იქნებ დავფიქრდეთ?

იქნებ დავფიქრდეთ?

„ჩემი ქვეყნის ისტორია დედის თვალებიდან  ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს” - გოდერძი ჩოხელი

ერთი ჭირი გვჭირს ქართველთა, გინდა დიდსა და მცირეთა - ჩამოსხდებიან, იტყვიან, უჩემოდ ვით იმღერეთა?”.

ამპარტავნებისა და დიდგულოვნობის სენი რომ გვჭირს, ამას ზემოთ მოხმობილი სტრიქონებიც ადასტურებენ ქართული ლიტერატურის კლასიკიდან.

უფრო კონკრეტულად თუ რით ხასიათდებოდა ჩვენი ერის ნიშან-თვისებათა გამოვლინების თავისებურებანი „მოგვითხრობს მატიანე ძველი და ახალი”:

„რამეთუ რაჟამს განდიდდნენ, განსუქდენ და დიდება პოვონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა”.

იქნებ საკუთარ შეფასებაში ვცდებით? ამიტომ ვნახოთ უცხოელებიც, როგორ გვახასიათებენ:

პიეტრო დე ლა ვალე, „სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა” - 1628 წ.

„ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ...”

სანსონი, (1683-91 წლებში სპარსეთში მყოფი მისიონერი)

“შაჰის პოლიტიკა ქართველების მიმართ მშვენიერია. თუ გაერთიანდებიან, მათ შეუძლიათ შაჰს მრავალი პრობლემა შეუქმნან. მაგრამ მან იცის, როგორ დააშოროს ისინი ერთმანეთს. ის ისეთ მაღალ თანამდებობებზე აწინაურებს დიდებულებს, რომ ისინი მისი ერთგულებისათვის ივიწყებენ სამშობლოს, რელიგიას. იმპერიის მაღალი თანამდებობები დღეს მათ ხელშია და მათაც, ვისაც ეს არ გააჩნია, აქვს ადგილი სამეფო სუფრასთან და ხელფასი ხაზინიდან”.

არტემ ვოლინსკი (რუსეთის ელჩი ირანში 1715-1718 წლებში)

„თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მარტო სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც”.

ხომ არაფერი გეცნობა, ძვირფასო მკითხველო?

მაშინ ისევ ისტორიას მივუბრუნდები: თუ მდინარე ნილოსის მოუსვენარი ბუნება უძველესი ცივილიზაციის შემქნელ ეგვიპტელთ ერთიანობის გარდა სხვა არჩევანს არ უტოვებდა, ამას, საუკუნეების განმავლობაში ქართული სინამდვილისთვის „ქართლის ცხოვრება” აკეთებდა. ეს დიდი საისტორიო წიგნი, ქართველი ერის სახელმწიფოებრიობას იცავდა, თვით დაქუცმაცებულობის ჟამსაც ქვეყანას ერთიანობის აუცილებლობას ახსენებდა.

მაგრამ დღეს, როდესაც წარსულს ზურგი შევაქციეთ, რაც მეხსიერების დაკარგვის ტოლფასია, ამნეზიაში მყოფნი, ფარად რას ვიყენებთ?

ხომ ყოველთვის გვიხარია, როდესაც უცხოელები აღფრთოვანდებიან ხოლმე ჩვენი ქვეყნითა და მისი მცხოვრებნით, მაგრამ თუ მათ ვაძლევთ ჩვენი ნაკლის დანახვის საშუალებას, როგორ ფიქრობთ, ისინი მხოლოდ ჩვენი შეფასებით დაკმაყოფილდებიან? ჰოოდა, რომ არ კმაყოფილდებიან სწორედ ამიტომაც იმ შედეგებს ვიმკით, რაც დავიმსახურეთ.

მოგწონთ ასე ცხოვრება, თუ არ მოგვწონს, მაშინ დავფიქრდეთ?

დაკარგული”. ქვეყანა”.

იყო დრო, როცა თითოეულ ჩვენთაგანს გულწრფელად გვეგონა, რომ წითელი იმპერიის დაშლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთესად ვიცხოვრებდით. ეშველებოდა ქართველ ერს, ქართულ კულტურას, რომელიც თავს დაიხსნიდა კომუნისტური ცენზურისაგან. დადგებოდა დრო, როცა მსოფლიოს წინაშე წარვსდგებოდით არა როგორც საბჭოთა მწერლობისა და საბჭოთა კულტურის წარმომადგენლები, არამედ, როგორც საქართველოს მწერლობისა და ხელოვნების წარმომჩენნი, საკუთარი ერის შვილები. დადგებოდა დრო, როცა მსოფლიო გაიგებდა, რომ არსებობს საქართველო, ერთ-ერთი უძველესი ისტორიისა და კულტურის პატრონი ერი, რომელმაც შექმნა იმ დონის კულტურული ღირებულებანი, გვერდით რომ დაუდგება კაცობრიობის უდიდეს კულტურულ მონაპოვრებს. ფართოდ გაიხსნებოდა კარი და თუ საზღვარგარეთ გამგზავრება მოსახლეობის უმრავლესობისთვის აუხდენელი ოცნება იყო, გახდებოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოგვეცემოდა შესაძლებლობა სხვა ერთა მიერ შექმნილი ცივილიზაციური მიღწევები სენკევიჩის კი არა საკუთარით თვალით გვენახა და ა.შ.

დადგა ეს ნანატრი დღეც, მოვიპოვეთ თავისუფლება და ყველაფერი აირია ერთმანეთში. უმალვე დაიკარგა ეროვნული, კულტურული და ზნეობრივი ორიენტირები.

გლობალურმა გადაგვარების პროცესმა, რომელიც წლებია მიმდინარეობს, თავისი საქმე უკვე გააკეთა. გთავაზობთ უმბერტო ეკოს ტრადიციული სვეტის თარგმანს, რომელიც 2010 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ „ესპრესოში:”.

„მივდივართ ჭეშმარიტად გლობალიზაციისათვის შესაფერისი განათლებისაკენ, მაშინ როცა განათლებულ ევროპელთა 99%–მა არ იცის, რომ ქართველებისათვის ყველაზე დიდი ლიტერატურული ძეგლი რუსთაველის “ვეფხისტყაოსანია”. და ევროპელები ასევე ვერ შევთანხმებულვართ (შეამოწმეთ ინტერნეტში) ამ ჩვენთვის უცნობ ანბანზე დაწერილ ნაწარმოებში მთავარ პერსონაჟს პანტერის ტყავი მოსავს, ვეფხვის, თუ ლეოპარდის? და კვლავაც ვაგრძელებთ საკუთარი თავისთვის შეკითხვის დასმას: “ეს რუსთაველი ვიღა იყო?!”

დიახ, ამით ამოიწურება ეს უმნიშვნელო ცოდნაც კი საქართველოს წარსულზე. არადა იყო დრო, როდესაც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხზე, მათ მაღალ ერუდიციაზე და ბრწყინვალე კულტურაზე გაცილებით მეტი იცოდნენ, იქნებოდნენ ეს: და-ძმა უორდროპები, არტურ ლაისტი, ალენი, ლენგი თუ სხვები...

ცნობილი გერმანელი მწერალი ჰაინრიჰ ბიოლი ორჯერ იყო საქართველოში 1966 და 1972 წლებში. თავის დროზე ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სანამ „შალახოთი”. სადღეგრძელოს გვეტყოდნენ, ქართველებზე და საქართველოზე იქნებ მისი კომენტარი გახსენებოდათ. აი, რას წერდა იგი: „მე თვალში მომხვდა ქართველების ბუნებასთან სიახლოვე, ბუნებრიობა, ადამიანური შემოქმედებითი საწყისის შენარჩუნება. ქართველების ცხოვრებას აქვს მკვეთრი ინდივიდუალობა, განუმეორებლობა, მას ნაკლებად, ვიდრე ევროპული ერების ცხოვრებას, ემუქრება უნიფიკაციისა და სტანდარტიზაციის მსახვრალი ხელი, ქართველების ცხოვრება ნაკლებადაა “.პროგრამირებული”, ეს ბედნიერებაა!”.

და კიდევ: „თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი ძლივსღა აღწევდნენ ევროპამდე”.

დიახ, ჩვენს დროში ეს ცოდნაც დაიკარგა, რომლის არა ერთ არსებით მხარეს არათუ უცხოელთათვის, თავად ჩვენთვისაც თანდათან დავიწყებას ვაძლევთ. საკითხავია - რატომ? მითუმეტეს, თუ ვცხოვრობთ კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის, ინვესტიციის, ურთიერთდაახლოების, სამეცნიერო-ტექნიკური და სახელოვნებო ინფორმაციით ურთიერთგამდიდრების ეპოქაში.

რატომ არ იცის არაფერი უდიდესმა უმრავლესობამ ამ ქვეყნის შესახებ?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ერების მიერ უგულებელყოფა მცირე ქვეყნების ისტორიის არ ახალია, ძველია. იქნებ ამიტომაცაა, რომ მათ ინტელექტუალურად შეზღუდული მსოფლმხედველობით წარმოუდგენივართ ქვეტექსტად სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის ისტორიების. მაგრამ ამაში ხომ ჩვენ თავადაც ვცოდავთ. ფაქტია, რომ საქართველოს ჯერ არც კი შეუმუშავებია სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი პროგრამა, რომლითაც ითარგმნება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და ლიტერატურული ნაშრომები (ან მათი ნაწილი მაინც) ინგლისურ ენაზე. უცხოელები, როგორც ვხედავთ, ამას არ აპირებენ, რის მიზეზადაც ის მოაქვთ, რომ მთარგმნელთა რიცხვი მცირეა, საამისოდ დიდი თანხებიცაა საჭირო და არც მარკეტინგზე ზრუნავს ვინმე. მაშასადამე, გვრჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ მთავრობამ დააფინანსოს სამეცნიერო და მთარგმნელობითი სამუშაოების პროგრამა, რომელსაც ქართველი სწავლულები და მთარგმნელები აღასრულებენ. ამით საქართველოს ისტორია და ქართული კულტურა მსოფლიო სარბიელზე უფრო სრულად წარმოჩინდებოდა.

ყბადაღებულმა მულტიკულტურიზმის პოლიტიკამ და ანტიისტორიზმმა ევროკავშირი დაშლის პირას მიიყვანა, ამიტომაა, რომ ევროპა პატრიოტულ ნოტებზე დადგა. ბებერ კონტინენტზე დღეს უკვე არ არსებობს ერი, რომელიც თვითიდენტიფიკაციის დასამკვიდრებლად არ ზრუნავდეს საკუთარი ნაციონალური პრიორიტეტების წარმოჩენაზე.

ჩვენ ამ მხრივ დროს ჩამოვრჩებით და ინერციით კვლავაც მივყვებით იმას, რომლისგან განთავისუფლებასაც ევროპა იწყებს.

ფაქტია, რომ საქართველო ხელახლაა აღმოსაჩენი!

კასანდრას სინდრომი”.

ბერძნული მითოლოგიის ერთ ეპიზოდს გაგახსენებთ.

აპოლონი იმდენად მოიხიბლა პრიამოსის ლამაზი ასულის, კასანდრას სილამაზით, რომ ის წინასწარმეტყველების ნიჭით დაასაჩუქრა. თუმცა კასანდრამ არაფრად ჩააგდო აპოლონის სიყვარული და მზე–ღმერთი უარყო. განრისხებულმა აპოლონმა გადაწყვიტა მისი წინანდელი საჩუქარი სასჯელად ექცია კასანდრასათვის და დასწყევლა, რომ მის წინასწარმეტყველებებს არასდროს არავინ დაიჯერებდა, რაც კასანდრასათვის ნამდვილი ტანჯვის მიზეზი გახდა.

ამ ბერძნულმა მითმა დასაბამი მისცა ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, მეცნიერებაში და კინემატოგრაფიაში საკმაოდ ცნობილ და ხშირად გამოყენებად „კასანდრას მეტაფორას”, იგივე “კასანდრას სინდრომს”. ამ ტერმინით მოიხსენიებენ სიტუაციას, როდესაც ხალხი არ იჯერებს სწორ გაფრთხილებას რაიმე მოახლოებული საფრთხის შესახებ. (ისევე როგორც მითოლოგიაში, – პრიამოსმა არ შეისმინა კასანდრას გაფრთხილება, რომ მისი ახალდაბადებული ვაჟი, პარისი, ტროას დაღუპვის მიზეზი გახდებოდა).

წარმოიდგინეთ ადამიანის განცდა, როდესაც მან იცის მოახლოებული საფრთხის შესახებ, მაგრამ მას არავინ უჯერებს.

მარქსის დარიგება

ცნობილია, რომ მარქსიზმის აღიარებულმა გერმანელმა თეორეტიკოსმა კარლ კაუცკიმ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა და იგი ბერლინის ერთ-ერთ გამომცემლობაში ცალკე წიგნადაც გამოსცა.

მაგრამ ნოე ჟორდანიასთან შეხვედრისას იგი არ მოერიდა ქართველების წყენას და გაკიცხა ისინი იმის გამო, რომ სათანადოდ არ ზრუნავდნენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებზე. ბოლოს მთავრობის თავმჯდომარეს საყვედურითაც კი მიმართა: „როგორც მარქსისტმა, ნუთუ ასე გაიგონეთ, მარქსის დარიგება: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით”!

ნოე ჟორდანიამ თავი ვეღარ შეიკავა და სტუმარს პირში მიახალა: „როგორ არ მახსოვს მარქსის დარიგება ყველა ქვეყნის პროლეტარების შეერთებაზე, მაგრამ იმ დალოცვილს ისიც ხომ არ უთქვამს, მაინცდამაინც თბილისში შეერთდითო”?

ვინ გვჭირდება: დამჯერები თუ ჭკვიანები?

აქლემს არაბული ცხენი უჩვენეს და ჰკითხეს - როგორიაო? კუზი რომ ჰქონოდა, უკეთესი იქნებოდაო - უპასუხა თავმომწონედ “უდაბნოს ხომალდმა”.

საქართველოშიც კონკურსანტების შერჩევა ხშირად ამ პრინციპით ხდება. მთავარი მაინც ის არის, რომ ამის გამო თავად შემფასებლები თავს უხერხულად არ გრძნობენ. კომპეტენციის საჩვენებლად ხომ ყველას საკუთარი პროკრუსტეს სარეცელი აქვს გამზადებული, სადაც მათ ობიექტურობას მინდობილ მსხვერპლს აწვენენ. თუ საწოლში მყოფნი ლოგინზე გრძელი იქნებიან, მაშინ ზედმეტ ნაწილს მოაჭრიან, ხოლო თუ ნაკლებნი - გაჭიმავენ და საწოლის სიგრძეს გახდიან. მერე რა, თუ ასე შეიძლება სიცოცხლე მოუსპონ ბევრ მათგანს, მთავარია, შეარჩიონ კონკურსანტები, რომელნიც მიწოდებული თუ ნაკარნახევი აზრის მიხედვით მოერგებიან მოცემულ სტანდარტს და გახდებიან “ადაპტირებულნი”. ახლა არ იკითხავთ რა სტანდარტზეა საუბარი?

ცნობილი რუსი ისტორიკოსი ევგენი ტარლე თავის ერთ-ერთ წიგნში ჰყვება მოსკოვის უნივერსიტეტში ნიკოლოზ I-ის სტუმრობის შესახებ. როცა რექტორმა მას საუკეთესო სტუდენტები წარუდგინა მათთან მოკლე საუბრის შემდეგ იმპერატორმა თქვა: “მე არ მჭირდება ჭკვიანები, მე მჭირდება დამჯერები”.

ეს ის ნიკოლოზია, რომელსაც უნდოდა დამჯერად ექცია პუშკინი, ასეთი მოპყრობის შედეგად პუშკინი დაიღუპა.

გადის წლები, ათწლეულები და ასწლეულებიც, მაგრამ სტანდარტისთვის დადგენილი ნორმები არ იცვლება, რადგან დამჯერები კვლავაც საჭირონი არიან. ჭკვიანები? ჭკვიანები უბრალოდ იღუპებიან.

ტიმნატაა

ამბობენ, რუსი ფიზიოლოგი და ნობელის პრემიის ლაურიატი პავლოვი, როცა თავის ინსტიტუტში მიდიოდა ხოლმე, გზად ეკლესია უნდა გაევლო. ყოველთვის შეჩერდებოდა და პირჯვარს გადაიწერდა. იქვე ერთი მეეზოვე ქუჩას გვიდა და რომ დაინახავდა პავლოვი პირჯვარს იწერდა, სინანულით თავს გადააქნევდა და ჩაილაპარაკებდა: “ტიმნატაა”.

არადა ახლაც რომ ძნელია გაიგო, ვინ არის ჩვენს შორის “განათლებული”. და “.ბნელი...”.

თხოვნა

ასაკში მყოფი ერთი მუსიკოსი განვლილ ცხოვრებას ასე აფასებს: “.როცა ვიყავი 20 წლის, ვამბობდი “.მე”.-ს. გავხდი 30 -ის - გამიჩნდა სურვილი მეთქვა “.მე და მოცარტი.”. 40 წლის ასაკში ხშირად ვიმეორებდი “მოცარტი და მე”. ახლა კი, როდესაც გადავაბიჯე 50 წელს, მშვიდად, წყნარად ვამბობ - “მოცარტი!”.

ამიტომ, ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ თქვენი ასაკის გამო აჩქარებით რამეს გადაწყვეტდეთ, 50 წელს გადაცილებულებსაც გვანდეთ ზრუნვა ქვეყნის ბედზე.

..............

ბერნარდ შოუ - „თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება”.

აი, რატომ მიხარია, ჩემო ძვირფასებო, თქვენთან საუბარი!