ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპია (მეორე ნაწილი)

ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპია (მეორე ნაწილი)

წერილი მეორე: დეინდუსტრიალიზაციის კრიზისის გადალახვა და ქართული პოლიტიკის ახალი ტექნოლოგია

მსჯელობის გასაგრძელებლად მკითხველს წინა წერილის (იხ.http://for.ge/view.php?for_id=34214&cat=12) უმთავრესი დასკვნა უნდა შევახსენო:

„...საქართველოს პრობლემა დღესაც უვარგის ტენოლოგიებშია; ისევე, როგორც ეს დიდი ილიას „მგზავრის წერილებშია“, სადაც „პოვოზკაა“ რუსული ტექნოლოგიების სახედ ნაჩვენები: „მთელი რუსეთი ამით დადის და იმიტომაც არის შორს წასულიო“...

დღევანდელი ჩვენი „სოციალური ტექნოლოგიების“ სახე ჩვენი ასო-ები (არასამთავრობო ორგანიზაციების) და პარტიებად წოდებული კლიენტელებია. სწორედ ეს არის ის საშენი მასალა, რითაც ქვეყნის პოლიტიკური ორგანიზაცია - კორპორციულ-ოლიგარქიული  სისტემაა აშნებული...“

„ტექნოლოგია“ - ბერძნული სიტყვაა. ბერძნულად „τέχνη“ ხელოვანებას, ოსტატობას ნიშნავს, ხოლო „ λόγος“ - გონს. ამრიგად, სიტყვა-სიტყვითი თარგმანით „ტექნოლოგია“ ქართულად „ოსტატობის გონს“ ნიშნავს.

ხეირიანი საქმე საქართველოში ვერ კეთდება. ვერ კეთდება სწორედ იმიტომ, რომ „ოსტატობის გონი“, ანუ „ტექნოლოგია“ არ გვაქვს, ან, თუ გვაქვს - უვარგისი. ეპოქებს უწინარესად ტექნოლოგიები ქმნიან. ამიტომ, შეიძლება ასეც ითქვას, რომ დეინდუსტრიალიზმის კრიზისი სწორედაც ტექნოლოგიური კრიზისია.

ამ ტექნოლოგიური კრიზისის არსი ისაა, რომ საქართველოში პროდუქტიული ინდუსტრიული ტექნოლოგიები აღარ მუშაობს და სამაგიეროდ, მათ  მოხმარების დეინდუსტრიული კვაზი-ტექნოლოგიები ანაცვლებენ.

პირველ ყოვლისა, არ მუშაობს და არც სხვას აძლევს მუშაობის საშუალებას ქვეყნის ქვეყნის პოლიტიკური სისტემა. ეს სისტემა არაპროდუქტიულია და იმთავითვე არა ეფექტიან საჯარო გადაწყვეტილებებზე, არამედ მმართველი პატრონ-კლიენტელური კორპორაციის მოგების ზრდაზეა ორიენტირებული.

ეს პოლიტიკური სისტემა ფორმალურად ინდუსტრიალიზმის დროს გაჩენილი ინსტიტუტების - პოლიტიკური პარტიების, პარლამენტისა თუ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოებს, მთავრობისა თუ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების სახით ფუნქციონირებს.

ფორმალურად ეს თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტებია, თუმცა დღეს ისინი დემოკრატიული შინაარსისაგან რეალურად სრულიად დაცლილნი არიან. წარმომადგენლობითობა და მით უმეტეს, უმრავლესობის მმართველობა ოდენ ფორმალურია; სინამდვილეში არც ე.წ. პოლიტიკური პარტიები და არც მათი მეშვეობით დაკომპლექტებული პარლამენტი თუ საკრებულო იოტისოდენადაც არ ასახავს სხვადასხვა, ურთიერთგანსხვავებულ, მით უმეტეს -  შესაძლო ანტაგონისტურ სოციალურ ინტერესებს. არ ასახავს არა მხოლოდ პოლიტიკოსთა უუნარობისა ან დემოკრატიის პროცედურული მანკიერი ხარვეზების გამო, არამედ არსებითად: ინდუსტრიული ეპოქის კლასები აღარ არსებობენ და ე.წ. პარტიები არა გარკვეული ორგანიზებული სოციუმის წარმომადგენლები, არამედ ყოველგვარი სოციალური დასაყრდენის გარეშე არსებული კლიენტელები - პატრონების გარშემო სარგებლის მოლოდინში შემოკრებილი ავანტურისტული პოლიტიკურ დაჯგუფებები არიან.

შემთხვევითი არც ის არის, რომ არჩევნებში მონაწილე მეტ-ნაკლებად წარმატებულ ე.წ. პარტიას, სინამდვილეში - კლიენტელას, აქვს პრეტენზია სრულიად ერის ინტერესები გამოხატოს და არა მისი რომელიმე კონკრეტული სოციალური კლასისა; მათი პოპულისტური წინასაარჩევნო ლოზუნგები თუ პროგრამები საყოველთაო მოხმარებაზეა გათვლილი და იმთავითვე არ ისახავს მიზნად რომელიმე კონკრეტული სოციალური „სამიზნე ჯგუფის“ მობილიზებას, მათი ინტერესების გამოხატვასა ან დაცვას. ასეთი ე.წ. პარტიებისათის ელექტორატი ერთგვაროვანია და მათი საარჩევნო კამპანია ამ ერთგვაროვნებიდან საკუთარი კლიენტელის ფორმირება-გაფართოებაზეა ორიენტირებული. ე.წ. პარტიულ აქტივისტებს და მთლიანად ე.წ. პარტიის ამომრჩევლებს არა რომელიმე სოციალურ კლასთან თვითიდენტიფიცირება, არა რაიმე საერთო კლასობრივი რწმენა ან იდეოლოგია, მემარჯვენე ან მემარცხენე პოლიტიკური მიმართულება ან პროგრამა, არამედ სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ  პოზიციონირება და რაც მთავარია, კონკრეტული მომხმარებლური სარგებელი (აქტივისტებს - საჯარო სამსახურში ადგილის დაკავება, ხოლო მომხრეებს - ბიუჯეტიდან რაიმე ბენეფიციის მიღება) აერთიანებთ.

უახლოეს ისტორიაში ყოფილა მაგალითები, როცა ზოგიერთ წარუმატებელ ე.წ. პარტიას ჰქონდა მცდელობა, რომ გარკვეული სოციალური ფენის, მაგ. წვრილ მოვაჭრეთა ინტერესების აფიშირებითა და დაცვით საკუთარი სოციალური ბაზისი შეექმნა, მაგრამ უშედეგოდ: აღმოჩნდა, რომ კონკრეტული სოციალური ფენის, მაგ. გარე მოვაჭრეთა, ინტერესებზე სტაბილური პარტიული პოლიტიკის აგება შეუძლებელია - ვერცერთ არჩევნებს ამ სოციუმზე დაყრდნობით ვერასდროს მოიგებ. მიზეზი მარტივია: თავად ეს სოციალური ფენაც მფარველს, მარჩენალსა და პატრონს ეძიებს და სულაც არ არის მიდრეკილი საერთო ინტერესის დასაცავად თვითორგანიზებისაკენ; ხოლო პატრონს კი გაცილებით ძლიერ და გავლენიან პოლიტიკურ ძალაში ხედავს და არა ისეთ წვრილ კლიენტელაში, როგორიც თავის დროზე იყო მაგ. ერთდროულად მემარჯვენე და მემარცხენე „იდეოლოგიის“ მქონე დავითაშვილ-კუკავა-ძიძიგურის „ქართულ-ხალხური“ ე.წ. პარტია; ისიც ნიშანდობლივია, რომ დავითაშვილმა და ახლა უკვე კუკავამაც მსგავსი „სოციალური კონსტრუქტივიზმის“ სრული ფიასკო გულწრფელად აღიარეს და დროებით მაინც პოლიტიკურ ასპარეზეს გაეცალნენ; ხოლო ძიძიგურმა კი თავისი გზა მონახა „დიდ პოლიტიკაში“ და ბუნებრივია, მისი ჰეროიკული ენთუზიაზმი ხალხის მეგობარი და გაჭირვებულთა დამცველი ყოფილიყო, ამ „დიდ პოლიტიკაში“ უმალვე დაცხრა.

რასაკვირველია, ყოველგვარი მსგავსი მცდელობა, მით უმეტეს, ის, რომ არსებითად ერთგვაროვანი დეინდუსტრიული სოციუმისგან დღეს ინდუსტრიული ორგანიზებული კლასები „შევქმნათ“ და შესაბამისად, არსებული კლიენტელებისაგან ნამდვილი პოლიტიკური პარტიები მივიღოთ, სრულიად ხელოვნური, ფუჭი და არაფრისმომცემი იქნება.

არადა, ისიც აშკარაა, რომ დღვანდელი პატრონ-კლიენტელური სოციალური წყობის პირობებში ხალხის წარმომადგენლობითობა პარლამენტშიცა და ადგილობრივ საკრებულოებშიც თავიდან-ბოლომდე ყალბია. სინამდვილეში, არჩეული დეპუტატები იქ არა ხალხს, არამედ ხალხის წინაშე საკუთარ პატრონებს წარმოადგენენ.

წარმომადგენლობითობის მსგავსად ასევე მოჩვენებითია უმრავლესობის მანდატიც. უკანასკნელმა ადგილობრივმა არჩევნებმაც მკაფიოდ აჩვენა, რომ თუნდაც ერთი საპარლამენტო საარჩევნო ციკლის 4 წლიანი პერიოდისათვისაც კი მეტ-ნაკლებად მყარი, სტაბილური საზოგადოებრივი უმრავლესობა აღარ არსებობს. ის უმრავლესობა, რომელიც 2012 წლის 1 ოტქომბერს „შუა გაკრეფვის“ გზით მართლაც შეკრა ივანიშვილმა, მმართველი კოალიციის მიერ ძალაუფლების აღების შემდგომ სწრაფადვე დაიშალა და ეს გასაკვირი არც არის: ამ უმრავლესობას ნაცების ხელისუფლებიდან ჩამოშორების საერთო ეროვნული მიზანი აერთიანებდა და არა სხვა რამ პოზიტიური კონკრეტული პროგრამა. ხელისუფლებიდან ბოროტი ძალის განდევნის ამ კეთილშობილური, მაგრამ თავისთავად ოდენ ნეგატიური მიზნის მიღწევის შემდგომ საზოგადოებრივი უმრავლესობა შეიძლება არსებობდეს არა ზოგადად, არამედ მხოლოდ კონკრეტული საკითხების მიმართ; მხოლოდ კონკრეტული დროის მომენტში და არა როგორც  მყარი, ვთქვათ, რაიმე კლასობრივი ერთობა. მეტიც: ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში და სხვაგანაც, მყარი უმრავლესობა საერთოდაც მოუხელთებელია, რადგან თუნდაც დეინდუსტრიულ (და რა პოსტ-ინდუსტრიულ) საქართველოში საზოგადოებრივი მობილურობა თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო საუკუნის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია: კონკრეტული ადამიანი, საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი ერთსა და იმავე დროს გარკვეულ საკითხებში ხან უმრავლესობას წარმოადგენს, ხანაც უმცირესობას. სწორედ ამიტომაც, იქნებ საერთოდაც შეუძლებელი ხდება პოლიტიკური წარმომადგენლობითობა პერიოდული არჩევნების გზით?

პრობლემა აშკარაა: არჩევნებში მე ხმა მივეცი კონკრეტულ დეპუტატს ან დეპუტატთა ჯგუფს, რომელიც საარჩევნო ციკლის განმავლობაში, ვთქვათ, უმრავლესობაშია და მის მიზანს სწორედაც ამ უმრავლესობის, როგორც მოპოვებული ძალაუფლების გამოხატულების, შენარჩუნება წარმოადგენს; მაშინ როცა მე, როგორც ინფორმირებული მოქალაქე საკითხების დიდი უმრავლესობის გადაწყვეტისას ამ ვითომდა ჩემი წარმომადგენლების პოზიციას უკვე აღარ ვეთანხმები; ჩემი პოზიცია საკმარისად მობილურია; ოთხი წლის განმავლობაში ამ პოზიციის წარდგენა და დაცვა საჯარო გადაწყვეტილებების - ე.ი. პოლიტიკური პროდუქტის შესაქმნელად, თავად ჩემს გარდა აღარავის ძალუძს.

ამ პრობლემას დღვანდელი საზოგადოების მაღალი ინფორმაციულობა უკიდურესად ამწვავებს. როცა ამომრჩევლის ინფორმირებულობა კრიტიკულ დონეს აღემატება (და დღეს კი ნამდვილად ასეა, რადგან ჩვენ მასობრივი ინფორმაციისა თუ დეზინფორმაციის - ამას მნიშვნელობა აღარც აქვს, „ჭარბწარმოების“ ეპოქაში ვცხოვრობთ) და ყველამ კარგად იცის, რაოდენ ყალბია წარმომადგენლობითი და მაჟორიტარული დემოკრატია, წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერი არჩევითი ხელისუფლება მოკლე ხანში ლეგიტიმურობის კრიზისის წინაშე არ დადგეს.

საკმარისი ინფორმირებულობის პირობებში საყოველთაოდ ნათელია, რომ ზოგადად უმრავლესობა კონკრეტულ საკითხს ჰყავს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას; ამიტომაც, პარტიულ წარმომადგენლობითობასა და უმრავლესობის მანდატზე დამყარებული  მაჟორიტარული და თუნდაც წარმომადგენლობითი ფორმალური დემოკრატია ყალბია: უეჭველია, რომ ამ ყალბი დემოკრატიის ფარდის უკან, სინამდვილეში, სწორედაც ანტი-დემოკრატიულ ოლიგარქიულ მმართველობასთან გვაქვს საქმე: არჩევნების გაუყალბებლობის იდეალურ შემთხვევაშიც კი უმრავლესობის მანდატმიღებული ე.წ. პარტია, თუ კოალიცია ძალზე სწრაფად კარგავს, როგორ წესი, ნეგატიურად მოტივირებული თავდაპირველი უმრავლესობის ნდობას; ამავდროულად, იგი, როგორც ტიპიური კლიენტელა, სტაბილურად, ხანგრძლივი პერიოდის - ვთქვათ, საარჩევნო ციკლის, განმავლობაში მხოლოდ პატრონთა ინტერესებს წარმოადგენს და არა ამომრჩევლებისა; საყოველთაოდ ცხადი ხდება, რომ სწორედაც ოლიგარქია, ე.ი. კორპორაციულად ორგანიზებული რომელიმე პატრონ-კლიენტელური უმცირესობა მართავს და არც ერთ შემთხვევაში უმრავლესობა.

რაც მთავარია: პერიოდული არჩევნები დემოკრატიის ფუნდამენტური ინსტრუმენტის როლს აღარ ასრულებს. არჩევნების ნებისმიერი შედეგი არჩევნებიდან ძალზე ცოტა ხანში ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა და ფორმალურად თითქოსდა დემოკრატიული ინსტიტუციები სინამდვილეში ოლიგარქიას და არა ხალხს ემსახურება.

.....................

თანამედროვე პირობებში უმრავლესობამ რომ მართოს,  უარყოფილი უნდა იქნეს მაჟორიტარული და თუნდაც წარმომადგენლობითი დემოკრატიის დღევანდელი, უკვე დრომოჭმული ტექნოლოგიები. დემოკრატია მაქსიმალურად მონაწილეობითი და უშუალო უნდა გახდეს. თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სისტემები და ქსელები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

თანამედროვე  საუკუნეში, სადაც  გლობალურად, მსოფლიო მასშტაბით საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ბატონობენ, დეინდუსტრიალიზმის კრიზისის გადალახვა ინდუსტრიალიზაცია-მოდერნიზაციით შეუძლებელია. დღეს მთავარი რესურსი არა კაპიტალი, არა საწარმოო საშუალებები, სამუშაო ძალა ანდაც ბუნებრივი რესურსები, არამედ სწორედაც ინფორმაცია და ცოდნაა. ამიტომაც, ნებისმიერი საქმის, უწინარესად კი პოლიტიკის კეთებას ინფორმაციასა და ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგია - ე.ი. ინფორმაციული „ოსტატობის გონი“ სჭირდება.

ძალაუფლების ტრადიციული ინსტიტუტები ყოვლისმომცველ, ტოტალურ ინფორმატიზაციას საჭიროებენ, რის შედეგადაც ისინი თვისობრივად ახალ სახეს შეიძენენ. პირველ ყოვლისა, ინფორმატიზებული უნდა იქნეს პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, რის შედეგადაც  ყველა ე.წ. პარტია, როგორც კლიენტელა, საერთოდაც შეწყვეტს არსებობას. იგი იერარქიულად სტრუქტუირებული ხისტი პარტიული ორგანიზაციიდან  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სოციალურ ტექნოლოგიურ ქსელად გარდაიქმნება. საწისი ნაბიჯი ამ გზაზე გავრცელებულ სოციალურ ქსელში, მაგალითად ფეისბუქზე, პარტიების, როგორც ინტერესთა ჯგუფების სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გახდეს. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში დროის ნებისმიერ მომენტში ადვილად გაზომვადი და საყოველთაოდ ცნობადი გახდება პარტიის რეალური რეიტინგი; ისიც ცხადია, რომ დღევანდელი ე.წ. კვალიფიციური პარტიები, სტაბილურ მხარდამჭერთა თუნდაც იგივე რაოდენობას, რასაც უკანასკნელ არჩევნებში, ვერ მოიპოვებენ; ამის ნათელსაყოფად შორს წასვლა საჭირო არ არის:  ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის - ფეისბუქის პრაქტიკა პარტიების არაპოპულარობის ნათელი დადასტურებაა.

დღეს თუკი სადმე კიდევ შესაძლებელია თვითორგანიზება - ეს მხოლოდ ვირტუალურ სოციალურ ქსელში; ასეთი ვირტუალური თვითორგანიზებისას, ალბათ დამერწმუნებით, რომ პარტიების როლი მინიმალურიც არ არის; თუკი ფეისბუქის მსგავს, გაცილებით უკეთ დაცულ და არა მხოლოდ ვირტუალურ, არამედ იურიდიული ძალმოსილების მქონე რეალურ საჯარო გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ სოციალურ ქსელს წარმოვიდგენთ, ნათელი გახდება, რომ მას თავისუფლად შეუძლია დღევანდელი ე.წ. პარტიების გარეშეც იარსებობს; რაც მთავარია: დროის ყოველ მოცემულ მომენტში ზუსტად და ყოველგვარი ყალბი წარმომადგენლობითობის გარეშე უშუალოდ ასახოს უმრავლესობის ნება; ბუნებრივია, უმრავლესობის ნება არა ზოგადად, არამედ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის მიმართ.

მსგავსი მსჯელობიდან მარტივი დასკვნის გამოტანა რთული არ იქნება: თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების შესაქმნელად დღევანდელი პარტიები, როგორც უკვე დანგრეული ინდუსტრიული საზოგადოების რელიქტი, მხოლოდ ბალასტის როლს შეასრულებს; ხოლო თუკი პოლიტიკური პროდუქტის მისაღებად საინფორმაციო საზოგადოება საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებსა და ქსელებს დაეყრდნობა, მაშინ მხოლოდ ის პარტიები გადარჩებიან, რომლებსაც ასეთ ქსელებში ეფექტიანად ოპერირება ძალუძთ. რასაკვირველია, კლიენტელების ადგილი ასეთ ქსელში არ არის, რადგან მათი სარგებელი - ნომენკლატორული ადგილი საჯარო სამსახურში ანდაც მომხმარებლური ბენეფიცია საჯარო სახსრებიდან, საერთოდაც გაუქმებულია.

შეგვიძლია ისიც კი წარმოვიდგინოთ, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტები - პარლამენტი და საკრებულო განვითარებულ საინფორმაციო საზოგადოებაში ისევე როგორც პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, სრულიად ზედმეტია. ეს წარმომადგენლობითობაზე დაფუძნებული ინსტიტუტებიც უშუალო მონაწილეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებმა, საჯარო გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულმა ერთგვარმა სოციალურმა ქსელებმა უნდა ჩაანაცვლონ. ბუნებრივია, წარმომადგენლობითი ორგანოების დასაკომპლექტებლად პერიოდული არჩევნების გამართვა საჭირო აღარ იქნება: პერიდულ არჩევნებს მუდმივი არჩევანი შეცვლის, რომელსაც კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად გააკეთებს თითოეული დაინტერესებული და სრულად ინფორმირებული მოქალაქე.

ეროვნული ანტიპარტიული ანტიუტოპია, ეს - არა იერარქიული, არამედ ქსელური საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემაა, რომელიც მონაწილეობით, უშუალო დემოკრატიას ემყარება და არა ყალბ წარმომადგენლობითობასა და მოჩვენებითი უმრავლესობის ნებას. დროის ყოველ მოცემულ მომენტსა და ყოველ კონკრეტულ საკითხზე ეს ქსელური სისტემა ინფორმირებულ, ცოდნაზე დამყარებულ და ამ საკითხის მიმართ უმრავლესობის ნების შესაბამის საჯარო გადაწყვეტილებას გამოიმუშავებს. საჯარო გადაწყვეტილებების მისარებად საჭირო აღარ იქნებიან არც პარტიებად სახელდებული დღევანდელი კლიენტელები და აღარც ყალბი ფსევდო-დემოკრატიის ფორმით ორგანიზებული კორპორაციული ოლიგარქია. ასეთი ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპიის - თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების გარეშე, რაიმე სხვა გზით ხალხის ძალაუფლება წარმოუდგენელია.

რომელი დონიდან შეიძლება ასეთი საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობის, ე.ი. ამ „ანტიპარტიული ეროვნული ანტიუტოპიის“ ამუშავება? ცხადია, რომ მთლიანად ეროვნულ დონეზე ამის გაკეთება წარმოუდგენელია, რადგან დღევანდელი რეგრესული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ზემოდან ქვემოთ ასეთი საინფორმაციო საზოგადოების ამუშავებას  არასგზით არ დაუშვებს.

მაგრამ ეს სრულიად შესაძლებელი იქნება ქვემოდან ზემოთ, საქმის ადგილობრივი, სათემო თვითორგანიზებით დაწყების გზით.

სათემო მობილიზება და თვითორგანიზება უკვე საინფორმაციო და არა სამოქალაქო საზოგადოების სახით სავსებით შესაძლებელია და რასაკვირველია, ეს უნდა მოხდეს ე.წ. პარტიების - ე.ი. დღვანდელი კლიენტელებისა და კორპორაციულად ორგანიზებული ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, მათ გარეშე. როგორ? ეს უკვე მესამე წერილის თემა იქნება.