პაპუნა ორბელიანის XVIII საუკუნის „ამბავნი ქართლისანი“
ცხადია, ამ ამბავს არ მოგვითხრობს.
ამიტომ, გადავწყვიტე ეს „ხარვეზი შავავსო“,
და ნადირობის სეზონის საბაბით,
ერთი „უცნობი ამბავი“ მეც შემოგთავაზოთ.
შუაწელი თრიალეთის პირაქეთა კალთებს, თეძმის ხეობის გავაკებაზე, ემიჯნება საკაცეთი - ერთი უძველესი სოფელი, რომელსაც გარდასულ დროთა სიავემ ქართული სახელი დაუკარგა. ბევრს გაგონილიც ექნება, მაგრამ სახელნაცვალი, ბგერათა უცნაური შეხამებისა და არასასიამოვნო ჟღერადობის გამო, ალბათ, არასწორი დასკვნების საგნად ქცეულა, მეტის გაგებას კი არავინ გამოდევნებია.
სოფელს ყარაღაჯი ჰქვია, რაც, სავარაუდოდ, „შავ ხეს“ ნიშნავს. წინაპართა გადმოცემით, შემოსეულ მტერს იქაურობა გადაუწვავს. ერთი უზარმაზარი თელა, ტოტებშემომწვარი და შავად შერუჯული, შემოსეულთათვის ადგილის მიმანიშნებელ საგნად ქცეულა, როგორც ადვილად მისაგნები და თვალშისაცემი რამ. მას შემდეგ, სოფელსაც ეს სახელი დაერქვა - „ყარა ღაჯი“ - შავი ხე.
პატარა დრამა, რომლის მონაწილეც თვითონ ვიყავი, ამ სოფლის სანახებში მოხდა. არაჩვეულებრივი, თითქოს არაფერი იყო. მაგრამ, გარემოებათა დამთხვევისა თუ სხვა მიზეზების გამო, მომხდარმა ჩემში ძლიერი ემოცია გამოიწვია, დამაფიქრა, და იქნებ ამ მონათხრობის შემდეგ, ზოგიერთი ნაკლებსაყურადღებო მოვლენა თუ შემთხვევა, სხვებისთვისაც მეტი ყურადღების და განსჯის საგნად იქცეს.
* * *
ნადირობის მოყვარულს, ალბათ აღმოჩენად არ ჩაეთვლება სოფლის სანახებში ქორ-ძერის უჩვეულო სიმრავლის შემჩნევა. ახლო-მახლო სხვა ჯიშის მტაცებლები არ ჭაჭანებენ და სოფლის შემოგარენი, თეძმის ხეობის მიმდებარე ადგილები და მთის ფერდობთა გავაკებანი ფრთოსანი მტაცებლების ველური ბუნების ასპარეზად ქცეულა. საყურადღებო ის არის, რომ უმწეო ფრინველები, ამავე ველების მკვიდრი გვირილა, ქედანი თუ გვრიტი, სხვა პაწია ჩიტუნები, გაცილებით ნაკლებად უფრთხიან ადამიანებს, მათ სიახლოვეს ისე არ ერიდებიან, როგორც ეს მტაცებლები.
საფიქრებელია, რომ ქორისებრთა ოჯახის ლეშიჭამიები, მათზე თავდასხმას მიუჩვეველნი, ვინმეს ან რაიმეს მიახლოებას არაბუნებრივად აღიქვამენ, ორგანულად ვერ ეგუებიან ამას და გამოუცნობის მიმართ შიში აფრთხობთ. ბალახისა და მწერიჭამია ფრინველებს კი გაჩენის დღიდან ემტერებიან როგორც ქორდიანების მოდგმის, ისე კაცთა მოდგმის მტაცებლები, სიფრთხილის ინსტიქტი კი ასე საპირისპიროდ აქვთ განვითარებული და ეს არაბუნებრივად ჩანს. ერთი სიტყვით, ქორისებრთა მოკვლა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან მკვლელობის იმდენი ხერხი და გამოცდილება არსებობს, რომ სულ ახლისა და ახლის მიგნებაში ადამიანის ფანტაზიას ალბათ ტოლს ვერაფერი დაუდებს. სექტემბრის ერთ საღამოს ამაში სულ უბრალოდ დავრწმუნდი.
ნადირობით დაქანცული სამ ამხანაგთან ერთად სოფლისკენ ვბრუნდებოდი. დაღლილები ვიყავით, მაგრამ თვალი მაინც აქეთ-იქით გაგვირბოდა. გზის პირას გაშლილ სიმინდის ყანაში კი სუსტ ნიავს აყოლილი მოქნილი ფოთლები იდუმალ შრიალს გამოსცემდნენ და თითქოს მწვანე სიგრილეში თავშეფარებულ მწყერს სთავაზობსო, თავისკენ გვიზიდავდნენ.
ცდუნებას ვერ გავუძელით, გზიდან გადავუხვიეთ და ყანას შევერიეთ.
გრძელი, მწვანე ფოთლების შრიალი თურმე სიურპრიზს გვთავაზობდა.
სულ ახლოს რაღაცამ შეიფრთხიალა, მზერა ხმაურის წყაროსკენ გამექცა და თვალი მოვკარი ცისკენ გაჭრილ ორ ქედანს. იმავე წამს გაისმა სროლის ხმაც - ჩვენს შორის ყველაზე მარჯვემ და აზარტულმა, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა.
ასე დაიწყო და გადაება ერთმანეთს მოულოდნელობათა ჯაჭვი, იმ „ჩვეულებრივი“ მოულოდნელობებისა, ნადირობის დროს რომ გადაეყრება კაცი, როცა დაძაბული აზრი და დატენილი ვაზნა, ერთი-მეორის მიყოლებით ფეთქდება და მონადირე ნადირობის ქალღმერთის აზარტული ვნების იარაღი ხდება.
მიზანში ნასროლმა ტყვიამ ერთი ფრინველი ბელტივით - მოწყვეტით დაუშვა მიწაზე. მეორე, ცალად დარჩენილი კი ნაცვლად იმისა, რომ იქაურობას გასცლოდა, მკვეთრად შემობრუნდა, მიწისკენ დაქანდა, თითქოს თავის დაკოდილ მეგობარს დაედევნა. შემდეგ, ჩვენსკენ წამოვიდა - თავზე გადაგვევლო, ისევ შემობრუნდა, შურდულივით გაიელვა ჩვენს წინ.
ფრინველის უმწერო რისხვისა და მუქარის შემცველმა, გაბედულმა შემართებამ გაგვაოგნა... გადარჩენილი ყოველთვის გარბის, ეცლება სახიფათო ადგილს. ამ ცხოველურ, ბუნებრივ ინსტინქტს ზოგჯერ ადამიანიც ემორჩილება. აქ კი... არავითარი შიში, არავითარი ინსტიქტი გადარჩენისა. მისი მოკვლა კი თავისუფლად შეგვეძლო.
არც ერთ ჩვენგანს სროლა აღარ უცდია. ვიდექით და უხმოდ შევცქეროდით ამ გიჟურ ფრენას - თავაწყვეტილსა და სასოწარკვეთილს. შევცქეროდით და თანდათან სიცხადე ეფინებოდა ჩვენ აგზნებულ გონებას... დაბნეულები ახლაღა მივხვდით, რომ ეს იყო „შინაური“ მტრედი, ადამიანს შეჩვეული და მისი სისასტიკით თავზარდაცემული.
ჩამოვარდნილი მტრედი მოვძებნეთ. ნადავლის პატრონმა ის ხელში აიყვანა, ჩვენც მივუახლოვდით და სანახაობამ შეგვზარა: ორი წითელი წერტილი მოგვჩერებოდა, სისხლით დაფარული თვალის გუგები მოძრაობდნენ, თითქოს ჩვენ გვათვალიერებსო. თავზე, თვალებში ნატყვიარი არ ჩანდა, ფოსოები კი სისხლით ჰქონდა სავსე. ელვარე სისხლიან მასაში ჩვენი წითელი ანარეკლი ჩანდა.
ეს ანარეკლი მალე დაიბინდა და ჩვენი გამოსახულება სიკვდილმა წაშალა. მოძრავი წითელი წერტილები გაიყინა...
ყანიდან გამოვედით. ირგვლივ ბუნების მძლავრი სუნთქვა იგრძნობოდა. სიცოცხლისადმი უსაზღვრო ტრფიალს ასხივებდა ცა, ველი, ხე თუ ბუჩქი, მინდვრის უთვალავი ყვავილი. ჰორიზონტისკენ საკმაოდ გადაწეული მზე კი სინათლედ იღვრებოდა და ყველას და ყველაფერს სიცოცხლისაკენ მოუწოდებდა.
ამას დანახვა უნდა, და როცა დაინახავ, უთუოდ გაოცდები, რომ ამ სილამაზეს თურმე შექმნის დღიდან დაენათლა სიკვდილი, და ეს მისი არსებობის წესი გახდა.
სიკვდილ-სიცოცხლის და სილამაზის ერთდროულად მატარებელ სიმბოლოდ იქცა მტრედიც. ცალად დარჩენილი ის ისევ „იმ ადგილს“ დასტრიალებდა, ოღონდ უფრო ამაღლებულიყო ცაში, ჩვენ გაგვრიდებოდა, მაგრამ წასვლასაც არ ეშურებოდა, არ ეთმობოდა...
საიდანღაც ძერა გამოტყვრა. თავიდან ჩვენი ყურადღება არაფრით მიუქცევია, მაგრამ ფართო ფრთები მძიმედ რომ შეარხია და უმწეოდ მოფარფატე მტრედისკენ წამოვიდა, ჩვენც შევამჩნიეთ. ახალი ნადირობა იწყებოდა, უნდა აღსრულებულიყო ბუნების მეტად ჩვეულებრივი წესი - ერთი სიცოცხლის ფასად, გაგრძელებულიყო მეორე.
თვალწინ ისევ სისხლიანი წერტილები ამოძრავდა... მაგრამ, ამჯერად ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა. მტრედმა მტაცებელი როგორღაც, იოლად ჩამოიშორა და სადღაც გადაიკარგა.
ხელმოცარული ძერა კი ჩვენგან შორიახლოს დაეკიდა ცაში. სუსტ ნიავს მინდობილი გაშლილ ფრთებს არ არხევდა. მცხუნვარე მზისგან გახურებული მიწიდან, ზევით წასული თბილი ჰაერის ნაკადი ამის საშუალებას აძლევდა, და ისიც იყენებდა დედამიწის გოლიათურ სუნთქვას.
ასე მოცურავდა ჩვენსკენ, თითქოს ფრთების შერხევა ეზარება, გარინდებიდან გამოსვლა უჭირსო. ამ მონოტონურობაში ვიგრძენი, რაღაც მზადდებოდა...
ალბათ, ყველას ერთმა აზრმა გაგვიელვა - აშკარა იყო, რომ უძრავ საგნებს ჰაერში ძერა არ უფრთხოდა და ჩვენ, შესანიშნავი საშუალება გვეძლეოდა მისი მოკვლისა. ასეთი სურვილი კი ყველას გაგვიჩნდა. დრო აღარ დაგვიკარგავს, კონდახები მხრებზე მოვირგეთ და გავირინდეთ.
ფუტკრების საამო ზუზუნი ისმოდა. დედამიწა მშვიდად სუნთქავდა.
ეს მოჩვენებითი სიმშვიდე, რომლის სრულ ჰარმონიასაც მხოლოდ ჩვენი იქ ყოფნა ამახინჯებდა, უნდა დარღვეულიყო. ჩვენი დაძაბული მზადყოფნა ეხლა უკონტროლოდ იყო მინდობილი მოვლენათა მსვლელობას და... დაძაბულობაც განიმუხტა.
ოთხი ვაზნა დაიცალა, ერთბაშად გაცხელდა ოთხი ლულა. მყუდროება საშინელმა ბათქმა დაარღვია. ზედიზედ ნასროლ ტყვიათა დაჯახებისაგან მტაცებელი შექანდა, შეტოკდა. დადუმდა ბოლოს ნასროლი თოფი და თითქოს უკანასკნელი „საყრდენი“ გამოეცალა ჩვენს მსხვერპლს: ოთხივეს დაძაბული მზერა ერთი წერტილისკენ იყო მიმართული და ცხადად აღვიქვით, რომ პირველივე გასროლა სასიკვდილო იყო, დანარჩენმა სამმა კი მხოლოდ შეაყოვნა მისი ძირს ვარდნა და სიკვდილის მატარებელმა ტყვიებმა, „საყრდენებად“ ქცეულებმა, ჰაერში ყოფნა გაუხანგრძლივეს უძალო სხეულს... ეს სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა.
ასე დამთავრდა ჩვენი ნადირობა.
მაგრამ მკითხველი ამ „მკვლელობის“ გამოცდილების გაზიარებისთვის არ შემიწუხებია. მინდა, ის სულ სხვა რამეს ჩაუფიქრდეს...
სროლის ხმაზე მახლობელ ბუჩქნარს მოწყვეტილი ბეღურების ვეება გუნდი მარაოსავით გაიშალა და მოკრიალებული ცის ფონი მოძრაობის - სიცოცხლის მატარებელი ამ ულამაზესი ფორმით შეივსო.
ბეღურებმა ჩვენს თავზე ფართო წრე შემოხაზეს, დაგვჭყივლეს და სამხრეთით, თრიალეთის მთების ნისლნარევ სილურჯეში გაუჩინარდნენ.
სიცოცხლისა და სიკვდილის ამ საოცარ ასპარეზზე, მარტონი დავრჩით.
ამ მინდვრების მკვიდრი, პატარა არსებებისგან დაცლილი ველის გარინდებას, ჩვენი იქ ყოფნა ვერ ავსებდა. თითქოს სოფელიც, მთელი მისი შემოგარენიც, გაუკაცრიელდა. ფუტკრების ზუზუნიც აღარ ისმოდა. ბეღურების ჭყივილ-ჟივჟივი კი კვლავ ჩამესმოდა და თითქოს დაკარგულს ეძებსო, მთების ფერმკრთალ სილურჯეს მიბჯენილ მზერას, გონების აკვიატებულ აზრს რომ გაეყინა, თვალი ვერ წავართვი. იქ, ფიქრნარევ ბურუსად ქცეულ უსახო სივრცეში, ერთ დროს გადამწვარი ჩემი სოფლის, მომხდურებისა და აყრილი, აწიოკებული ადამიანების ლანდებს ვეძებდი...
უცნაური რამ ხდებოდა. ირგვლივ ყველაფერი გამარტივდა, გულის ამაჩუყებლად უბრალო და ძვირფასი გახდა. ამ მოჩვენებით სიმარტივეში მოვლენებმა და საგნებმა სულ სხვა აზრი და თვისება შეიძინეს, იმაზე მეტი, ვიდრე ამას თვალი, სმენა და გონება აღიქვამდა ამ წუთამდე, და გაერთიანდნენ: სულიერი და უსულო, ფერი, ფორმა და ხმა, სამშობლო და სიყვარული - ერთ მცნებად იქცა... სოფელი. ამ სიტყვამ ყველა სხვა მცნება დაიტია, რაიმეს დამატება ან გამოკლება შეუძლებელი იყო. მხოლოდ ასე წარმომედგინა ადგილი, სადაც ვიდექი.
ეს ჩემი „აღმოჩენა“ იყო.
აღმოჩენაა, როცა პატარა სოფელში მთელ სამყაროს დაინახავ და დიდი სიყვარული უმნიშვნელო საგნებში დაკონკრეტდება.
სოფელი ყარაღაჯი. საქართველოში ბევრია სახელნაცვალი ქართული დასახლება. ერთი მათგანი თრიალეთის გავაკებაზე, თეძმისპირა უძველესი სოფელია. ის სულაც არ არის ზერელე დასკვნების გამოტანის ღირსი. პირიქით, მისი სახელი ბევრ რამეზე მიგვანიშნებს.
ამაღელვებელია ერთი აქაური თქმულება: ყველა დაღუპული ქართველი მეომარი, რომელიც უწინ ამ ადგილებში იბრძოდა, თურმე უწყინარ ფრინველად იქცა და თავის ნაფუძვარს ახალ ბინადრად მოევლინა. მათი ხელით განგმირული ყოველი მომხდური კი ყვავ-ყორნად ქცეულა.
ნუ გაგიკვირდებათ მათი სიმრავლე ჩვენს სოფლებში.
მინდა ყველამ იცოდეს: თუ სადმე შეამჩნევთ ყვავ-ყორნისა და ქორ-ძერის სიმრავლეს, გჯეროდეთ თქმულებისა, იცოდეთ, რომ ამ ადგილებში ჩვენს წინაპრებს დიდი ბრძოლები ჰქონიათ. გმირულად დაღუპულნი კი, თვალისა და სმენის დამატკბობელ ლამაზ, უწყინარ ფრინველად ქცეულან. ეს სილამაზე მათი ხსოვნაა და ეხლა ჩვენგან თხოულობს დაცვას, ამიტომ არ გვერიდებიან.
კარგად დააკვირდით, მოუსმინეთ - ამას თქვენც აღმოაჩენთ.