ბიძინა გეგიძე საზოგადოებრივი პატრულის წევრია. რატომ გადაწყვიტა ამ საზოგადოებაში გაერთიანება, როგორ მიიღეს ეს მისი ოჯახის წევრებმა და როგორ მოიქცეოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი შვილი და თავად აღმოჩნდებოდნენ სხვადასხვა პოზიციაზე? ამის შესახებ ბიძინა გეგიძე თავად ისაუბრებს.
ბატონო ბიძინა, როგორ შეფასებთ დღევანდელ მოვლენებს?
– შეიძლება ითქვას, რომ დღეს რაღაც ეტაპი უკვე გავლილია, 26 მაისი იყო ორთვიანი ბრძოლის შემაჯამებელი აქცია. ამ ეტაპისთვის ვარ სიახლეების მოლოდინში.
რატომ გადაწყვიტეთ საზოგადოება "ერთად"–ში გაწევრიანება?
– ეს გადაწყვეტილება გულიდან იყო წამოსული. ამცირებდნენ ადამიანებს, იქნებოდა ფიზიკური თუ სხვა სახის შეურაცხყოფა. ეს იყო რეაქცია უსამართლობაზე, თავისთავად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. როცა ხედავ ცინიზმს, უსამართლობას, ღირსების აყრის მცდელობას და შენში ეს ფასეულობები არ არის იგნორირებული, ეს ნაბიჯი უნდა გადადგა.
რა იყო თქვენი პირველი პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ?
– პირველად გამოვედი სახლიდან, ისე, რომ არავისთან არ მქონია კონსულტაცია, როცა სანდრო გირგვლიანი დაიღუპა. ეს იყო ის, რამაც გადამიყვანა უკიდურესი პროტესტის რეჟიმში. იყო აღშფოთებაც, პროტესტიც და ქუჩაშიც გამოვედი.
თქვენ ოთხი შვილის მამა ბრანდებით. თქვენი შვილი რომ აღმოჩნდეს სხვა პოზიციაზე, როგორი იქნება თქვენი რეაქცია?
– მაშინ მე ვიტყოდი, რომ არ ვარ ბიძინა გეგიძე, საერთოდ არ ვარ გეგიძეების გვარის ღირსეული გამგრძელებელი. ჩემი გვარის ისტორიაში ვიქნებოდი პირველი მამა, რომლის შვილი იქნებოდა სხვა პოზიციაზე. მაგრამ ეს ჩემი ოჯახის შემთხვევაში ფაქტობრივად გამორიცხულია.
როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას?
– საზოგადოებრივი პატრული არ არის პირველი შემთხვევა, როცა მე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ცხოვრების მანძილზე, ვინც მიცნობს, ეს იცის. იგივე რაგბის თემა ავიღოთ. იყო შიშის და შფოთვის ფაქტორი, მაგრამ გამომდინარე ჩემი ისტორიიდან, მათ იციან: მე რომ გადაწყვეტილებას მივიღებ, მერე აღარ ვცვლი ხოლმე.
ახლა რა კავშირი გაქვთ რაგბთან?
– საზოგადოება "ერთად"–ში ვეტერანი და ახალგაზრდა მორაგბეები მრავლად არიან. აქედან გამომდინარე, არცთუ იშვიათი კონტაქტი მაქვს. ვარდების რევოლუციის შემდეგ რაგბის კავშირთან, მის ოფიციალურ სტურქტურასთან არ მაქვს შეხება. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი და ჩემი მეგობრების ჩაყრილ ფუნდამენტზე ხარობს დღეს რაგბი. ახლა რაგბის თავგამოდებული გულშემატკივარი ვარ.
მორაგბეობა იყო ერთ–ერთი ფაქტორი საზოგადოებრივ პატრულში მოსახვედრად?
– ეს ნამდვილად არ იყო კრიტერიუმი. განმსაზღვრელი იყო ადამიანის რეპუტაცია, ისტორია. აქ არიან პიროვნებები, რომლებიც სარგებლობენ სუფთა სახელით, რომელთა განვლილი ცხოვრება არის ის, რომ არ ჰქონიათ პირადი ინტერესი დაყენებული სამშობლოს ინტერესზე მაღლა.
თქვენი და ბატონი გია კორკოტაშვილის სახელის ირგვლივ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი ტრიალებს, რა რეაქცია გაქვთ ამ ყველაფერზე?
– პატარა აღარ ვარ, უკვე ნახევარი საუკუნეა ვცხოვრობ, არასდროს მქონია სუბიექტური პროტესტის ნიშნები, როცა სიმართლეს ვისმენდი. მაგრამ როცა ვისმენ სიცრუეს, ეს ჩემზე მოქმედებს, ამას ვამბობ ჩემი არაკეთილმოსურნეების გასახარებლად. ერთი ცილისმწამებლური სატელეფონო ზარი, მედიაში გაჟღერებული ცრუ ინფორმაცია ჩემზე მოქმედებს. მაგრამ ამაში ვერ ვხედავ ტრაგედიას, ყველა ადამიანმა თავისი ტვირთი უნდა ზიდოს. კარგი იქნება, რომ მედიაც და ხელისუფლებაც იყოს გაცილებით სამართლიანი და ობიექტური. ის რაღაცეები, რის მოწებებასაც ცდილობენ, საბოლოოდ არ გამოვა. ჩხუბი საერთოდ არ მყვარებია ცხოვრებაში, მაგრამ მიწევდა, როგორც ყველა ბიჭს. ახლაც მიწევს, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს. როცა საქმე ეხება ღირსებას, აუცილებლად დავიცავ, დავიცავ უმცროს–უფროსობასაც და თავმოყვარეობასაც. მაგრამ მე იმის ინიციატორი არ ვიქნები, რომ ვინმეს ღირსება შევულახო ან ფიზიკურად დავჩაგრო, ეს ჩემში არ ზის.
როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი, თუ შეიძლება, შიდა სამზარეულოში რომ ჩაგვახედოთ?
– დავიწყებ იქიდან, რომ ამ საზოგადოების შექმნა მოხდა ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე. სიტუაციის გამოძახილი იყო. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება არ ვიცნობდი, მაგრამ არიან უზარმაზარი პატივისცემის ობიექტები. ეს საზოგადოება სპორტთან ასოცირდება, მაგრამ ასე არ არის, გაერთიანებული არიან მსახიობები, ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭები, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ, არ ღალატობენ ძირითად პრინციპებს. იციან სიმართლის გვერდში დგომა. ჩემში ეს დადებით ემოციებს ბადებს. მზად ვარ, მათთან ერთად გავიარო, ჯოჯოხეთი იქნება თუ სამოთხე.
მორიგეობით პატრულირებთ აქციის ტერიტორიაზე?
– ჩვენი ბიჭები აქ არიან დღისითაც და ღამითაც, გვაქვს მორიგეობის გრაფიკი. დისციპლინაშია ეს ყველაფერი მოყვანილი. საქართველოში დისციპლინა არავის უყვარს, მათ შორის არც მე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერზე მაღლა დგება, სიზარმაცეზეც და ქეიფზეც. ყველა ერთმანეთს უყურებს თვალებში და მოქმედებს იმ განაცხადის ქვეშ, რაც გავაკეთეთ, როცა ეს საზოგადოება იქმნებოდა. შეიძლება ოჯახები, მეუღლეები და ბავშვები, ცოტას წუწუნებენ, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ და ამას ვაკეთებთ.
გაიხსენეთ ისტორია, რომელიც არ მოხვდა კადრში და დაკავშირებულია საზოგადოებრივი პატრულის მუშაობასთან.
- დაგვირეკეს ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომ შენიშნეს უცხო სპეცმანქანა სპეცპიროვნებებით, რომელიც გაჰყვა აქციაზე მისულ ადამიანებს. დაიძაბა სიტუაცია. მე და გია პირდაპირ მივადექით მანქანას, დავუყენეთ გვერდით და დავუწიეთ მინებს. ცნობისმოყვარე სახეებით მივაშტერდით. მანქანა სავსე იყო მთელი თავის ატრიბუტიკით, რაციებით და ასე შემდეგ. ეს ხდება ღამის 3 საათზე. მათაც ჩასწიეს ფანჯარა, რომ დაგვინახეს, სახეზე ღიმილი გადაეკრათ, გადმოვიდნენ მანქანიდან, საბუთები გვაჩვენეს, ეს და ეს ვართ, დავალებული გვაქვს დავაკვირდეთ მოვლენებს, არავის არაფერს დავუშავებთო. ამით გამოხატეს პატივისცემა საზოგადოებრივი პატრულის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენდნენ სტრუქტურას, რომელიც სპეცდავალებაზე იყო გამოსული. ეს სუფთა თბილისური ისტორია იყო.