დღესდღეობით, ინტერნეტის და აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად თითქოს ყოველმხრივ შეუზღუდავი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობების ეპოქაში, მუსიკალურ სფეროში სწორედ ამ ზღვა ინფორმაციის გამო, შეიგრძნობა საოცარი დეფიციტი...
დღესდღეობით, როდესაც რეკლამირება უკეთდება არა ღირებულს, არამედ იმას, რაც აუცილებლად სარფიანადაა გასაყიდი, მილიონობით დოლარი იხარჯება მდარე პროდუქციაზე - ჯერ კლიპზე, რომლის ხილვის გარეშეც ამა თუ იმ „კომპოზიციის“ აუდიო ვერსია, ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოუტანდა ვერც ერთი თაობის მსმენელს, ადამიანი - და მით უმეტეს დამწყები მსმენელი დაბნეულია... მას მშობლებისგან სმენია მელოდიური მუსიკა... რომც არ მოსწონდეს, ვთქვათ და მოძველებულია რაღაც მიზეზით... მელოდია ხომ მაინც არ წაერთმევა, მუსიკოსები უკრავენ, არ არის გაუთავებელი კომპიუტერიზაცია და უგემოვნობა...
კომპოზიციის მელოდიური ხაზის ლოგიკურ დამაგვირგვინებლად კი უმრავლეს შემთხვევაში ვოკალისტი გვევლინება. როდესაც ვსაუბრობთ მელოდიურობაზე, გასული საუკუნის 70-იანი წლების აღიარებულ როკ ჯგუფთა 90%, ალბათ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მელომანებს ამაზე არც უხდებათ საუბარი და მხოლოდ საკუთარი გემოვნებით ასხვავებენ ერთიმეორისგან და უპირატესობას ანიჭებენ ამა თუ იმ მომღერალს.
მაგრამ მოდით, ვისაუბროთ როკ ვოკალისტის ზოგადად გავლენიანობის შესახებ ინსტრუმენტულ ანსამბლზე და როლზე მის პოპულარიზაციაში, საყოველთაოდ აღიარებული რამდენიმე ვოკალისტის კვალობაზე.
როდესაც ჩამოვთვლით, მაგალითად ასეთ შემადგენლობას: ლენონი, მაკარტნი, ჯაგერი, ფოგერტი, დოლტრი, გილანი, პლანტი, ოსბორნი, დიო, ჰემილი, იან და ჯონ ანდერსონები, მერკური, გებრიელი, ლეიკი, ბაირონი, ქოვერდეილი, როჯერსი თუ კიდევ მრავალი სხვა, ფაქტობრივად მსგავსებას ვერ აღმოვაჩენთ ამა თუ იმ მომღერლის როლთან დაკავშირებით საკუთარ ბენდში, იმდენად მრავალფეროვანი და ამოუწურავია როკ მუსიკა..
დავიწყოთ ლენონით და მაკარტნით? კი ბატონო. პასუხი უმარტივესია - მათ გარეშე წარმოუდგენელია The Beatles. მაგრამ ისინი სცენაზე ყოველთვის ინსტრუმენტებით ხელში ცხადდებოდნენ და მათი ცალსახად ფრანტმენებად წარმოდგენა, თუნდაც ჯაგერისგან განსხვავებით, შეცდომა იქნებოდა.
აი ჯაგერი კი მომღერალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის გარეშეც ჯგუფი ან ვერ იარსებებდა, ან სულ სხვა სტატუსი ექნებოდა. ვთქვათ, რომ როლინგების გიტარული ჟღერადობა უნიკალურია და ნახევარ საუკუნეზე მეტია, მოძველებული მას არ ეთქმის. იქნებოდა კი ზუსტად ასეთი ეს ყველაფერი ჯაგერის გარეშე? პასუხს იძლევა რიჩარდსისა თუ რონ ვუდის ცალკეული სოლო ნამუშევრები, რომ აღარაფერი ვთქვათ მიკ ტეილორზე, სადაც სურათი მკვეთრად განსხვავებულია და არა მაინცდამაინც ახლობელი როლინგების ჟღერადობასთან.
აქედან გამომდინარე, ჯაგერი ფრანტმენობასთან ერთად, გადამწყვეტი ფიგურაა თვით ჯგუფის პოპულარიზაციაში.
ოდნავ განსხვავებული, მაგრამ საბოლოოდ მაინც მსგავსი მდგომარეობა გვაქვს რობერტ პლანტისა და ფრედი მერკურის შემთხვევაში.
მართალია ჯიმი პეიჯი Led Zeppelin - ის ლიდერია და ამაზე არც არავინ დაობს, მაგრამ მაინც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯგუფი მეგაპოპულარული პლანტის გარეშე ვერ გახდებოდა.
სწორედ პლანტმა იქონია უმთავრესი ზეგავლენა განუმეორებელი ვოკალით, პეიჯის დაკვრით შთაგონებაზე, პირველი ალბომის თითოეული ექსპერიმენტულ ბლუზური სიმღერით დაწყებული, 1976 წლის სუპერ ჰარდ როკული Presence-ის თემატიკით დასრულებული.
ამის შემდეგ პეიჯს, რომელსაც ბოლო სოლო ალბომი 1988 წელს აქვს ჩაწერილი, აღარაფერი შემატებია როგორც კომპოზიტორს, ასევე გიტარისტს.
პეიჯისგან განსხვავებით, ბრაიან მეი, როგორც გიტარისტი, დღემდე აქტივშია, მაგრამ სადღაა მისი კომპოზიტორული შედევრები და გამორჩეული პეწით დაკრული Queen-ური სოლოები?
ამაზე პასუხს, ალბათ თავად მერკური გაგვცემდა ღიმილით... Queen-ში სხვა მომღერალი პოლ როჯერსის სახით, როკ საზოგადოებამ იხილა, თანაც დარწმუნდა იმაში, რომ Free-სა და Bad Company-ის დიდებული ფრანტმენი, ნამდვილად ვერ აქცევდა ლეგენდად ფრედი მერკურის Queen-ს, ისევე როგორც რობერტ პლანტის Led Zeppelin-ს, რადგან ჩვენ ვიცით პეიჯთან როჯერსის თანამშრომლობის ორი სტუდიური და ერთიც საკონცერტო „შედევრი“, სადაც ეს უკანასკნელი ფრიად უნიჭოდ და უგემოვნოდ „წაუპლანტებს“ ხოლმე...
მომღერალი ზოგჯერ შეგვიძლია შევადაროთ მშობელს, რომელიც ხანდახან ერთდროულად რამდენიმე შვილს იმსგავსებს, ხოლო ზოგჯერ კი ვერცერთს. მოდით ამ აზრის უკეთ წარმოსაჩენად და პარალელისთვის, Genesis-ის პიტერ გებრიელი და Jethro Tull - ის იან ანდერსონი მოვიყვანოთ.
სრულიად აშკარაა, რომ განუმეორებელი ინსტრუმენტული პალიტრის მიუხედავად, Genesis-ის საყოველთაო აღიარების გასაღები, პიტერ გებრიელია. უცნაური ხომ არაა, რომ პროგრესივ როკ ბენდში, სადაც დაკვრის დოზები აღემატება პოპ როკ ბენდისას, წარმატების წინაპირობა მომღერალია. მეტიც, გებრიელმა საკუთარი „შვილი“, დრამერ ფილ კოლინზის სახით შვა ჯგუფში, სადაც 1974 წლის შემდეგ არც უმღერია.
კოლინზის ხმის ტემბრის სიახლოვემ გებრიელისასთან და გასული საუკუნის 80-იან წლებში Genesis-ის მეგაპოპულარობამ როგორც პოპ, ასევე პროგრესივ სცენაზე, კი თავის მხრივ ხელი შეუწყო მთლიანი ნეო პროგრესივ როკ სცენის აღზევებას, გებრიელსა თუ მისგან გამომდინარე კოლინზის მსგავს ვოკალის ტემბრს რომ ემყარებოდა...
ზემოთქმულის თანახმად, ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენი „შვილი“ დაიმსგავსა პიტერ გებრიელმა, Jethro Tull-ის იან ანდერსონისგან განსხვავებით, რომლის მსგავს ხმის ტემბრს ვერ აღმოვაჩენთ ვერც ერთ როკ ჯგუფში, რომ აღარაფერი ვთქვათ იან ანდერსონის შეუცვლელობის ჭეშმარიტებაზე Jethro Tull - ში. მსგავსება გებრიელსა და იან ანდერსონს შორის კი ისაა, რომ უპირველეს ყოვლისა მათი და არა რომელიმე სხვა მუსიკოსის დამსახურებაა, თავთავიანთი ჯგუფების მეგაპოპულარობა.
Yes-ის ფრანტმენი ჯონ ანდერსონი, უნიკალური მოვლენაა პროგ როკ სცენაზე. პიტერ გებრიელის მსგავსად, მისი ხმის ტემბრთან არაერთი მომღერალია მიახლოებული. ანდერსონმა სამჯერ და 2008 წელს, თითქოს საბოლოოდ დატოვა ლეგენდარული ჯგუფი, მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოხერხდა Yes-ში მისი ხმის ტემბრის ჩანაცვლება.
მეტიც, მომღერალი ვერ ისვენებს! დაახლოებით ერთი თვის წინ, მან როკ საზოგადოებას განუცხადა ახალი ჯგუფის - Anderson Ponty Band შექმნის შესახებ, სადაც Ponty სწორედ ის საყოველთაოდ აღიარებული ფრანგი მევიოლინეა, ვისზედაც ერთხელ აუცილებლად ვისაუბრებთ, ისევე როგორც მომდევნო წერილში ზოგიერთი ზემოთ მოყვანილი მომღერლის შესახებ, რომლებიც დღეს აღარ გვიხსენებია...