არსებული პოლიტიკური ვითარებისა და მისი მაკონტროლებელი ძალის რუსეთის პოზიციებიდან გამომდინარე, როცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, ჯერ დე ფაქტო და შემდგომ რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობის სტატუსით უკვე თითქმის ორი ათეული წელია არსებობენ, ხოლო მანამდე საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური უფლებების მქონე სახელმწიფოებრივ სუბიექტებს წარმოადგენდნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახით, ამგვარი სახელმწიფოსთვის უნიტარული წყობის პერსპექტივები მეტად მცირეა და მასზე აქცენტის გაკეთება ლოგიკაში არ ჯდება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ფედერაციასა და კონფედერაციაზე მსჯელობა აქტუალური ხდება. ცნობილია, რომ ზოგიერთებს ქვეყნის მოღალატედ მიაჩნია საქართველოსთან მიმართებაში ამ ტერმინების გამომყენებელი და პირზე დუჟმორევითა და გულზე მჯიღების ცემით მზად არიან მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამაგიეროდ, აფხაზეთი და შიდა ქართლი საქაართველოს მხრიდან პოლიტიკური პასიურობით სრული დაკარგვისთვის რომ არის განწირული, ამას ვერ აცნობიერებენ, ან უფრო უარესი, ამგვარი პოზიცია საქართველოს ინტერესების ხარჯზე პოლიტიკური ქულების მოპოვებისთვის სჭირდებათ.
ამიტომ ასეთებისთვის ანგარიშის გაწევა, ან პირადი უსაფრთხოების მიზნით ამ თემაზე მსჯელობაზე უარის თქმა შეგნებული პატრიოტი ქართველისათვის მიმაჩნია სწორედ ქვეყნის ღალატად.
მაინც რა არის ფედერაცია და კონფედერაცია, რომლებზეც საქართველოსთან მიმართებაში მსჯელობა ლამის ტაბუდადებულად ითვლება? ფედერაცია ეს არის ისეთი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისა ან რეგიონების კავშირი, რომლის სუბიექტებს თვითმმართველობის მნიშვნელოვანი თავისუფლება გააჩნიათ ეკონომიკურ და სამართლებრივ სფეროში, მაგრამ პოლიტიკურად შეზღუდულები არიან ( მაგ: აშშ, მექსიკა, ინდოეთი თავიანთი შტატებით, გერმანია თავისი ლენდებით).
ფედერაციაში შემავალი სახელმწიფო სუბიექტების თვითმმართველობის სტატუსი, ჩვეულებრივ კონსტიტუციურადაა გაფორმებული და მისი შეცვლა ცენტრალური ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლებელია. ფედერაცია დაყოფილია ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ავტონომიებად. ფედერაციის წევრებს არ გააჩნიათ სრული სუვერენიტეტი, მაგრამ სარგებლობენ დამოუკიდებლობით ადგილობრივი მმართველობის დონეზე. ფედერაციის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და სხვა სახელმწიფო ორგანოები.
ახლა ვნახოთ თუ რას წარმოადგენს კონფედერაცია. კონფედერაცია არის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ორი ან მეტი სახელმწიფოს კავშირი სუვერენიტეტის შეზღუდვის გარეშე. კონფედერაციას, დამფუძნებელი დებულების შესაბამისად, გადაეცემა უფლებამოსილებანი გარკვეულ სფეროებში. მასში შემავალი ქვეყნები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კონფედერაცია თავადაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ მისი საერთაშორისო სამრთალსუბიექტობა შეზღუდულია. იგი, როგორც წესი, მოწოდებულია გარკვეული საერთო ამოცანების რეალიზაციის მიზნით, რისთვისაც კონფედერაციაში შემავალი სახელმწიფოები ქმნიან საერთო ორგანოებს. კონფედერაცია სტრუქტურულად იგივეა, რაც ფედერაცია, მხოლოდ უფრო სუსტი ცენტრალური ხელისუფლებით. კონფედერაცია გარდამავალი, არამდგრადი სახელმწიფო ფორმაა და იგი, როგორც წესი, ან ფედერაციაში გადადის ან უბრალოდ იშლება.
კონფედერაციის მაგალითია შვეიცარია თავისი კანტონებით, რომლებიც ისტორიულად და იურიდიულად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ითვლებიან და ხელშეკრულების საფუძველზე ქმნიან ერთიან სახელმწიფოს შვეიცარიის სახელწოდებით. საინტერესოა რომ შვეიცარიაში რამდენიმე სახელმწიფო ენა ფუნქციონირებს ენობრივი არეალების მიხედვით: გერმანული - ქალაქ ბაზელით, გერმანულ-ფრანგული, ანუ ორი სახელმწიფო ენაა კონკრეტულად ბერნი - ვალეს რეგიონში და ფრანგული ენობრივი არეალი, რომელსაც ჟენევა მიეკუთვნება, არის იტალიურიც.
ჩვენთვის ასევე საინტერესოა ბელგიის სამეფო ფედერალური სახელმწიფო სისტემით, რომელიც 3 სუბიექტისგან, რეგიონისგან შედგება: ბრიუსელის, ვალონიისა და ფლანდრიის. ენებია - ფრანგული, (მოსახლეობის 40%, ვალონური დიალექტი) და ნიდერლანდური (მოსახლეობის 60%, ფლამანდური დიალექტი). მოსახლეობის 11% ორენოვანია.
აღნიშნული სახელმწიფოები იმით იწვევს ყურადღებას, რომ ისინი სხვადასხვა ეთნოსისა და ენის მქონე სახელმწოეფოებრივი წარმონაქნებისგან შედგება, მაგრამ სახელმწიფოს ერთიანობას ამით საფრთხე არ ექმნება, რადგან ამაში უფრო მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე სეპარატისტული განწყობებით ერთიანი სახელმწიფოს დაშლაში.
სამაგიეროდ განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა ასევე ფედერალურ საწყისებზე აგებულ ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის სამეფოები.
ესპანეთი იყოფა 17 ავტონომიურ რეგიონად და აქედან კატალონიასა და ბასკეთში ძლიერია სეპარატისტული ძალები. კატალონიის პარლამენტის შემადგენლობის 65% მოითხოვს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც დაგეგმილია 2014 წლის 9 ნოემბერს, თუმცა რეფერენდუმის ჩატარებაზე ესპანეთის ცენტრალური მთავრობის თანხმობაა საჭირო და გამოკითხვების მიხედვით არც კატალონიელთა უდიდესი უმრავლესობაა დამოუკიდებლობის მომხრე, მხოლოდ 54%.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფოებრივი გაერთიანება. აქედან ამჟამად შოტლანდია ილტვის დამოუკიდებლობისათვის. მით უმეტეს, რომ ამისათვის სერიოზული ეკონომიკური მიზეზი არსებობს. ბრიტანული ნავთობის 9/10 შოტლანდიაში მოიპოვება, ხოლო კაპიტალი ლონდონში მიედინება. შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი სექტემბერში გაიმართება, თუმცა შოტლანდიელთა ნახევარზე მეტი დამოუკიდებლობის მომხრე არ არის.ყირიმის შემდეგ ვენეციაშიც ჩატარდა რეფერენდუმი. დამოუკიდებელ ვენეციას, უფრო სწორედ ვენეტოს რეგიონს, ჩრდილოეთ იტალიის მოსახლეობის 64%-მა დაუჭირა მხარი. ვენეტოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი ჯანლუიჯი ბუზატო აღნიშნავს, რომ XVIII საუკუნის ბოლომდე ვენეციის რესპუბლიკა დამოუკიდებლად არსებობდა, ხოლო 1866 წელს პლებისციტის შედეგად მისი იტალიასთან მიერთება "დანაშაული" იყო.
ამავე დროს, საფრანგეთის კორსიკაზეც არის გავრცელებული სეპარატისტული მოძრაობა.
ყოველივე ზემოთქმულით მტკიცდება რომ სეპარატიზმი ევროკავშირის სივრცეშიც საკმაოდ მტკივნეული პრობლემაა და მის სიმწვავეს დიდად არ ამცირებს არც ეკონომიკის სტაბილურობა, არც დემოკრატიის ფასეულობების მქონე ქვეყნებში ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცულობა და არც მტრული მეზობელი სახელმწიფოებისაგან სეპარატიზმისკენ წაქეზებასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ანუ აღნიშნული ფაქტორების გარეშეც არსებობს.
სეპარატიზმის მომძლავრების მიზეზები უნდა ვეძებოთ ბოლო პერიოდში სახელმწიფოებრივი მთლიანობის პრინციპთან შედარებით ერთა თვითგამორკვევის უფლებისათვის უპირატესობის მინიჭებაში, რასაც 2008 წლის მარტში დასავლეთის მიერ სუვერენული სერბეთის მიწაზე ევროპაში მეორე ალბანური სახელმწიფოს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ მისცა დასაბამი, რომლის პრეცენდენტმა საქართველოს სახელმწიფოს დაშლაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ჩვენი ამოცანა უნდა გახდეს სეპარატიზმის გამო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მიზეზების კვლევითა და ანალიზით ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც ამ მტკივნეული პრობლემის გადაჭრის საფუძველი გახდება.
აუცილებელია საქართველოში სეპარატიზმის სპეციფიკური ნიუანსების გამოკვლევა და შემდგომში მათი აღმოფხვრა-განეიტრალებისათვის მთელი დიპლომატიური ძალისხმევის წარმართვა. მხედველობაში მაქვს ორი მთავარი ნიუანსი: 1. სეპარატისტული რეგიონებიდან ქართული მოსახლეობის თითქმის სრული განდევნა, რასაც იურიდიულად ეთნოწმენდასაც უწოდებენ. 2. სეპარატიზმის გამარჯვებაში რუსეთის ფაქტორი.
აქედან გამომდინარე, ქართული დიპლომატიის მთავარი ამოცანები უნდა იყოს: პირველი ნიუანსის გამოსწორება, ანუ ლტოლვილების მასობრივი დაბრუნების განხორციელება სეპარატისტულ რეგიონებში და მეორის, ანუ რუსეთის ჩვენს წინააღმდეგ მოქმედი ფაქტორის განეიტრალება და უფრო მეტიც, ჩვენი ამოცანის განხორცილებაში მისი მხარდაჭერის მოპოვება.
ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფის შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ მათ რაოდენობას, მაშინ ლტოლვილების პოლიტიკურ-სამოქალაქო უფლებების დაცვის მექანიზმების ამუშავების პარალელურად სეპარატისტულ რეგიონებში საქართველოს პოლიტიკური ინტერესების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობებიც ექვივალენტურად გაიზრდება.
ცნობილია რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ 2012 წლის თებერვლის ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობის აღწერა ჩაატარა. მოსახლეობის საერთო რაოდენობამ შეადგინა 242 826 ადამიანი. 2003 წელთან შედარებით, მოსახლეობა 28 810 ადამიანით ანუ 13,5 პროცენტი არის გაზრდილი. გალში ქართული მოსახლეობის რაოდენობა 30 ათასი დააფიქსირეს.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზები შეეცდებიან რეალური დემოგრაფიული სურათი დამალონ: „აფხაზებს კარგად ესმით, რომ ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა აქვთ. თუ რამე პრობლემა აქვთ აფხაზეთში, აქედან ნომერ პირველი პრობლემა მათთვის არის დემოგრაფიული საკითხი. კარგად იციან, რომ ისე არ მრავლდებიან როგორც სჭირდებათ და აფხაზეთში რეალურად უმცირესობაში იმყოფებიან. არც აფხაზური ენა, არც რუსული ან ქართული ფაქტორი, იმდენად არ არის მათთვის გამოწვევა, როგორც დემოგრაფიული საკითხი. ჩემი მონაცემებით, აფხაზეთში რეალურად 180 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მეტი აფხაზები არიან - ალბათ, 65 ათასი, 55 ათასამდე არის ქართველი და 45 ათასიდან 50 ათასამდე იქნება სომეხი, სადღაც 16 ათასამდე იქნება რუსი.” http://www.amerikiskhma.com/content/article-11-33-119171939/534638.html
(აქ ისმის კითხვა - აფხაზების დემოგრაფიულ პრობლემებს ასეთ დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას რომ ანიჭებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ზაქარეიშვილი, მაშინ რატომ ეკიდება გულგრილად ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკური პარტია საქართველოს დემოგრაფიული პრობლემების კიდევ უფრო გამამწვავებელ უკონტროლო ემიგრაციას, ქართული მიწების უცხოელებზე მასობრივად გასხვისებას და ქართველების გამრავლების ხელშემწყობ პროგრამებს?).
1990 წელს აფხაზეთში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის 240 ათასი ქართველი, 94 ათასი - აფხაზი, 75 ათასი რუსი, 76 ათასი - სომეხი და 15 ათასი ბერძენი. რუსულ-ქართულ-აფხაზური ომების შემდეგ აფხაზეთიდან ქართველობა თითქმის მთლიანად გამოდევნეს.
აღნიშნული სტატისტიკით კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობს აფხაზური სეპარატიზმი, რომ როგორმე შეამციროს აფხაზეთში ეთნიკური ქართველების რაოდენობა, რადგან მოსახლეობის რაოდენობაში მათი დიდი წილი აფხაზური სეპარატიზმის პოლიტიკურ ამბიციებს დიდ დარტყმას აყენებს. ამ ორიოდე თვის წინ სოხუმში პრეზიდენტ ანქვაბის გადაყენების საბაბად სწორედ გალის რაიონში ქართველების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება დასახელდა და ახლა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზეც მიდის საუბარი. თავისთავად აქ საქართველოს ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო რუსეთის რეაგირებაც ვლინდება, რაც სეპარატისტ აფხაზების ინტერესებთან თანხვედრაში აღმოჩნდა.
ახლა წარმოვიდგინოთ, სწორი დიპლომატიური პოლიტიკის შედეგად თუ განხორციელდება აფხაზეთიდან ლტოლვილი 240 ათასზე მეტი ქართველიდან, რომელთაგან 50 ათასი ძირითადად გალის რაიონში უკვე დაბრუნდა, მინიმუმი კიდევ 100 ათასი ლტოლვილი ქართველის დაბრუნება, ეს ნიშნავს რომ აფხაზეთში ამჟამინდელი 250 ათასი მცხოვრებიდან 150 ათასი ქართველი იქნება, ანუ მოსახლეობის 60%, რაც სრულიად შეცვლის არა მარტო დემოგრაფიულ მდგომარეობას, არამედ საქართველოს სასიკეთოდ პოლიტიკურ პროცესებზე უდიდეს გავლენას მოახდენს.
ამ საქმეში კი გადამწყვეტი მიშვნელობა ეკისრება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწორედ იმ მეორე ნიუანსის - სეპარატიზმის გამარჯვებაში რუსეთის ფაქტორის განეიტრალებასა და მისი ჩვენს მხარდამჭერად ქცევას. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გალის რაიონში ქართველების დაბრუნება ისევ რუსეთის ნებით მოხდა, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში პუტინმაც აღნიშნა, რითაც კიდევ უფრო მყარდება ის პოზიცია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში რუსეთის ფაქტორი მისი ძირეული ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან ძლიერია, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამაც დაადასტურა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოლაპარაკების პროცესში ლტოლვილების უსაფრთხოდ და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფით დაბრუნება უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს პირველი რიგის ამოცანა, რომელთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ლეგიტიმაციის აღდგენა სეპარატისტულ რეგიონებში.
სუფთა ფურცლიდან მოლაპარაკების დაწყება, რომელზე ხშირად საუბრობენ, არის თავის მოტყუება და ილუზია. აღნიშნული მოლაპარაკების წარმატება დამოკიდებულია არსებული მდგომარეობის გათვალისწინებასა და რუსეთისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრის წერტილების კომპრომისულად ძიების შრომატევად სამუშაოზე.
ჩვენ წერილის წინა ნაწილში ჩამოვთვალეთ თუ რამხელა ინტერესები და სავაჭრო საგანი აქვს რუსეთს საქართველოსთან. განა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად და ქართული ეკონომიკის აღმავლობის მიზნით რუსეთიდან ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, რის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ, არ ღირს რუსეთთან სტრატეგიული მტრის სტატუსში ყოფნიდან სტრატეგიული მოკავშირის სტატუსის მოპოვების პოლიტიკის წარმოება? ამის ხელშესახებ მაგალითებს განა არ იძლევიან თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხეთი, ყაზახეთი და ბელორუსია? ხოლო წლევანდელი მაიდნის გადატრიალებამდე იგივე უკრაინაც?
მათ რომ ანტირუსული პროდასავლურ -პრონატოური პოლიტიკა გაეტარებინათ, მაშინ სომხეთი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე მოახერხებდა ყარაბახის ომში გამარჯვებას? მიუხედავად იმისა, რომ სომხებს ამერიკაში მრავალმილიონიანი გავლენიანი დიასპორა ჰყავს, ხოლო ამერიკის ადმინისტრაციაში მისი ლობისტური ორგანიზაციები ყველაზე ქმედუნარიანად ითვლება, სომხებმა მათთვის ჩვეული პრაგმატიზმით, მაინც რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა ამჯობინეს და თუ ამის პოლიტიკურ შედეგებს გავაანალიზებთ, ამაში არც შემცდარან.
ან ყაზახეთის რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში ყაზახეთში მაცხოვრებელი რუსების გამოყენებით, რომლებიც მოსახლეობის თითქმის მეოთხედს შეადგენენ, პოლიტიკურ-ტერიტორიული პრობლემები რუსეთის ძალისხმევით ამ პოსტსაბჭოურ ქვეყანას არ შეექმნებოდა? იგივე თურქმენეთი, რომელიც თავისი გაზის ექსპორტის უდიდეს ნაწილს ევროპაში რუსეთის მაგისტრალების საშუალებით ახორციელებს, რომ მოინდომოს სრულიად დამოუკიდებელი ენერგოპოლიტიკის გატარება, მაქსიმალური პროგნოზით, რუსეთისგან ხომ მიიღებდა საკმაოდ დიდ პრობლემებს?
ამიტომ სხვა გზა აღარ არის. დიპლომატიაში ან სომხური პრაგმატიზმი უნდა გამოვიყენოთ, ან აზიური ეშმაკობა, თორემ, ფაქტია, რომ რეალობიდან ამოვარდნილები და სწორი ორიენტირების არმქონენი კედლებს ვასკდებით და თავპირს ვიმტვრევთ, რაც უშუალოდ საქართველოს ნაფლეთებად ქცეულ სხეულზე აისახება.
საქართველოში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც სამართლიანად განსაზღვრავს, რომ ქართველი ხალხისა და მისი სახელმწიფოებრიობის უმთავრესი ინტერესი და ღირებულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ტერიტორიებიდან გამოდევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნება და მისი გამრავლებისათვის პირობების შექმნა, საქართველოს ეკონომიკის რეალური აღმავლობა, ამის პარალელურად ქართული საზოგადოების კეთილდღეობის ზრდა და მისი ეროვნული იდენტურობის დაცვა, ხოლო ამ ჭეშმარიტი ღირებულებების საპირწონედ ვითომ პროდასავლური დემოკრატიული ღირებულებების დაყენება, რომელთა თანამედროვე კონცეფციები უკვე ადამიანთა უზნეობისა და ერების გადაგვარება-გადაშენების კატეგორიაში გადადის, უნდა იყოს ზიანის მომტანად აღიარებული და უარყოფილი.
ან რომელ პროდასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე შეიძლება საუბარი, როცა აშკარად ტირანულ სააკაშვილის ნაციონალურ რეჟიმს თავიანთი გეოპოლიტიკური და მერკანტელური მოსაზრებებიდან გამომდინარე თითქმის მთელი 10 წლის მანძილზე მტკიცედ უჭერდა მხარს ლიბერალისტური დასავლეთი და თავის წარმატებულ პროექტად მიაჩნდა. ამ შეხედულებებს ახლაც არ თმობს და რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლების ხელშეუხებლობისკენ მოუწოდებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას.
რეალურ დემოკრატიას რაც შეეხება, ის საქართველოში სრულყოფილად არც ამჟამად არის, რადგან ძირითადად ისეთივე ოლიგარქიული მმართველობითი კლანების სამსახურში ჩამდგარი ერთპარტიული და ერთი იდეოლოგიის მიერ უზურპირებული ფინანსურ-მედია გარემო მოქმედებს, რასაც ემატება უთანასწორო პირობების შემქნელი საარჩევნო სისტემა, ხმების დათვლის საიდენტიფიკაციო თანამედროვე ტექნოლოგიებზე უარის თქმა, რის დაპირებასაც იძლეოდა ხელისუფლებაში მოსვლამდე ”ქართული ოცნება,” ხოლო ამომრჩეველთა ნამდვილი რაოდენობის დასადგენად სპეციალურად არ ტარდება მოსახლეობის აღწერა, რაც არჩევნების გასაყალბებლად მასშტაბური მანიპულაციების საშუალებას იძლევა.
მოკლედ რომ ვთქვათ, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი მოსახლეობის ნებისა და ბრძოლის შედეგად მიიღწევა, ხოლო დასავლეთი, რა პრაქტიკაც არსებობს, საკუთარი მარიონეტი ხელისუფლებების არჩევისა და მათი შენარჩუნებისათვის იბრძვის და ფაქტობრივად დემოკრატიის განვითარების საკითხში ხელის შემშლელად გვევლინება.
იმედია, 2008 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაში დასავლეთის წვლილი სადავო არ უნდა იყოს. ამიტომ, დროა გავაცნობიეროთ, რომ ევროატლანტების საჯარო დეკლარაციები ჩვენისთანა ქვეყნებში დემოკრატიის ხელშეწყობის შესახებ მხოლოდ ხალხის მოსატყუებლად არის გამიზნული, ხოლო საქმე სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. ამიტომ დემოკრატიის დამკვიდრებაში გარეშე ძალის გადაჭარბებული იმედი ნუ გვექნება, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის ნებასა და ბრძოლისუნარიანობაზე არის დამოკიდებული.
რაც შეეხება ფედერალიზაციიისა და კონფედერაციის სისტემების გამოყენებას საქართველოს მთლიანობის აღდგენის საქმეში, თავისთავად, ფედერალიზაცია საქართველოსთვის უფრო მისაღები ფორმაა, რადგან აღნიშნულ სისტემაში ბევრად ძლიერი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მქონე ცენტრი არსებობს, რაც სახელმწიფოებრივ მთლიანობას მეტად იცავს, მაგრამ თუ საქმე მიდგება რუსეთის მხრიდან დაკარგული ნდობის აღდგენის ფაქტორიდან გამომდინარე არჩევანის წინაშე, რომ ან საქართველოს კონფედერაცია ან ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივის საერთოდ დაკარგვა, თავისთავად, ასეთ შემთხვევაში კონფედერაციის ვარიანტზეც შეიძლება საუბარი მისი სახელმწიფოებრივი კონსტრუქციის მდგარადობის კონკრეტული მყარი გარანტიების შექმნის საფუძველზე.
ამგვარი მყარი გარანტიების მისაღებად უამრავი საკანონმდებლო ბარიერი შეიძლება აღიმართოს. მაგალითად, კონფედერაციიდან გამოსაყოფად აუცილებელი უნდა იყოს კონფედერაციის სუბიექტში რეფერენდუმის ჩატარება. ამავე დროს, რეფერენდუმის ნებართვას უნდა იძლეოდეს ამავე სუბიექტის პარლამენტის შემადგენლობის ორი მესამედი. ამგვარი რეფერენდუმის ჩატარების უფლება კონფედერაციის სუბიექტს უნდა მიეცეს კონფედერაციის შექმნიდან 10 ან 20 წლის გასვლის შემდეგ და ასეთივე ვადა უნდა იყოს საჭირო შემდგომი რეფერენდუმის ჩატარებისთვის.
ამავე დროს, აფხაზეთთან კონფედერაცია უნდა შეიქმნას მას შემდეგ, როცა ლტოლვილები მთლიანად დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და ამისთვის შესაბამისი პირობების გარდა უნდა გამოიყოს რამდენიმე წლიანი ვადაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლტოლვილების დაბრუნების შემდგომ აფხაზეთში ქართული მოსახლეობა უნდა გახდეს მისი საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, ასეთ ვითარებაში ამგვარი რეფერენდუმის შედეგებით კონფედერაციის დაშლის ვერანაირი საფრთხე ვერ შეიქმნება. ამასთან, კონფედერაციის მთლიან ტერიტორიაზე მოსახლეობის საცხოვრებლად გადადგილება შეზღუდული არ უნდა იყოს და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირი ბერკეტებით უნდა შეუწყოს ხელი ძირძველ ქართულ რეგიონში აფხაზეთშიქართული მოსახლეობის ჩასახლება-გამრავლებას.
(როცა ვწერ აფხაზეთზე, ვგულისხმობ ჩვენს შიდა ქართლსაც, ისტორიულ-პოლიტიკური რეალობით სამხრეთ ოსეთად ქცეულს და ვთვლი რომ ამჟამად ლიახვისა და ქსნის ხეობების ქართულად კვლავ ამეტყველება და ქართულ სივრცეში მათი მოქცევაა უმთავრესი ამოცანა და არა სახელწოდებისა თუ პოლიტიკური სტატუსის გამო მეორეხარისხოვანი კინკლაობისთვის აღნიშნული მთავარი ამოცანის განუხორცილებლობა).
მოკლედ, ზემოთ მითითებული გარანტიები იმდენად მტკიცე უნდა იყოს, რომ საქართველოს კონფედერაციის დაშლა მხოლოდ მისი ფედერალურ სახელმწიფო წყობად გარდაქმნის შემთხვევაში იქნეს შესაძლებელი და არა საქართველოს რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლით, რომლის თეორიული საშიშროების გამო ამ საკითხებზე მსჯელობის მსურველებს ამჟამად ჯვარზე აკრავენ ქართველი ურაპატრიოტები. ხოლო ის რომ საქართველო არსებული პოლიტიკური პასიურობით ორ ათეულ წელზე მეტია ფაქტობრივად რამდენიმე სახელმწიფოდ უკვე დაშლილია და ამ სეპარატისტული სახელმწიფოების არსებობის გარანტიას უზრუნველყოფს ევროაზიური კონტინენტის ჰეგემონი ქვეყანა რუსეთი, რაც ჩვენი ძირძველი ქართული რეგიონების სამუდამოდ დაკარგვის რეალური საფრთხის საფუძველია, ამას, რატომღაც, არადეკვატურად აფასებენ და შეურაცხყოფის მიზნით მას პუტინოიდურ მსჯელობას უწოდებენ.
ანალოგიურად, სარკასტულად მეც შემიძლია ვუწოდო მათ შეხედულებებს მისი მთავარი იდეოლოგისა და პოლიტიკაში გამტარებლის სახელიდან გამომდინარე, მიშოიდურ-შიზოიდური, მაგრამ განა ცარიელი სიტყვების ფარიკაობით გულის მოოხებას ამ ქვეყნისთვის რაიმე სარგებელი მოაქვს?
ოპონენტები იმასაც ამტკიცებენ, რომ თითქოს რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას პერსპექტივა არა აქვს, რადგან ეს უკვე სცადეს საქართველოს წინამორბედმა ლიდერებმა და ვერაფერს მიაღწიეს იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან არაკონსტრუქციული პასუხი მიიღეს, ანუ ცივ კედელს წააწყდნენ, რომლის გადალახვა შეუძლებელიაო.
მათ საპასუხოდ კატეგორიულად მინდა ვთქვა, რომ ბოლო 25 წლის დამოუკიდებელი საქართველოს ჯერ არცერთ ლიდერს რუსეთის ხელისუფლებასთან სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ არანაირი მაღალი დონის მოლაპარაკებები არ ჰქონია და რაც იყო, ისინი ეხებოდა მხოლოდ ლოკალური საკითხების მოგვარებას, რომლებიც ურთიერთუნდობლობისა და დაპირისპირების კალაპოტში ყოფნის გამო, ხან ერთი მხრიდან ირღვეოდა, ხან მეორე მხრიდან.
ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველა ქართველი ხელისუფალი საქართველოს ნატოს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის წევრად მოიაზრებდა და თავისთავად, ამის გამო რუსეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე მოლაპარაკებას ვერ გამართავდა, ხოლო თუ ვინმეს სჯერა აგვისტოს ავანტიურის დამღუპველი შედეგების გამო სიცრუითა და თაღლითობით ცნობილი სააკაშვილის თავის მართლებისა, რომ თითქოს მან ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტისთვის მანამდე რუსეთს უპირობო მოლაპარაკება შესთავაზა, მაშინ მის გულუბრყვილობას საზღვარი არ ჰქონია.
ამასთან, თუ კი ვინმეს იმის დამტკიცება სურს რომ რუსებს ქართველების მიმართ განსაკუთრებული ფობია სჭირთ და ამ ვერსიის დასასაბუთებლად ათასნაირ თეორიებს თხზავენ, დაუფარავად ვიტყვი, რომ ისინი არიან პოლიტიკური მიზნებით რუსეთ-საქართველოს მტრობის სამსახურში მყოფნი და მათ ერთადერთი მოტივი ამოძრავებთ, რომ როგორმე გაამართლონ თავიანთი ანტირუსული გაკოტრებული პოლიტიკა.
რა თქმა უნდა, არსებობენ რუსი შოვინისტები, რომლებიც სიძულვილით არიან განწყობილნი არა მარტო ქართველების, არამედ, საერთოდ, ყველა სხვა ეროვნების მიმართ, მაგრამ ამგვარი მარგინალური მცირერიცხოვანი ჯგუფები ყველა ერშია. ისინი ვერ განსაზრვრავენ რუსეთის პოლიტიკის მიმართულებას და ამაში, თუ სიმართლეს ვიტყვით, არც ქართველობაა გამონაკლისი.
მე პირიქით ვფიქრობ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფ ერებში ქართველების მიმართ რუსებს ყველაზე ლოიალური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გააჩნიათ, ვაზუსტებ, ლაპარაკი მაქვს ეროვნულ-ადამიანურ ურთიერთობებზე და არა ქართული სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულებაზე. ამაში კი დიდი დამსახურება რუსეთის ისტორიაში თავიანთი გამორჩეულობით ცნობილ ჩვენს თანამემამულეებს მიუძღვით დაწყებული რუსეთის არმიის გენერლის პეტრე ბაგრატიონიდან დამთავრებული იოსებ ჯუღაშვილი-სტალინით, რომელიც ლიბერალისტური სექტის მხრიდან მრავალათეულწლოვანი აღვირახსნილი კრიტიკის მიუხედავად, უკანასკნელი გამოკითხვებით რუსი ერის უმრავლესობაში ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ არის აღიარებული.
ამავე დროს, ქართული კულტურა, განსაკუთრებით კინოხელოვნება, ცეკვა თუ სიმღერა, ქართული სუფრის ტრადიციები რუს ერში საკმაო სიმპატიას იმსახურებს, ხოლო ერთმორწმუნეობა უფრო მეტად აძლიერებს სულიერ სიახლოვეს. ეს ისეთი კატეგორიებია, რომლებიც კიდევ დიდ ხანს იქნება ქართველ და რუს ერებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშემყობი გარემოს შემქმნელი და ამას გამოყენება სჭირდება და არა ბრიყვულად, საკუთარი ერის საზიანოდ ფეხქვეშ გათელვა და ხელის კვრა, რასაც სწორედ დასავლურ გრანტებზე შემომჯდარი ლიბეროინტელექტუალები ახორციელებენ.
რუსეთთან დიპლომატიური მიდგომის გამორჩეულ მაგალითს იძლევა ჩვენი პატრიარქი ილია II. მან რუსეთის საპატრირქოსთან სწორი პოზიციის დაჭერით მოახერხა ის, რომ აფხაზეთი კვლავაც საქართველოს ეპარქიის შემადგენლობაშია, ხოლო ამა წლის დასაწყისში კრემლში რუსეთის პრეზიდენტმაც მიიწვია. ამ შეხვედრის შესახებ თავად პატრიარქმა ბრძანა: "ჩემი ვიზიტის მიზანია დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც მრავლად დავუშვით. ვფიქრობ, გვეყოფა სიმამაცე და სიბრძნე იმისათვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი.”
საპასუხოდ არც რუსეთის პრეზიდენტმა დაიშურა თბილი სიტყვები ილია II-ის მიმართ: „განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ იმისათვის, რომ დღევანდელ რთულ პირობებში (რთულში ვგულისხმობ რუსეთსა და საქართველოს შორის არცთუ ადვილ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს), აკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარულ, სასულიერო, კულტურულ კონტაქტებს ჩვენს ორ მოძმე ერს შორის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა ეს სიტყვები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თქვენი ხილვა მოსკოვში.“
შეიძლება ითქვას რომ პატრიარქმა შესანიშნავი ფონი შექმნა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს დონეზე შეხვედრისათვის, სადაც პრიორიტეტულად უნდა დადგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. მაგრამ ამგვარ მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს ისეთი მსოფლმხედველობის მქონე ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და წითელი ხაზი საქართველოს ევროკავშირ-ნატოში გაერთიანების ორიენტაცია კი არ იქნება, არამედ დაკარგული ტერიტორიებზე ლტოლვილების დაბრუნებისა და მასზე თანდათანობით საქართველოს იურისდიქციის აღდგენის რეალური სტრატეგია.
თუ ქართველი ხალხის პრიორიტეტული ამოცანაა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, მაშინ მან შემდგომი არჩევნებით სწორედ ამგვარი კონცეფციების მქონე პოლიტიკური ძალა უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში. ამ კონცეფციის მთავარი არსი კი პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებაზე უარის სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელება უნდა იყოს.
ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ თუ რა მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია რუსეთს საქართველოს მიმართ და მათ განხორციელებას სწორედ საქართველოს ნატო-ევროკავშირისკენ ორიენტაცია უშლის ხელს, რომლის საპასუხოდაც შეგვიქმნა რუსეთმა აღნიშნული პრობლემები, ხოლო თუ ეს უგუნურად ჩაკვეხებული კედელი მოიხსნება, ყველანარი ლოგიკითა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირით საქართველო გამთლიანების სწორ გზას დაადგება.
საპირისპირო 25 წლიანი პოლიტიკური სტრატეგიის კატასტროფული შედეგები ხელის გულზე დევს და ვფიქრობ ამას უკვე ქართველი ხალხის უმრავლესობაც კარგად ხედავს, უბრალოდ, მას გამიზნულად შეუქმნეს ისეთი გაუსაძლისი პირობები, რომ საქვეყნო საქმეებზე არ იზრუნოს. არადა, ცოტა მეტი დაფიქრებაა საჭირო, რათა ქართველმა ხალხმა ბოლომდე გაიცნობიეროს, რომ მისი ეს გაუსაძლისი მდგომარეობა სწორედ ნატო-ევროკავშირის ორიენტაციით არის გამოწვეული.
დასასრული იქნება