„დელ ბოსკემ ფეხში მწარედ დამარტყა“

„დელ ბოსკემ ფეხში მწარედ დამარტყა“

ახლახან „ვერნისაჟში“ ჩემი ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ყველას დააინტერესა – სად ფეხბურთელი და სად მხატვრობაო. მახსოვს, 90-იან წლებში „თეთრ გალერეასა“ და „ქარვასლაში“ ჩემი რამდენიმე ნახატი გამოიფინა და დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ფერწერაში განათლება არ მიმიღია, არც სპეციალური სკოლა მაქვს დამთავრებული და არც ტექნიკუმი. ჯერ კიდევ აქტიურ ფეხბურთში რომ ვიყავი, თბილისის „დინამოში“, მაშინ დავიწყე ხატვა. საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ქალაქში რომ დავდიოდით, ბევრი საგამოფენო დარბაზი იყო და სულ ვათვალიერებდი, ჩვენი მხატვრების გამოფენებსაც ვესწრებოდი. ერთხელაც, ნატურმორტი დავხატე თიხის ქოთანი და ვაშლი და ჩემმა ძმაკაცმა, იური მექვაბიშვილმა, ჩვენი გუნდის გულშემატკივარმა და ბრწყინვალე მხატვარმა, რომ ნახა, გადაირია – თუ ძმა ხარ, ხატვა დაიწყე, მაგარი ნიჭი გაქვსო. მას შემდეგ დავიწყე და დავიწყე.

ხატვა მართლაც უდიდესი სიამოვნებაა, ისევე, როგორც კარგი მუსიკა რომ დაწერო ან ფილმი გადაიღო.

მანუჩარ მაჩაიძე: დიახ, ასეა, არის ნახატები, რომლებიც ერთ დღეში მაქვს დახატული და არის ისეთებიც, რომლებსაც რამდენიმე კვირა მოვუნდი, გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ. ღამით არ ვხატავ, რადგან, მითხრეს, თვალებს აფუჭებსო. თან, შეიძლება, ღამის შუქმა შეგაცდინოს. ღამით კორექტირებას ვუკეთებ. ფანქრით შეიძლება, გრაფიკული ნახატები ხატო, მაგრამ ფერწერა ცოტა რთული საქმეა. არასდროს დამიხატავს აკვარელში, პირდაპირ ზეთში დავიწყე. კომუნისტების დროს არ იყო იმის საშუალება, რომ გამზადებული ტილოები გეყიდა. ცალკე ჩარჩო უნდა დაგემზადებინა, ცალკე გადაგეჭიმა და დაგეგრუნტა.

შიშველი ქალის დახატვისას რას განიცდით?

- სხვათა შორის, ამ გამოფენაზე მქონდა წარმოდგენილი ერთი ტილო – შიშველი ქალის სურათი, საერთოდ, ქალის სხეული, ეს არის ფერწერის უმაღლესი საფეხური. ამის დახატვას ვერიდები, რადგან გარკვეული სკოლის გავლა ჭირდება, პროპორციების დაცვა სჭირდება. ფიგურები არასდროს დამიხატავს. პროფესიონალი მხატვრები ცალკე ვარჯიშობენ ნაკვთებზე. ცხოვრებაში ორჯერ თუ მაქვს დახატული შიშველი ნატურა. იყო ადამიანი, ვინც დავხატე, ოღონდ ვერ ვიტყვი – ვინ. ვინ გაშიშვლდება და დაგიდგება?! ქუჩაში ან პლაჟზე რამდენ ლამაზ ქალს ხედავ კაცი, ხომ ვერ მიხვალ და ეტყვი, მინდა, შიშველი დაგხატოო. შეიძლება, თავში რაღაც ჩაგარტყას. თუ მსოფლიოში განთქმული მხატვარი არ ხარ, არავინ დაგიდგება პოზირებისთვის.

მაშინ, ხატეთ ისევ პეიზაჟები და იყავით. ასე მართლა ვერ წახვალთ წინ, თუ მაგარ რაღაცეებზე უარი თქვით. შიშველი ნატურისა და პორტრეტის ხატვა სწორედ იმით არის საინტერესო, რომ მიუწვდომელი და კომპოზიციურად რთული შესასრულებელია.

– პეიზაჟი პროტესტს არ განგიცხადებს და თავში არაფერს ჩაგარტყამს. აღიარებულია, რომ ფერმწერის უმაღლესი საფეხური ქალის სხეულია. ისე მაინც ვერასოდეს დახატავ, რომ მიქელანჯელოს, რაფაელსა და და ვინჩის მივუახლოვდე, ყველაზე დიდი მხატვრებიც ბოლომდე არ მიდიან, სადღაც ჩერდებიან. აი, და ვინჩი კი „მონა ლიზას“ თურმე ორმოცი წელი ხატავდა.

ამიტომაც შემორჩა ისტორიას, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფერწერული ნამუშევარი, რომელსაც თავისი შტრიხკოდები აქვს და სხვადასხვა მხრიდან იკითხება. რა იცით, იქნებ თქვენც დახატოთ ოდესმე რაღაც ისეთი, რაც დიდ აღიარებას მოგიტანთ.

– არის ქვეყნები, სადაც ფერწერა ისეთ დონეზე არ არის აყვანილი, როგორც მუსიკა. მაგალითად, ავსტრიაში. ზოგი იმას ანიჭებს უპირატესობას, ზოგი – ამას. ძალიან მიყვარს პოეზიაც, თუმცა ლექსის დაწერა არ მიცდია. პროზაში კი ვცადე კალამი – დავწერე წიგნი „ერი და თანამედროვეობა“.

თქვენ იყავით ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, რომელსაც თითქმის მსოფლიო აქვს მოვლილი. არასდროს გაგჩენიათ სურვილი, დღიური დაგეწერათ მხატვრული ენით, სადაც თქვენი სპორტული კარიერის მწვერვალზე ყოფნის ყველაზე საინტერესო მომენტებს აღწერდით?

– რა დღეშიც ვიყავით იმ პერიოდში ფეხბურთელები, რომ გაიგოთ, შეიძლება, საცოდაობისგან დაიწვათ და იტიროთ. ხელფასი 180 მანეთი მქონდა. ყოველდღე ათ-თხუთმეტ კილომეტრს დავრბოდით და სამ კილოგრამს ვიკლებდით, რადგან დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით. თან ინსტიტუტში ვსწავლობდით და თან ბაზაზე შეკრებებზე ვიყავით ჩაკეტილები. გვიკრძალავდნენ ნებისმიერ ადამიანურ სიამოვნებას. ცოტა სხვანაირი შეხედულება ჰქონდათ მაშინდელ საბჭოთა სპორტში. ზოგი ვერ უძლებდა ამას. მე რაღაცნაირად ვუძლებდი, სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი.

ადამიანურ სიამოვნებაში ქალებიც შედის. არ გიჭირდათ უქალობა, თუნდაც იქ, უცხოეთში?

– რა არის, იცი, გენაცვალე? არ შეიძლება, რა, ახალგაზრდა ბიჭს ნორმალური ცხოვრება, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა აუკრძალო. იდიოტობაა, ხომ?! ცოლი არ უნდა მოიყვანო, მეგობარი ქალი არ უნდა გყავდესო. იმდენი ხისთავიანი იყო, ვერ ხვდებოდნენ, რომ ასე ფეხბურთელს ღუპავდნენ. რამდენი ფეხბურთელია, იცით, გაფუჭებული ამის გამო? კაცი დღეში სამ კილოგრამს იკლებ და მწვრთნელი გეუბნება, წყალი არ დალიოო. ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში ონკანებს გვიკეტავდნენ. ახალგაზრდა კაცს რომ ჩაკეტავ თვეების განმავლობაში და ქალთან მისვლასა და შეხედვას აუკრძალავ, ის უკვე დეგრადირებულია, აბა, რა არის?!

რა ზომებს იღებდნენ, თუ მათ პირობებს დაარღვევდით?

– საწყალი ბიჭები ვეღარ ითმენდნენ და ბევრი გააგდეს გუნდიდან. არადა, შეიძლებოდა, კარგი ფეხბურთელები დამდგარიყვნენ. მე ვერ მიბედავდნენ, იმდენად ძლიერი ვიყავი. უცხოეთში რომ ჩავდიოდით და პროფესიული გუნდები გვეთამაშებოდნენ, ისინი ჩვენსავით თვეობით კი არ იყვნენ ჩაკეტილები ბაზაზე. ერთ ღამეს სასტუმროში გაათენებდნენ, მერე გავიდოდნენ მოედანზე და ჩვენთან ერთად თამაშობდნენ. მარტო ფეხბურთზე უნდა გეფიქრა და ფულს 150 მანეთს გაძლევდნენ. დღეს არიან ფეხბურთელები, რომლებიც დღეში ოცი ათას დოლარს იღებენ, ეს კი თვეში ექვსასი ათასი დოლარია. არიან ისეთებიც, ვინც მილიონებს იღებს. რონალდოს დღიურად ოცდათხუთმეტი ათასი აქვს. იმან იცის, როგორ უნდა იცხოვროს, ჩვენთან კი ეს არ იციან. ზოგიერთი მწვრთნელი ისევ ძველებურად აზროვნებს, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო... პროფესიონალმა ფეხბურთელმა შენი რეჟიმი თვითონ უნდა იცოდე – როდის ჭამო, რამდენი ჭამო. მთელი მეცნიერებაა ფეხბურთი, ეგრე კი არ არის, ზოგს რომ ჰგონია. ამაზე ომი მქონდა მწვრთნელებთან – რასაც ორგანიზმი მთხოვს, იმდენი წყალი უნდა მივიღო, აბა, ხომ არ დავიხრჩობი-მეთქი.

ესე იგი, გუნდიდან გაგდებას გადარჩით.

– მაგათთვის ყური რომ დამეგდო, ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. ჩემებურად ვცხოვრობდი. 18 წლიდან უკვე სახელი მქონდა მოხვეჭილი და ვერ გამაგდებდნენ. ჩემი ძმაც ასეთ მდგომარეობაში იყო. თუ ოდესმე ცუდად მითამაშია, სწორედ მაშინ ვითამაშე, წნეხის ქვეშ რომ ვიყავი. დასვენებას ვერ ვახერხებდი. იმათ ეგონათ, რომ სწორად მსჯელობდნენ. იმიტომ იყო, რომ მწვრთნელებს დონე არ ჰქონდათ. ახლახან საინტერესო ამბავი გავიგე, არ ვიცოდი: თურმე, საწყალი ჩვენი დინამოელები ზამთარში ბაკურიანში მიჰყავდათ, ზღვის დონიდან ათას ხუთას მეტრზე. არბენინებდნენ და არბენინებდნენ ამსიმაღლეზე. ბაკურიანში ზამთრის შეკრებები ჩავშალე. წარმოიდგინეთ, რაში სჭირდება ფეხბურთელს კოხტაგორაზე სირბილი?! მერე დამტკიცდა, რომ თურმე რვაას მეტრზე ზემოთ არავინ მიდის სავარჯიშოდ, არ ვარგა ორგანიზმისთვის, გულს აფუჭებს. მე მაშინ მივხვდი და გადავარჩინე საწყალი ბავშვები.

ბევრი გიმოგზაურიათ. გაიხსენებთ ძველ შთაბეჭდილებებს?

– მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ერთხელ, ნაკრების შემადგენლობაში რომ ვიყავი ისლანდიაში, ელჩმა მიგვიწვია. გვიხსნიდნენ, რომ ძალიან დემოკრატიული ქვეყანაა, ქალისა და ბავშვის კულტია, მაგრამ ცოტა შეშფოთებულებმა გვითხრეს, ოთხასი ათასი კაცი ცხოვრობს და სამი პატიმარი გვყავსო. გაგიჟებულები იყვნენ, რა გვეშველებაო. სტაროსტინი მომიბრუნდა და მეუბნება: ეს კიდევ რა არის, აქ სამი პატიმარი მაინც ჰყავთ. 1958 წელს შვეციაში ვიყავი, მადრიდის „რეალი“ და შტუდგარტი თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე. თეთრი დროშა იყო გამოფენილი, რომელიც იმაზე მიანიშნებდა, რომ შვეციაში პატიმარი არ იყო, ათმილიონიან ქვეყანაში ციხეში კაცი არ იჯდა. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვიყავი და მერეში გვქონდა თამაში შვეიცარიის ნაკრებთან. დამაინტერესა და ვკითხე – აქ როგორ არის ციხეებში საქმე-მეთქი. ჩვენთან ციხეში კაციშვილი არ ზისო. ციხეები უმაღლეს დონეზეა გარემონტებული და ელოდებიან პატიმარს, მაგრამ კაციშვილი არ შედის. წვიმა მოდის მაგარი ციურიხში, ჟენევაში, დავდივარ მანქანით და მანქანას ერთი ტალახი არ აქვს. ფეხით რომ გაიარო, მტვერი არ დაგედება ფეხსაცმელზე, ისეთი გაკრიალებულია ქუჩები.

ესპანეთის ახლანდელი ნაკრების მწვრთნელს, დელ ბოსკეს მოქნეული ფეხი როგორ გახსოვთ?

- მწარედ. ეს 28 წლის წინ იყო. მაშინ დელ ბოსკე მადრიდის რეალში თამაშობდა. ისე დამარტყა ფეხში, რომ დღესაც მაქვს საშინელი ნაიარევი. ხშირად ამბობენ საქართველოში, ქართულ ფეხბურთს წარმატებები არ ჰქონდაო. ამას ბოროტი და ბოღმა ადამიანები ამბობენ, თორემ რამდენჯერაც მესამე ადგილი ავიღეთ, იმდენჯერ ჩემპიონები უნდა ვყოფილიყავით, იმდენ ქულას გვართმევდნენ და გვჩაგრავდნენ. რომ ყოფილიყო ობიექტური მსაჯობა და არ ყოფილიყო დაშინება და უბედურება, ასე არ მოხდებოდა. სტადიონზე რომ შევიდოდით, პირველ მწკრივში სულ ავტომატიანი ფორმიანები იდგნენ. როგორი საქმეა, ჯარისკაცების თვალწინ თამაში? ან, შეიძლება, რუსთან თანაბრად ილაპარაკო?! აი, ასეთი ცხოვრება გავიარე.