მსახიობი გურამ ფირცხალავა ქვეყანაში განვითარებულმა ამბებმა, განსაკუთრებით ხელისუფლების "ფეხებზე მკიდია"–ს პოზამ, ცოტა არ იყოს, დააბნია, ზოგჯერ თავი სიზმარშიც ჰგონია, მაგრამ მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. ხალხი არ დამარცხდება, გამორიცხულია, ჯანმრთელ ატმოსფერში პარაზიტი ვერ გაიხარებსო, დარწმუნებულია მსახიობი და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისთვის მოთმინებითაა აღჭურვილი.
ბატონო გურამ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის. თქვენ როგორ გგონიათ?
– ქვეყანაში კრიზისი როგორ არ არის, ჩემო კარგო, მაგრამ ამ ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, არ იქნება – მიფრინავენ, მოფრინავენ, "გულაობენ". მაგრამ შიგნით რომ ღელავენ, ცხადია, მგონი, კომაშიც არიან. აბა, მთავრობაში მყოფი ნორმალური ადამიანი ასეთ სიტუაციაში ასე ღიმილით უნდა ლაპარაკობდეს?!
სააკაშვილი ამბობს, ის, რაც ხდება, იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიააო.
– სააკაშვილი ქართველი კაცის შვილი არ მგონია. ასე უდიერად, ასე ფეხებზე მკიდიასავით შეიძლება საუბარი?! შეიძლება ასე ილაპარაკო და თან პრეზიდენტი დაირქვა?! მე უკვე დავიბენი. ზოგჯერ მგონია, საერთოდ არ ვარსებობ ამ ქვეყანაში და სიზმარში ვარ.
სააკაშვილი თავიდანვე არ მოგდიოდათ თვალში თუ მის მიმართ პრეტენზიები მერე და მერე გაგიჩნდათ?
– როგორც კი გამოჩნდა პარლამენტში, ვიფიქრე, ვინ არის ეს ბავშვი, რომ დარბის წინ და უკან–მეთქი. მერე სახურავებზეც რომ დაიწყო სირბილი, უფრო გამოჩნდა, რა იყო. არც ის მომეწონა, პარლამენტში რომ შევარდა და სხვისი ჩაი დალია, თან უკვე სხვისი მონასვამი. ეს შევარდნაც დიდი სირცხვილი იყო. ასეთი რამ შეიძლება, ტყეში რომ დარბიან ყვირილით, მხოლოდ იმ ხალხმა გააკეთოს, მაგრამ იმ დროს მას მხარს უჭერდა ამერიკა და მაგიდაზე ხტომა კი არა, მაღლაც რომ ამხტარიყო, ისიც კი დასაშვები იყო. როცა ამხელა მონსტრი გიჭერს მხარს, რა თქმა უნდა, შევარდები და გამოვარდები. დღესაც იგივე პრობლემაა, ახლაც უჭერს ამერიკა მხარს და ამიტომაცაა, რომ ასე ლაღად გრძნობენ ბიჭები თავს! შევარდნა–გამოვარდნის მერე რა არ მოხდა – მკვლელობები, ბინების დანგრევები, ომი... რომელი ერთი ჩამოვთვალო. არ არსებობს არანაირი კანონი, ღირსება, სინდისი, რაც უნდათ, იმას იკანონებენ. ასე "ნაგლად" თავიანთი უწესობის გამართლება მხოლოდ უწესო ქალებმა იციან, კაცები ამას არ უნდა კადრულობდნენ. უკვე გამაბრაზეთ, არ ვაპირებდი დღეს ამაზე ფიქრს!
ბოდიშს გიხდით, მაგრამ რეალობას სად გაექცევით, თუნდაც არ იფიქროთ მასზე. ოპოზიციის ბრძოლის ფორმებს თუ იზიარებთ?
– ოპოზიციური დამოკიდებულება არის ნაღდი. კაცური, ადამიანური თუ არსებობს რამე, ეს გამოამჟღავნა ოპოზიციამ. ოპოზიციამ იმდენად არა, უფრო ხალხმა. ასეთი ღირსეული და ჭკვიანი თუ იყო ქართველი ხალხი, არ მეგონა. ხშირად გამიკიცხავს ჩემი ძმაკაცები სუფრასთან, რას ვიქებთ ასე თავს, რატომ ვართ ყველაზე მაგრები–მეთქი. ახლა ამ სიტყვების მრცხვენია. ზოგადად ხალხზე ვამბობ, თორემ ყველა ოჯახში არის თითო სულელი. რა დინჯად მიჰყავთ ეს ყველაფერი. სტადიონი რომ ვნახე 26 მაისს, გადავირიე, კარგი გაგებით.
26 მაისს თქვენც იყავით სტადიონზე?
– ვინ არ იყო?! გადაჭედილი იყო და გარეთაც იყვნენ.
იქიდან ლიდერები შეკრებილებს სამების ტაძარში გაუძღვნენ, მერე კი რატომღაც ხალხში გარკვეული უკმაყოფილება გაჩნდა. გაჩეჩილაძისკენაც კი გაიწიეს. თქვენი აზრით, რატომ?
– ეს იმის ბრალი იყო, რომ ეჭვი გაჩნდა ხალხში. ეტყობა, შიგნით პროვოკატორები იყვნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ივარგეს ლიდერებმა და სწორად გააკეთეს, რომ ხალხის გაბრაზება რკინიგზის გადაკეტვით გაანეიტრალეს. ესეც დასაფასებელია.
ხალხს მართლა ჰქონდა მოლოდინი, რომ პატრიარქი სხვა ტიპის განცხადებას გააკეთებდა?
– თვითონ უწმინდესმაც ხომ თქვა, ეს იმიტომ გავაკეთე, რაიმე უბედურება არ მომხდარიყოო. ხომ ნახეთ ტელევიზორში, უგულავა და სხვები რომ მივარდნენ იქ, ვითომ წირვაზე დასასწრებად. თქვა ადამიანმა, მოილაპარაკეთ, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნებიო და მეტი რა თქვას?! თუ ესეც არ გაიგონეს, მერე უკვე ღმერთთანაც ექნებათ საქმე.
სწორედ სამების ტაძარში წასვლის შემდეგ დაიწყო ოპოზიციაში განხეთქილება. ფორუმელებმა ეს პატრიარქზე ზეწოლად მიიჩნიეს.
– ეს არ არის განხეთქილება, ეს უფრო მრავალფეროვნებას მივაწეროთ. ფორუმში ჯანმრთელი ხალხია – მათ აქვთ გეგმა და სწორიცაა. უნდა გავიდნენ რეგიონებში და იქ იმუშაონ, რომ ხალხს გააგებინონ, რა ხდება სინამდვილეში ქვეყანაში. მართლა ცოდვაა რაიონებში ხალხი, რომელთაც არ ესმით, რა ხდება. ცხოვრების ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვერც გაგრძელდება, არაჯანსაღს ყოველთვის გარიყავს ცხოვრება, ეს კანონზომიერებაა. ოჯახშიც ასეა, არაჯანსაღი ხორცმეტივით ირიყება – რძალია, ცოლია თუ შვილი. ჯანმრთელ ატმოსფერში პარაზიტი ვერ გაიხარებს, თუ, რა თქმა უნდა, უმრავლესობაში არ არიან. მე კი მგონია, რომ საქართველოში უმრავლესობაში ჯანსაღი აზრია.
ოპოზიციის რადიკალებად და არარადიკალებად დაყოფაზე რას ფიქრობთ?
– რადიკალი რომ ჰქვია, სწორედ ისაა ოპოზიცია. ეს რადიკალები, რა, თოფს ისვრიან თუ რაშია საქმე?! პირიქით, აქეთ ესხმიან მათ თავს და
ამ, ასე ვთქვათ, რადიკალებს რკინიგზის გადაკეტვის გამო ალასანიაც გაემიჯნა. ეს დიპლომატიური გზით ბრძოლაა თუ ხელისუფლებასთან გარიგების ნიშნები ჩანს?
– გარიგებას ნაკლებად ვფიქრობ, თან ამ ეტაპზე არ მინდა ამ საკითხზე ლაპარაკი, რადგან ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რაღაცაში. ვითომ მას უნდა მშვიდობიანი ფორმით იბრძოლოს, მაგრამ მშვიდობიანი ფორმით არ არიან ესენიც?! ესენი ხომ თოფს არ ისვრიან. უნდა გადაკეტონ გზები, რკინიგზაც, აბა, რა ქნან, რაღაცით ზემოქმედება ხომ უნდა მოახდინონ ხელისუფლებაზე?! დიალოგი არ გამოდის, იმიტომ, რომ ამბობენ, გადასარევი ცხოვრება გვაქვსო. ამას რომ ამბობს, იმას რა უნდა ელაპარაკო?! ალასანია პარტიას ახლა ქმნის და მერე როგორ მოიქცევა, არავინ იცის. თვითონაც მალე დარწმუნდება, რომ ლაპარაკით არაფერი გამოვა. ისე, უკვე უნდა იცოდეს, რამდენი ხანია მის გვერდით მუშაობს.
როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?
– ასე დიდხანს არ გაგრძელდება, ხალხი ყოველთვის გაიმარჯვებს. ხალხი არ დამარცხდება, გამორიცხულია, შეიძლება კიდევ 20 დღე გაიწელოს.
ხელისუფლება სიტუაციიდან გამოძრომას მომავალ წელს ადგილობრივი არჩევნების დანიშვნით ცდილობს.
– ჯერ უნდა ჩატარდეს ის არჩევანი, რომელსაც ხალხი თხოულობს და მერე საარჩევნო კანონსაც მიიღებენ, კონსტიტუციასაც შეცვლიან და ყველაფერი ნორმალურად იქნება. მაგრამ ჯერ პრეზიდენტი უნდა წავიდეს.
ცოტა არარეალურად მეჩვენება, პრეზიდენტი ადგეს და წავიდეს.
– მგონია, რომ ისევ ამერიკამ უნდა უთხრას, მაგრამ, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, სანამ არ მოძებნიან მის შემცვლელს, რომელიც თავითფეხებიანად იქნება ამერიკისკენ, მანამდე ასე გაგვაწვალებენო. ყველასკენ ვიქნებით, მაგრამ ამერიკის მონა ვერ გავხდებით. მარტო ამერიკის კი არა, არავის მონები არ უნდა გავხდეთ! ამ დიმპლომატების გამკვირვებია, ამათ რომ უჭერენ მხარს. ეტყობა, მათ მართლა დაიჯერეს, რომ ოპოზიცია პრორუსულია. როგორ დააჯერეს, მიკვირს. ან რომელი ელჩი ჩარეულა რომელიმე ქვეყნის საქმეში ასე ძალიან?! მაილსი იყო და, როგორც "მამაშა", ისე დარბოდა წინ და უკან. ფაქტობრივად ის მართავდა ქვეყანას. ახლა ამანაც – მილიონები მომაქვს და ნუ გეშინიათ, აქა ვარო. რატომ ერევიან ასე ღიად ქვეყნის საშინაო საქმეებში, ვერ ვიგებ. შეურაცხყოფილი ვარ მათი მოქმედებებით. ქართველები როგორი პატივისცემით ვიყავით განწყობილი უცხოელების მიმართ, მაგრამ, სინდისს გეფიცებით, რასაც ამათ ვხედავ, შემძულდა, იმიტომ რომ არასწორად იქცევიან, ჭკუას გვასწავლიან. არც უნდა იკადრონ და არც უნდა გავაბედვინოთ!
მოელოდით, რომ აქციები ამდენ ხანს გასტანდა?
– კი, ვამბობდი, 40 დღე მაინც უნდა იყვნენ–მეთქი. მეუბნებოდნენ, 40 რა ამბავიაო. მერე გავიგე, რომ თურმე 40 დღე არის ის დრო, რასაც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო, ყველა გადადგა, ყველაზე საშინელი დიქტატორიც კი, მაგრამ როცა მხარს უჭერს ამხელა მონსტრი, ჩვენ ცოტა გაგვეწელა საქმე. არც 40 დღე ეყოთ და არც – 50. ორჯერ მეტი უნდათ და უნდა გავძლოთ ის 80 დღე! გავძლებთ და წავა! ბოლო–ბოლო, ევროპაც და ამერიკაც მიხვდებიან, რომ სერიოზულად არის საქმე.
მხოლოდ საკნებში ჯდომა შედეგს რომ ვერ იძლევა, ფაქტია. არც გზების გადაკეტვა მოიწონა ხალხის გარკვეულმა ნაწილმა.
– ვერც ერთი ქალბატონი იმას ვერ იკადრებს, რაც სანაპიროს გადაკეტვისას იმ ქალბატონმა იკადრა. ქართველი ქალი წარმოგიდგენიათ, შევარდეს ჯიპით, არიქა, გამიშვითო?! რომელიღაცის ცოლი ან სიდედრი იქნებოდა. თანაც, მე შენ გეტყვი და, არ გააშუქებს ასეთ რამეს "რუსთავი 2". შიგადაშიგ ისიც უნდა გადაკეტო, მაგრამ ძირითადად საკმარისი მგონია, რუსთაველზე გავიდეს ხალხი ყოველდღე.
თქვენ გადიხართ?
- ძალიან ხშირად.