დრო აღარ ითმენს, ღიად და საჯაროდ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამჟამად საკითხი ასე დგას: ან I. უაფხაზეთოდ და შიდა ქართლის გარეშე საქართველო ევროკავშირისკენ და ნატოსკენ (”კენ” და არა ”შინ”) ან II. გაერთიანებული საქართველო ევრაზიის კავშირში. ამავე დროს, რაც უფრო იზრდება ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაცია და ამის შედეგად რუსეთთან დაპირისპირება, აღნიშნული პოლიტიკის პარალელურად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოში გაერთიანების შანსი მით უფრო მეტად იკარგება.
ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ევროასოცირების ხელშეკრულებაზე საქართველოს ხელმოწერის შემდგომ გააქტიურდნენ რუსეთთან შეერთების მომხრე სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ძალები. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა, რომლის პარტიამ "ერთიანმა ოსეთმა" საპარლამენტო არჩევნებზე ამა წლის ივნისში ხმების დაახლოებით 46% მიიღო, ხოლო მისი საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა დაპირებებს რუსეთთან მიერთების შესახებ, განაცხადა, რომ ახალი პარლამენტი რეფერენდუმზე სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს გაიტანს.
ხოლო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი თიბილოვი ერთ -ერთ ინტერვიუში ამბობს: „რუსეთის შემადგენლობაში ორი ოსეთის გაერთიანების მიმართულებით უნდა ვიაროთ და გადავლახოთ პოლიტიკური და იურიდიული დაბრკოლებები. თუ გაერთიანება ჩემი პრეზიდენტობის დროს მოხდება, მაშინ ჩავთვლი რომ ამოცანა შევასრულე.”
ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ასეთ აშკარა ანექსიას რუსეთი მოერიდებაო, მაგრამ მანამდე მსგავსი აზრები, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ვერ გაბედავსო, ხშირად ისმოდა ყოვლისმცოდნე ლიბერალისტი ექსპერტების მიერ, მაგრამ მათ პროგნოზებს, როგორც ვხედავთ, გახვრეტილი შაურის ფასიც არა აქვს, ხოლო რუსეთის მიერ ყირიმის ასე ელვისებურად შეერთების შემდგომ ამგვარი ვარაუდის გამოთქმა უკვე სირცხვილად უნდა ითვლებოდეს.
სადავო არ უნდა იყოს, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის შეერთების პლაცდარმი სრულიად მომზადებული აქვს და მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია, თუ რა რეაგირებას მოახდენს ამაზე საქართველო, მაგრამ ეს მოლოდინი დიდ ხანს არ გაგრძელდება. ჩვენი ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა კი ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საფრთხეს ადეკვატური რეაქციით არ ხვდება და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით იფარგლება, რომლის შედეგები, როგორც ყოველთვის, კატასტროფულია საქართველოსთვის.
აფხაზეთში მიმდინარე ბოლო მოვლენებით, კონკრეტულად პრეზიდენტ ანქვაბის ჩამოგდებითა და რაულ ხაჯინბას გავლენის გაზრდით, ცხადი ხდება, რომ აფხაზეთშიც ბევრად მეტად პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები მოდიან ხელისუფლებაში და ჩვენი პასიურობა თუ კიდევ გაგრძელდება, რუსეთი აუცილებლად მოამწიფებს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში მიერთების პირობებსაც.
პროცესების ამგვარი დასრულების შემდეგ კი საქართველოს დე ფაქტო ყოფილი რეგიონებისთვის უკვე არც ფედერაციისა და არც კონფედერაციის შეთავაზებას ექნება რაიმე პერსპექტივა. აი, მაშინ კი ჩვენნაირად მოაზროვნე ადამიანებსაც მოუწევთ დაკარგული აფხაზეთისა და შიდა ქართლის დასაბრუნებლად რუსეთის დასუსტება-დაშლის მეოცნებეთა რიგებთან შეერთება და სამწუხაროდ, ისე გადავნაწილდებით სასაფლაოებზე, რომ ამ ოცნების ახდენას ვერ მოვესწრებით.
მესმის რომ პესიმისტური სიტყვებია, მაგრამ რეალობაა, ხოლო სიცრუის თქმა რა ხეირს მოგვიტანს, თორემ მაგას არც საკუთარ თავს მოვაკლებდი და არც სხვას. განა თურქეთის შემადგენლობაში 1921 წელს სრულიად უკანონოდ გადასული ძველი სამცხის ტერიტორიები იგივე განცდებს არ იწვევს? სხვათა შორის, 1992 წელს შევარდნაძის ხელისუფლების მიერ თურქეთთან დადებული ხელშეკრულება, სადაც საქართველომ საბოლოოდ აღიარა თურქეთთან არსებული საზღვრები, საკმაოდ სადავო თემაა, მითუმეტეს, სომხეთმა ამგვარი ხელშეკრულება თურქეთთან არ დადო და ამით შეინარჩუნა სამომავლოდ, ხელსაყრელი ვითარების დადგომის შემთხვევაში, ტერიტორიების დაბრუნებისთვის იურიდიული დავის საფუძვლები.
თუ გავაანალიზებთ, რომ თურქეთს სამხრეთში ერაყის ტერიტორიაზე ამჟამად ჩამოყალიბების ფორსირებულ პროცესში მყოფი ქურთული სახელმწიფო ეყოლება, რომელიც თავად თურქეთში 15 მილიონი ქურთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მხარდამჭერი გახდება, ამასთან ერთად, გასული საუკუნის 70-იან წლებში კვიპროსის ტერიტორიის ოკუპაციის გამო საბერძნეთი თურქეთის მიმართ მტრული განწყობით გამოირჩევა, ხოლო რუსეთი შესაბამისი მომენტის დადგომისას ისტორიულად შავ ზღვაზე ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდებისთვის მუდამ ილტვოდა, მაშინ სრულიად არ არის გამორიცხული, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ეთნიკურ და რელიგიურ ბრძოლებში თურქეთიც იქნას ჩათრეული და ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც ამჟამად ერაყია, რომელიც ნაწილ-ნაწილ იშლება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში სომხებს, როგორც რუსეთის ერთგულ მოკავშირეებს, დიდი სომხეთის საუკუნოვანი ოცნების ასრულების დრო შესაძლოა დაუდგეთ.
ამ დროს კი რუსეთთან მტრობითა და ამერიკა-ნატოს იმედით საქართველოს სასიკეთო მომავლის კონტურები არ ჩანს. მართალია, ზოგიერთი ხედავს, მაგრამ ეს ხედვა რეალისტურია თუ ილუზიური, სწორედ ამას სჭირდება დიდი განსჯა და განსაზღვრა.
ახლა გავარკვიოთ ევრაზიული კავშირის ხსენებისას მაინც რა არგუმენეტებით მოსდით ელეთ-მელეთი ლიბერალისტ იდეოლოგებს. ჩემი დაკვირვებით მათ ისტერიულ დამოკიდებულებას აღნიშნული კავშირის მიმართ არანაირი საფუძველი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ისინი დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების სამსახურში იმყოფებიან და მისი ფასიანი აგენტ-მარიონეტები არიან. ამიტომაც ასეთი ჟინით იცავენ დასავლეთის ინტერესებს. ხოლო რომ გაამართლონ თავიანთი საქმიანობის მოტივაცია, შექმნეს მითი რომ ე.წ. დასავლური ღირებულებების დამკვიდრება, დემოკრატიული და ჰუმანური საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება, თითქოს, შეუძლებელია დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში ყოფნის გარეშე.
არადა, ეს არის დიდი სიცრუე. არც ნატოსა და არც ევროკავშირის წევრია აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის უამრავი ქვეყანა, რომლებმაც დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების დამოუკიდებელი გზა გაიარეს. აშშ, პირიქით, ამ მხრივ ხშირად მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორიც კი იყო და ამის შესახებ მოცემული წერილის წინა ნაწილებში საკმაოდ ბევრი გვაქვს ნასაუბრები, მაგრამ დღეს დემოკრატიულ სივრცეს მიეკუთვნებიან. ესენია: ფილიპინები, მალაიზია, ტაილანდი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ალჟირი, მაროკო, ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, ნიკარაგუა, ეკვადორი და სხვა უამრავი.
დასავლეთის აპოლოგეტები ევრაზიის კავშირს წარმოსახავენ როგორც იმპერიულ გაერთიანებას, რომლის საბოლოო მიზანია მასში შემავალი სახელმწიფოებისათვის სუვერენიტეტის შეზღუდვა. ამ ბოლო სიტყვებში კი ნამდვილად დავეთანხმები ოპონენტებს, რადგან სახელმწიფოთა ნებისმიერ გაერთიანებაში შესვლა ამ გაერთიანებისათვის გარკვეული სუვერენული უფლებების გადაცემას ნიშნავს. ამის გარეშე სახელმწიფოთა გაერთიანებები არ იქმნება, მაგრამ ამაზე შეგნებულად მიდიან ამგვარი გაერთიანების წევრი სახელმწიფოები მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უკვე ისეთი მასშტაბის ინტეგრაცია ხორციელდება ზესახელმწიფო ორგანოების შექმნითა და მათი ფუნქციონირებით: საერთო პარლამენტის, მთავრობის, დარგობრივი კომისიების, საერთო კანონმდებლობის, ვალუტისა და საზღვრების სახით, რომ აღნიშნული მიზეზით ამ სახელმწიფოთა უამრავი სუვერენული უფლება გადაცემულია ევროკავშირის ცენტრალური სახელისუფლო სტრუქტურებისადმი. ამის შედეგად ეკონომიკურ, ემიგრაციულ თუ სხვა სფეროებში ხშირად ილახება ეროვნული ინტერესები და ამას უკვე არ მალავენ საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ძალები საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში, უნგრეთში და სხვა.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირშიც იქნება ინტეგრაციული პროცესები, მაგრამ იმის მტკიცება რომ ამ კავშირში რომელიმე სახელმწიფოს ჩაგვრა და დისკრიმინაციაა დაგეგმილი, ეს არის თითიდან გამოწოვილი სიცრუე.
ევრაზიული კავშირი უპირველესად არის ეკონომიკურ პრობლემებზე აქცენტირებული პოლიტიკური კავშირი, რომელშიც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ანუ საბაჟო გადასახდელების გარეშე საქონლის, მომსახურებისა და ინვესტიციების თავისუფალი გადაადგილების სისტემა. ეს ნიშნავს რომ საქართველოს ექმნება შესაძლებლობა მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ისტორიულად ორიენტირებული გასაღების ბაზარი დაიბრუნოს.
ეს კი წარმოშობს მილიარდობით დოლარის შემოსავლის მქონე სოფლის მეურნეობის დარგების პოტენციალის ამუშავების დიდ პერსპექტივას, კონკრეტულად: ღვინის, ხილის, ციტრუსების, ბოსტნეულის, ჩაის, ეთერზეთოვანი მცენარეებისა და მათთან დაკავშირებული საკონსერვო, ხილ-კენკროვანი წვენებისა და პარფიუმერული წარმოების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ბოლო პერიოდში პოლიტიკური მოტივებით იზღუდება რუსეთის დასავლურ სამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც რუსეთის ბაზარზე ჩვენი საქონლის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის საშუალებას იძლევა..
ამავე დროს, აღნიშნული დარგების მოდერნიზება-რეფორმირებისათვის, მხედველობაში მაქვს სოფლის მეურნეობაში მასშტაბური კოოპერაციის განხორციელება და გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციების მოძიება, ისევ რუსეთის მიერ გადმოცემული გრძელვადიანი შეღავათიანი სესხების საშუალებით შეიძლება, რასაც რუსეთი არ იშურებს თავისი მოკავშირე სახელმწიფოების მიმართ და ამის მაგალითები ბოლო პერიოდში უამრავია.
ამასთან ერთად, საქართველოში დასავლური დირექტივებით გატარებული მძიმე მრეწველობის განადგურების, ანუ დეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკით შეცვლის პროგრამის შემუშავებისა და განხორციელებისათვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნება რუსეთის სამხედრო და მძიმე მრეწველობის წარმოებასთან ტრადიციული კოოპერაციული სისტემის აღდგენით, რასაც რუსეთი უკრაინას სთავაზობდა და ასევე სთავაზობს და თანამშრომლობს ბელორუსიისა და ყაზახეთის საწარმოო კომპლექსებთან.
თბილისის საავიაციო, მეტალურგიულ, ზესტაფონის მადნეულის, ელმავალ მშენებელ, დაზგათმშენებელ და ქიმიურ ქარხნებს სწორედ ამ გზით ახალი პერსპექტივები გაუჩნდებათ, რომლებიც ამჟამად ჯართად ქცევისთვის არიან განწირულნი.
ოპონენტები გვიმტკიცებენ, რომ ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი სჯობს ევრაზიის 170 მილიონიან ბაზარსო, მაგრამ სრულიად არ უწევენ ანგარიშს იმას, რომ მაღალგანვითარებული საკუთარი წარმოების მქონე ევროპის სახელმწიფოებისათვის თავიანთი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების კონკურენტებად ქცევა სრულიად არ არის მათ ინტერესებში. პირიქით, ასეთ ქვეყნებს ხელს უშლიან კონკურენტუნარიანი საქონლის მწარმოებელი ეკონომიკის გაძლირებაში და მათ მხოლოდ ნედლეულის მომწოდებელ და საქონლის გასაღების ბაზრის ფუნქციას ანიჭებენ.
მესამე სამყაროს სხვა ქვეყნების მაგალითებზე რომ არ ვიმსჯელოთ, (რის შესახებაც კონკრეტული ფაქტებით მანამდე საკმაოდ ბევრი გვისაუბრია) განა საქართველოს ეკონომიკა ამის თვალსაჩინო ნიმუში არ არის? რომელსაც მხოლოდ ტურიზმის განვითარების დირექტივა აქვს მიცემული და მეღვინეობის ტრადიციული დარგის მასშტაბურად შემცირებასაც კი გვთავაზობენ, რათა ფრანგული, ესპანური, იტალიური, თუ პორტუგალიური ღვინის წარმოებას თანდათანობით ძლიერი კონკურენტი არ გასჩენოდა ქართული ღვინის სახით, რისთვისაც ჩვენს გლეხებს ვენახების ამოსაძირკვად სააკაშვილის ანტიქართული ხელისუფლება ფულსაც კი უხდიდა, ხოლო სამაგიეროდ გენმოდიფიცირებული, ჯანმრთელობისთვის საზიანო სიმინდის კულტურის გავრცელებას და მის თესლზე დამოკიდებულებას დიდ სიკეთედ გვჩრიდნენ.
კონკურენტუნარიანი პროდუქციის შემქმნელი წარმოება თუ არ გვექნება და როგორც ჩვენი და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის გამოცდილება და პროგნოზები გვიჩვენებს, დასავლურ სივრცეში ინტეგრაცია არ იძლევა ქართული წარმოების განვითარების საიმედო პერსპექტივას, მაშინ ეს გახსნილი ბაზარი რა ხეირის მომტანია? ხოლო თუ ევრაზიის სივრცეში წარმოების განვითარების უკეთესი შესაძლებლობების გამო მოვახერხებთ საკუთარი წარმოების განვითარება-მოდერნიზებას, მაშინ ვინ დაგვიშლის ხარისხიანი პროდუქციის შეტანას იმავე ევროპის ბაზარზე? საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ისიც ისევე ივაჭრებს დანარჩენ მსოფლიოში, როგორც ყველა მისი წევრი ამას აკეთებს.
ცნობილი გერმანელი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი თავის წიგნში ”დიდი სივრცეების ავტარკია” სახელმწიფოთა ეკონომიკური განვითარების კანონზომიერებებზე წერდა. მას მიაჩნდა, რომ: ”თავისუფალი ვაჭრობის პრინციპის საყოველთაო, ტოტალური დაწესება და საბაჟო გადასახადების მაქსიმალური შემცირება, აძლიერებს იმ საზოგადოებას, რომელიც ხანგრძლივად და წარმატებით მიდის საბაზრო ეკონომიკის გზით, მაგრამ, ამასთან ერთად, ასუსტებს და ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძირს უთხრის იმ საზოგადოებას, რომელსაც გააჩნდა განსხვავებული სამეურნეო ისტორია და საბაზრო ურთიერთობებში შედის უფრო განვითარებულ ქვეყნებთან მაშინ, როცა მისი შინაური ბაზარი იმყოფება ჩანასახის მდგომარეობაში.”
ლისტი ასევე თვლიდა, რომ საჭიროა იმის გარკვევა თუ როგორ განვავითაროთ კონკრეტულ ქვეყანაში საბაზრო ურთიერობები ისე, რომ საბაზრო კუთხით უფრო განვითარებულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში არ დავკარგოთ მისი სამეურნეო და სამრეწველო სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობაო. ის ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოთა ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისუფალი ბაზარი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც მდიდრის უფრო გამდიდრებისა და ღარიბის უფრო გაღატაკების პრინციპით მოქმედებსო. http://communitarian.ru/publikacii/mirovaya_ekonomika/ekonomika_bolshikh_prostranstv_fridrikha_lista_tretiy_put_razvitiya/
ევროკავშირში ასოცირების ეკონომიკურ ასპექტებზე ანალოგიურ სიმართლეს გვეუბნება ლიტვის სეიმის დეპუტატი იულიუს ვესელკა: ”გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანობა საკმაოდ მაღალია. ტყუილუბრალოდ ევროკავშირში არავინ არაფერს მოგცემთ, ამიტომ, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ეკონომიკური სიტუაცია უკვე ისეთ დონეზეა განვითარებული რომ კონკურენტუნარიანები ხართ, ევროკავშირში გაერთიანება არაფერს გავნებთ.”
ხოლო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ლიტვის რესპუბლიკას, რომელსაც არ განუცდია არც სამოქალაქო ომი და არც გარეშე ძალის აგრესია, თუ რა ეკონომიკურ-სოციალური შედეგები მოუტანა ევროკავშირში ინტეგრაციამ, ამასაც დაუფარავად აღნიშნავს ლიტვის სეიმის დეპუტატი: ”საბჭოთა წყობილება შეიცვალა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მინიმუმ 5,2 მილიონს შეადგენდა, ახლა კი სამი მილიონია, ე. ი. ამ 22 წლის მანძილზე, 2,2 მილიონი მოსახლეობა დავკარგეთ. როგორც ცნობილია, ნორმალური განვითარებისთვის ქვეყნის მოსახლეობა 5 მილიონზე ნაკლები არ უნდა იყოს. გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უკვე დავკარგეთ და ახლაც, ყოველწლიურად, დაახლოებით 80 ათასი კაცი გადის ქვეყნიდან, რომელთაგან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება უკან. სამშობლოს ტოვებენ არა იმიტომ, რომ არ უყვართ, არამედ სიღარიბის გამო გარბიან ქვეყნიდან. პატრიტიოზმი კარგია, მაგრამ არსებობა ხომ პატრიოტსაც სჭირდება?” http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4439&lang=ge
ლიტვისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე გაოცებას იწვევს იმ ადამიანების სურვილი, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მოიპოვოს შენგენის ტერიტორიაზე თავისუფალი სავიზო რეჟიმი, რაც სრულიად გაადვილებს სხვა ქვეყნებში უკეთესი შემოსავლის საძიებლად ქართველების გაქცევას. იმის ნაცვლად რომ ქართული წარმოების განვითარების კვალდაკვალ სამუშაო ადგილების შექმნისა და ამ გზით საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებისა და გამრავლებისთვის ვიზრუნოთ, რაც აუცილებელია ეროვნული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, ვესწრაფვით იმას რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიცალოს საქართველო ქართველებისგან, ხოლო მათი ადგილი აზიისა და აფრიკის ჭარბმოსახლეობიანი და ჩამორჩენილი ქვეყნებიდან ემიგრირებულებმა დაიკავონ, რასაც სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შემდეგ ვერაფერი შეაჩერებს და ეს იქნება საკუთარი უგუნურებით საქართველოს უცხოელებისთვის ნებაყოფლობითი გადაბარების პროცესი.
ასევე პესიმისტურად არის განწყობილი ევროასოცირების მიმართ ცნობილი პრაქტიკოსი მეწარმე და დეპუტატი გოგი თოფაძე: ”ევროპა იმდენად განვითარებულია, იმდენად მაღალი დონე აქვს ევროპას ტექნოლოგიების, რომ… რა შეგვაქვს ჩვენ ევროპაში? - თხილი, ჯართი, მეტი ჩვენი ექსპორტი რა არის? ეგეც ხაფანგია ... ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა რომ იქნება, აქ იმდენი შემოვა ევროპიდან დაუბეგრავი საქონელი, რომ ჩვენ იმას ვერ დავეწევით. მე ჩემს აზრს გეუბნებით, რომ ევრაზიულ სივრცეში ჩვენ გაცილებით მეტ ექსპორტს ვაწარმოებთ, ვიდრე - ევროკავშირში.”
საქართველოს ევროპასთან და ამერიკასთან ექსპორტის შეღავათიანი რეჟიმი გააჩნია, ანუ საბაჟო გადასახდელის გარეშე შეიძლება აღნიშნულ სახელმწიფოებში სამამულო საქონლის შეტანა, ხოლო ისინი ჩვენთან იხდიან შემოტანილი საქონლის საბაჟო გადასახდელებს. ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაციები მოცემულია ამ წერილის მითითებულ ნაწილში: http://for.ge/view.php?for_id=29705&cat=12
მალე ეს შეღავათები მოიხსნება, რაც ნიშნავს, რომ მათი საქონლის ღირებულება კიდევ უფრო გაიაფდება ქართულ ბაზარზე, ხოლო ქართული პროდუქცია ისედაც მინიმალური რაოდენობით იყიდებოდა ევროპის ბაზარზე და ახლა ის საკუთარ ბაზარსაც მნიშვნელოვანწილად დაკარგავს იაფი უცხოური პროდუქციის წინაშე არაკონკურენტუნარიანობის გამო. ეს კი არსებული ისედაც სუსტი სამამულო წარმოების კიდევ უფრო დასუსტებასა და გაკოტრებას გამოიწვევს, ისევე როგორც თურქული და სხვა ქვეყნების იაფი სოფლის მეურნეობის პროდუქციის უკონტროლო შემოდინებამ ქართულ პროდუქცია საკუთარი ბაზრიდან დიდწილად განდევნა, რითაც ქართული სოფლის მეურნეობისა და გლეხობის გაპარტახება გამოიწვია.
რაც შეეხება ევროპული ინვესტიციების ზრდის იმედებს, რასაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირებენ, ეს არის თავის მოტყუება, რადგან სანამ რუსეთის საფრთხის ფაქტორი არსებობს საქართველოში, მანამ აქ დიდი უცხორი კაპიტალი არც არასდროს შემოდიოდა და არც მომავალში არ არის მოსალოდნელი. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ საქართველო მცირერიცხოვანი სახელმწიფოა, ანუ გასაღების ბაზარიც მცირეა და ამის გამო უცხოელი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში დიდი კაპიტალის დაბანდებით დაინტერესებული არ არის.
რუსეთმა საქართველოსთან პოლიტიკური დათბობის მიზნით ერთი წლის წინ დაიწყო საქართველოს პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა, რაც ხორციელდებოდა 1994 წელს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით საბაჟო გადახდელების გარეშე, მაგრამ უკვე გამოქვეყნდა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც რუსულ ბაზარზე ქართულ პროდუქციას გააძვირებს და შესაბამისად მის გაყიდვებს შეამცირებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ევროასოცირებაზე ხელმოწერას რუსეთი, დიდი ვარაუდით, საქართველოს პროდუქციისთვის საკუთარი ბაზრის სრული ჩაკეტვით უპასუხებს, როგორც ეს ამ ცოტა ხნის წინ პოლიტიკური მოტივებით მთელი დასავლეთის ქვეყნების მიმართ გააკეთა.
ფსევდოპატრიოტ ლიბეროდემოკრატებისთვის ეს დადებით ფაქტადაც კი აღიქმება, რადგან თურმე ამით რუსეთის იმპერიაზე დამოკიდებულებას უფრო დავშორდებით, მაგრამ ეს მშიერი ადამიანის საჭმელთან დაშორებას უფრო ჰგავს ცარიელი იმედებით გამოკვების სანაცვლოდ, რაც სანამ ახდება, ამ ადამიანს დიდი შანსია, შიმშილით სული გაძვრეს.
მითუმეტეს, მოშიმშილე ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო „ლიდერთა“ ხუთეულშია. მასზე უარესი მაჩვენებლები მხოლოდ სამხრეთ სუდანს, კამერუნს, ნიგერიას და სამხრეთ აფრიკას აქვს. ასეთია 57 ქვეყნის გლობალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტოების ასოციაცია Gallup International/WIN–მა ტრადიციული პროექტის „მსოფლიო ბარომეტრის“ ფარგლებში ჩაატარა.
რაც შეეხება იმპერიას, ყოფილი საბჭოთა ცნობილი დისიდენტი და დასავლეთის პოლიტელიტის ავტორიტეტული ფიგურა ვლადიმერ ბუკოვსკი THE BRUSSELS JOURNAL-ში, პირიქით, გვაფრთხილებს ევროკავშირის დიქტატურის შესახებ, ავლებს პარალელებს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის და გამოთქვამს დასაბუთებულ შეშფოთებას. იხ. http://www.brusselsjournal.com/node/865
ანალოგიური შეფასებები აქვს ევროკავშირის შესახებ ინგლისის გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერს ნაიჯელ ფარაჯის. მისი იდეები უკვე იმდენად მიმზიდველია ინგლისელი ამომრჩევლისთვის, რომ ევროკავშირის პარლამენტის ბოლო არჩევნებში დიდ წარმატებებს მიაღწია და ამასთან ერთად, სულ უფრო ეზრდება რეიტინგი:
”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გაერთიანებული სამეფო უნდა იყოს დამოუკიდებელი, თვითმმართველი, დემოკრატიული სახელმწიფო და არა პოლიტიკური კავშირის ნაწილი, შტაბ-ბინით ბრიუსელში, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის კანონების სამი მეოთხედი იწერება. ჩვენ ამისთვის დიდ ფულს ვიხდით, ხოლო ჩვენ გვიკრძალავენ მოვაწეროთ ხელი ახალი, მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე. ჩვენ გვინდა ევროპა იყოს სახელმწიფოთა კავშირი, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ვაჭრობითა და თანამშრომლობით. ეს კი არის ზესახელმწიფოებრივი პროექტი. ამომრჩევლების უკითხავად ევროპის შეერთებული შტატების შექმნის მცდელობა - არ გამოვა.”
იხ. http://izvestia.ru/news/571438#ixzz396NDPBZu
საფრანგეთის ნაციონალ-მემარჯვენეთა ლიდერი მარი ლე პენი, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებენ და რომლის პარტია არჩევნებში უფრო და უფრო მეტ ხმებს მოიპოვებს, ამბობს რომ: ”ევროკავშირი ისევე დაიშლება როგორც საბჭოთა კავშირი”. ”ჩემი მიზანია ევროპის სრული გარდაქმნა, მასასადამე ევროკავშირის სრული დემონტაჟი. ყველაზე მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, შეიძლება თუ არა ევროკავშირის გაუმჯობესება. მე ამის არ მჯერა.” იხ. http://www.liveinternet.ru/users/3790905/post296527738/
Marine Le Pen: EU will collapse like the Soviet Union
http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/...viet-Union.html
ანალოგიური მიზნების მქონე პარტიებია ავსტრიაში ვილდერსის ლიდერობით, რომელმაც არჩევნებში ავსტრიელთა ხმების 21% მიიღო, ასევე ბელგიაში, იტალიაში, შვეციაში და ასე შემდეგ.
ამრიგად, სანამ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის იმპერიულ შინაარსზე დაიწყებენ ლაპარაკს, მანამ ევროკავშირის სუვერენულ სახელმწოფოთა მშთანთქმელ გლობალისტურ პროექტზეც თქვან სიმართლე, რომლის ავტორთა მთავარი ამოცანაა მთელი მსოფლიოს ერთი მთავრობის დიქტატორული რეჟიმის უკონტროლო ბატონობის ქვეშ მოქცევა.
რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, მისი დანიშნულების შესახებ თავად მისი მთავარი ინიციატორი ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი განმარტავს: „ჩვენ ეკონომიკურ კავშირს ვქმნით არა იმისათვის, რომ გავემიჯნოთ გლობალურ სამყაროს, არამედ, პირიქით, მაქსიმალურად წარმატებით ვითანამშრომლოთ მასთან. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არ წარმოადგენს დაშლილი საბჭოთა კავშირის რესტავრაციის მცდელობას, რაც სურთ რომ თავს მოგვახვიონ. უკან დაბრუნება არ არის და არ იქნება. ეს ყველა ჩვენი სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა. ჩვენ არა უკან, არამედ წინ მივდივართ.“
ვინც თვლის რომ ეროვნული დამოუკიდებლობის გემოს გამგები პოსტსაბჭოური სახელმწიფოების ეროვნული ელიტები საკუთარი ან ვინმეს ნებით დათმობენ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტს, მასთან სერიოზული მსჯელობა არც ღირს, ხოლო ვინც ამ სიცრუეს განზრახ ავრცელებს, ისინი ემსახურებიან დასავლურ პოლიტიკურ ცენტრებს, მისი კონკურენტი ევრაზიური ახალი მსოფლიო პოლუსის კომპრომეტაციის მიზნით.
საინტერესოა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებები: ”პირველ ყოვლისა ლაპარაკი არ არის იმაზე რომ ამა თუ იმ სახით ახლიდან შევქმნათ სსრკ. გულუბრყვილობა იმის რესტავრირება ან ასლის გაკეთება, რაც უკვე წარსულში დარჩა, მაგრამ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საფუძვლებზე ახალი ფასეულობებით ინტეგრაცია ეს ეპოქის ნებაა.” ”ევრაზიული კავშირი შენდება უნივერსალურ ინტეგრაციულ პრინციპებზე, როგორც დიდი ევროპის განუყოფელი ნაწილი, გაერთიანებული თავისუფლების საერთო ღირებულებებით, დემოკრატიითა და საბაზრო ეკონომიკით.”
უნდა ითქვას, რომ პუტინი ხშირად საუბრობს ატლანტიკის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნაზე და მსოფლიო გლობალისტური ეკონომიკური პროცესები, მიუხედავად პოლიტიკურ ცენტრებს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებისა, რაც უფრო ოკეანისგაღმელი ამერიკელი სტრატეგების ექსპანსიონისტური ქმედებებით არის გამოწვეული, საბოლოო ჯამში მაინც ამგვარი სისტემის დამკვიდრებას გარდაუვალს გახდის.
საქართველოს პოლიტიკური ელიტის ვალდებულებაა საკუთარი ქვეყანა აღნიშნული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრს გამოარიდოს და მსოფლიოს გადანაწილების მსხვერპლად არ აქციოს, როგორ მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება. თორემ რაც არ უნდა სიმპატიურად იყვნენ განწყობილნი ჩვენი ისტორიიისა და კულტურის მიმართ, ამგვარი დაპირისპირების დროს არასწორი სტრატეგიის შერჩევისას, საქართველოს არავინ დაინდობს, ისევე როგორც აქამდე არ დაუნდვიათ.
ამის შესახებ საკმაოდ გულახდილად საუბრობს რუსეთის სახელმწიფო სტრატეგიის ცნობილი თეორეტიკოსი ალექსანდრე დუგინი: ”თუ რუსეთი ამბობს: „ჩემთვის სულ ერთია“, ან „არა“, მაშინ ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა. ბევრმა, მათ შორის საქართველომ, ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ეს საშინელებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ განმტკიცდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და იდენტობა, აუცილებელია რუსეთთან თანამშრომლობა. რუსეთის გარეშე ეს შეუძლებელია. ის საზღვრებიც კი, რაც ახლა აქვს საქართველოს, ისინიც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ საქართველო კვლავ გააგრძელებს პრო დასავლური და პროამერიკული ორიენტაციის მხარდაჭერას. ეს არაა შანტაჟი. ეს მხოლოდ ობიექტური რეალობაა. რუსეთი დაინტერესებულია, საქართველოს სახელმწიფოებრიობა იყოს ძლიერი და ერთიანი, მართლმადიდებლური იდენტობით. ამისთვის რუსეთი ყველაფერს აკეთებს. მაგრამ რა თქმა უნდა, საჭიროა ასევე ქართული მხარის კეთილი ნება. და ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ ევრაზიული კავშირი საქართველოსთვის არის შანსი დაიბრუნოს ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.” http://blogs.voanews.com/georgian/hot-zone/2013/09/03/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98-vs-%E1%83%A9%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98/
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკ როჯერსი ინფორმაციას იძლევა რომ: „პუტინი განიხილავს შეჭრას როგორც საქართველოში, ასევე - სომხეთში“, „ისინი სამხრეთ ოსეთში ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობებით გადაადგილდებიან... საქართველოს არმია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მათთვისო.“ მისი აზრით, ამ გადაადგილებას აზრი არ ექნებოდა, რომ არა ერთი მიზეზი, შესაძლოა, მათი გამოყენება სურთ საქართველოსა და სომხეთის გასაჭრელად და ირანთან სახმელეთო ხიდის შესაქმნელად. http://www.for.ge/view.php?for_id=31951&cat=2
მადლობელი ვართ ამ ინფორმაციისთვის, მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ ამბობს რუსი ექსპერტი მიხეილ ჩერნოვი: ”ბევრი სომხეთში ეჭვობს როგორ იფუნქციონირებს სომხეთი ევრაზიულ კავშირში, როცა რუსეთთან და სხვებთან საერთო საზღვრები არ გააჩნია. მაგრამ ეს დიდ ხანს არ გასტანს, რუსეთს ექნება სომხეთთან უშუალოდ დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის სახით” და როგორ ფიქრობენ ამის განხორციელებას, ამაზეც საუბრობს რუსი ექსპერტი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის საამომავლო ამოცანებს ახმოვანებს: ”ჯავახეთს ბუნებრივად ესაზღვრება თრიალეთის ოსეთი, საიდანაც გაყარეს 30 ათასი ოსი. დადგება რეგიონის ამ მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი. ეს ეხება საქართველოს ყაზბეგის რაიონსაც, სადაც გადის სქართველოს სამხედრო გზა და ოსეთის საზღვრების შეცვლა დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ცვლილებასთან”. http://85.132.52.202/news/186026
არსებულ საფრთხეებზე საუბრისას ვერ დავმალავთ ახალქალაქის სომეხი მოსახლეობის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების რეალურ საშიშროებასაც, მითუმეტეს, თავის დროზე აფხაზეთში მცხოვრები სომხების მიერ შექმნილმა ბაგრამიანის ბატალიონმა იმდენად დიდი წვლილი შეიტანა აფხაზური სეპარატიზმის გამარჯვებაში, რომ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მას აფხაზურ-სომხური სეპარატიზმი აფხაზეთში.
ამჟამად კი სომხები ნატოში საქართველოს შესვლის გადაწყვეტილებით არიან უკმაყოფილონი და ამას პირდაპირ წერენ რუსეთში ჯავახეთის დიასპორის განცხადებაში: ”ყველასთვის ცხადია, რომ ნატოში საქართველოს წევრობა აპრიორულად ვერ იქნება მხარდაჭერილი და აბსოლუტურად მიზანშეუწონელია სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები სომხური მოსახლეობისთვის როგორც მინიმუმი შემდეგი გარემოებების გამო:
1) ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრობა ნიშნავს თუქეთისთვის, როგორც ალიანსის წევრისთვის გამოსაყენებლად მხარის ტერიტორიის გადაცემის შესაძლებლობას, რაც საფუძველშივე წინააღმდეგობაშია სომეხი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლასა და ისტორიასთან.
2) ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრობა მეზობელი სომეხი ერის პირდაპირი გამოწვევაა, რადგან მოცემული ფაქტი მისი ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხეს ქმნის.”
შემდეგ მოდის აშკარა მუქარა, რომ თუ იგნორირებული იქნება ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის ნება, მაშინ ჩვენ მას მოვუწოდებთ სეცესიისკენ, ანუ სეპარატისტული ბრძოლის დაწყებისკენო. http://javakhk.ru/news/111.html
თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალქალაქის სომხობის უკან სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი სომხეთისა და ყარაბახის რესპუბლიკები დგას, ხოლო მათ ზურგს უმაგრებს რუსეთი, მაშინ არ უნდა იყოს სადავო, რომ საშიშროება საკმაოდ რეალურია.
აღნიშნული მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების რეალური პოლიტიკის მოძიებაა მთავარი, თორემ ადრინდელი საფრთხეებიც ცნობილი იყო, მაგრამ მათ გასანეიტრალებლად რომ არაფერი გაკეთდა და პირიქით, მათ განხორციელებას ხელიც რომ შეეწყო არაადეკვატური, ავანტიურისტული ქმედებებით, სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა, რაც ამჟამადაც ძველებურად უპასუხისმგებლოდ გრძელდება.
ორიოდე სიტყვა ისევ თურქეთის შესახებ არ შემიძლია რომ არ ვთქვა. თურქეთის პარლამენტმა თანამედროვე თურქი ერის ბელადის ათა-თურქის მეთაურობით 1920 წლის იანვარში მიიღო ე.წ. ეროვნული აღთქმა. უმნიშვნელოვანესი თურქული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მოსახლეობის ნების პლებისციტით არის გამყარებული. მას ძალა ახლაც არ დაუკარგავს და თურქეთის სახელმწიფო საზღვრებისა და წყობის განმსაზღვრელად ითვლება. აი, სწორედ ამ აღთქმაში ბათუმის ოლქი, ანუ დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თურქეთის ტერიტორიად არის აღიარებული და ჯერ რუსეთისა და შემდგომ საქართველოს მიერ ანექსირებულად ითვლება.
მართალია, 1992 წელს თურქეთთან დადებული ხელშეკრულებით ამჟამინდელი საზღვრები ორივე მხარემ ცნო, მაგრამ, ნუ დავივიწყებთ, რომ ათა-თურქი ითვლება თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ ბელადად, ხოლო მისი იდეები და ნაანდერძევი თურქი ხალხის შეგნებაში ყველაზე აღმატებულია. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად საქართველოს აჭარაში გარკვეული პოლიტიკური მოთხოვნების შესრულების ვალდებულება ეკისრება, რომელთა შეუსრულებლობის საქართველოს მიმართ აგრესიის საბაბად გამოყენება ხელსაყრელი პირობების დადგომის შემთხვევაში თურქეთს არ გაუჭირდება.
ამიტომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, თუ რა აკავებს თურქეთს კავკასიაში თავისი ინტერესების აგრესიულად დაცვისგან, მითუმეტეს, როცა კვიპროსში ეს ინტერესები სწორედაც რომ ამგვარი პოლიტიკით გაატარა. ამავე დროს, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თურქეთის შიდა პოლიტიკაში მისი ლიდერების რიტორიკას, რომელიც უფრო და უფრო იხრება ქვეყნის შიგნით ორთოდოქსული ისლამური რელიგიის როლის ზრდისკენ და პანთურქული ექსპანსიონისტური იდეოლოგიისკენ, რის დასამტკიცებლადაც უამრავი არგუმენტი არსებობს და ჩვენც და სხვასაც ბევრი გვისაუბრია მათ შესახებ.
ისიც გავითავლისწინოთ, რომ თურქეთი რეგიონში ამ ეტაპზე საკმაოდ მზარდ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცა და მტრის რანგში მყოფი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი სადამსჯელო ოპერაციის პერიოდში სრულიად სავარაუდოა, რომ თურქეთმა კატეგორიულად მოითხოვოს აჭარის ფლობაზე მისი ისტორიული ამბიციების დაკმაყოფილება და შესაძლოა გათამაშდეს 1921 წლის სცენარი, რომლის შედეგი იყო საქართველოს ინტერესების გაწირვით თურქეთისა და რუსეთის მეგობრობის ხელშეკრულების დადება. მითუმეტეს, ჩვენ იმ ფაქტებზეც ვწერდით, რომ ანალოგიური სცენარის დადგმა თურქეთს 1993 და 2008 წლებშიც სურდა.
თავს მოხვეული დასავლური იდეოლოგია, მის სტანდარტებს დაქვემდებარებული და მისი დირექტივებით შექმნილი საკანონმდებლო აქტები: მოქალაქეობის, ემიგრაციის, მიწაზე საკუთრების, ლგბტ-ის უფლებების დაცვის, საბანკო მევახშეთა თარეშის ხელშემწყობი და სხვა არის ნელი მოქმედების საწამლავივით, რომელიც თანდათან ასუსტებს და სიკვდილამდე მიჰყავს მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი საქართველოს ეროვნული სხეული, რომელიც ტერიტორიული დანაკარგებით, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და მორალურ-იდეოლოგიურად არის კლინიკურ სიკვდილამდე მიყვანილი, მაგრამ მის ჭირისუფალ ქართველ ხალხს ისე თაღლითურად უმალავენ რეალურ დიაგნოზს, რომ მისი გარკვეული ნაწილი, რაოდენ ტრაგი-კომიკურიც არ უნდა იყოს, ამ მომაკვდინებელ მდგომარეობას მიიჩნევს ქვეყნის კეთილდღეობისათვის აუცილებელ პირობად.
ერთადერთი ხსნა ის არის, რომ ვისაც გაცნობიერებული აქვს ეს ვითარება, გული შეტკივა საქართველოზე და სურს ამ უბედურებისგან მისი შველა, უნდა იბრძოლოს კიდეც ამ უგუნური, თავსმოხვეული და მავნე პოლიტიკის წინააღმდეგ, თან იმ რწმენით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თორემ სხვაგვარი ფიქრი ნიშნავს საქართველოს დაღუპვასთან შეგუებასა და ხელის ჩაქნევას.