გასული საუკუნის 60-იანი წლების შუახანს გამოიკვეთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც სტატუსით The Beatles-სა და The Rolling Stones-ს უნდა გათანაბრებოდა.
მაშინ, როდესაც მუსიკალური მოვლენები ლამის საათობრივად ვითარდებოდა და პარალელურ რეჟიმში მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები იქმნებოდა, ბრიტანულ სცენაზე ადგილის დამკვიდრება, საკმაოდ ძნელი იყო.
როკ’ნ’როლის ეპოქა მსხვერპლს ითხოვდა და ახალგაზრდა მუსიკოსები თავს ანებებდნენ სწავლას, გარბოდნენ სახლიდან და სამწუხაროდ ხშირად ნარკოტიკებსაც ეტანებოდნენ.
The Who-მ ჩამოყალიბების წლები R&B გარემოცვაში განვლო. მიუხედავად ამისა, არც პიტ ტაუნშენდი ყოფილა ბლუზ გიტარისტი და არც თვით ჯგუფი ავლენდა ბლუზისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას. ამ მხრივ იგი The Rolling Stones-თან თუ The Animals-თან შედარებით, რაიმე ტიპის მიმსგავსების გარეშე, The Beatles-ის კურსს ავლენდა.
ჟანრობრივად The Who უკვე სადებიუტო ალბომიდან მოყოლებული, იმ დროისათვის ისედაც ახალ მიმდინარეობა ჰარდ-როკს, ხოლო შემდგომში კი თურმე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მძიმე მუსიკას მოგვაწვდიდა, გაბნეულს პაწაწინა ორწუთიან სიმღერებსა თუ ორდისკიან როკ ოპერებში...
The Who იყო ახალი სიტყვა, რომელმაც ჰარდ-როკი ჯიმი ჰენდრიქსისა თუ Led Zeppelin-გან განსხვავებით, ცოტათი ადრე და თანაც ბლუზური ელფერის გარეშე წარმოადგინა.
60-იანების ბატალიებს კოლექტივმა დიდი წარმატებით გაართვა თავი. ჯგუფმა სახელი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოიხვეჭა და ვუდსტოკის ფესტივალის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილედაც იქცა არა მხოლოდ მუსიკალური თვალსაზრისით.
ოთხი მუსიკოსის სახელი უკვე ყველას ეკერა პირზე. მომღერალი როჯერ დოლტრი, რომელიც ბავშვობიდანვე სარკის წინ ელვის პრესლის ბაძავდა, თავად იქცა ბრიტანელი მომღერლების ახალი თაობის კუმირად და მას ვარცხნილობით, ჩაცმულობითა თუ მიხვრა-მოხვრით, ცოტა ხანში გავარსკვლავებული რობერტ პლანტი, იან გილანი და დევიდ ქოვერდეილი ბაძავდნენ...
პიტ ტაუნშენდი არც შემდგომში გამხდარა დაკვრის ტექნიკით გამორჩეული გიტარისტი, მაგრამ მისი ბგერის თანდაყოლილი სიმძლავრე, The Who-ს თავისთავად ანიჭებდა ჰარდ-როკ ბენდის სტატუსს, თანაც ყოველგვარი სტანდარტის გარეშე, თვითმყოფადსა და განუმეორებელს...
ჯონ ენტუაისტლისა და კიტ მუნის რიტმ სექცია კი როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტანდემადაა აღიარებული, რაც უპირველეს ყოვლისა, მისი განსაკუთრებული „როკულობის“ დამსახურებაა.
1967 წელს, როდესაც ლონდონში ჰენდრიქსი გამოჩნდა, ერთ საღამოს პიტ ტაუნშენდმა (რომელიც სიძუნწით გამოირჩეოდა), კინოში ერიკ კლაპტონი დაპატიჟა, თან გაუზიარა ახალი ამბავი და გამოხატა შიში პოპულარობის დაკარგვისა. სინამდვილეში კი შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ჰენდრიქსს ნამდვილად არ დაუჩრდილავს The Who-ს ამბიციური გიტარისტის სახელი და მას კონკურენტად მხოლოდ სცენაზე გიტარის დაწვაში ექცა.
ცნობისათვის გიტარის მსხვრევა კონცერტის დამაბოლოვებელ ფაზაში, სწორედ რომ პიტ ტაუნშენდის დანერგილია და ბლექმორის მიერ სიამოვნებით ატაცებული.
The Who-სა და Deep Purple-ს გზები კი 1970 წელს მაშინ გადაიკვეთა, როდესაც ისინი შესაბამისად Who’s Next-სა და Fireball-ზე, გვერდიგვერდ განლაგებულ სტუდიებში მუშაობდნენ.
ეს ალბომები ორივე ჯგუფის სტუდიურ დისკოგრაფიაში მე-5 იყო, თუმც Deep Purple The Who-თან შედარებით, სამი წლით გვიან დაარსდა. როგორც Fireball, ასევე Who’s Next, ლიდერობდნენ 1971 წლის ბრიტანულ ჩარტებში.
Who’s Next-მა, როლინგების Sticky Fingers-თან ერთად, შეიძლება როგორც იმ პერიოდის არცერთმა სხვა ალბომმა, ისე უმტკივნეულოდ მოახდინა სამოციანელთა როკ მუსიკის გადასვლა უკვე Deep Purple-ითა და Led Zeppelin-ით მოწოდებულ 70-იანელთა სიმძლავრეში, რაც ჯგუფის თანდაყოლილ ალღოზე მეტყველებდა დროსა და სივრცესთან მიმართებაში.
მეტიც, როკ ოპერით „Tommy”, 70-იანების იდეა, გარკვეულწილად ხომ მათგანაც მოდიოდა. Who’s Next ორ ორდისკიან როკ-ოპერას („Tommy” „Quadrophenia“) შორისაა ჩაწერილი. ასეთი წარსულის მქონე რომელიმე სხვა ჯგუფის ალბომს კი ნამდვილად ვერ შევხვდებით.
Who’s Next რამდენადაც უბრალო და სადა სიმღერების ნაზავია, იმდენად სოლიდურია მოწვეულ მუსიკოსთა თვალსაზრისით. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს პიანისტმა ნიკი ჰოპკინსმა სიმღერებში The Song Is Over და Getting In Tune, ასევე პიანისტმა ელ კუპერმა Behind Blue Eye-ის განსხვავებულ ვერსიაში, Mountain-ის გიტარისტმა ლესლი უესტმა Baby, Don’t You Do It-სა და პროგრესივ/ჯაზ/ფსიქოდელიურ ბენდ East Of Eden-ის მევიოლინე დეივ არბუსმა Baba O’Riley-ში.
Who’s Next -ის პროდიუსერი ცნობილი კიტ ლამბერტია, რომლის სახელთან ისევეა დაკავშირებული ამ ალბომის აღზევება, როგორც „ბოროტი ხმების“ თანახმად, Crazy world Of Arthur Brown-ის გაფუჭება...
Who’s Next არის ალბომი - ბრილიანტი, რომლის მელოდიურობისა და სიმძლავრის ნაზავი, დიდებულმა ჟღერადობამ კიდევ უფრო გაალამაზა. პიტ ტაუნშენდმა ძირითადად 60-იანების სინტეზატორული ტექნოლოგიები გამოიყენა, თუმც ზომიერად სიახლეებიც დანერგა და სკეპტიკოსებსაც აგრძნობინა, რომ The Who არამცთუ მყარად დამკვიდრდებოდა განახლებულ როკ სივრცეში, არამედ ახალ სიტყვას იტყოდა 70-იანების პროგ-როკ აზროვნებაში.
Baba O’Riley-ში ვიოლინოს სოლო დრამერ კიტ მუნის იდეა იყო, ხოლო როჯერ დოლტრის ზღაპრულ ვოკალს Behind Blue Eye-სა თუ The Song Is Over-ში კი ანალოგი შესაძლოა თვით The Who-ს რეპერტუარში არ ჰქონდეს.
ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სიმღერების ლირიკული მხარე არასოდეს ზედმეტად არ „ტკბება“ და ბანალური ბალადის სახეს არ ღებულობს, ტაუნშენდის „სოლო“ კი ფაქტობრივად მის მძლავრ გიტარულ ჟღერადობაში გამოიხატება.
აქამდე ბრიტანული როკის ლეგენდამ 11 ალბომი ჩაწერა. რამდენიმე წლის წინათ, როდესაც დიდი ხნის პაუზის შემდგომ, The Who-ს ტურნეს დროს პიტ ტაუნშენდს ჰკითხეს, ჩაწერდა თუ არა ოდესმე The Who ახალ სტუდიურ ალბომს, გიტარისტმა უპასუხა, რომ ის და დოლტრი უფრო სწრაფად „იქითა ქვეყანაში“ შეხვდებოდნენ, ვიდრე ახალ ალბომს ჩაწერდნენ, მაგრამ საბედნიეროდ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
უკვე ცნობილია, რომ Who’s Next კვლავ შედგება და როკ მუსიკის მოყვარულები მომავალ წელს ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფის მორიგ სტუდიურ ალბომს გაეცნობიან.