საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლიტველი კოლეგა იუზას ოლეკასი თავდაცვის უწყებაში მიიღო.

შეხვედრის დასაწყისში,  ირაკლი ალასანიამ უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესში ლიტვის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორადაა აღიარებული. აქედან გამომდინარე, ნატომ საქართველოს  თავდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებისკენ  მოუწოდა.

ირაკლი ალასანიამ ლიტველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამასთან შეერთებას, შეიარაღებულ ძალებში გატარებულ ინსტიტუციურ  რეფორმებს, წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლას, ჯარის დეპოლიტიზაციას, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანმხდნენ. ყურადღება გამახვილდა განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებასა და რეზერვის სისტემის დახვეწაზე.  საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც. ირაკლი ალასანიამ კოლეგას ქართული სამხედრო კონტინგენტების ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ირაკლი ალასანიამ ლიტველ კოლეგას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ლიტვიელი დამკვირვებლების  მონაწილეობის მნიშვნელობას და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტში „საქართველო IV” ლიტვის მხარის აქტიურ ჩართულობას.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ასევე ლიტვის თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გააკეთეს.