"საქართველოში ამერიკის ჯარები უნდა შემოვიდეს"

ირაკლი წერეთელი პოზიციისა და ოპოზიციის ლანძღვისგან თავს იკავებს, რადგან მისი მტრობის ვექტორი ოკუპანტი რუსეთისკენაა მიმართული.

ამ დღეებში თქვენ ანტისაოკუპაციო აქცია გამართეთ.

– ჩვენი შეკრება თავიდან ბოლომდე ანტისაოკუპაციო ხასიათს ატარებდა. ჩვენ, როგორც ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მშობლიური წიაღიდან წარმომდგარი ძალა, როგორც დეოკუპაციის კომიტეტის ინიაციატორები, ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ პერმანენტულ შეიარაღებულ აგრესიას, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, უხეშ და ბოროტ მიტაცებას და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან მოვითხოვთ, რუსებს დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პრინციპებითა და ნორმებით. მოვითხოვთ, ამ მიმართულებით უფრო გამწვავდეს საერთაშორისო ურთიერთობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, აგრეთვე, ვესწრაფვით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და გვსურს, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაუსხმელობის დაცვის მიზნით საქართველოში აშშ–ს შეიარაღებული ძალები შემოვიდეს. ამერიკასა და საქართველოს შორის უნდა გაფორმდეს ორმხრივი სამოკავშირეო ჩარჩო–ხელშეკრულება.

გაეროს სადამკვირვებლო მისიაც კი წავიდა საქართველოდან, გჯერათ, რომ თქვენი სურვილი განხორციელდება?

– რას ნიშნავს, გაეროს მისია წავიდა? გაერო არის ერთი მოძველებული, დრომოჭმული, გათახსირებული ორგანიზაცია, საყოველთაოდ ცნობილი სალაყბო, რომელიც ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებს. გაეროს გარდა, არსებობს ნატო, ევროკავშირი, ბოლო–ბოლო, არსებობენ სახელმწიფოები, აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების სახით, რომლებიც ჩვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი. გაეროში რუსეთს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ ეუთოში, ევროსაბჭოსა და სხვა ორგანიზაციაში რუსეთი ზოგან საერთოდ არ არის, ზოგან კი საერთოდ არ აქვს ვეტოს უფლება. მთავარია, ამერიკასა და საქართველოს შორის დაიდოს პირდაპირი ხელშეკრულება, საქართველო ოფიციალურად გახდეს ამერიკის სამხედრო–პოლიტიკური სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფო, ამერიკის სამხედრო დასწრების ფონზე დაიწყოს საქართველოს გაწევრიანება და გარკვეული წლების შემდეგ ეს პრობლემები მოგვარდება.

რაჭაში მიმდინარე მოვლენებსაც გულისხმობდით, როცა დეოკუპაცია ახსენეთ?

– ვერ გავიგე, ჩემი რაჭველი მეგობრების ნაწილი ამბობს, რომ საზღვარი გადმოიწია, ნაწილი კი აცხადებს, რომ არ გადმოწეულა. ამიტომ თავად უნდა ჩავიდე და ვნახო, აბა, ვის დავუჯერო? ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია იძახის, ყველაფერი რიგზეაო, არასაპარლამენტო ოპოზიცია პირიქით აცხადებს. თვით ადგილობრივებშიც კი, ვისაც ველაპარაკე, არაა ერთგვაროვანი ინფორმაცია.

დასავლეთისგან თქვენ რასაც მოითხოვთ, ასეთი პრეცედენტი ჩვენ მსგავს ქვეყნებში განხორციელებულა?

– როგორ არა. ბალტიისპირეთი განთავისუფლდა რუსეთის ოკუპაციისგან და შევიდა ნატოში. აღმოსავლეთ ევროპის უკლებლივ ყველა ქვეყანამ, ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ რუსეთთან პრინციპული და რადიკალური, პოლიტიკური და არაშეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, რუსეთის აგრესიის, ოკუპაციის პერმანენტული მხილებით მიაღწია იმას, რომ დღეს ეს ქვეყნები არიან ნატოს წევრები და, შესაბამისად, აბსოლუტურად დამოუკიდებელნი და შორს რუსეთისგან.

ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ რატომღაც ქართველი ერი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც რუსეთისგან აგრესიას იწვევს და რუსეთი განსაკუთრებულად გვსჯის, მაშინ, როცა სხვა დანარჩენმა ყოფილმა რესპუბლიკებმა მოახერხეს მათთან საერთო ენის გამონახვა. ხელისუფლების შეცდომების გამო მოხდა ეს?

– ეს იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივი შეცდომები, რომლებმაც თავის დროზე არ ამხილეს რუსეთი, როგორც აგრესორი და აგვისტოს ტრაგედიამდე არ განახორციელეს რუსეთის მიმართ პრინციპული, კატეგორიული, მშვიდობიანი პოლიტიკა დეოკუპაციის მიმართულებით. ეს გააკეთა იმან, რომ 8 აგვისტომდე ჩვენს ტერიტორიებს არ ჰქონდათ მინიჭებული ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი, არც რუსეთის ჯარებს მიანიჭეს საოკუპაციო ჯარის სტატუსი. 8 აგვისტომდე საქართველო რჩებოდა დსთ–ში და რუსეთთან არ იყო დიპლომატიურად, პროპაგანდისტულად, მსოფლმხედველობრივად, პოლიტიკურად დაპირისპირებული. ჩვენი ხელისუფლება ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას თამაშობდა, საქართველოში არ იყო განვითარებული დემოკრატიული პროცესები. ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რაც რუსეთმა გაუბედა საქართველოს. ჩვენ რომ თავიდანვე აგვეღო მკვეთრად გამოხატული პროდასავლური, პროამერიკული პოლიტიკა, განგვეხორციელებინა სასამართლო რეფორმა, დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდით. ამიტომ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობისთვის პასუხისმგებელია დღემდე არსებული ყველა ხელისუფლება, დღევანდელის ჩათვლით. მართალია, დღეს სააკაშვილის ხელისუფლებამ დააყენა დეოკუპაციის საკითხი, რაც კარგია, მაგრამ ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო და არ დაგვეშვა შეცდომები.

თქვენი მიმართვა რამდენად დროულია, როცა უცხოელები აცხადებენ, რომ თავად გაარკვიეთ ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენ ნუ ჩაგვრევთო?

– აშშ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უცხადებს საქართველოს მხარდაჭერას.

ეს სიტყვიერად, მაგრამ ხშირად გაიგონებთ ზესახელმწიფოების მხრიდან ფარულ გარიგებებსა და გადანაწილებებზე.

– ეს ყველაფერი ჭორია. არანაირი გადანაწილება არ ხდება. აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, მათმა ვიცე–პრეზიდენტმა თუ პრეზიდენტმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს დათმობის ხარჯზე არ დაათბობენ. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა, რომელიც ძალიან ვაჟკაცი კაცია, პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ არ მიატოვებს საქართველოს და არ დათმობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და, რომ აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების ერთ–ერთი პრიორიტეტია საქართველოს თავისუფლება, სტაბილიზაცია და ტერიტორიული მთლიანობა.

ამ დაპირებაში ეჭვი არ შეგაქვთ?

– უბრალოდ, მეტ–ნაკლებად განათლებული კაცი ვარ. ვიცი მსოფლიოს ისტორია და ისიც ვიცი, რომ, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ისტორია პროგრესის მიმართულებით მიდის, რუსეთი დღეს რასაც აკეთებს, ესაა მსოფლიო პროგრესთან დაპირისპირება და ამაზე მას კისერს მოატეხინებენ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუ მათი აგრესია განმეორდება, ეს გარკვეულწილად, მოიტანს დამანგრეველ შედეგს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბუმერანგივით მოუტრიალდება რუსეთს და დაემხობა მისი ისტორია.

ცალკეული ოპოზიციონერები თქვენს სიმპათიას ვერ იმსახურებენ?

– 2009 წლის 9 აგვისტომდე კატეგორიულად ავუკრძალე ჩემს თავს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებაზე საუბარი, რადგან მთელი ჩემი არსებით ვუპირისპირდები რუსეთის იმპერიას და არანაირი სურვილი არ მაქვს, ცუდად ჩავერთო ქართველთა შორის დაპირისპირებაში. მინდა ყველას ურთიერთსიყვარულისა და რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ გაერთიანებისკენ მოვუწოდო.

მაგრამ, თქვენვე ბრძანეთ ქვეყანაში სამართლის აღდგენის შესახებ, აქედან გამომდინარე, ბოლოდროინდელ დარბევათა გათვალისწინებით, ქართული პოლიცია პოლიტიზებულია?

– რა თქმა უნდა, ვერანაირ დარბევას ვერ გავამართლებ. მით უმეტეს, მიტინგები, დემონსტრაციები და აქციები, რომელთაც ატარებს ოპოზიცია, თავისი ხასიათითა და ფორმით თავიდან ბოლომდე მშვიდობიანი, არაძალადობრივია. ამიტომ, რადგან ხელისუფლება ოფიციალურად არ უპირისპირდება ამ აქციებს, მათ არანაირი უფლება არ აქვთ, გადაცმული, გაურკვეველი პირების მეშვეობით აწარმოონ მუდმივი თავდასხმები ოპოზიციაზე, იმისდა მიუხედავად, მართალია თუ არა მათი მოთხოვნები. ამ და დემოკრატიის ბევრ საკითხში ეს ხელისუფლება კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა არც ისე პირწავარდნილი დიქტატურაა, როგორც ამბობენ.

თქვენ ცალკეული პოლიტიკური ლიდერებიც არ მოგწონთ.

– არ მინდა, 9 აგვისტომდე ცუდად შევეხო ოპოზიციონერ ლიდერებს, ეს საკრალური თარიღი ახლოვდება და ამ დღეს საქართველოს გათავისუფლების, ქართველთა გაერთიანების მიზნით გვინდა ინიციატივით გამოვიდეთ. მართალია, არსებობს მთელი რიგი დაპირისპირებები და განსხვავებები ჩვენს პარტიასა და სახელისუფლო თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ განწყობილი ვარ, ყველა ქართველთან, თუ სამშობლოს დაუძინებელი მტერი არაა, გვქონდეს თბილი ურთიერთობა. ამიტომ კატეგორიულად ვიკავებ თავს ოპოზიციის კრიტიკისგან.

ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზისს არ აღიარებს. ეს ყველაფერი კრიზისის ნიშნებს ატარებს?

– მინიმუმ, საქართველოში არის მკვეთრი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. არსებობს ძალიან დიდი სახალხო ეროვნული უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ. ფაქტია, რომ ქართველი ერის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მკვეთრად სკეპტიკურად და ხშირად ანტაგონისტურად უყურებს ხელისუფლებას. მოსწონს თუ არა, ხელისუფლებამ ამ ფაქტს თვალი უნდა გაუსწოროს. ეს დაადასტურა 2007 წლის 2 ნოემბრის, 2008 წლის 14 და 20 იანვრის, 2009 წლის 9 აპრილისა და 26 მაისის გრანდიოზულმა დემონსტრაციებმა.

სამოქალაქო დაპირისპირება დაწყებულია?

– დღეს სამოქალაქო დაპირისპირებაა საქართველოში, ოღონდ მთავარია, ეს დაპირისპირება შეიარაღებულში არ გადაიზარდოს. არა მგონია, ასე მოხდეს, რადგან ოპოზიციის პოლიტიკა თავიდან ბოლომდე არაძალადობრივი და არაშეიარაღებულია. ამიტომ ოპოზიციის მხრიდან ეს გამორიცხულია და სამოქალაქო ომში არ გადაიზრდება. ახლა, თუ რუსები თავს დაადებენ და შემოვარდებიან საქართველოში და მათ შემოჰყვებიან რუსეთში გახიზნული მოღალატე ქართველები, დარწმუნებული ვარ, ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილი ერთად დადგება.

ოპოზიციის მიმართ 9 აგვისტოს შემდეგ უფრო გულახდილი იქნებით?

- მე ყოველთვის გულახდილი ვარ. 9 აგვისტოს შემდეგაც თუ ვინმეს წინააღმდეგ რამეს ვიტყვი, ეს ძალიან აკადემიური და ქრისტიანული იქნება. ყოველთვის შევიკავებ თავს ქართველების ლანძღვისგან.