შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა. ულფუკარ კ. მიყენებული სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნოვრუზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).