ჟურნალისტი ელისო კილაძე მის ხელთ არსებული ვლადიმერ ბედუკაძის ათასობით ჩანაწერიდან რამდენიმეს ექსკლუზიურად "კურიერისთვის" ასაჯაროებს. კილაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ ბედუკაძეზე გამოცხადებული ძებნაც და მის მიმართ პატიმრების წამების ფაქტზე წაყენებული ბრალიც ფორმალობა იყო, რადგან აუდიოჩანაწერში ბედუკაძისა და პროკურატურის მაღალჩინოსნების საუბარია ასახული. ეს უკანასკნელი კი მაშინ არის ჩაწერილი, როდესაც ციხის სკანდალური კადრების ავტორი ჯერ კიდევ ბელგიაში იმყოფებოდა და პროკურატურა მას ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.
ჩანაწერში ბედუკაძეს მთავარი პროკურატურის საგამოძიებოს უფროსის მოადგილე ხათუნა კალანდაძე სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვის პირობებს უთანხმებს და ეკითხება, თუ რა პირობით და როგორი ფორმით სურს ბედუკაძეს დაკითხვის ჩატარება. ვლადიმერ ბედუკაძის მოთხოვნა სააკაშვილის მთავრობის დროინდელი პროკურორების დაკითხვიდან ჩამოცილებაა, რაზეც ის კალანდაძისგან თანხმობას იღებს.
კილაძის მტკიცებით, პროკურატურის ფორმალურ ქმედებებს კიდევ ერთი ჩანაწერი ადასტურებს, რომელშიც ერთმანეთს ჟურნალისტი ზაზა დავითაია და ვლადიმერ ბედუკაძე ელაპარაკებიან. საუბრიდან ირკვევა, რომ ბედუკაძესთან საგამოძიებო უწყებას წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული ბრალის მოხსნისა და მასზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის დეტალები.
ბედუკაძე არ უარყოფს, რომ კილაძის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ასახული საუბრები მართლაც შედგა, თუმცა ვერ ასახელებს პირს, რომელსაც მათი ჩაწერა შეეძლო. ერთადერთი, რასაც დაბეჯითებით ამბობს, არის ის, რომ ჩანაწერები თბილისშია გაკეთებული.
ბედუკაძისა და პროკურატურის მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბარი პირველი აუდიოჩანაწერი არ არის, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. ცოტა ხნის წინ ელისო კილაძემ რუსეთში ქართველ და რუს ხალხთა თანამეგობრობის კავშირს ხელმძღვანელის ვლადიმეს ხომერიკისა და იბერიულ-კავკასიური ფონდის ხელმძღვანელის ზაზა გაბედავას ჩანაწერიც გაასაჯაროვა. საუბრის დროს ხომერიკი გაბედავას უყვება, რომ ბედუკაძესთან მოსკოვიდან მოლაპარაკებებს მართავს. ამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მათ შორის კიდევ ერთი საუბრის ფაილი გავრცელდა, რომელშიც ხომერიკი გაბედავას ჩანაწერის გასაჯაროებაში ადანაშაულებს და ემუქრება, რომ თუ არ გააჩერებენ, ის შორს წავა.
კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელზეც ელისო კილაძე ლაპარაკობს, მისივე მტკიცებით, ბელგიაში მცხოვრები დაზვრევის ოფიცრის ვიქტორ ჭელიძისა და ზაზა გაბედევას საუბარია. ამ აუდიომასალაში მოსკოვიდან ბედუკაძისათვის კონკრეტული თანხების გადარიცხვაზეა ლაპარაკი. აუდიოჩანაწერში ნახსენებია ბელგიაში მცხოვრები მარინა ბარბაქაძე, რომელსაც ბედუკაძისთვის გადარიცხული თანხების დამადასტურებელი ჩეკები უნდა ჰქონოდა. დღეს მარინა ბარბაქაძე მსგავსი დოკუმენტრის არსებობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ბედუკაძეს ბელგიაში ყოფნის პერიოდში ადვოკატთან ურთიერთობასა და სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებაში მეგობრულად ეხმარებოდა.
სკანდალური ჩანაწერებით სავსე მეხსიერების ბარათზე 5 ათას 221 ჩანაწერია, აქედან უკვე 6 გასაჯაროვდა, რა ისტორიას ინახავს დანარჩენი 5 ათას 215, ეს ჯერ მფლობელმაც არ იცის.