როდესაც Blood Sweat & Tears სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ და უვერტიურაში ელ კუპერისეულ კლასიკურ თემატიკას გიჟურ სიცილს ურთავდნენ, მუსიკოსები ალბათ დარწმუნებულნი იყვნენ ნამუშევრის საყოველთაო აღიარებაში და რაც მთავარია საკუთარი ნამოქმედარის უაღრეს ნოვატორობაში.
ან კი სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო, როდესაც ალბომის სულისჩამდგმელი Columbia Records-ის მულტიინსტრუმენტალისტი და მომღერალი ელ კუპერი გახლდათ, რომელსაც სახელი ჯერ კიდევ ბობ დილანის Like A Rolling Stone-ში ორგანის პარტიის შესრულებით ჰქონდა მოხვეჭილი.
ჯგუფის სახელწოდების შესახებ ორი ვერსია არსებობს. პირველის მიხედვით, ელ კუპერი ხელმძღვანელობდა 1940 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ უინსტონ ჩერჩილის პარლამენტისადმი მიმართვით: „მე ვერაფერს გთავაზობთ სისხლის, თავდაუზოგავი შრომის, ოფლისა და ცრემლების გარდა...“.
თუმც სავსებით შესაძლებელია, რომ ელ კუპერს არც კი ჰქონოდა გაგონილი ეს სიტყვები და ჯგუფის სახელწოდება ცნობილ ამერიკელ მუსიკოს ჯონი კეშის ალბომ „Blood Sweat & Tears“-დან (რომლითაც აღაფრთოვანებული იყო) გადაეღო.
Blood Sweat & Tears-ის ფესვებს ელ კუპერთან და გიტარისტ სტივ კაცთან ერთად, ნიუ იორკულ ჯგუფ The Blues Project-ში მივყავართ. ეს იყო კალიფორნიული The Grateful Dead-ის ერთგვარი გამოძახილი კომუნაში ცხოვრების ტიპითა და ჰიპურ ფსიქოდელიური წიაღსვლებით.
მაგრამ ელ კუპერს მეტი სოლიდურობა ხიბლავდა. მას სურდა სასულე და ჩასაბერი ინსტრუმენტების მძლავრი ორკესტრის ჩამოყალიბება, რაც კონცერტებზე განსაკუთრებით ეფექტურად აისახებოდა.
გასული საუკუნეების 60-იანი წლების დასასრულს ამგვარი ტენდენცია უკვე შეინიშნებოდა და ჯაზისა და როკის ნაზავს უამრავი მიმდევარი უჩნდებოდა. ცნობილ პროდიუსერ ხოსე უილიამ გუერსიოს კი თურმე მალე Chicago Transit Authority-თან ერთად Blood Sweat & Tears-ის საქმეები უნდა ემართა, მაგრამ არა თავიდანვე.
სადებიუტო ალბომი - Child Is Father To The Man ფაქტობრივად ელ კუპერის ნაწარმოებია, ვისთვისაც ჯგუფის დანარჩენ წევრებს ფირფიტის გამოქვეყნებისთანავე თურმე უფლებები უნდა შეეზღუდათ, რაც მუსიკოსის სამუდამო წასვლას გამოიწვევდა უკვე სახელმოხვეჭილი კოლექტივიდან...
ელ კუპერისა და სტივ კაცის გარდა, Blood Sweat & Tears-ის საწყის შემადგენლობაში კიდევ ექვსი მუსიკოსი შედიოდა. ბასისტ ჯიმ ფელდერის დისკოგრაფიას ტიმ ბაკლისთან, ფრენკ ზაპასთან და The Buffalo Springfield-ში ჩაწერილი ალბომები ამშვენებდა, ალტო საქსოფონისტი ფრედ ლიფსუსი Blood Sweat & Tears -ის გარდა, ქენონბოლ ედერლის, თელონიუს მონკისა და ედი გომესის დარ ჯაზ ბუმბერაზებთანაა ნამუშევარი, საყვირზე შემსრულებელი რენდი ბრეკერის დისკოგრაფია 10 მუსიკალურ ბიოგრაფიას დაამშვენებდა, ხოლო დანარჩენმა მუსიკოსებმა კი ათწლეულების განმავლობაში გაითქვეს სახელი Blood Sweat & Tears-ში, რომლის შემადგენლობაშიც თურმე მომავალში სხვადასხვა კონტინენტის განსხვავებული კანის ფერის ასზე მეტ მუსიკოსს უნდა დაეკრა.
უკანასკნელი - 1980 წლის სტუდიური ალბომის შემდეგ, ჯგუფი დღემდე არსებობს და აგრძელებს წარმატებულ საკონცერტო მოღვაწეობას, თუმც მოდით დავუბრუნდეთ საწყის სიტყვას და განვიხილოთ ეპოქალური ალბომი Child Is Father To The Man.
იგი Columbia Records-მა 1968 წლის თებერვალში გამოსცა. ალბომი ჯაზის, როკის, ბლუზის, კლასიკის ბრწყინვალე ნაზავს წარმოადგენს ფსიქოდელიური ელფერით, მაგრამ ნიშანდობლივია არანჟირების „პოპ“ ორიენტაციაც, რისი მიზანიც მსმნელთა მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვა უნდა ყოფილიყო.
ამ მიზანს ნაწარმოები ახლო მომავალში, უკვე მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ მიაღწევს, მაგრამ ფაქტია, რომ Child Is Father To The Man ჯაზ-როკისთვის ისეთივე ფუნდამენტურ სადებიუტო ალბომად იქცა, როგორც King Crimson-ის In The Court Of Crimson King პროგრესივ/არტ როკისთვის.
და კიდევ... გაივლის წლები და გაირკვევა, რომ ელ კუპერი უფრო მნიშვნელოვანს ვერაფერს შექმნის თავის ხანგრძლივ მუსიკალურ კარიერაში, ვერც იდეის, ვერც კომპოზიციური თვალსაზრისით.
სადებიუტო ალბომის სახელწოდება შერჩეულია ვიქტორიანული ეპოქის ინგლისელი პოეტისა და სასულიერო პირის ჯერარდ მანლი ჰოპკინსის მიხედვით, რომელსაც თავის მხრივ იდეა „ბავშვი - ადამიანისთვის მამაა“ გადაღებული ჰქონდა პოეტ რომანტიკოს უილიამ უორდსვორტისგან. ლექსში „გული ფეთქავს მკერდში“ უორდსვორტი აღწერს ბავშვობაში ცისარტყელას პირველად ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებას, რაც სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება ადამიანს.
აზრს შესანიშნავად გადმოსცემს ალბომის გარეკანი, სადაც თითოეული მუსიკოსის გვერდით გამოსახულია მისი მსგავსი ბავშვი. ცისარტყელის იდეას კი ალბათ როგორც მუსიკოსების სურვილს ნაწარმოების უკვდავების შესახებ, უნდა აღვიქვამდეთ...
ალბომის ჩაწერაში ჯგუფის რვა ოფიციალური წევრის გარდა, მონაწილეობა კიდევ 18(!) მოწვეულმა მუსიკოსმა მიიღო. 1968 წლისთვის კი არა, დღესაც თითქმის წარმოუდგენელია რომელიმე ჯგუფის ამგვარი სადებიუტო ფუფუნება. მაგრამ მუსიკოსების წარსული, ხმის ჩამწერი ფირმის სოლიდურობა და რაც მთავარია - მასალა, იყო წარმატების გარანტი ბუმბერაზი პროექტისa, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იწერებოდა,
12 კომპოზიციიდან, 6 ელ კუპერის კალამს ეკუთვნის, ერთი სტივ კაცს, დანარჩენი კი იმ დროისათვის სხვადასხვა ცნობილი, ან უკვე Blood Sweat & Tears-დან გამომდინარე პოპულარულ სიმღერათა გადამღერებებია.
ზემოთხსენებულ უვერტიურას ელ კუპერის ტიპური თეთრი ლირიკული ბლუზი I Love You More Than You’ll Ever Know მოსდევს, რომლის ბოლომდე დახვეწილი ფორმები გარი მურმა შემოგვთავაზა 2010 წლის უკანასკნელ სოლო ალბომში...
საოცარია ტიმ ბაკლის Morning Glory-ის Blood Sweat & Tears -ეული ვერსია. სითბო, სიღრმე, ფსიქოდელია და რაც მთავარია ბლუზური ენერგეტიკა, შესანიშნავად ერწყმის სოულ ფსიქოდელიით გაჯერებულ მომდევნო My Days Are Numbered-ს…
ლამაზი სოლოებით დახუნძლული ჰარი ნილსონის Without Her ალბომში ძალიან კარგადაა ჩართული, თუმც მსგავსმა „მწვალებლობებმა“ შემდგომში შადეს მსგავს მუსიკალურ სიბილწეებს ჩაუყარა საფუძველი.
House In The Country ჰიპურ-ფსიქოდელიური მუხტით გაჯერებული ლაღი კომპოზიციაა, ხოლო მევიოლინეთა ათკაციანი სექციით გამდიდრებულ The Modern Adventures Of Plato, Diogenes & Freud-ის კლასიკურ წიაღსვლებს, სულ მალე ბრიტანული როკ ელეგანტურობის მამამთავარი Procol Harum გამოიყენებს თავის უკვდავ ნაწარმოებებში...
ელ კუპერის ნაწარმოებებიდან აუცილებლად აღსანიშნავია I Can’t Quit Her. გარდა იმისა, რომ ვოკალის თვალსაზრისითაც კი იგი ჰიპური ეპოქის ეტალონურ ნაწარმოებად იქცა და მსგავსი ჩვენ ველურ Quicksilver Messenger Service-ში გვესმის, თითქოს ალბომის იდეას ეხმაურება, რომ როკ მუსიკის მოყვარულებს მოსმენის შემდეგ, წესით უნდა გვიჭირდეს მასთან განშორება.
თუმც როგორც აღინიშნა, ალბომის გამოსვლის შემდეგ, Blood Sweat & Tears-თან განშორება, მის სულისჩამდგმელ ელ კუპერს მოუწია. უმნიშვნელოვანესი ალბომი კი სწორედ ამის შემდეგ გამოდის. მის შესახებ, უკვე მომავალ კვირას ვისაუბრებთ...
(გაგრძელება იქნება)