შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დაიანა ჯეინსმა საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობა დაასრულა. შვედ დიპლომატს გამგზავრებამდე დღეს ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განიხილეს. საუბრისას ასევე, საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოღვაწეობა შეაჯამეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაიანა ჯეინსს შვედეთის სამეფოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოსა და შვედეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროები წლების განმავლობაში სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობენ. ორმხრივი ურთიერთობის გეგმა შეიარაღებული ძალების სტრუქტურის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს, მათ შორის, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და პერსონალის მართვის, ასევე, იურიდიულ სფეროში კონსულტაციებს. საქართველოსა და შვედეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები ერთობლივ წვრთნებს საერთაშორისო სწავლება VIKING-ის ფარგლებშიც გადიან.