პირველი ალბომის წარმატებით ფრთაშესხმულმა ელ კუპერმა, სასწრაფოდ მომდევნო ალბომზე მუშაობა გადაწყვიტა, მაგრამ თურმე გიტარისტი სტივ კაცი და დრამერი ბობი კოლომბი უფრო ძლიერი ხმის ტემბრის მქონე მომღერალს ეძებდნენ, ელ კუპერს კი მხოლოდ პიანისტის ფუნქციის დატოვებას უპირებდნენ.
საბოლოოდ, მეორე ალბომი, რომელიც თურმე შემდგომში ოთხგზის პლატინისა უნდა გამხდარიყო და 1970 წელს გრემის ნომინაციაში გაემარჯვა, ელ კუპერის ოდენ რამდენიმე არანჟირების ამარა უნდა დარჩენილიყო, ხოლო ჯგუფი ძირეულად შეცვლილიყო და ფაქტობრივად ალბომი Blood Sweat & Tears ჯგუფის ხელმეორე, თანაც როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ გრანდიოზულ დებიუტად უნდა ქცეულიყო...
რატომ ხელმეორე დებიუტი? ცოტა უცნაურად ხომ არ ჟღერს? მაგრამ ალბომის სახელწოდება Blood Sweat & Tears-შიც ალბათ გარკვეულწილად ეს აზრია გატარებული. აბა კიდევ რომელ ჯგუფს დაურქმევია სადებიუტო ალბომის გარდა, ვთქვათ მეორე, ან მეოთხე ალბომისთვის ჯგუფის სახელი ნუმერაციის გარეშე? თუნდაც Blood Sweat & Tears-ის მომდევნო ალბომებს ხომ Blood Sweat & Tears 3 და Blood Sweat & Tears 4 ჰქვიათ...
ელ კუპერი უკმაყოფილო დარჩა სტივ კაცისა და ბობი კოლომბის ვერდიქტით, ჯგუფი საბოლოოდ დატოვა და Columbia Records-ის საშტატო პროდიუსერად იქცა.
იდეური ლიდერის გარდა, Blood Sweat & Tears კიდევ რამდენიმე მუსიკოსმა დატოვა. მათ შორის იყო საყვირზე შემსრულებელი რენდი ბრეკერი, რომლის მუსიკალური დისკოგრაფია შემდგომში ასობით პროექტში მონაწილებას ითვლის ფრენკ ზაპათი და ჯაკო პასტორიუსით დაწყებული, Dire Straits-ით დამთავრებული.
სასულე და ჩასაბერი ორკესტრის წევრთა შეცვლა შედარებით მარტივად მოგვარდა. გაცილებით სერიოზულ პრობლემად ელ კუპერის ჩანაცვლება იქცა. თავდაპირველად სტივ კაცმა და ბობი კოლომბიმ შესანიშნავ მომღერალ ქალბატონ ლაურა ნაიროსაც კი მიმართეს, რომელმაც რატომღაც სარფიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.
მომღერალს შემდგომში უიღბლო და ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, თურმე უდიდესი წარმატება ელოდა მუსიკალურ კარიერაში, მაგრამ მას თურმე Blood Sweat & Tears-შიც უნდა დაეტოვებინა წარუშლელი კვალი. საქმე ისაა, რომ ალბომ Blood Sweat & Tears-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰიტი And When I Die სწორედ მის კალამს ეკუთვნის. აბა გავიხსენოთ რომელიმე ჯაზ როკ ჯგუფში ამა თუ იმ კომპოზიციის ავტორი ქალბატონი, როდესაც ის ჯგუფის წევრი არ არის. ნამდვილად იშვიათობაა.
მომდევნო არჩევანი მაშინ ჯერ კიდევ The Buffalo Springlield-ის მომღერალ, გიტარისტსა და პიანისტ სტეპენ სტილსზე შეჩერდა, მაგრამ სტილსს არ ეცალა და იგი მაინცდამაინც არც მუსიკალური თვალსაზრისით იზიარებდა Blood Sweat & Tears-ის იდეებს.
საბოლოოდ Blood Sweat & Tears -ის ბედი ისევ ქალბატონმა გადაწყვიტა! ძნელია შემდგომში ლეგენდად ქცეული ჯაზ როკ კოლექტივის მომავლის წინასწარმეტყველება, რომ არა პოპულარულ (ლონდონის ბარდ) მომღერალ ჯული დრისკოლის რჩევა ვინმე დევიდ კლეიტონ ტომასის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში ნიუ იორკის ბარებში მღეროდა თავის ნაკლებად გახმაურებულ ჯგუფთან ერთად.
კაცმა და კოლომბიმ მისი მოსმენისთანავე გადაწყვიტეს, რომ ეს ზუსტად ის ერთადერთი იყო, ვინც Blood Sweat & Tears-ს ჭირდებოდა.
კლეიტონ ტომასი (სინამდვილეში დევიდ ჰენრი ტომსეტი) ინგლისში (სიურეის საგრაფო) დაიბადა ომის მძიმე წლებში (1941 წ.). მას არ ჰქონია დალხენილი ბავშვობა. ოჯახი მალე კანადაში გადაბარგდა საცხოვრებლად. დედ-მამას შორის დაძაბულ ურთიერთობას ბიჭი ერიდებოდა და სახლიდან ხშირად გარბოდა. საბოლოოდ იგი კრიმინალურმა გარემოცვამ მოხიბლა და არაერთხელ აღმოჩნდა რკინის გისოსებს მიღმა წვრილმანი ქურდობისა თუ სხვა დანაშაულის გამო. მილბრუკის მცირეწლოვანთა ციხეში ჯდომისას კი დევიდი ჯონ ლი ჰუკერის რეპერტუარს ეზიარა. სწორედ ციხეში დიწყო მან გიტარაზე დაკვრა და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად მუსიკოსი გამოსულიყო...
მომღერალი ახალ გამოწვევას ხელცარიელი არ შეხვედრია. სწორედ მის კალამს ეკუთვნის არამარტო Blood Sweat & Tears-ის, არამედ ზოგადად ჯაზ როკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი Spinning Wheel.
საქსოფონისტ ფრედ ლიპსიუსის მიერ ნატიფი გემოვნებით არანჟირებული ალბომის მშვენება, 1970 წელს ბილბორდის ჰიტად იქცა. იგი სხვადასხვა კრიტერიუმებში პირველ, მეორე და 45-ე ადგილებზე აღმოჩნდა. გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე კი Spinning Wheel-ს მიენიჭა როგორც წლის ჩანაწერის, ასევე წლის საუკეთესო სიმღერისა და საუკეთესო ინსტრუმენტული არანჟირების სტატუსი.
სიმღერის ბოლოს ჯგუფის ერთ-ერთმა მუსიკოსმა ფლეიტაზე ძველი ავსტრიული მელოდია დაამღერა. ბობი კოლომბის ეს არ მოეწონა, დანარჩენმა მუსიკოსებმა კი სიცილ-ხარხარით აიტაცეს. ეს მომენტი აისახა სიმღერაზე, რაც პროდიუსერ ჯეიმს უილიამ გერსიოს დამსახურებაა.
აღსანიშნავია, რომ გერსიო Chicago-ს პროდიუსერიც გახლდათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ალბომ Blood Sweat & Tears-ის ჩაწერა კი Chicago-ს სადებიუტო ალბომის პარალელურად მიმდინარეობდა, შემდგომში Led Zeppelin -ის მეოთხე ალბომისა და Jethro Tull-ის Aqualung-ისა არ იყოს...
ბილი ჰოლიდეის God Bless Child დევიდ-კლეიტონ ტომასის განუმეორებელი ხმის ტემბრის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად იქცა. ეს არის ნომერი, რომელმაც ჯაზ როკ ბენდში მომღერალი, ინსტრუმენტებზე წინ წამოწია.
ბუნებრივია, რომ Blood Sweat & Tears-ში მუსიკოსები ნამდვილად არ უკრავენ უარესად და არც ნაკლებს სხვა აღიარებულ ჯაზ-როკ ბენდებთან შედარებით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მომღერლის ფუნქციას ასეთი დატვირთვა არც Chicago-ში, არც Chase-სა თუ Colosseum-ში ჰქონია...
შეიძლება ამაში გიტარისტ სტივ კაცის ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი. ტრადიციულად შესანიშნავად ნამღერი More And More, რომლის მოსმენაც თუნდაც სათაურიდან გამომდინარე არ გწყინდება, გიტარის სოლოზე გადასვლისას აუცილებლად ითხოვს Chicago-ს ტერი კეტის დაკვრას, ვისთანაც სტივ კაცი ახლოსაც ვერ მივა...
ალბომის მშვენებაა 12 წუთიანი თავისუფალი იმპროვიზაცია Blues –Part II, რომლის ბოლო ნაწილში დახვეწილი ვოკალის პარტიის შემოსვლამდე, მეტად სასიამოვნო საორგანო იმპროვიზაციას ვისმენთ. ბლუზურ ყაიდაზე აწყობილ არანჟირებაში Cream-ის მოტივებიც გამოსჭვივის, დევიდ კლეიტონ ტომასის უმძლავრეს ხმის ტემბრში კი მისი ბავშვობის მძიმე წლები.
იმპროვიზაცია ეფექტურად გადადის გამხსნელი კომპოზიციის Variations On A Theme By Eric Satie-ს საოცრად მშვიდ რეპრიზაში და ფლეიტისა და აკუსტიკური გიტარის ულამაზესი ნაზავის დამაბოლოვებელი ნაბიჯებისა და კარის გაჯახუნების ხმა, Deep Purple-ს სადებიუტო ალბომ Shadows Of Deep Purple-სას მოგვაგონებს...