიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები, არამედ ამ პროცესისთვის ხელის შეშლის რეჟიმიდან გადავიდეთ ხელის შეწყობის რეჟიმში, რაც ჩვენი ღრმა რწმენით რუსეთის ინტერესებში ისევეა, როგორც საქართველოს.
ვაცნობიერებთ რა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების ერთიან ქართულ სახელმწიფოში დაბრუნების ერთადერთი გზა გადის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, მივმართავთ დასავლეთის ქვეყნებს, არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა დაეხმარონ ქართულ საზოგადოებას ფასეულობათა თანამედროვე ცივილიზებულ თამაშის წესებზე გადასვლაში.
ვაცნობიერებთ რა, რომ ქვეყნის გამთლიანების გზაზე, ჩვენ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის გულები უნდა დავიბრუნოთ, მივმართავთ აფხაზებსა და ოსებს, რომ ჩვენი პრიორიტეტი ქვეყნის გამთლიანების პროცესში არის არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ თქვენში თავისუფალი, და უზრუნველყოფილი საქართველოს მოქალაქის განცდის გაჩენა“.
აღნიშნული პოლიტიკური დეკლარაცია უტოვებს მოქმედების ველს როგორც პრო ასევე ანტირუსულ პოლიტიკურ ძალებს, რაც აგრეთვე რეალობაა, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა ამ ორი პოლიტიკური ფრთის უმცირესობაში დატოვება, მაშინ გარდაუვალია რუსული გეგმის განხორციელება, რომელიც ოსტატურად იყენებს როგორც პრო, ასევე ანტი განწყობებს.
საუკეთესო სურვილებით და მომავლის იმედით, გია ხუხაშვილი