ეძღვნება საინფორმაციო პორტალ For.ge-ს იუზერებს - ჩემს მეგობრებს! ფორუმში მათთან საუბრებმა, კვალიფიციურმა კომენტარებმა, მიკარნახა და შემაძლებინა ამ სტატიის დაწერა.
გლობალიზაციის დასასრული
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თუ გამოჩენილი მკვლევარი არ ხარ და მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომს არ ქმნი, ნებისმიერი ანალიტიკური სტატია სასურველია სილაღით, ფანტაზიით და თამამი ინტერპრეტაციით გამოირჩეოდეს. თემის გრანდიოზულობას და პრობლემურობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მკითხველი მიიზიდო, ფიქრისთვის განაწყო და მისი ემოციები „გააღვიძო“. აი ეხლაც, გლობალური პრობლემის განხილვას ვაპირებ და სულაც არ მაქვს პრეტენზია, რომ სტატია მეცნიერულად დახვეწილი ან პოლიტიკურად კორექტული იქნება. ასეთი „მძიმე“ ფორმატი მძიმეწონოსანი მკვლევარებისთვის დამითმია!!!
* * *
ამჯერად, ალტერნატიული მომავალი - ე.წ. ანტიგლობალური ცივილიზაცია განვიხილოთ და მერე, მის შედეგებზეც ვიფიქროთ, ფანტაზიის თანხლებით...
მსოფლიო ცივილიზაცია გლობალიზაციიდან ნაციონალიზმისა და რეგიონალიზმისკენ მიისწრაფვის. გლობალიზაციის ტენდენციები სუსტდება, რეგიონალიზმის - ძლიერდება. ამიტომ, მომავალი „მსოფლიო წესრიგი“ პოლიტიკური მოწყობის სრულიად ახალ ფორმებში და ალტერნატიულ შინაარსში აისახება, რაც არსებულ პარადიგმაში ვერ თავსდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ცივილიზაციის მომავალი ნაციონალურ სახელმწიფოთა უფრო მეტ სიმრავლეს და მათ საერთო ინტერესების ნიშნით გაერთიანებებს დაეფუძნება. ანუ, ტენდენცია სახელმწიფოთა დაშლა-გაერთიანებაში გამოიხატება - დაშლა ნაციონალური ნიშნით და გაერთიანება მხოლოდ ინტერესების (ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული) ნიშნით. ეს თეზისი ერების განზიდვას და მათ შესაძლო თავისუფალ ინტეგრაციას გულისხმობს. მსოფლიო „პროგრამირებული“ და უნიფიცირებული აღარ იქნება. დიდი და პატარა ერების ახალი ისტორია იწყება (გაგაფრთხილეთ, რომ თამამი და ნაკლებად კორექტული ვიქნები - ნ.მ.)....
ცივილიზაცია დიდი წინააღმდეგობებით ვითარდება, იცვლება და ახალი ფორმაციით ყალიბდება. ის შეიძლება დავახასიათოთ, როგორც უმწიფარი ასაკის და კონფლიქტური შინაარსის. წინააღმდეგობები ვლინდება ძირითადად არა ეკონომიკური, არამედ სოციალური და კულტურული ნიშნით. ეკონომიკურად მდიდარ (თანამედროვე, განვითარებულ) და ღარიბ (ტრადიციულ, განვითარებად) ქვეყნებს შორის წინააღმდეგობა განსხვავებული ფასეულობებით, ფილოსოფიური ჭვრეტით და ცხოვრების სტილით აიხსნება. ამასთან, მრავალ ეთნოკულტურულ ჯგუფში და მათ პოლიტიკურ ერთობაში (სახელმწიფოში), თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ არც დაწყებულა ან გაყინულია ერთ - განუვითარებელ დონეზე. ასეთ ქვეყნებს არშემდგარ სახელმწიფოებად თვლიან. ალბათ, ამიტომ, ამერიკელი მეცნიერები მსოფლიოს ყოფენ „მშვიდობის ზონებად“ და „მოუწესრიგებელ ზონებად“. პირველში დასავლეთი და იაპონია მოიაზრება - მსოფლიო მოსახლეობის 15%, მეორეში - ყველა დანარჩენი.
ასეთია მოცემულობა - დიდი შეუსაბამობა ერების განვითარებაში და კულტურული ფასეულობების აღქმაში. ეს მოცემულობა წარმოშობს ეთნო-პოლიტიკურ, სოციო-კულტურულ, რელიგიურ და სხვა კონფლიქტებს, რამაც უნდა შექმნას ახალი მოცემულობა - სახელმწიფოთა პოლიტიკური ფორმის ახალი შინაარსის დაბადება - რეგიონალიზაცია - სახელმწიფოთა დაყოფა და ინტეგრაცია რეგიონულ კავშირებში, საერთო ინტერესების ნიშნით.
ფანტაზიას მოვუხმოთ და შევეცადოთ ამ პროცესის შესაძლო შედეგი დავინახოთ: განვითარების ტემპების დაჩქარება ქმნის სიტუაციას, როცა დაწინაურებული ერები სულ სხვა დონის ცივილიზაციებს - გლობალიზაციის საპირისპირო, უფრო დახვეწილ, თავისუფალ რეგიონულ კავშირებს, ასოციაციებს, ალიანსებს ქმნიან. არშემდგარი სახელმწიფოები კი კულტურული ამბიციების და ტრადიციების ტყვეობაში რჩებიან. მათი მომავალი - პოლიტიკური თავშესაფრის ძიებაა ამა თუ იმ რეგიონულ სივრცეში. დადგება დრო, როცა გლობალიზაციის „საშიში“ ზონიდან გასული, დაწინაურებული ცივილიზაცია ფართო, ასიმეტრიულ რეგიონალურ კავშირებს შექმნის და ასე - „შორიდან“ შეეცდება დააკვირდეს, დაუპირისპირდეს ან დაეხმაროს დანარჩენი მსოფლიოს უიღბლო სახელმწიფოებს.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასასრულს პოლიტიკის გამჭრიახი მკვლევარები მიუთითებდნენ, რომ თანამედროვე მსოფლიო საზღვრების შეცვლის და ხალხების მოძრაობის ახალი გლობალური ეტაპის წინაშე იდგა (სამუელ ჰანტინგტონი). დღეს ფაქტებით დასტურდება, რომ მსოფლიო ამ გამოწვევისთვის მზად არ აღმოჩნდა - კონფლიქტები და რადიკალიზმის იდეოლოგია ძლიერდება, არსებული გეოპოლიტიკური კონცეფციები ინგრევა. 21-ე საუკუნისთვის ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა შემუშავებულიყო სახელმწიფოთა სუვერენიტეტის მყარი საფუძვლები, როგორც საერთო, აღიარებული და ხელშეუხებელი სტანდარტი. შედეგად, სახეზე გვაქვს არაღიარებული, ნახევრად აღიარებული ან თვითაღიარებული „სახელმწიფოები“ (პალესტინა, კვიპროსი, კოსოვო, აფხაზეთი და ა.შ.), რომელთაგან, ნაწილი იბრძვის, სხვები შედარებით დამშვიდდნენ, კომფორტულად არიან და ჯერ ლიკვიდაცია არ ემუქრებათ. ყოველი ახალი კონფლიქტი (ომი, პროვოკაცია თუ რევოლუცია) ახალ სახელმწიფოს შობს, სხვები - მოლოდინის რეჟიმში, რიგში დგანან.
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს პოლიტიკური სხეული და ფილოსოფიური სული სათანადოდ - სრულყოფილი სახით, ჯერ კიდევ არ არის „მომწიფებული“ და მისი ჩამოყალიბების პროცესი გრძელდება.
ქვემოთ შევეცდები, ამ ურთულესი პროცესის შინაარსი პოპულარულ ფორმატში ჩამოვაყალიბო და თქვენთან ერთად განვიხილო მსოფლიოს პოლიტიკური რღვევის და ახალი ისტორიის დასაწყისის რამოდენიმე გეოპოლიტიკური ფაქტორი. სავარაუდოდ, ამ პროცესის განვითარება 21-ე საუკუნის სრულ - 100 წლიან ციკლს მოიცავს და მყარ, შეუქცევად ტენდენციებში აისახება. მანამდე კი, წარსულს გადავხედოთ...
ევოლუციის გაკვეთილები
XXI საუკუნის ცივილიზაცია განვითარების ისეთ ფაზაში შევიდა, როცა მსოფლიო საზოგადოების გლობალური მოთხოვნები (სურვილები, ემოციები) უნიფიკაციას უპირისპირდება და გამრავალფეროვნებისკენ მიისწრაფვის. „სახელმწიფო“, ტრადიციული გაგებით, „ძველ“ ისტორიაში დარჩება, ეს უკვე წარსული დროის გადმონაშთია... ასეთია რადიკალური შეფასებები.
რა საფუძველი გააჩნია ამგვარ შეფასებებს?! რას გვასწავლის ისტორია?!
ინსტიქტები და ემოციები.
ყოველ მოცემულ ცივილიზაციაში სახელმწიფოს შინაარსს ადამიანის ინსტიქტები და ემოციები უფრო განსაზღვრავს, ვიდრე ლოგიკა, სიბრძნე და გამოცდილება (მაგ. დემოკრატიის). მსოფლიო დღესაც ემოციური და კონფლიქტურია, როგორც ათასი წლის წინ. მაგრამ, განვითარებასთან ერთად, თავისუფლების სურვილი ძლიერდება, ის ნებისმიერ ლოგიკას გადასწონის და ამით გლობალური საზოგადოების, მრავალეროვნული სახელმწიფო-იმპერიების და მსგავსი ხელოვნური კავშირების დრო და სივრცე, როგორც სამოქმედო ასპარეზი, საბოლოოდ გაქრება.
ამ პლანეტაზე, დღემდე, თავისუფლებაზე უფრო დიდი ღირებულება არ არსებობს. ესაა ყველა ერში და ყველა ადამიანში კოდირებული უძლიერესი ინსტიქტი, რაც მოქმედებას, ძიებას და სიკვდილსაც კი (თვითგანადგურებას) გვაიძულებს. დღემდე ეს ინსტიქტი, სხვადასხვა მიზეზით, შეზღუდული და სხვა ღირებულებებზე (ცოდნა, ლოგიკა, სიბრძნე) დაქვემდებარებული იყო. განთავისუფლება იწყება, რასაც ალბათ, ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენს „გონიერ პლანეტაზე“ მთავრდება კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის ნაყოფიერი ხანა - ფუნდამენტური და გლობალური ურთიერთდაახლოების ეპოქა. ამასთან, უნიფიკაციისა და სტანდარტიზაციის მექანიზმების ეფექტიანობა სუსტდება და სრული, არაპროგრამირებული „ბედნიერების“ სურვილი ძლიერდება.
გლობალურ იდეათა მარცხი - „დასასრულის“ დასასრული.
გლობალიზაციის ტენდენციების პირველი აღმომჩენები ამ პროცესს წმინდა ეკონომიკური შინაარსით განიხილავდნენ, როგორც ბაზრების შერწყმის ფენომენს. შემდგომ, ის ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას და სახელმწიფოებრივი საზღვრების (შეზღუდვების) გაუქმებას გულისხმობდა. ამ ტენდენციის, როგორც ფაქტორის აღიარება კ. ომეს წიგნიდან „მსოფლიო საზღვრების გარეშე“ იღებს სათავეს. იდეის განვითარება მივიდა იქამდე, რომ პოლიტიკის მკვლევარების აზრით, „თანამედროვე ეპოქა ერებისა და სახელმწიფოების კვდომის ეპოქაა, რადგან ეროვნული საზღვრები იშლება“. და ბოლოს, მარტინ ელბროუს აღქმით, „გლობალიზაცია მოიცავს პროცესს, რომელიც ხალხებს ერთ მსოფლიო, გლობალურ საზოგადოებად გადააქცევს“ და ა.შ. არადა, დღევანდელობა საპირისპიროს გვთავაზობს და ჩვენს თვალწინ ამ იდეათა მარცხი უკვე შესამჩნევი ხდება.
ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა ფრენსის ფუკუიამამ, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ „ისტორიის დასასრულის“ თეზისი წამოაყენა, რაც სამყაროს ახალი ერის დასაწყისი იქნებოდა. „ჩვენ მომსწრე ვართ, - ამტკიცებდა ფუკუიამა, - ისტორიის დასასრულის, როგორც ასეთის: ეს ნიშნავს კაცობრიობის იდეოლოგიური ევოლუციის საბოლოო წერტილს და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ადამიანის მმართველობის საბოლოო ფორმის უნივერსალიზაციას... იდეათა ბრძოლა დასრულდა... გამარჯვება ტრიუმფით მოიპოვა მსოფლიო ლიბერალურმა დემოკრატიამ. მომავალი... საკმაოდ მოსაწყენი იქნება“. გლობალიზაციის ტენდენციებზე გათვლით, ფუკუიამა ნაციონალური ფაქტორის სრულ გაქრობაზე და მულტიკულტურიზმის უალტერნატივობაზეც საუბრობდა: „ისტორია დასრულდა. ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ყველა ცივილიზაცია დაკარგავს იდენტობას და განთავისუფლდება ნაციონალიზმის ნარჩენებისგან“.
მაგრამ, „დასასრულის თეორია“ დასრულდა, ჰარმონიის ილუზია გაქრა.
მსგავსმა იდეებმა, პოლიტიკურმა სტერეოტიპებმა და სტერილურმა დემოკრატიამ, დასავლეთის სამყარო ჰარმონიის მოლოდინში ჯერ „დაამშვიდა“, შემდეგ კი ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა. სიმშვიდე დაირღვა - ცენტრალურ ევროპაში ჰაერი ახალი დაპირისპირების და სეპარატიზმის ცეცხლმა გაათბო. დღევანდელ „ემოციურ საზოგადოებაში“ ყველაფერია მოსალოდნელი. ყველაზე განვითარებულ და სტაბილურ ევროპულ ცივილიზაციაშიც კი, პატრიოტული განცდები ძლიერდება და ახალი სახელმწიფოები „მწიფდება“... ევროპა „ეროვნულად“ გამოცოცხლდა. მსოფლიო გლობალიზაციის ეპოქის იდეებისგან განთავისუფლებას იწყებს.
საზოგადოების განვითარების შინაარსი და ლოგიკა.
საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის ფორმულა სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი გასაღებია. ამასთან, ეს ფორმულა სოციალური შინაარსისაა და მატერიალურზე რთული ამოსაცნობია, რადგან საქმე გვაქვს ცოცხალ, მოაზროვნე და ცვალებად არამატერიალურ ფორმასთან. ყოველი სტრუქტურული ორგანიზმი თუ სისტემა ვითარდება, რთულდება და იშლება - მრავლდება, და ერთიანდება ახალი სახით. ე.ი. მსგავსება და განსხვავება, როგორც საზოგადოების ეთნოსური და კულტურული ნიშანი, სუბიექტების (სახელმწიფოების) გაერთიანების კი არა, დაყოფის, დანაწევრების და - გამრავალფეროვნების ფაქტორია. პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანება კი, ალბათ, ფუნქციური (მსგავსი ინტერესებისა და შინაარსის) ნიშნით შეიძლება მოხდეს.
თეზისი, რომლის ჩამოყალიბებასაც ვცდილობ, ასე წარმომიდგენია: დაშლა-გაერთიანება განვითარების ბუნებრივი პროცესია, და ეს სოციალურ და პოლიტიკურ სისტემებზეც აისახება.
სულ მცირე განსხვავება და შესაბამისი გარემოებაც კი საკმარისია „მთელის“ დასაშლელად. ალბათ, ამიტომ, დღევანდელ საზოგადოებაში „მოძმე ერების“ თუ განსხვავებული კულტურების გაყოფის ტენდენციები ძლიერდება - ყველაფრის ფასად (მტრობის, ომის და ა.შ.). და რადგან საზოგადოების ბუნება ლოგიკურ გათვლებს არ ექვემდებარება, ამიტომ, თეორეტიზირებულ იდეათა მარცხი და ნებისმიერი პარადიგმული ეტაპის დასასრული გარდუვალია. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, პოლიტოლოგიაში კონცეფციათა ხშირი მონაცვლეობაც გასაგები ხდება.
და აი, ჩემი თეზისის ახალი კონტექსტიც: ნებისმიერი თეორიის მარცხის ახსნა შეიძლება, თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ერთდროულად დაშლის (დანაწევრების) და ინტეგრაციის პროცესები, რადგან განვითარების შინაარსი და ლოგიკა გვკარნახობს, რომ რთული სისტემების დაშლა-გაერთიანება მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ალბათ ამიტომ, ნაციონალური სახელმწიფო, როგორც სოციალური სისტემა, ვერ იქნება პოლიტიკური „კონსტანტა“ - საერთაშორისო ურთიერთობების მუდმივი და უცვლელი ქვაკუთხედი - ჩვენს თვალწინ ასეთი მონოლითები იშლება. სამაგიეროდ, სახელმწიფოები ხალისით ერთიანდებიან კოალიციურ კავშირებში!!! ამიტომ, შეუძლებელია დომინანტურ კონცეფციად განვიხილოთ რომელიმე პოზიცია, თითქოს მსოფლიო ან ერთია (ერთიანი), ან ორი (მოწესრიგებული და მოუწესრიგებელი), ან ის 203 სახელმწიფოა (90-ან წლებში იყო 184), ან კიდევ ერთა და ეთნო-ლინგვისტური ჯგუფების უსასრულო რაოდენობაა. 1, 2, 203 და უამრავი - მხოლოდ ერთდროულად არსებულ და ცვალებად მოცემულობებად უნდა განვიხილოთ და ასე ავაგოთ შემდგომი პარადიგმა. სამყაროს შესახებ ნიუტონის ან აინშტაინის კონცეფცია ხომ თავისთავად არსებულ და ცვალებად მოცემულობებზე დაყრდნობით შეიქმნა?! მაგრამ, თუ პოლიტოლოგიაში კონცეფციები ყოველ 20 წელიწადში ინგრევა, სამყაროს მოწყობის კონცეპტუალური სისტემა 200 წელია არსებითად არ შეცვლილა. მაგრამ, პოლიტოლოგიის და სოციოლოგიის „აინშტაინები“ არ გვყავს. ამ სფეროში სახეზეა „პარადიგმული კრიზისი“, ან უბრალოდ, მეცნიერების ეს სფერო არასრულყოფილია (ბუნდოვანია) და მხოლოდ წინაპარადიგმულ (ამოუცნობ) საფეხურზე იმყოფება. ამიტომ, „საზოგადოების ბუნების“ ამსახველი მყარი მოდელი ვერ იქმნება. მაგრამ, მეცნიერების განვითარებაც ხომ სხვა არაფერია, თუ არა მიგნება და ძველი წარმოდგენების ჩანაცვლება ახლით?!
მსოფლიოში მიმდინარე ქაოსის მომწესრიგებელი პროცესების ამსახველი ახალი თეორია (მკვლევარი, ავტორი) ჯერ არ ჩანს.
ამერიკელი პოლიტოლოგი სამუელ ჰანტინგტონი გვთავაზობს, რომ თუ მსოფლიოს განვიხილავთ 7-8 ცივილიზაციის ფარგლებში, ჩვენ მრავალ მსგავს სირთულეს ავიცილებთ. „ეს მოდელი არ მოითხოვს რეალობის მსხვერპლად გაღებას თეორიზაციის სასარგებლოდ, როგორც ერთი ან ორპოლუსიანი მსოფლიოს პარადიგმების შემთხვევაში... დღეს პოლიცივილიზაციური პარადიგმა უკეთ ხსნის, თუ რა ხდება მსოფლიოში“ - ასკვნის ს. ჰანტინგტონი (Samuel_P._Huntington Clash of Civilizations. http://www.litmir.net/br/?b=11594).
ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები - „ომი გადაარჩენს კაპიტალიზმს“
არსებულ გლობალურ წესრიგში კრიზისები კი არ მთავრდება, არამედ ღრმავდება. გასგებია, რომ კრიზისები „სრული პოლიტიკური და სოციალური ჰარმონიის“ მიღწევამდე გაგრძელდება. მაგრამ, ტრადიციული მეთოდები აღარ მუშაობს, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შეფერხდა. სავალუტო ფონდის ეკონომისტების ვარაუდით, მსოფლიოს მშპ 2014 წელს 0,1 %-ით შემცირდება - 4,1%-დან 4%-მდე. გასულ წელს ზრდის ნაცვლად შემცირდა აშშ-ს მშპ. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მონაცემები წლის დასაწყისიდან საკმაოდ არაოპტიმისტურ მოლოდინს აჩენს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროპის კომისიამ, ევროზონისთვის მთელი რიგი ეკონომიკური პროგნოზები შეამცირა. კერძოდ, სავალუტო ბლოკში წელს მოსალოდნელია 0.8%-იანი ეკონომიკური ზრდა და არა 1.2%-იანი, როგორც ვარაუდობდნენ. მთელი ევროკავშირის მასშტაბით კი მოსალოდნელია 1.3%-იანი ზრდა და არა დაგეგმილი 1.6%-იანი. მიზეზი - არასტაბილურობაა. შეიძლება ვთქვათ, რომ გლობალიზაციამ გლობალური კრიზისების ეპოქამდე მიგვიყვანა. ეკონომისტები გამოსავალს ვერ პოულობენ და სრულიად არასტანდარტულ თეორიებს გვთავაზობენ.
ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი პოლ ფარელი რეცესიიდან გამოსვლის რადიკალურ გზას გვთავაზობს: „მსოფლიოს გადარჩენა პერმანენტული კრიზისებისგან მხოლოდ ახალ დიდ ომს შეუძლია“.
პარალელი კეთდება გასული საუკუნის „დიდი დეპრესიის“ პერიოდთან. ახლაც, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივმა ომმა ერაყში და ავღანეთში, ეკონომიკის სტიმულირება მოახდინა. პენტაგონის ბიუჯეტი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა - 260 მლრდ დოლარიდან 2000 წელს, 636,3 მლრდ დოლარამდე მიმდინარე წელს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 50 %-ით გაიზარდა. ამასთან, Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს მილიარდერთა რიცხვი ამ პერიოდში თითქმის 4.5-ჯერ გაიზარდა - 322-დან 1426-მდე. თუმცა, ჩვეულებრივ მეურნეთა შემოსავალი შემცირდა. ეკონომისტთა დაკვირვებით, ყველა შემთხვევაში, დასავლეთის მდიდარი სახელმწიფოები ხარჯავენ მეტს, ვიდრე გამოიმუშავებენ, რაც სწრაფად განვითარებადი აზიური ეკონომიკის ხარჯზე ხდება. ამიტომ, დიდი ომი მშვენიერი გამოსავალი იქნებოდა, და ამ იდეას ამერიკელი ეკონომისტებიც იზიარებენ. მსოფლიოს ყველაზე დიდი მევალე ამერიკაა - მას 16,8 ტრლნ ვალი აქვს. მსოფლიოს ყველაზე დიდი ინვესტორი კი ჩინეთის ცენტრალური ბანკია, რომლის 1,7 ტრლნ დოლარი სხვადასხვა სუვერენულ ფონდებშია განთავსებული. მოკლედ, ვალებში ჩაძირული დასავლური ლიბერალური წყობა სტრატეგიულად არასტაბილურია.
იქნება თუ არა დიდი ომი? ალბათ, არა - ასეთია უმრავლესობის აზრი. მაგრამ, ომის კონცეფციის საეჭვო ღირებულების მიუხედავად, ადამიანები და სახელმწიფოები ომის ფაქტორს, კრიზისების კონტექსტში, პრაქტიკულ მოდელადაც განიხილავენ და ამ სცენარისთვის ემზადებიან. სტატიაში - „დიდი ომი როგორც გარდუვალობა“, წარმოდგენილია ინფორმაცია რუსი მეცნიერების - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის და სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წევრების მოხსენებიდან. როგორც ამ მასალებიდან ირკვევა, „2013-2014 წწ-ის პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კრიზისები შეიძლება გახდეს „დიდი რყევების“ დრამატული მოვლენების პრელუდია. ამ მოვლენებმა შეიძლება განსაზღვროს არსებული გეოპოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების უკონტროლო და მოულოდნელი რღვევა. ამგვარად, 2012-დან 2018 წწ-მდე მსოფლიო შეიძლება გახდეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის მოწმე...“ (http://digest.subscribe.ru/economics/kris/n1602267060.html).
რუსი ექსპერტები აღშფოთებული არიან, რომ ამერიკული პროექტების მიხედვით, მომავლის „კოლონიურ“ მსოფლიოში რუსეთის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის ადგილი განსაზღვრული არ არის. იქნება „დიდი დასავლეთი“ - აშშ, ევროკავშირი, და „დიდი აღმოსავლეთი“ - იაპონია, ინდოეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი (ზ. ბჟეზინსკი). სწორედ ამ იდეის საპირწონეა რუსულ პოლიტიკურ აზროვნებაში დაბადებული „ევრაზიული კავშირის“ იდეა, რომელიც „ვერ იქმნება“, მაგრამ „უნდა შეიქმნას“ - ყველაფრის ფასად. ასეთია რეგიონალიზმის - ანტიგლობალური მსოფლიოს რუსული ხედვა.
ფული, გლობალური ეკონომიკური პროექტები ვეღარ მართავს მსოფლიოს
მსოფლიო სახელმწიფოს (მთავრობის) შექმნა, როგორც ჩანს, განუხორციელებელი იდეაა. გლობალიზაციის უსასრულოდ განვითარება და გაერთიანებული მსოფლიო წესრიგის დამკვიდრება ვერ ხერხდება. ე.წ. „ვაშინგტონის კონსესუსი“ აღარ მუშაობს. ყველა ნიშანია ეკონომისტებმა ივარაუდონ, რომ „ფინანსური კაპიტალიზმის“ ერა დასასრულს უახლოვდება (მანამდე - ე.წ. სოციალიზმის ერაც „წარმატებით“ დასრულდა). ფული ვეღარ მართავს მსოფლიოს.
იან ბჟეზინსკი ემოციურად შენიშნავს: „ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 12 ტრილიონი დოლარია და ეს გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკაა... მას მხარს უჭერს ამერიკა, რომელის მთლიანი შიდა პროდუქტი 16 ტრილიონია. როგორ შეიძლება ხდებოდეს, რომ 2 ტრილიონიანი ავტოგასამართი სადგური - ქვეყანა (რუსეთი - ნ. მ.), რომელიც, არ არის გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკა, 12 და 16 ტრილიონიან ქვეყნებს აშინებს? მე ამას ვერ ვიგებ“. ისიც აღვნიშნოთ, რომ აშშ-ის სამხედრო ხარჯები ($ 636,6 მლრდ) მეტია, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოსი, ერთად აღებული. და მაინც...
ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკას უკვე აღარ შეუძლია ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით შეინარჩუნოს „ვაშინგტონის კონსესუსის“ რეჟიმი. „აშშ გადაიქცა „პარაზიტად“, რომელიც სხვა ქვეყნების ეკონომიკების ხარჯზე ცხოვრობს... შეერთებული შტატები უშვებს დიდი ოდენობის დოლარის კუპიურებს და ახდენს მის ექსპორტს საქონელზე გასაცვლელად... დოლარი ძარცვავს მთელ მსოფლიოს“ - აღნიშნავენ დასავლური ეკონომიკური პოლიტიკის ოპონენტები. მაგრამ, ცხადია, ეს არაზუსტი შეფასებაა.
დღეს, მსოფლიოს დომინანტ სახელმწიფოებში, ეკონომიკის სამი სრულიად განსხვავებული სისტემა მუშაობს: რესურსებზე დაფუძნებული, წარმოებაზე დაფუძნებული და აზროვნებაზე (ინფორმაცია, ინოვაცია, ტექნოლოგიები) დაფუძნებული. „ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება ნედლეულის გაყიდვას (რუსეთი) ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე წარმოების ეკონომიკა (ჩინეთი) და ინფორმაციული ეკონომიკა (აშშ)“...მაგალითად, „იმის მიუხედავად, რომ iPhone ჩინეთში მზადდება, მოგების ლომის წილს ღებულობს ამერიკული კომპანია Apple, რომელიც საერთოდ არაფერს აწარმოებს და არც მოიპოვებს. ასე რომ, ნებისმიერ ნედლეულზე თუ წარმოებაზე მეტად ადამიანის ტვინი ფასობს“, - ასეთ დასკვნას გვთავაზობს ერთ-ერთ სტატიაში ანალიტიკური გამოცემა elise.com.ua (http://elise.com.ua/?p=17652). მაგრამ, უძლიერესი და ყველაზე ეფექტური ეკონომიკის მიუხედავად, აშშ ვეღარ უმკლავდება ფინანსური და ეკონომიკური წესრიგის შენარჩუნებას. როგორც ჩანს, „ძვირფასი ტვინი“, ეკონომიკურად, ყოვლისშემძლე არ არის, რადგან აზროვნებაზე დაფუძნებული ეკონომიკა ეფექტურობას კარგავს! სამაგიეროდ, ტვინის სხვა (ემოციური) ფუნქციები ვითარდება და მძაფრდება.
ადამიანის გონება აკეთებს გათვლებს, ქმნის თეორიებს და... უშვებს შეცდომებს. ეს სრულიად კანონზომიერია თუ გათვლების ციკლი დროის გარკვეულ ზღვარს სცილდება. შემდეგ? საჭიროა და უნდა დაიბადოს ახალი თეორიები და პროექტები, ოღონდ შეცდომების და ტენდენციების გათვალისწინებით. ტენდენცია კი ასეთია: დღეს მსოფლიოს მართავს ადამიანთა, ერთა და ეთნოსთა თვითიდენტობის, თვითრეალიზების სურვილი, ემოცია და ნება - ყველაფრის ფასად.
ცივილიზაციათა ბალანსი.
უნივერსალური ცივილიზაცია არ არსებობს, არის მხოლოდ უნიკალური ცივილიზაციები: ქრისტიანული, ისლამური, ბუდისტური, კონფუციანური და ა.შ. პრობლემა მათი თავსებადობაა - ბალანსი ვერ ხერხდება. მართვის უნივერსალური პოლიტიკური მოდელები და მათი ექსპორტი სხვა ცივილიზაციაში არ ამართლებს. ამიტომ, დღეს, ცივილიზაციათა ბალანსი მხოლოდ საერთო წარმომავლობის მქონე ქვეყნების, ხალხების და ამდენად, მონათესავე კულტურების მდგრად რეგიონულ სისტემებში გაერთიანებით და მათი თანამშრომლობით მიიღწევა. ე. ი. სახელმწიფოთა რეგიონალიზაცია, ძირითად (მსგავს) ცივილიზაციურ „ოჯახთა“ დაჯგუფებაში აისახება.
კულტურული იდენტიფიკაცია (განსხვავებულობა ან მსგავსება) ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძაფრი ემოციური ფაქტორია. 21-ე საუკუნეში ჩვენ მომსწრე ვართ ამ ფაქტორის აღზევებისა. ხდება საყოველთაო იდენტიფიკაცია - რელიგიური, ენობრივი, ისტორიული, ასევე - წარმომავლობისა და ტრადიციულ ფასეულობათა ნიშნით. ალბათ, ამიტომ, „კულტურული კონფლიქტები ძლიერდება, და დღეს ისეთი სახიფათო ხდება, როგორც არასდროს, ისტორიაში“, - ვაცლავ ჰაველი.
ცივილიზაციათა ურთიერთობაში (კონფლიქტებში) კულტურული ფაქტორის „განეიტრალება“ და ხალხების სრული კულტურული გათანაბრება მოხდება დროის იმ პერიოდში, რომელიც ტოლი იქნება თითოეული ამ კულტურის ასაკისა. თუ ათვლა დღეიდან დაიწყება, დაახლოებით 2000 წლის მერე ძირითადი კულტურები ერთმანეთს „გადაფარავენ“, შეერწყმებიან და მულტიკულტურიზმი ბოლოს და ბოლოს მონოკულტურად ჩამოყალიბდება(!). ასეთი ვარაუდის გამოთქმა, ალბათ, შეიძლება. დღეს კი, ხალხები და ერები ცდილობენ პასუხი გასცენ ყველაზე უმარტივეს კითხვას, რაც კი ადამიანს შეიძლება დაებადოს: „ვინ ვართ ჩვენ?“, „საიდან მოვდივართ“? „სად მივდივართ“?
(გაგრძელება იქნება).