როკ სამყაროს კიდევ ერთი დიდი მუსიკოსი მოაკლდა. ძნელია თქვა ჯონი ვინტერზე, რომ ამქვეყნად აღარ არის, რადგან მისი მუსიკა ყოველთვის სიცოცხლისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს და მხნეობას ქადაგებდა.
უცნაურია, მაგრამ ყველაზე სიღრმისეული ბლუზი, თურმე სამყაროს ყველაზე თეთრ ბლუზმენს უნდა დაეკრა. ალბინოსმა ვინტერმა, რომელიც სიყრმიდანვე მისისიპი დელტა ბლუზით იკვებებოდა, ნახევარი საუკუნე ამ ფუნდამენტურ ჟანრს დაუთმო და ამა წლის 16 ივლისს ციურიხში აღესრულა, მუსიკალურ სამყაროს უნიკალური სიტყვები დაუტოვა: „ბლუზი ზეაღმატებულია თვით მუსიკაზე“.
ამ სიტყვების ავტორი, ბუნებრივია, რომ სიყვარულის განსაკუთრებული უნარით იყო დაჯილდოებული და ეს თავს იჩენდა მის ნებისმიერ სიმღერაში, საკუთარსა თუ გადამღერებულში.
გადავავლოთ თვალი ჯონი ვინტერის დისკოგრაფიას, ჩავრთოთ სიმღერები და ბლუზმენობასთან დაკავშირებული მოჩვენებითი ერთფეროვნების ნაცვლად, საკმაო მრავალფეროვნება დაგხვდება, რაც ათწლეულების განმავლობაში უპირველეს ყოვლისა მის მახვილგონივრულ სოლოებსა და ვოკალის შთამბეჭდავ პარტიებში აისახა.
დრო და დრო ექსპერიმენტების მიუხედავად, ვინტერს არასოდეს მიუტოვებია ბლუზური ფესვები და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. გამონაკლისია 1988 წლის ალბომი, როდესაც ალბინოსს ჟღერადობა პროდიუსერებმა სასტიკად დაუმახინჯეს, „ზრუნავდნენ“ რა ერიკ კლაპტონის 1985 და 1986 წლის კომერციული ალბომების კვალობაზე, ვინტერის „გავარსკვლავებას“.
მაგრამ ვინტერი მუსიკოსთა მხრიდან უაღრესი დაფასების მიუხედავად, კრიტიკას არასოდეს აუყვანია სათანადო სიმაღლეზე. ჟურნალ Rolling Stone-მა ნაცვლად იმისა, რომ მუსიკოსი მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტთა სიაში, სამეულში მაინც განეთავსებინა, 63-ე ადგილზე გაამწესა და ეს მაშინ, როდესაც გადმოცემით, თვით ჯიმი ჰენდრიქსს ერიდებოდა მის გვერდში დაკვრა...
ჯონი ვინტერის შემოქმედების საწყისი ეტაპი ბლუზ როკის დომინირების პიკს ემთხვევა. 1968 წლის სადებიუტო The Progressive Blues Experiment და მომდევნო ალბომები Johnny Winter და Second Winter, სრულად წარმოაჩენენ მუსიკოსის განსაკუთრებულ წვდომას ჟანრში, რომელიც აღვსილია როგორც არქაული, ასევე იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ფსიქოდელიური ტენდენციებით.
ეპოქასთან მისადაგების თვალსაზრისით, არაჩვეულებრივი ბლუზური ალღოს მაუწყებლად ალბომ Johnny Winter-ის გამხსნელი I’m Yours & I’m Hers იქცა, რომლის სლაიდით დაკრული ძირითადი მოტივი, ფაქტობრივად გადაიღო ჯიმი პეიჯმა Led Zeppelin-ის თავის დროზე გამოუქვეყნებელ სიმღერაში Travelling Riverside Blues.
შემოქმედების საწყის ეტაპზე, ჯონი ვინტერის ჯგუფში, ბას გიტარაზე მომავალში სტივი რეი ვოგენის ბასისტი - ტომი შენონი უკრავდა, ხშირად მას ძმა - ედგარ ვინტერი სტუმრობდა, ხოლო სულიერ მამათაგან, მხარს ბასისტი ვილი დიქსონი და ჰარმონიკაზე შემსრულებელი უოლტერ ჰორტონი უბამდნენ.
1970 წლიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. წმინდა ბლუზი პოზიციებს თმობდა, უფრო მეტად მძლავრდებოდა და როკულ ხასიათს იძენდა. ამის ნათელი მაგალითებია Led Zeppelin-ის, Jethro Tull-ის, ერიკ კლაპტონის, ჯეკ ბრიუსის ამ პერიოდის ნამუშევრები.
საჭირო იყო ახალ ტენდენციებთან შეგუება და ამ საქმეში ვინტერს ახალწვეულმა პარტნიორმა გიტარისტმა - რიკ დერინჯერმა, დიდი დახმარება გაუწია.
1970 წლის ალბომში Johnny Winter And, რიკ დერინჯერის კალამს 4 სიმღერა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საკონცერტო ჰიტი - Rock And Roll Hoochie Koo ეკუთვნის, ვინტერის როკული შემართება გადასარევად აისახა დისკის გამხსნელ Guess I’ll Go Away-ში, ჩანაწერის ფსიქოდელიური მხარე კი ჯიმ კაპალდისა და სტივ უინვუდის No Time To Live-მა განსაზღვრა რიკ დერინჯერის ვოკალით.
ალბომი საკმაოდ ეფექტურად ჟღერს, თუმც მისი ჩარტებში ჩავარდნა, ალბათ მუსიკოსისადმი ბლუზის მოყვარულთა უკმაყოფილებას და იმავდროულად როკ მენებისგან უცხოობას უნდა მივაწეროთ.
მომდევნო ალბომი Live Johnny Winter And საკონცერტოა და მაქსიმალურ წარმოდგენას გვიქმნის მუსიკოსის რეალურ შეხედულებებზე, რაც როკ’ნ’როლისა და ბლუზისადმი ურყევ კავშირში გამოიხატება. ალბომი მეტ სიახლოვეს პირველ სამ ნამუშევართან ავლენს და წინა ალბომში შესული 11 სიმღერიდან, აქ თვით Rock And Roll Hoochie Koo-ც კი არ შესულა.
დისკის მშვენებაა ჯერ კიდევ 1968 წელს Columbia Records-ის მესვეურთა დამატყვევებელი 12 წუთიანი ბლუზი It’s My Own Fault, როკ’ნ’როლური სივრცე ჯეგერ/რიჩარდსის Jumpin’ Jack Flash და ჩაკ ბერის Johnny B. Goode-მა შეავსო, ხოლო როგორც კომპოზიტორმა, ვინტერმა Mean Town Blues -ის ვრცელი ვერსია წარმოადგინა, რომელშიც ტრადიციულად „იბანავა“ სტრუნებში და მსმენელსაც ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს გიტარა აბჯარივით ჰქონოდეს გარსშემოსხმული...
ვინტერის შემოქმედებაში სამწლიანი სტუდიური პაუზა 1973 წელს ალბომმა Still Alive And Well დაარღვია. შემადგენლობა აქ განახლებულია. რიკ დერინჯერი იშვიათად უკრავს და პროდიუსერის ფუნქციას ასრულებს. წინა ალბომში მოსულ დრამერ რენდი ჯო ჰობბს კი გვერდი ახალმა ბასისტმა - რიჩარდ ჰიუზმა დაუმშვენა. ტრიოდან ვინტერი-ჰობბსი-ჰიუზი, ამჟამად აღარავინაა ცოცხალი...
მოწვეულ მუსიკოსთა შორის აღსანიშნავია პიანისტი ტოდ რუნდგრენი, რომელიც იმავე წელს Grand Funk Railroad-ის ჩარტებში გამარჯვებული ალბომის We’re An American Band პროდიუსერი გახლდათ.
Still Alive And Well ჯონი ვინტერის დისკოგრაფიაში ყველაზე პოპულარულ ალბომად იქცა. ჩარტებში მან 22-ე ადგილს მიაღწია, რაშიც დიდი როლი ჯაგერ/რიჩარდსის ორმა სიმღერამ - Silver Train-მა და Let It Bleed-მა შეასრულა.
დისკზე შეუძლებელია რომელიმე სიმღერის გამოყოფა. აქ ვხვდებით ვინტერის ფენომენალურ პაწაწინა სოლოებს თვით Still Alive And Well-ში და ხანგრძლივ სულშიჩამწვდომ სოლოს Can’t You Feel It-ში, სლაიდით გაფრენილ მგზნებარე Rock And Roll-სა და არქაულ ბლუზს Too Much Seconal, რომელშიც ამერიკელი ჯაზ-ფლეიტისტი ჯერემი სტიგი უკრავს ეფექტურ სოლოებს. ბოლო ორი სიმღერის ავტორი, თავად ვინტერია.
მომდევნო ორი ალბომი Saints And Sinners და John Dawson Winter III, მუსიკოსმა 1974 წელს ჩაწერა. პირველი მათგანი აშკარად ჩამოუვარდება ნებისმიერ წინამორბედს, ხოლო მეორე კი საკმაოდ ძლიერი გამოდგა.
საყვირი, ტრომბონი, საქსოფონი - ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ალბომებში, თუმც ამით არანაირად დათრგუნულა ჯონი ვინტერის წამყვანი როლი, რომლის დახატული სოლოც Raised On Rock-ში მარკ ნოფლერის შთაგონების წყაროდ იქცა 1982 წელს დაკრულ Telegraph Road-ში, თუმც ამ სოლოების წინაპარს, ალბათ 1971 წელს ვხვდებით ელვინ ლის I’d Love To Change The World-ში...
John Dawson Winter III-ის 11 სიმღერიდან, ხუთი ვინტერს ეკუთვნის. მათ შორის უმნიშვნელოვანესია Sweet Papa John, რომელიც 1976 წლის ფენომენალური საკონცერტო ალბომის - Captured Live, მშვენებად იქცა. დისკის განსაკუთრებული სიძლიერე კი ვინტერთან ერთად, მისმა ახალმა პარტნიორმა გიტარისტმა - ფლოიდ რედფორდმა განაპირობა... (გაგრძელება იქნება)