ფლოიდ რედფორდი 1969 წლიდან ტრიოში Tin House მონაწილეობდა, 1971 წელს სასწაული სოლო დაუკრა ედგარ ვინტერის White Trash-ის ერთ სიმღერაში და სრულყოფილად ამოუდგა მხარში ჯონი ვინტერს Captured Live-ში, სადაც უნიკალური გიტარ ტანდემი შექმნა დიდ მაესტროსთან.
Captured Live-მა, Live Johnny Winter And-ის გზა განავრცო და როკ’ნ’როლისა და ბლუზის ზეობას ბობ დილანის Highway 61 Revisited შემატა. 10 წუთიან იმპროვიზაციაში, ვოკალის პარტია Allman Brothers Band-ის სიმღერათა უმეტესობის მსგავსად, სიმბოლურია და მსმენელს უპირველეს ყოვლისა ხანგრძლივი მოპასუხე სოლოები ხიბლავს, თუმც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაკნინოთ ჯონი ვინტერის, როგორც მომღერლის როლი, რაც თავს იჩენს ხოლმე, მის გიტარისტობასთან შედარებისას.
საერთოდ, არასწორი მიდგომაა, როცა ჰენდრიქსს, კლაპტონს, ბი ბი კინგს, სტივ რეისა, თუ ფაქტობრივად ნებისმიერ გიტარისტ ბლუზმენს, უპირველეს ყოვლისა, როგორც გიტარისტს განიხილავენ და ვოკალი მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ.
ჯონი ვინტერის შემთხვევაშიც ასეა. მისი დიდი ვოკალისტობა კი, თუნდაც It’s All Over Now-ს ტიპის კლასიკურ მძიმე როკ’ნ’როლებშიც ვლინდება, სადაც ჯონი ვინტერის პარტია, არაფრით ჩამოუვარდება თვით მიკ ჯაგერისას.
1976 წელს ჯონიმ კიდევ ერთი ისტორიული საკონცერტო ალბომი Togethet, ძმასთან - ედგართან ერთად ჩაწერა. ბუნებრივია, რომ რეპერტუარმა შედარებით ფანკი/ჯაზ-როკული ხასიათი მიიღო, ინსტრუმენტული მხარე კი ედგარის საქსოფონმა და დან ჰარტმანის კლავიშურმა ფონებმა გაამდიდრეს.
ტრადიციული როკ’ნ’როლ მიდლი აქ 9(!) კლასიკური თემის ნაზავია, ხოლო ალბომის მშვენებად კი დამაგვირგვინებელი ბლუზი - Baby What’Cha Want Me To Do იქცა. მთლიანობაში, ნამუშევარი ჯონი ვინტერის ზემოთხსენებულ საკონცერტო ჩანაწერებს ჩამოუვარდება, მაგრამ თუნდაც იმითაა საგულისხმო, რომ ძმებს სხვა სრულფასოვანი საკონცერტო ალბომი არც ჰქონიათ.
მნიშვნელოვანია, რომ 1976 წლის ორმა საკონცერტო ალბომმა ჯონი ვინტერს აბსოლუტური უკომპრომისობისკენ უბიძგა და საფუძველი ჩაუყარა მისი მომდევნო სტუდიური ალბომების ხასიათს, რომლებიც 70-იანების მეორე ნახევრის კომერციული ჩარხის საწინააღმდეგოდ, 1800-ით დატრიალდა.
1977 წლის Nothin’ But The Blues-ში ბლუზის ისეთმა კორიფეებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც მადი უოტერსი, პაინტორ პერკინსი, ჯეიმს კოტონი არიან. ჯონი ვინტერი აქ 9-დან 8(!) სიმღერის ავტორია. ასეთი რამ კი უცხოა როგორც ჯონი ვინტერის შემოქმედებისთვის, ასევე ზოგადად ბლუზისთვის, სადაც უფრო მეტად, კლასიკური ნაწარმოებების გადამუშავებაა მიღებული.
Nothin’ But The Blues „ჩავარდა“, მაგრამ სინამდვილეში ბლუზის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად იქცა. ჟღერადობის უბრალოებით გამორჩეული ხელწერა - 1978 წლის ნამუშევარმა White Hot & Blue-მაც შეინარჩუნა.
ვინტერს აქ ახალი შემადგენობა ჰყავს; „ძველებიდან“ კი მხარს ძმა - ედგარი უმშვენებს. აღსანიშნავია ჰარმონიკაზე შემსრულებელი 19 წლის ყმაწვილი პატ რემსი, რომლის ხანგრძლივი სოლოც ბლუზში Last Night, ლამის ეტალონურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ამ ინსტრუმენტისა და ბლუზის ურთიერთობისთვის...
გაივლის ორი ათწლეული და უწინდელი გრძელთმება ყმაწვილი რემსი, უკვე შარვალ-კოსტუმში გამოჩნდება ბლუზურ სცენაზე ჯონი ვინტერის აშკარა ზეგავლენით ჩაწერილი ორი ალბომით.
White Hot & Blue აღსანიშნავია კვლავაც პატ რემსის ჰარმონიკის სოლოთი გამდიდრებული ჯონის და ედგარის დუეტში ნამღერი ულამაზესი დამაგვირგვინებელი Honest I Do-თი და Messin’ With The Kid-ით, რომელსაც წლების განმავლობაში არაჩვეულებრივად ასრულებს ბატონი ვოვა მოგელაძე თავის The Blues Mobile Band-თან ერთად, განაზავებს რა სიმღერის ვინტერისეულ ვერსიას რორი გალაჰერისასთან.
1977 და1978 წლებში ვინტერის ასეთი თამამი ალბომები, რა თქმა უნდა, მუსიკოსის ბლუზისადმი განსაკუთრებული სიყვარულით იყო განპირობებული. თუკი მათ ჩარტებში შესაბამისად 146-ე და 141-ე ადგილები დაიკავეს, 1980 წლის Raisin’ Cain, საერთოდ დაივიწყეს და ნამუშევარს როგორც ლეიბლ Blue Sky-თან კავშირის გაწყვეტა, ასევე ვინტერის შემოქმედებაში ოთხწლიანი პაუზა მოჰყვა.
სამაგიეროდ, მომგებიანი გამოდგა 1977-1981 წლებში ჯონი ვინტერის პროდიუსირებული მადი უოტერსის სამი ალბომი, რომელთაგან 1977 და 1978 წლის ნამუშევრებმა Hard Again და I’m Ready, გრემის ნომინაციებში გაიმარჯვეს.
ჯონი ვინტერი სტუდიას 1984 წელს დაუბრუნდა, როდესაც სცენაზე დიდი ბლუზ-როკ რევოლუცია - სტივ რეი ვოგენი ფენომენალური ეფექტით მკვიდრდებოდა. სამწუხაროდ მათი ერთობლივი ჩანაწერი ისტორიას არ შემოუნახავს, თუმც ვის არ მოსწონებია ერთდროულად სტივ რეის სადებიუტო Texas Flood და ვინტერის ოთხწლიანი პაუზის შემდგომი Guitar Slinger.
აქ ახალია როგორც შემადგენლობა, ასევე ხმის ჩამწერი სტუდია. Alligator Records-ზე მოხვედრა, ფაქტობრივად მხოლოდ შავკანიანი ბლუზმენების ხვედრი იყო, ჯონი ვინტერის შესრულებულმა Boot Hill-მა ალბომიდან Guitar Slinger, კი დააგვირგვინა ფირმის პირველი სავიზიტო ბარათი - კონტრაქტორი ბლუზმენების სიმღერებით დაკომპლექტებული ორდისკიანი ნაკრები.
1984 წლის ალბომმა კიდევ ახალ სიმაღლეზე აიყვანა მუსიკოსის ფენომენალური დაკვრა, რაც არასოდეს ზედმეტობაში არ გადადიოდა და ბლუზის „ჩარჩოებში“ განუწვდენელ სივრცეებს იპყრობდა.
1985 წლის Serious Business-მა, რომლის პოლონური გამოცემაც ჩვენში საკმაოდ გავრცელდა „პერესტროიკის“ წლებში და განსაკუთრებით მომდევნო Third Degree-მა, ნათლად დაგვანახეს Guitar Slinger-ის იდეის განვრცობა ისეთი შესანიშნავი მუსიკოსების გარემოცვაში, როგორებიც პიანისტები დოქტორ ჯონი და კენ სეიდაკი, ბასისტები ჯონი ბი გაიდენი და კვლავაც ტომი შენონი და დრამერი კეისი ჯონსი არიან.
ჯონი ვინტერის დიდებული ალბომების ნუსხას 1991 წლის Let Me In და 1992 წლის Hey Where Is Your Brother ასრულებენ. ამ უკანასკნელში ხომ, როგორც იქნა ძმაც გამოჩნდა ჯონის გვერდზე კლასიკურ საშობაო ბლუზში Please Come Home For Christmas.
1991 წლის გამხსნელი - Illustrated Man-ის ფენომენალური სოლო კი ალბათ იმ თუთიყუშივით მუსიკალურ კრიტიკოსთა და მუსიკოსთა მოსასმენადაა განკუთვნილი, ვისთვისაც დღემდე წარმოუდგენელია Hotel California, Comfortably Numb, Stairway To Heaven, Smoke On The Water, November Rain-ის სოლოთა სიმაღლეების დაპყრობა.
1996 წლიდან მოყოლებული, ვინტერის მომდევნო პერიოდები რაღა თქმა უნდა დაუსრულებელ დაკვრას, მაგრამ სამწუხაროდ იმავდროულად ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება.
წლეულს, ჯონის ალბათ მიანიჭებენ გრემის. ახალ ალბომ Step Back-ს, რომელიც ამა წლის სექტემბერში გამოდის, ხომ თვით ერიკ კლაპტონი, ბილი გიბონსი, ჯო პერი, ჯო ბონამასა დაამშვენებენ, თანაც სიცოცხლეში დაუფასებელი მაესტრო, ახლა ხომ მაინც უნდა აქციონ „გავარსკვლავების“ ღირსად პროფესიონალმა კრიტიკოსებმა.