ჩვენ ვცხოვრობთ ფანტაზიათა,ილუზიების სამყაროში. ცხოვრების უდიდესი ამოცანაა რეალობის პოვნა (აირის მერდოკი)
2014 წლის ორ ივნისს, პრესკონფერენციაზე, გერმანიის კანცლერმა მერკელმა საქართველოსთვის MAP- ის მიცემასთან დაკავშირებით განაცხადა: „ვფიქრობ, რომ MAP- ის საკითხი ნატოს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება“. მანამდე, და მას შემდეგაც, არაერთმა დასავლეთევროპელმა პოლიტიკოსმა გააჟღერა იგივე არსის განცხადება.
ამდენად, წესით , საქართველოში უნდა დასრულდეს ეფემერული მოლოდინი, რომ დასავლეთ ევროპა უშუალოდ დაეხმარება საქართველოს ტერირიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებასა, თუ ზოგადად უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ევროპელები, მათი პრაგმატული, ე.წ. რეალპოლიტიკის საფუძველზე, სავსებით მართებულად, ორიენტირებული არიან საკუთარ კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე , მორალური თუ სამართლებრივი პრინციპების იგნორირების ფასადაც კი, თუკი საკითხი მათ სასიცოცხლო ინტერესებს ან კომფორტს ეხება.
სავარაუდოდ, ისინი, ვინც საქართველოში ცდილობენ უარყონ რეალპოლიტიის არსებობა, უსაფუძვლოდ იგნორირებენ ამ ცნების შემომღები, გერმანელი პოლიტიკოსის - როხაუს (Ludwig von Rochau) ფუძემდებლურ განმარტებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკა ეფუძნება პრაქტიკულ, რეალისტურ და პრაგმატულ, და არა იდეოლოგიურ, მორალურ ან ეთიკურ მოსაზრებებს. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია გერმანიის გაერთიანების უშუალო მონაწილის, ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსის ეგონ ბარის მოსაზრება, რომ “საერთაშორისო პოლიტიკა არასოდეს ეხება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, იგი ეხება მხოლოდ სახელმწიფოთა ინტერესებს“. იმავე აზრისაა ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი უილიამ ვუდროფი,რომელიც წერს, რომ “არც სიყვარული, არც მორალი ან საერთაშორისო სამართალი არ განსაზღვრავენ მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებს, არამედ ამას განსაზღვრავს ორგანიზებულ ძალთა ცვლადი დანაწილება“.
ქვეყნებისა და ორგანიზაციებისადმი ინფანტილური მზერა, რომელთა დახმარების იმედითაც 20 წელზე მეტია, გვაბრიყვებდნენ ყოფილი ხელისუფალნი, კარგს არაფერს გვიქადის. ახლანდელ ხელისუფლებას უმძიმესი საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო წილად.
სამწუხაროდ, ნაცვლად მდგომარეობის რეალური, ობიექტური შეფასებისა, ქვეყნის საგარეო და სხვა უწყებები, ინერციისა თუ უვიცობის გამო, პერმანენტულად განაგრძობენ მოსახლეობის დამუნათების პოლიტიკას, რომლის თანახმადა , ამ უწყებათა წყალობით თითქოს ყველაფერი კარგადაა და ექვედებარება მათ კონტროლს. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს საგარეო უწყების მიერ, ბოლო დროს, აფხაზეთში განვითარებული მოვლენებისადმი მიდგომა და მათი შეფასება.
სააგენტო IPN-ის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა ახლა საჭირო არ არის, ვინაიდან, როგორც იგი აცხადებს “თუ რას უკავშირდება იქ სიტუაციის შეცვლა ამის თქმა გაგვიჭირდება“. ე.ი მან არ იცის, ან იცის და უჭირს იმის ახსნა , თუ რა მოხდა, ხდება და მოხდება აფხაზეთში, თუმცა ამას თავად რუსები გვიხსნიან. მანვე განაცხადა, რომ „გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ანალიზი ამის თაობაზე“. საინტერესოა, სამინისტროს რომელი სტრუქტურა და რა სახის მოსაზრებებს აყალიბებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და როდის და სად იხილავს ამ გამოკვლევათა შედეგებს საზოგადოება.
იმავდროულად, აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ინტენსიურად მიმდინარეობს საქართველოს ამ ტერიტორიათა რუსეთთან მიერთებისკენ მიმართული პროპაგანდისტული უზრუნველყოფის პროცესები. ორივე ტერიტორიის მიმართებაში საყურადღებოა რუსეთის ხელისუფალთა სრულ მორჩილებაში მყოფი საინფორმაციო რუპორის, ინტერნეტ-პორტალ ლენტა.რუ-ში გამოქვეყნებული მასალები.
ორ ივნისს, ამ გამომცემლობამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით - „სამხრეთ ოსეთი შეიძლება შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში“. სტატიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი თიბილოვი სრულ მზადყოფნას და უდიდეს სურვილს გამოთქვამდა, ა.წ. 8 ივნისს იქ გამართული „არჩევნების“ შემდეგ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიმართებით. იმავდრულად, კრემლის მსტოვარმა კორესპონდენტმა კითხვები დაუსვა თიბილოვს, რომლებიც რუსეთის ზრახვებზე პირდაპირ მიმანიშნებელი და პროვოკაციულობისა და პოლიტიკური სითავხედის ეტალონური მაგალითია. კითხვა შემდეგი შინაარსისაა: „რუსეთი დაინტერესებულია თანამშრომლობის ინტენსიფიკაციით სომხეთთან, რომელიც მალე შევა საბაჟო კავშირში, და ირანთან. თეირანი დაინტერესებული რუსეთში სახმელეთო სატრანსპორტო კორიდორით“. შემდეგ, კორესპონდენტი ინტერესდება როგორ ვითარდება სატრანპორტო პროექტები, რომლებიც დაკავშირებული არიან ტრანსკავკასიურ მაგისტრალთან და როგორია აუცილებელი პორობები გამჭოლი, პირდაპირი კავშირისათვის ტრანსკავკასიური მაგისტრალით სომხეთში და ირანში. თიბილოვი ამაზე , დაუფარავად პასუხობს, რომ “რკინიგზის საკითხში, ჩვენ ველოდებით რუსეთის შესაბაბის გადაწყვეტილებას“. ამავე კონტექსტში საინტერესოა, რომ, როგორც საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ“ გვამცნო 4 ივნისს, რუსეთი, სამხრეთ ოსეთის განვითარებაში 2015-2017 წლებში 256 მილიონ დოლარს ჩადებს.
მანამდე კი, 3 ივნისს გაცხადდა, რომ რუსეთი „სამხრეთ ოსეთს“ უფასოდ გადასცემს მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო ნომრებს. იმავე სააგენტომ, 2014 წლის ორ ივნისს გამოაქვეყნა სტატია - „რუსულ-აფხაზური სიმბიოზი“. მასში პირდაპირაა გაცხადებული, თუ რატომ იქნა დამხობილი აფხაზთა ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ანქვაბი, რის შემდეგაც „რესპუბლიკის წინაშე იხსნება ახალი პერსპექტივები, დაკავშირებული მაშტაბურ რუსულ-აფხაზური პროექტების რეალიზებასთან“. სტატიაში გაცხადებულია კრემლის მიერ ანქვაბის დამხობის ნამდვილი მიზეზები, რომლებიც შემდეგში მდგომარეობს: 2010 წელს რუსმა ექსპერტებმა დსთ-ს მონაწილეობით , შეიმუშავეს პროექტი „კავკასიის ინფრასტრუქტურები“, რომელიც გადაეცა აფხაზეთის ხელისუფლებას. იგი ითვალისწინებდა სამხედრო გზის გასწვრივ თანამედროვე საავტომობილო ტრასის გაყვანას კოდორის ხეობის გავლით. ამავე პროექტით გათვალისწინებული იყო სოხუმში, გუდაუთაში, ქვედა ეშერაში საერთაშორისო მნიშვნელობის ერთიანი საპორტო რაიონის დაარსება, ქვედა ეშერაში მსხვილი სასაწყობო და ლოჯისტიკური კომპლექსის შექმნა, რომელსაც ფილიალები ექნებოდა ჩრდილო კავკასიაში და მრავალი სხვა. სტატიაში დაფიქსირებულია, რომ პროექტის რეალიზება გადაწყვეტდა რუსეთის ინფრასრუქტურულ პროექტებს კავკასიაში, რაც დაკავშირებულია შავი ზღვის პორტების და კრასნოდარის მხარის სატრანსპორტო კვანძების გადატვირთულობასთან... მაგრამ, როგორც სტატიაშია დაფიქსირებული „რუსეთის მნიშვნელოვანი პროექტები მყისიერად, კატეგორიულად იქნა უარყოფილი ანქვაბის მიერ“.
“იგი, ასევე გამოდიოდა რესპუბლიკაში ღრმაფსკერიანი პორტების მშენებლობის წინააღმდეგ“ - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
აშკარაა რომ , განხორციელებული გადატრიალების შემდეგ, მოსკოვი ამ ობიექტების მშენებლობაზე სრულ კარტ-ბლანშს მიიღებს, ისევე როგორც განახორციელებს ზეწოლას მის მარიონეტებზე, რუსეთის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიმართებით, რაც გეომეტრიული პროგრესიით დააჩქარებს აფხაზთა, როგორც ეთნოსის გაქრობის პროცესს.
მეტი სიცხადის შეტანა ძალთა იმ განლაგებაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიათა მიმართებაშია, ძნელად წარმოსადგენია. ოკუპანტი აცხადებს, რომ იგი ხელს არ იღებს მის დამპყრობლურ ზრახვებზე და ემზადება შემდგომი აგრესიული ქმედებებისთვის. ამ სავარაუდო პროცესის შეჩერება ან აღკვეთა დასავლეთ ევროპელ პოლიტიკოსთა შეშფოთება-აღშფოთებით, ისევე როგორც საგარეო უწყების მიერ ჩატარებული ანალიზით, ძნელად წარმოსადგენია.
რამდენიმე სტატიაში შევეცადე არსებული მდგომარეობის ობიექტურ აღწერას, მათ შორის, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის საერთაშორისო სასამართლოთა გადაწყეტილების მნიშვნელობას. ფაქტია, რომ პრობლემის და პრობლემათა წყების გადაწყვეტის სათავეები საერთაშორისო სასამართლოთა გადაწყვეტილებების მეშვეობითაც უნდა ვეძებოთ, ვინაიდან მათ ისტორიითვის ფაქტის დაფიქსირება მაინც ძალუძთ . იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენი მოსაზრებები უდაბნოში აქლემთა ქარავნისგან დაყენებულ მტვერს გაჰყვებოდა. ამ პირობებში, ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი მიდგომის სისწორის გასამყარებლად მოვიხმოთ უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე გამოჩენილი და თვალსაჩინო სპეციალისტის და დიდი მეცნიერის ანტონიო კასეზეს (AntonioCassese) მოსაზრებები ამ და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ანტონიო კასეზე , ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მმართველი კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტის თავმჯდომარე, ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალის თავჯდომარე, დარფურის მოვლენათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, ლიბიის საკითხებში სპეციალური ტრიბუნალის თავმჯდომარე იყო.
მის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები საერთაშორისო და საერთაშორისო სისხლის სამართალში, ამ დარგის დასავლელ იურისტთა და პოლიტიკოსთა სამაგიდო წიგნებია. მოგვყავს ამონარიდები კასაზეს სტატიიდან - ”მგელი, რომელმაც საქართველო შეჭამა“, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნდა The Gardian-ში. დროთა მსვლელობა ვერ ზემოქმედებს ამ უდიდესი მოაზროვნისა და საერთაშორისო მოსამართლის ნააზრევზე და კვლავაც აქტუალური რჩება .
მგლისა და წყლის ამმღვრევი ბატკნის ურთიერთობის აღმწერი იგავის მაგალითზე კასეზე წერს: „დღეს, გაეროს ქარტია სამართლებრივად ავალდებულებს მგელ-სახელმწიფოებს, ე.ი. დიდი ძალის მფლობელებს, წარადგინონ თავიანთ ქმედებათა გამამართლებელი არგუმენტები იარაღის გამოყენებისას. ყოველივე ეს მეტწილად ეხება უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს, რამდენადაც გარდა საზოგადოებრივი დაგმობისა, მათ წინაღმდეგ არ არსებობს სანქციები ქარტიის დებულებათა სერიოზული დარღვევისათვის“. კასეზეს მოჰყავს რუსეთის არგუმენტები, თითქოს რის გამოც, იგი თავს დაესხა საქართველოს. “ვერც ერთი ეს სამართლებრივი საფუძველი ვერ უძლებს კრიტიკას. აგზავნიდა რა მის ჯარებს სამხრეთ ოსეთში, საქართველომ, უეჭველია გადადგა წინდაუხედავი პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ მას არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის არცერთი დებულება, რამდენადაც ნომინალური არ უნდა ყოფილიყო მისი სუვენერიტეტი. ასევე, როგორც ჩანს, არ ჰქონდა ადგილი არც გენოციდს და ეთნიკურ წმენდას. თუკი ჩადენილ იქნა სამხედრო დანაშაულები, ისინი ვერ ამართლებენ სამხედრო ინტერვენციას საქართველოში. რუსეთმა დაარღვია გაეროს წესდების მე-2 მუხლი, რომელიც მიუთითებს წევრ ქვეყნებს „თავი შეიკავონ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის ან ძალის გამოყენების მუქარისგან. კასეზეს გამოაქვს დასკვნა ზემოხსენებული იგავიდან: “თუმცა, ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ძალის გამოყენებისას, de facto დაკავშირებული არიან ერთმანეთთან საერთაშორისო სამართლით, ისინი იცავენ არამზადა-ნაძირალათა შორის არსებულ ფარულ, საიდუმლო შეთანხმებას, რათა შესაბამისად მოიქცნენ.
დასავლეთმა 1999 წელს დაარღვია შეთანხმება კოსოვოში, როდესაც ნატოს ძალებმა შეტევა განახორციელეს კოსოვოზე და ბელგრადზე გაეროს წესდების დარღვევით. ამ საშიში პრეცედენტის შემდეგ, რუსეთი აღარ თვლის თავს დავალდებულად მდუმარე შეთანხმებით. ბოლოს და ბოლოს აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ იპოვოს პრობლემის არსებითი გადაწყვეტა, რაც განმტკიცებულია შეთანხმებით, რომელიც შეთავაზებულია პრეზიდენტ სარკოზის მიერ, მაგრამ ესეთი გადაწყვეტა არ არსებობს და არც მომავალში ჩანს, რამდენადაც რუსეთის ჯარები საშინლად აღმაშფოთებლად არღვევენ ამ შეთანხმებას, ისევე როგორც საერთაშორისო სამართალს, რჩებიან რა საქართველოს ბევრ ნაწილში.
ორმა რეგიონმა გამოაცხადა მათი დამოუკიდებლობა. მოსკოვმა თანხმობა მისცა ამ გამოყოფაზე, რაც სავარაუდოა რომ, პირველი ნაბიჯი გახდება რუსთაან მათი მიერთების გზაზე“.
შემდეგ, კასეზე უთითებს სასამართლო დავებზე რომლებიც საქართველომ წამოიწყო საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში. რამდენაც საქართველომ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სტატუსს, მას შეეძლო მოეთხოვა ამ სასამართლოს პროკურორისგან, გამოეძიებია რუსეთის ქმედებები, წერს იგი. “უცნაურია, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია“ - აღნიშნავდა კასეზე. თუმცა, მიამიტი მოსამართლე , იმედისმომცემად გვამცნობდა რომ “ საბედნიეროდ ამ სასამართლოს პროკურორმა განაცხადა რომ, აანალიზებს სიტუაციას საქართველოში“ მრავლისმნახველი მოსამართლე ვერც წარმოიდგენდა, რომ აგვისტოს ავანტიურის ორგანიზატორები და მონაწილენი ორივე მხრიდან ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ , რის გამოც არც ერთის ინტერესში არ შედიოდა მათ კრიმინალურ ქმედებათა სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულის გამო, არც-ერთ მხარეს ამ სასამართლოსთვის არ მიუმართავს და შესაბამისად არც ამ სასამართლოს პროკურორს განუხორციელებია რაიმე ქმედება.
სტატიის ბოლოს კასეზე წერს: “თავად სამართალს არ ძალუძს სწორი გადა- წყვტილებების შეთავაზება ასეთ რთულ და სახიფათო სიტუაციაში. მხოლოდ პოლიტიკას და დიპლომატიას ძალუძს მყარი, გრძელვადიანი გადაწყვეტილებების განხორციელების შეთავაზება. მიუხედავად ამისა, როდესაც ორივე მხარე ამოფარებულია საერთაშორისო სამართალს, სასამართლოთა ავტორიტეტულმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლებელია უბიძგონ მხარეებს გრძელვადიანი, მყარი შეთანხმების მიღწევისაკენ“.
კასეზეს მოსაზრებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის სამართლებრივი გადაწყვეტის მიმართებით, არსებითი მნიშვნელობისაა. თუ როგორ შეისმინა ეს რჩევები ყოფილმა, კრიმინალურმა ხელისუფლებამ - თვალნათლივ ვიხილეთ. ხოლო რამ შეუშალა ხელი ახალ ხელისუფლებას, თუნდაც რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს კონსულტატური დასკვნის მოპოვება ეცადა, რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციის თაობაზე, ერთგვარ გამოცანად რჩება.
და ვიდრე არსებით პრობლემათა გადაჭრას საფუძვლად ედება ილუზიები არარსებულ მხსნელთა თაობაზე და არასამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობა და მათ საფუძველზე მოქმედება გორი-თბილისის ავტოსტრადიდან, ღამის საათებში, სამწუხაროდ, რეალურად კიდევ დიდხანს მოგვიწევს არა ილუზორული, უწყინარი ჩრდილოეთის ნათების, არამედ დამპყრობ ოკუპანტის რელური დამოკლეს მახვილის - გაჩირაღდნებული სამხედრო ბაზის ხილვა.