საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი   თუ  ევრაზიული კავშირი   (მეცამეტე   ნაწილი)

საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეცამეტე ნაწილი)

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ნატო-ევროკავშირისა და ნეიტრალიტეტის გამოუსადეგრობის აღიარების შემთხვევაში რჩება ერთადერთი ალტერნატივა ევრაზიული კავშირის სახით, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო გაერთიანების ჩამოყალიბებისათვის იბრძვის რუსეთი. მისი საშუალებით სურს დაიბრუნოს და განიმტკიცოს მსოფლიოში დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრის (პოლუსის) სტატუსი, რომელსაც ექნება თავისი გავლენის ზონებისათვის ბრძოლის პოტენციალი. უკრაინისა და კავკასიის გარეშე რუსეთი ემსგავსება დასავლეთიდან და სამხრეთიდან მოღიავებული კარების მქონე დარჩენილ სივრცეს, რომლიდანაც ხედავს დასავლეთის დამიზნებულ რაკეტებსა და მის დასაჩოქებლად გამზადებულ სამხედრო არმადას.

რაც არ უნდა სანდოობის გამომხატველი და ღიმილიანი ნიღბით ამტკიცონ დასავლეთის დიპლომატებმა, რომ რუსეთთან არანაირი გეოპოლიტიკური დაპირისპირების სტრატეგიული გეგმები არ გააჩნიათ, ფაქტები სხვა რამეს მიუთითებენ. სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ნატოს სახით საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის მშვიდობიანი დაშლის შემდეგ უკანასკნელი 20 წლის მაძილზე  აღმოსავლეთისკენ ტაიფუნივით მოექანებოდა, მაშინ როცა არსებობდა 1989 წლის მალტის შეთანხმება, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდგომ ამ ტერიტორიებზე ნატო თავის ბაზებს არ განალაგებდა. საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ აღიარებული იქნა რუსეთი, ამიტომ სამართლებრივად აღნიშნული პირობა უნდა შესრულებულიყო რუსეთის მიმართაც.

რუსეთისათვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა უშუალოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს შემოჭრის სტრატეგიული გეგმები, რაც  ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატოში მიღების დაპირებით  განცხადდა, რომლის რეალური პასუხი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა და ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგება, ხოლო შემდგომ უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმის სრული ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ომის მხარდაჭერა.

დიახ, რეალობაა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სეპარატისტულ ომს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და მას შემდეგაც დაუჭირა მხარი, რაც 90--იანი წლების დასაწყისში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ქართველების გამოდევნით დასრულდა, მაგრამ განა ეროვნული მოძრაობის მთავარი ლოზუნგი დასავლეთსა და ნატოში  საქართველოს ინტეგრაცია არ იყო, რომლის გამო პოსტსაბჭოური სივრცის რუსეთის გავლენის შენარჩუნების პროექტში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში - დსთ-ში შესვლის იდეა ქვეყნის ღალატად ითვლებოდა და მასზე უარის თქმას შეეწირა კიდეც გამსახურდიას ხელისუფლება, სხვათა შორის, აშშ-ის ფარული დასტურით, რადგან მაშინ მამა ბუშის ადმინისტრაცია მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების სრულ სუვრენიტეტს უჭერდა მხარს, ხოლო დანარჩენ რესპუბლიკებზე რუსეთის გავლენას აღიარებდა, ხოლო გამსახურდიას დინების საწინააღმდეგოდ მცურავს უწოდებდა.

შევარდნაძე, როგორც გორბაჩოვი 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან რეალურად დასავლეთის ინტერესების სამსახურში ჩადგა და მხოლოდ სოხუმის დაცემის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს დსთ-ში შეყვანა, ხოლო ომის გზით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების დამორჩილება იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, რადგან საგარეო ურთიერთობებში დიდი გამოცდილების მქონე შევარდნაძეს, წესით უნდა სცოდნოდა, რომ რუსეთი არ დაუშვებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე კონტროლის დაკარგვას და მათზე, როგორც საქართველოზე პოლიტიკური ზემოქმედების იარაღის ხელიდან გაშვებას.

ხოლო კითხვა იმის შესახებ, რომ დსთ-ში შესვლის შემდეგ რატომ არ დაუშვა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პასუხი მარტივია- შევარდნაძემ კვლავ გააგრძელა აქტიური პროდასავლურ-პრონატოური კურსი. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი (NACC); 1994 წლის 23 მარტს საქართველო შეუერთდა ნატო-ს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამას (PfP); 1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო-ში პირველი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (Individual Partnership Program - IPP );
1999 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში;

ამავე დროს 1999 წლის სტამბულის სამიტზე შევარდნაძის დიდი ძალისხმევით გადაწყდა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების სრული გაყვანის საკითხი, რომელიც ამჟამად განხორციელებულია, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წლის მოვლენების შემდეგ რუსეთმა კვლავ შექმნა თავისი მძლავრი სამხედრო ინფრასტრუქტურა.  

ანალოგიურად შევარდნაძის პოლიტიკის დამსახურებაა ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს და გადააქვს ნახშირწყალბადები საქართველოს გავლით. ამ ხაზის წარმადობა წლიური 5,75 მილიონი ტონაა (115 ათასი ბარელი/დღეში), თუმცა დამატებითი საქაჩი სადგურების მონტაჟის შემთხვევაში, წარმადობა გაიზრდება 10 მილიონ ტონამდე (200 ათასი ბარელი დღეში).

ასევე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შემუშავებულია კასპიის ზღვის აუზის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. მილსადენი ყოველდღიურად დაახლოებით 1 მილიონ ბარელ აზერბაიჯანის ნედლ ნავთობს, ყოველწლიურად 50 მილიონ ტონას, საქართველოს გავლით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტში - ჯეიჰანში გადააქვს.

ამავე პერიოდში მწყობრში ჩადგა სამხრეთ კავკასიური გაზსადენიც, რომელიც  გადაიტანს გაზს შაჰ დენიზის საბადოდან მომხმარებლებამდე საქართველოში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. 690 კილომეტრზე გადაჭიმული გაზსადენი მიყვება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მარშრუტს თურქეთამდე, სადაც ის უერთდება თურქეთის გაზგამანაწილებელ სისტემას.

მანამდე აზერბაიჯანისა და შუა აზიის ენერგორესურსები მხოლოდ რუსეთის გავლით ხვდებოდა ევროპაში, რაც მის ხელში დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტია.

არავინ უარყოფს, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობის პლიუსები მასზე გამავალი აზია-ევროპის სატრანსპორტო დერეფნის სახით უნდა გამოიყენოს, რაც შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს და ქვეყანასაც პოლიტიკურ წონას მატებს, მაგრამ როცა საქართველოს ხელისუფლების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ამ დერეფნით დასავლეთის დაინტერესება გამოყენებული იქნას რუსეთთან დაპირისპირებისას მისი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ამას სიკეთე არ მოაქვს ქვეყნისთვის, რადგან ეს კიდევ უფრო ამწვავებს რუსეთთან ზიანის მომტან პოლიტიკას.

ამიტომ რუსეთთან შეთანხმების გარეშე ისეთი საერთაშორისო პროექტების განხორციელება, რომელიც მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებს მძიმე დარტყმებს აყენებს, შესაბამისად ზრდის რუსეთის აგრესიის მასშტაბებს საქართველოს მიმართ, მითუმეტეს, ვხედავთ, რომ ამ აგრესიისგან რეალურად დასავლეთი ვერ გვიცავს.  ამის დასტურად შეიძლება ითქვას, რომ დასავლური კორპორაციების მიერ ”ნაბუკოსა” და სხვა უფრო მძლავრი მილსადენების პროექტების განხორციელება სწორედ დასავლეთის მიერ  რუსეთის ფაქტორისგან მათი უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მოუგვარებლობის გამო გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ამიტომ  აღნიშნული  პროექტები ნამდვილად წარმატებულია, მაგრამ იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ  მათ გამო პარალელურად გაიზარდა საქართველოს საფრთხეები.

ასე რომ, შევარდნაძე, რომლის გარდაცვალება ამ წერილის დაწერას დაემთხვა, ტყუილად არ იყო აღიარებული დასავლეთის პოლიტიკური ლიდერებისა და ქართული საზოგადოების უმრავლესობის მიერ როგორც საქართველოს პროდასავლური კურსის მთავარი კონსტრუქტორი და პროდასავლელი პოლიტიკოსი. ასე რომ,  ასეთი ლიდერის მმართველობის პირობებში რუსეთი ნამდვილად ვერ იქნებოდა საქართვე;ლოს მიმართ კონსტრუქციული და ლოიალური პოლიტიკის გამტარებელი.

ამგვარი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, როცა რუსეთი საკუთარი  გავლენის ზონაში სრულიად საქართველოს მოქცევას თავის სასიცოცხლო ინტერესად თვლის,  რამდენად ლოგიკურია თავად საქართველოს ლტოლვა ნატოსკენ და პარალელურად იმის ვარაუდი რომ ამ გზით დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როცა ეს ტერიტორიები სწორედ ნატოს ორიენტაციის გამო დაკარგა და დღეს ის რუსეთს ხელში აქვს ჩაგდებული, როგორც საქართველოს დასჯისა და მასთან ვაჭრობის საგანი თუ ინსტრუმენტი.

ფუტუროლოგიური აზროვნებით ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მაგრამ რეალპოლიტიკაში, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა, ამგვარი რამე წარმოუდგენელია. საოცარია რომ, მეოთხედი საუკუნეა საქართველოში ფუტურისტ-უტოპისტთა პოლიტიკური ელიტა განაგებს საზოგადოებასა და სახელმწიფოსაც და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ მსუყე, მაგრამ ყალბი  დაპირებებით  ახერხებენ ხალხი ილუზიურ სამყაროში ამყოფონ, რასაც უდიდესი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური ზიანი მოაქვს საქართველოსთვის. 

ამ მდგომარეობიდან გამოსვლა  აუცილებლობას წარმოადგენს, ეს კი შეუძლებელია ალტერნატიული გააზრებული სამოქმედო სტრატეგიული კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებისა და მის გარშემო საზოგადოების შემოკრების გარეშე. რაც გახდება ქვეყანაში ოპტიმისტური რადიკალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების საფუძველი.

აღნიშნული ცვლილებების ბიძგი უნდა გახდეს სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის ახლიდან გააზრება და მისი საქართველოს ინტერესების სამსახურში ჩაყენება. ეს კი შესაძლებელია მთელი რიგი ფაქტორებისა და გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა რაციონალური გამოყენება რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების საქართველოს სასიკეთოდ წარმართვის დიდ შანსებს იძლევა.

ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ რუსეთის ინტერესები კავკასიაში და ამ ინტერესების გატარებაში საქართველოს როლი, რათა ისინი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე რუსეთთან მოლაპარაკებისას მომგებიანი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გავხადოთ.

ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ საერთაშორისო ურთიერთობებში რეალპოლიტიკის დოქტრინის ერთ-ერთი ფუძემდებლის ნიკოლო მაკიაველის  სასარგებლო შეგონება:  ”თუ ერთი დიდი ქვეყანა დაინტერესდება პატარა ქვეყნით, ამ პატარა ქვეყნის გადარჩენის შანსი ნულის ტოლია, მაგრამ თუ ორი დიდი და ძლიერი სახელმწიფო დაინტერესდება ერთი პატარა ქვეყნით, მაშინ ამ ქვეყანას უჩნდება გადარჩენის რეალური შანსი.”

სწორედ ამგვარ პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება სადღეისოდ საქართველო. ერთის მხრივ დასავლეთი დაინტერესებულია შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოზე გამავალი ენერგორესურსების სატრანსპორტო დერეფნით და ამიტომ ამ სივრცეზე სტაბილური გავლენით,  რისთვისაც მან საქართველოს ევროკავშირში ასოცირებაც განახორციელა და რუსეთის ფაქტორს თუ გადალახავს, მაშინ მისი ნატოში მიღების მზადყოფნასაც გამოთქვამს. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთი იბრძვის კავკასიის რეგიონში ისტორიული გავლენის შენარჩუნებისათვის და საქართველოს გავლით ერთგულ მოკავშირე სომხეთთან სახმელეთო (სარკინიგზო-სამანქანო) გზის გაჭრისთვის, რაც თავის მხრივ სჭირდება ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან: ირანთან, თურქეთთან,  სირიასთან, ერაყთან, ინდოეთთან მზარდი სასარგებლო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. 

რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში საქართველოს დაბრუნების შემთხვევაში კი დასავლეთის ოცნება  ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ  თოვლივით დადნება და რუსეთის ხელში კვლავ დარჩება დასავლეთზე პოლიტიკური ზემოქმედების მძლავრი ეკონომიკური იარაღი.

ამასთან ერთად, საქართველოს საიმედო პარტნიორობა რუსეთისათვის საჭიროა, რათა ჩრდილო კავკასიის მეამბოხე ისლამური ძალები სამხრეთიდან ბლოკირებულნი იქნენ თურქეთისა თუ სხვა ისლამური სახელწიფოებისგან, რაც შეუძლებელი გახდება თუ საქართველო დასავლეთისკენ იქნება ორიენტირებული და აქედან გამომდინარე წინა აზიაში ნატოს ფორპოსტის თურქეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.  ეს კი  ნიშნავს  ჩვენი ქვეყნის  რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ნატოს პოტენციურ პლაცდარმად გადაქცევას.

როგორც ვხედავთ, რუსეთს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება გააჩნია. ყოველივე ამას კი გაანალიზება და დიპლომატიურ ურთიერთობაში გონიერი, საქართველოსთვის დივიდენდების მომტანი პოლიტიკის წარმოება ესაჭიროება.

ამავე დროს, ისიც გასაცნობიერებელია, რომ რუსეთს კავკასიაზე გავლენის დაბრუნება-შენარჩუნებისათვის მეტი კოზირები უჭირავს, რაც გამოიხატება ატომური იარაღის მქონე ჰეგემონ ქვეყნებს შორის გავლენის ზონებისათვის დაპირისპირებისას ისტორიულ-გეოგრაფიულ ფაქტორებსა და ძალთა ბალანსირების სისტემის დაცვაში, რასაც აღნიშნული ქვეყნები ითვალისწინებენ მსოფლიო კატასტროფის მომტანი ომის თავიდან ასაცილებლად ურთიერთ შორის კომპრომისების ძიებისას.  ამ კუთხით კი  კავკასიის რეგიონში რუსეთს დიდ უპირატესობა გააჩნია. 

რუსეთი აღნიშნული ფაქტორების გამოყენებით ახერხებს კიდეც წარმატება მოიპოვოს კავკასიის რეგიონისთვის ჭიდილში, რომლის გამოვლინებაც არის იგივე აგვისტოს ომში მის მიერ ამერიკის მოკავშირე-სატელიტი ქვეყნის საქართველოს წინააღმდეგ დამსჯელი სამხედრო ექსპედიციის მოწყობა და მისი ორი სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციის შემდგომ მათი სუვერენიტეტის აღიარება და მათზე სამხედრო ბაზების განლაგება, რაც უკვე ანექსიის ნიშნებს შეიცავს.  

ამგვარ პირობებში  საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანდასახულობა თუ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა, მაშინ  კანონზომიერად კონსტრუქციული დიპლომატიური პოლიტიკა სწორედ რუსეთთან უნდა აწარმოოს და მასთან საერთო ენის გამონახვით მოაგვაროს მის წინაშე მდგომი  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამოკვეთილი პრიორიტეტული პრობლემა, თორემ უკვე ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ აფხაზეთისა და შიდა ქართლის რეგიონების დაბრუნება შედეგობრივად ისეა დამოკიდებული ამერიკის კონგრესის, ევროკავშირისა და გაეროს რეზოლუციებზე, როგორც  ბურუნდისა თუ სვაზილენდის სამეფოს ნებაზე.

ყალბი და არადამაჯერებელია ის პოზიცია, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია და მასთან დიპლომატიურ პოლიტიკას აზრი არა აქვს. ვერავინ უარყოფს იმ რეალობას, რომ  ის  პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები, რომლებმაც რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ანგარიში გაუწიეს, რუსეთთან მიმართებაში არანაირ კონფლიქტში არ იმყოფებიან და მასთან მომგებიანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც გააჩნიათ. მხოლოდ მოლდავეთი და საქართველო დაისაჯა რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცის მყისიერად დატოვებისა და მასთან დაპირისპირებულ ნატოს სივრცეში გადაბარგების  სტრატეგიის გამო, თუმცა მათ რიგებს ამჟამად უკრაინაც შეემატა უკვე დაკარგული ყირიმით და მასშტაბური სეპარატისტული კონფლიქტით აღმოსავლეთ უკრაინაში. ყარაბახის კონფლიქტს რაც შეეხება, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისტორიული ტერიტორიული  დავის გამოხატულებაა, რომელშიც რუსეთმა, საკვირველი არ არის, რომ ფარულად, მაგრამ ეფექტურად თავისი პოლიტიკურ-სამხედრო მოკავშირის, სომხეთის მხარე დაიჭირა. ამავე დროს რუსეთს სომხეთთან დადებული აქვს მესამე ქვეყანასთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ურთიერთდახმარების ხელშეკრულება.

ზოგიერთი აღიარებს კიდეც რომ საქართველოს საგარეო სტრატეგია წარსულში მცდარი იყო, მაგრამ მიიჩნევს რომ არსებული პოლიტიკური კონსტრუქციის რღვევა უკვე შეუძლებელია, რადგან რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არ წაიღებს და ამიტომ ამ მდგომარეობას უნდა შევეგუოთ რუსეთის  დასუსტებამდე ან მის სრულ დაშლამდე.

ყველა შეხედულებას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ რუსეთის იმპერია უკვე რამდენიმე ასეული  წელია არსებობს. აქედან 200 წლის მანძილზე კავკასია მისი პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა.  რამდენიმე გზის სახელწიფოებრივი კრიზისიც განიცადა, რომლის გამოვლინება იყო ერთი საუკუნის მანძილზე მეფის რუსეთისა და საბჭოთა  იმპერიის დაშლა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთს კავკასიასა და საერთოდ,  სამხრეთის მიმართულებით პოლიტიკურ ინტერესებზე უარი არასოდეს უთქვამს და ამისთვის საომარი ესკალაციისთვისაც არ აურიდებია თავი.  მაშასადამე, რუსეთის სახელმწიფო, თავისი ხალხის მენტალიტეტიდან გამომდინარე, ისეთი დაშლის საშიშროების მატარებელ ფენომენს არ წარმოადგენს, რომ საქართველოს ორ ანექსირებამდე მიყვანილ რეგიონზე, აფხაზეთსა და შიდა ქართლზე უარი განაცხადოს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ რაც დრო გავა, მით უფრო გაძნელდება ამ ტერიტორიების დაბრუნება. ჯერ ერთი, წლებს თავისი მიაქვს და მცირდება და ბოლოს საერთოდ არ შემორჩება ლტოლვილად ქცეული ის თაობები, რომლებიც ყველაზე მტკივნეულად განიცდიან საკუთარი მიწა-წყლის დაკარგვას და  რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მზად არის შესაბამისი პირობების  დადგომისას დაუბრუნდეს მშობლიურ მხარეს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

მეორეც, ამ საცხოვრებლად ძვირფას საკურორტო რეგიონებს თანდათან იკავებენ ათასი რჯულის ემიგრანტები და მერე მათი ასახლების უფლებას არც არავინ მოგვცემს, რაც ნიშნავს საცხოვრებელი ფართისა და ამის საფუძველზე ტერიტორიების  სამუდამო დაკარგვას, რადგან სხვა ეროვნების ახალმოსახლეებს საქართველოს ძალისხმევით გასახლების შიში მუდამ ექნებათ და ამის გამო მის შემადგენლობაში ცხოვრება არასოდეს ენდომებათ, რაც მსოფლიოში ერთა თვითგამორკვევის პრინციპების გაზრდილი მნიშვნელობის გამო ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. 

ამიტომ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს ტერიტორიების დაბრუნების ისეთი სტრატეგიის შემუშავება-განხორციელება, რომელიც ამ პროცესის დაწყებას რეალურ ბიძგს მისცემს და შეუქცევად ხასიათს შესძენს.

უდავოა, რომ ჩვენს ტერიტორიებზე ფაქტობრივი ლეგიტიმაცია რუსეთის მფლობელობაშია. ძალადობრივად მათი დაბრუნება ქართული სახელმწიფოს შესაძლებლობებს აღემატება და ეს ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დამტკიცდა ამ ექვსიოდე წლის წინ აგვისტოს ომში, ხოლო ავღანური და თუნდაც ჩეჩნური  სცენარით რუსეთის იძულება დათმოს საქართველოს ტერიტორიები, არადა, ამის მომხრე ცხელთავიანებიც არსებობენ, გამოიწვევს ერის გამოუსწორებელ გენოციდს, რადგან, ჯერ ერთი, ავღანელები რიცხობრივად 25 მილიონზე მეტნი არიან და ჩვენგან განსხვავებით ეთნომენტალურად გამრავლების მაღალი დონე ახასიათებთ. მეორეც,  ხანგრძლივი და მასობრივი პარტიზანული ბრძოლისთვის  ძალების მოსაკრებად მათ გააჩნდათ სასიცოცხლო მნიშვნელობის საომარი პლაცდარმი  პაკისტანის სახით, ხოლო სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას უწევდათ სსრკ-ის კონკურენტი ჰეგემონი სახელმწიფო აშშ. მიუხედავად ამისა 10 წელი იომეს ავღანელებმა და სხვადასხვა გათვლებით 2-დან 4 მილიონამდე  მსხვერპლი გაიღეს, რათა, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთის გავლენის ქვეშ მოქცეული გორბაჩოვის ხელისუფლება ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილებამდე მისულიყო.

სხვათა შორის, ავღანეთის ეპოპეას ყველა პარამეტრში ემსგავსება ამერიკელთა მარცხი ვიეტნამში, სადაც ამერიკის ოკუპაციის წინააღმდეგ ვიეტნამელთა მრავალწლიან ომს მსოფლიოს მეორე ჰეგემონი სახელმწიფო  სსრკ უჭერდა მხარს. რაც შეეხება რუსეთთან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის  ომს, გასული საუკუნის 90-იან წლებში რეგრესულ მდგომარეობაში მყოფ რუსეთს თავდაპირველად გაუჭირდა ჩეჩნების თავგანწირული წინაღმდეგობის დაძლევა, მაგრამ ბოლოს ძალამ მაინც თავისი გაიტანა  და რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის მომხრე კადიროვების კლანის ძალისხმევით ჩეჩნების დიდი ნაწილი შეეგუა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას, რითაც ეს მცირეცხოვანი ერი სრულ გენოციდს გადაურჩა.

ამრიგად, დაკარგული რეგიონების მიმართ  რუსეთის ნების ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალების გარეშე  ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების შანსი ნულს უტოლდება, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფოს სტატუსის დაბრუნებისათვის მებრძოლი რუსეთის დასუსტება-დაშლის შედეგად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ორიენტირებულებთან კამათი არც ღირს,  იმდენად უტოპისტურად და ფუჭად მიმაჩნია მათი იმედი თუ იდეა.

რუსეთის არათუ დასუსტების, არამედ მასთან თანამშრომლობის სტრატეგია რომ აქვს დასავლეთს, ამას კარგად ასაბუთებს გერმანიის ელჩი საქართველოში  ორთვინ ჰენიგი: „ის, რომ საქართველო ჯერაც არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ევროკავშირისა და გერმანიის ბრალი არ არის. დიახ, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ვართ რუსეთის პარტნიორებიც. საქართველომ უნდა გააცნობიეროს ორი რამ:

პირველი - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთთან ჩამოყალიბებული სტატუს კვო და პოლიტიკური ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპისათვის. ეს ურთიერთობა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა დასავლეთ ევროპაში და მას ევროპის პოლიტიკური ელიტა თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევს. ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი ქარს გავატანოთ. შეხედეთ რუკას დასავლეთ ევროპის გადმოსახედიდან და გაიხსენეთ, რად დაუჯდა დასავლეთ ევროპას ორი მსოფლიო ომი და რუსეთის როლი ამ ომებში. ახლა, როცა ეს ყველაფერი მოგვარდა და ევროპაში სტაბილურობამ დაისადგურა, ბუნებრივია, ამას საქართველოს გულისთვისაც კი ვერ შეველევით.

მეორე - თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს. არ დაუჯეროთ იმ პოლიტიკოსს, რომელიც გეუბნებათ, ნატოს წევრები გავხდებით და მათი ჯარების დახმარებით რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გავდევნითო. ასეთი მიდგომით საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება. უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველო ვერ გამთლიანდება რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ხარჯზე.” http://www.kvirispalitra.ge/politic/19254-qevropis-stabilurobas-saqarthvelos-gulisthvisac-ver-shevelevithq-eqskluzivi.html?add=1

მაზე გასაგებად რა უნდა თქვას ევროპელმა კომპეტენტურმა პიროვნებამ, რომელიც ევროპული პოლიტიკური ელიტის აზრს გამოხატავს? ამავე დროს, ობამას ბოლო განცხადებაც რომ:  „არც უკრაინა და არც საქართველოა ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს ნატოს ახლა გაფართოების გეგმა” “http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo news/20140326/1001/1001.html?id=25310646

განა იგივე აზრის გამეორება არ არის დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის მიერ?

მაშასადამე, ასე გამოდის, რომ სანამ ტერიტორიული პრობლემები გაგვაჩნია რუსეთთან, მანამდე ნატოს წევრობა გამორიცხულია და და ეს მაპები და ”მაპზე უკეთესი” შეთავაზებები თავშესაქცევად გადმოგდებული ძვლებია, რომლის საფასურია ნატოს საომარ კონფლიქტებში ქართველი ჯარისკაცების საზარბაზნე მსხვერპლად  გაწირვა. 

არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ნატოში რომც მიგვიღონ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერესებში, რადგან ეს ნიშნავს  რუსეთთან  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დიპლომატიური მოლაპარაკების გზის უარყოფას და საერთოდ, ყოველგვარი იმედის გადაწურვას, რადგან რუსეთთთან დაპირისპიორებული სამხედრო ბლოკის ნატოს წევრობა ავტომატურად ნიშნავს რუსეთის მოწინააღმდეგე ბანაკში ყოფნას, ხოლო ამგვარ სახელმწიფოს რომ რუსეთი საბოლოოდ თავის მტრად  აღიქვამს, ამის გაგებას სოლომონ ბრძენობა არ სჭირდება.

ამავე დროს, დიდი მიხვედრა არც იმას უნდა, რომ მტრად აღიარებულ სუსტ სახელმწიფოს დიპლომატიის ენით რუსეთი საერთოდ აღარ დაელაპარაკება, ხოლო ძალისმიერი, ან სხვა ქმედითი მეთოდით, იგივე მწვავე ეკონომიკური სანქციებით ნატო, როგორც მისი კომპეტენტური წარმომადგენლები აცხადებენ,  ამ საკითხში ჩვენს ინტერესებს არ დაიცავს. მათ მიერ  მარტო პოზიციის დეკლარირებით კი არანაირი სასიკეთო შედეგი არ დგება და ეს არც არის მოსალოდნელი. ანუ, მიმდინარე პოლიტიკით რეალურად უარს ვამბობთ   აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, თორემ, ისე, საქართველოში  ფანტაზიორებს რა დალევს და სიზმრებში გვირაბის ბოლოს სინათლის დამნახავიც არ გვაკლია. 

ზემოაღნიშნულის გაცნობიერების შემდგომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის რუსეთთან დიპლომატიური პოლიტიკის წარმოებას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო ეს ალტერნატივა მასთან ურთიერთსასარგებლო და კომპრომისული პოლიტიკის გატარებაში მდგომარეობს. რუსეთსა და საქართველოს კი ერთმანეთთან  პოლიტიკური ვაჭრობისათვის  უამრავი ღირებული საგანი გააჩნიათ, რომელთა შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსის პასუხად რუსეთმა ძალადობრივი პოლიტიკით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა და ისინი ჩვენთან  სავაჭრო საგნად აქცია. ჩვენი მხრიდან სავაჭრო საგნად  დევს რუსეთის სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში მხარდაჭერის პოზიცია.  რუსეთი საკმაო წლებია ელოდება ჩვენგან ვაჭრობის დაწყების სურვილის გამოთქმას და რაც დრო გადის ამის პარალელურად უფრო და უფრო რთულდება მოლაპარაკების წინაპირობები, რაშიც შევარდნაძის შემდგომ დიდი წვლილი მიუძღვის სააკაშვილს თავისი აგრესიული და ავანტიურისტული პოლიტიკით, რამაც რუსეთთან აგვისტოს სამხედრო კონფლიქტამდე და მის მიერ აფხაზეთისა და შიდა ქართლის სრულ  ოკუპაცია-ანექსიამდე მიგვიყვანა.

თავისთვად ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიების გზები უნდა იყოს ამჟამად ხელისუფლებისა და ამ საკითხით დაინტერესებული ყველა ქართველის საზრუნავი. ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული მესიჯები დრო და დრო თავად რუსეთის ხელისუფლებიდან ისმის და ამის არდანახვა ან მისდამი ცინიკური დამოკიდებულება მხოლოდ  დასავლეთის სამსახურში მყოფი პოლიტიკური ძალების ინტერესებშია.

მათ შორის აღსანიშნავია  ცნობილი და გავლენიანი რუსი დიპლომატისა და პოლიტოლოგის  პრიმაკოვის დაბადების დღეზე რუსეთის მაშინდელი პრემიერის პუტინის სიტყვები 2009 წლის ნოემბერში, რომელიც რუსეთში ასევე გავლენიანი ქართველების გარემოცვაში წარმოთქვა: "საქართველოს გაერთიანება გადაუწყვეტელი პრობლემა არაა. ჩვენ ამ საკითხის გადაჭრა შეგვიძლიაო."

ამ საქმით პრიმაკოვი დაკავდებაო, ესეც უთქვამს მაშინ კრემლის მესვეურს, მაგრამ იმ წლებში ანტირუსული ვირუსი ისე იყო მოდებული  საქართველოს ნაცურ ხელისუფლებაში, რომ  რუსეთის მხოლოდ გინება იყო მიღებული, ხოლო მასთან კონსტრუქციული პოლიტიკისკენ მოწოდება სახელმწიფო ღალატად ცხადდებოდა. http://sana.ge/address/news/cat/4/id/4389/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%0D%0A

 

ანალოგიურ გზავნილს მოიცავს პუტინის საუბარი ტელეკომპანია  „რაშა თუდეისთან“: ”გარკვეულწილად. არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც საქართველო ვერ გადავა. რადგან ის იბრძვის, როგორც თვითონ საქართველოს მიაჩნია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს საკითხი მოითხოვს განხილვას დიდი ყურადღებით და მე ვიტყოდი არა მხოლოდ კომპეტენტურ გადაწყვეტას, არამედ სურვილიც კი, საკითხის მოგვარების უნდა ეყრდნობოდეს ყველა იმ ადამიანის ინტერესის პატივისცემას, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. უფრო ნათლად ვეღარ ვიტყვი. პატივისცემით თუ მოვეპყრობით ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, ვინც იქ ცხოვრობს და ამგვარ მიდგომას დავეყრდნობით და შევეცდებით გამოსავლის მოძებნას, მაშინ შეიძლება მოიძებნოს ეს, მხოლოდ ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში. ”  http://m.amerikiskhma.com/a/putin-georgia-relations/1680441.html

დამაჯერებელი პოლიტიკური პროგნოზებით  პუტინი რუსეთის სათავეში პრეზიდენტის პოსტზე   მინიმუმი, კიდევ 10 წელი, ანუ 2024 წლამდე  იქნება. დროს ეს მონაკვეთი სავსებით საკმარისია იმისთვის რომ  ჩამოყალიბდეს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისთვის  მებრძოლი რაციონალურად მოაზროვნე გავლენიანი  პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანის აღსასრულებლად კონსტრუქციულ და ნამდვილ შედეგზე ორიენტირებულ  პოლიტიკას გაატარებს. 

მანამდე კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ხედვებსა და კონცეფციებზე, რომლებიც საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მისი უშიშროების საკითხებზე  მოლაპარაკებებში შეიძლება იქნას გამოყენებული.

 

გაგრძელება იქნება