ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი საქართველოში

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი საქართველოში

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი იმყოფება. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკელ გენერალს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლეს.

შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები იყო. ხაზგასმით აღინიშნა ევროპაში აშშ-ის არმიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობა.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების იმპლემენტაციაში ამერიკული მხარის დახმარების საკითხს.

საუბარი შეეხო ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციასა და 2015 წლიდან „გადამწვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ჩართვას. გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ჰოჯესმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის როლი დაჭრილი ქართველი სამხედროების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოდჯესი თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრს ესტუმრნენ. ისინი ტელეხიდის საშუალებით სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2014“ სხვადასხვა მართვის ცენტრს დაუკავშირდნენ და სწავლების მიმდინარეობას დააკვირდნენ.

სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ჰოდჯესმა განცხადებები გააკეთეს.

“საქართველოში ტარდება სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014“, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის წლის შემაჯამებელი სწავლება, სადაც ჩვენი სამხედროები კიდევ ერთხელ ამოწმებენ მთელი წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული როგორც „დიდგორი 2014“-ის ორგანიზებასა და მართვაში, ასევე, ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. გენერალი ჰოჯესი პირადად ჩამობრძანდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო ამ სწავლების შეფასებაში და შედეგების გაანალიზებაში“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.

„აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურად ორი კვირის წინ, ნოემბრის დასაწყისში დავინიშნე. ამ რანგში ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია. გერმანიის შემდეგ პირველად თბილისს ვესტუმრე, რათა სწავლების მიმდინარეობას გავეცნო. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებაზე მეტყველებს, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს სტრატეგიულ პარტნიორს - საქართველოს. მინდა ასევე გავამხნევო ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები. ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და ვლოცულობთ მათი გამოჯანმრთელებისთვის. ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის დღევანდელი დილა, როდესაც ვნახე, თუ როგორ მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი ამ სწავლებაში. ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის მინისტრის და მისი მრჩევლების უშუალო ჩართულობა ამ პროცესში. შთამბეჭდავი იყო მენახა, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ ამოცანებს. დღის ბოლოს შესაძლებლობა მექნება სასწავლო ცენტრსაც ვესტუმრო და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო სწავლების შესახებ“ - განაცხადა გენერალმა.