ცნობილი თქმულება გზაჯვარედინზე ეშმაკისთვის სულის მიყიდვის შესახებ, ბლუზის სამყაროს გოეთეს „ფაუსტთან“ აკავშირებს და ამით აფროამერიკულ მუსიკალურ ჟანრს, მით უფრო ზოგადსაკაცობრიოს ხდის.
მართლა დაემართა ეს ბლუზის შაირსიტყვათა მესტვირე რობერტ ჯონსონს თუ არა, ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იქცა ბლუზმენების ყველა დროის კუმირად და მსოფლიოს ნებისმიერ ინტელექტუალურ მუსიკალურ კუთხეში გავრცელებული ყველაზე მეტად ამერიკული მუსიკალური მიმდინარეობის სულისჩამდგმელად.
საინტერესოა, რომ რობერტ ჯონსონის მსოფლიო აღიარების საქმეში, ვერავინ შეედრება ინგლისელ მუსიკოსს, რომელიც ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიაზროთ ყველაზე ფართო გაგებით მუსიკოსად, რადგან იმავე ჯონი ვინტერის სიტყვით ხომ ბლუზი ყველაზე დიდი და ზოგადად, თვით მის უდიდებულესობა მუსიკას აღემატება...
ჯერ კიდევ Cream-ის პერიოდში, კლაპტონმა ბრიუსსა და ჯინჯერ ბეკერს შეთავაზა უკვდავი Crossroads. ნუთუ 20 წლის მუსიკოსმა მაშინვე განჭვრიტა, რომ რობერტ ჯონსონის თემა მისი შემოქმედების განუყოფელ ნაწილად იქცეოდა უკუნისამდე?
ინტუიცია კლაპტონს არასოდეს ღალატობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არანაირი „კომერცია“ მაშინ ამ სიმღერის გათანამედროვებაში არ დებულა და ყოველ კონცერტზე შესრულება მხოლოდ სიამოვნებისა და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში მისი ჩართვის გამო ხდებოდა.
დიახ, Cream -ის პოპულარობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა რობერტ ჯონსონის შედევრი გახლდათ, რომელიც ითხოვდა კუსტარული ჟღერადობიდან უმნიშვნელოვანეს როკ ჰიმნად ქცევას, რის ნიადაგზეც მთელი თაობები უნდა გაზრდილიყო და თუნდაც Sunshine Of Your Love შექმნილიყო.
სწორედ „გზაჯვარედინზე“ გადაიკვეთა და იმავდროულად გაერთიანდა ბლუზ როკის მომავალი განვითარების ტენდენციები, სადაც ერთი მხრივ ერთიმეორეს გამოეყო, მეორე მხრივ კი შემსრულებლების რეპერტუარში გაერთიანდა ბლუზის აკუსტიკური და ელექტრული მხარეები, რაზედაც უნდა დაფუძნებულიყო როკ მუსიკა დღევანდელ დღემდე.
სწორედ იქ ჩაიდო აკუსტიკური ბლუზის მარადიულობის იდეა, რისი წვდომის გარეშეც ნებისმიერი როკ გიტარისტი უბრალოდ პლასტმასის მუსიკოსად იქცეოდა, რადგან ვერასოდეს ეზიარებოდა როკ გიტარის არსს, რომც დაკვრის ტექნიკით ძალიან შორს ყოფილიყო წასული.
გზაჯვარედინს კიდევ სხვა უმნიშვნელოვანესი დატვირთვაც აღმოაჩნდა და ეს ოთხ მუსიკალურ მიმართულებას - ბლუზს, როკს, ჯაზსა და ქანთრის უკავშირდება, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა მე-20 საუკუნის მუსიკის განვითარება, დანარჩენი კი?.. დანარჩენი - ეს რეპი იქნება, რეგი, თუ ჰიპ-ჰოპი, არაა საინტერესო და ბუნებრივია, რომ არც გზაჯვარედინთან აქვს რაიმე კავშირი...
მოხდა ისე, რომ Cream-ის საკონცერტო შედევრი, თითქოს წარსულს ჩაბარდა და 80-იან წლებში, დიდმა მაესტრომ დაივიწყა კიდეც მისი სცენაზე გამოტანა.
მეორე მხრივ, Crossroad თავად ავლენდა განშტოებებს, მას უამრავი ბლუზმენი ასრულებდა და მომავალში მის ნიადაგზე კლაპტონის არაერთი სიმღერა, თუ ქავერი აღმოცენდა.
გზაჯვარედინის თემა აქტუალურად მაშინ წამოიჭრა, როდესაც ბლუზი მეინსტრიმის პოზიციებს აშკარად თმობდა და თვით ერიკ კლაპტონი იწერდა ყველაზე უმსგავსო ალბომებს ჩარტებში მაღალი ადგილების მოსაპოვებლად.
1986 წელს რეჟისორმა უოლტერ ჰილმა ოსკარის ნომინანტ ჯონ ფასკოს სცენარი გააცოცხლა და ფილმში Crossroads, რობერტ ჯონსონი ბლუზის მილიონობით არმცოდნე ადამიანს გააცნო.
თუკი ამ ფილმს 1991 წელს გამოსულ ოლივერ სტოუნის The Doors-ს შევმატებთ, მივხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ ორი ეკრანიზაციის ფართო მსმენელის წინაშე გამოტანა.
ჯიმ მორისონი ხომ რობერტ ჯონსონის ისეთივე სულიერი შვილი იყო, როგორც ერიკ კლაპტონი. პირველი მათგანი, ეტყობა ჯონსონის სულიერ მხარეს უფრო ზნეობრივი, მეორე კი ხელოვანის თვალსაზრისით წარმოაჩენდა.
ფილმში Crossroads, რობერტ ჯონსონის სულისკვეთება ორმა სრულიად სხვადასხვა ყაიდის გიტარისტმა, ანუ გზაჯვარედინის აკუსტიკურმა და ელექტრულმა მხარეებმა - რაი კუდერმა და სტივ ვეიმ წარმოაჩინეს.
ერიკ კლაპტონი კი მაშინ დუმდა და თურმე ქვეცნობიერად მასში ღვივდებოდა Crossroads-ის დღესასწაული, შემდგომში უდიდესი სიხარულით რომ უნდა აღენიშნა მაესტროს მსოფლიოს უდიდეს გიტარისტებთან ერთად.
ფესტივალი Crossroads პირველად 1999 წელს ჩატარდა, მაინცდამაინც დიდი მიზნების გარეშე და მხოლოდ გასართობად, ისე რომ მისი არც აუდიო, არც ვიდეო ვერსია გამოქვეყნებულა.
უბრალოდ ისტორიამ შემოინახა თარიღი - 30 ივნისი. მას შემდეგ 15 წელიწადი გავიდა და ერიკ კლაპტონმა ამ ხნის განმავლობაში უკვე 4 ფესტივალი ჩაატარა. ტრადიცია დამკვიდრდა და ბლუზ გიტარის მოყვარულთათვის ზეიმი, მედისონ სქუერ გარდენში, სამ წელიწადში ერთხელ ეწყობა.
პირველი, საყოველთაოდ ცნობილი ფესტივალი 2004 წელს ჩატარდა. ფესტივალი, რომელიც ერიკ კლაპტონის მიერ დაარსებულ Crossroads Centre-დან იმართება, საქველმოქმედოა და მისი მთელი შემოსავალი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობას ხმარდება.
2004 წლის ფესტივალი უკვე სოლიდურია და ჟანრობრივი თვალსაზრისით, ჯერჯერობით ყველაზე მრავალფეროვანი.
სადებიუტო ფესტივალი ერიკ კლაპტონმა სიმბოლურად Cocaine-ით გახსნა. ხომ უცნაურია, ფესტივალის იდეიდან გამომდინარე, ასეთი სვლა. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი ჯვარი აქვს სატარებელი და სრულიად უსაფუძვლოა, მაგალითად... მღვდლის განკითხვა, რომელზეც იტყვიან ხოლმე - „არ იცი შენ როგორია სინამდვილეში ან კიდევ - „ვიცნობდი, ჩემი ჯგუფელი იყო და აქტივისტი კომკავშირელი...“
აქაც, ამ ფესტივალზეც, მრავალი მუსიკოსი არამცთუ აჰყოლია წარსულში თვით ერიკ კლაპტონის თაოსნობით (არაერთხელაა გადარჩენილი) დამღუპველ ჩვევას, არამედ მოცემულ მომენტშიც ამ მავნე სენითაა დაკავებული. ამიტომ, მსმენელი კონცერტზე არ უნდა მივიდეს და ბილეთში ფული არ გადაიხადოს, რომელიც თუნდაც არაერთი ბლუზმენის მკურნალობას მოხმარდება?
მაგრამ ჩვენი საზოგადოება ძალიან შორსაა Crossroads Centre-თან, ლეპსი გაცილებით ახლოსაა ადგილობრივ კულტურასთან, რომლის მუსიკალური გზაჯვარედინის მხარეებია რუსული ბლატნოი სიმღერა, „გლუკოზა“, „ზვერი“ და ეროვნული ესტრადის მათი ფონოგრამული ამონარიდები.
2004 წლის Crossroads Guitar Festival ZZ Top-მა დახურა. მის დანარჩენ მონაწილეებზე კი მომდევნო კვირას ვისაუბრებთ...