„ყველას ვთხოვ, როგორც პოლიტიკოსს, ნუღარ მახსენებენ

„ყველას ვთხოვ, როგორც პოლიტიკოსს, ნუღარ მახსენებენ"

ქართულ ოპოზიციას გოგა ხაინდრავას სახით, რომლის გარეშე დამოუკიდებელ საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ მოვლენას არ ჩაუვლია, სერიოზული აგური ეცლება. ის ხანგრძლივი დროით, როგორც კინორეჟისორი, სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის. ამბობს, რომ სამშობლოში პურის ფულის შოვნის საშუალებაც არ აქვს.

გოგა ხაინდრავა:

- საინტერესო სამუშაოს და ხანგრძლივ კონტრაქტს მთავაზობენ კინოს სფეროდან. რაღაც პერიოდი ესპანეთსა და ბალტიისპირეთში ყოფნა მომიწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვტოვებ. საქართველოში რომ სამუშაო მქონოდა, ნამდვილად არ გავიხედავდი არსად, მაგრამ ძალიან დიდი ოჯახი მყავს და რჩენა უნდა. საქართველოში მათი რჩენის არანაირი საშუალება არაა და შიმშილით ვერ მოვკლავ. იძულებული ვარ, ჩემი პროფესია რაიმე ტიპის პროექტებში განვახორციელო და სადაც შემომთავზეს, იქ მივდივარ.

თქვენს წასვლასთან პოლიტიკურ სიტუაციას არანაირი კავშირი აქვს?

- ამ გადაწყვეტილებაში გარკვეულწილად იმანაც იმოქმედა, რომ ამ აბსურდში, რომელშიც ვიმყოფებით, არანაირი კვალი ჩანს იმის, რომ ეს საზოგადოება შემართულია, ამ უმგავსობას ბოლო მოუღოს. საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლას ნამდვილად ვერ ავყვები. სანამ სააკაშვილი ძალაუფლების სათავეშია, არანაირი საარჩევნო გარემო არ შეიცვლება და ეს ყველას ესმის. სააკაშვილი და მისი მგლური ხროვა კრიმინალურია და არანაირი კონსტიტუციური მეთოდებით ძალაუფლებას ხელიდან არ გაუშვებენ მარტივი მიზეზის გამო. მშვენივრად ესმით, რომ ციხეში ამოყოფენ თავს მრავალი ბოროტმოქმედების და უკანონობისთვის.

ჩემ მიმართ დარტყმები ძირითადად ჩემი ყოფილი თანამებრძოლებისგან მოდის. გია ცაგარეიშვილმაც მორალის კითხვა დამიწყო და იმის სწავლება, როგორ უნდა სწორუპოვარი ბრძოლა. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. ჩემი წარსული ყველა უმგავსობის, ძალადობის, უკანონობის წინააღმდეგ იყო მიმართული და ვფიქრობ, ჩემი პროფესიული საქმიანობა ამის საბუთია. ციდან ვარსკვლავები არ მომიწყვეტია, მაგრამ ჩემს საქმიანობას გარკვეული შედეგი ყოველთვის ჰქონდა.

ბატონო გოგა, მე და თქვენ არაერთხელ გვისაუბრია და ყოველთვის გითქვამთ, რომ წასვლას არსად აპირებდით, პირიქით, სააკაშვილს და ნაცმოძრაობას გააქცევდით. ხომ არ არის ეს გაქცევა შუა ბრძოლიდან თუ პროტესტია ოპოზიციის უმოქმედობის მიმართ?

- სად ხედავთ ამ ბრძოლას? აპრილის შემდეგ ვერანაირ ბრძოლას ვერ ვხედავ. მხოლოდ თვითკმაყოფილი ხმამაღალი განცხადებები და ბაქიბუქი მესმის: "იმას შევკრებთ", "ამას ვიზამთ", "იმას შევცვლით!". რეალურად ბრძოლის იმიტაციაა. ბრძოლა იყო 2007 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, აპრილშიც ბრძოლა იყო. იმ მთავარ მებრძოლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ციხეში ამოაყოფინეს თავი, მიანგრ–მოანგრიეს ოპოზიციური ციტადელები და ყველამ სააკაშვილთან ამ კონსტიტუციურ წინააღმდეგობაში თავი ჩაყო. აქ არანაირი ბრძოლა არაა და არანაირ ბრძოლას არ ვერიდები, სამუშაოდ მივდივარ. ცაგარეიშვილისნაირი ბუმბერაზი მებრძოლი არ ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. იმის თავი არ მაქვს, ჩემი ოჯახის შიმშილობის ხარჯზე ვიბრძოლო. ვისაც ამის უნარი აქვს, იმან გააკეთოს. ვალდებული ვარ, ოჯახი ელემენტარული სარჩოთი უზრუნველვყო. ამას რომ თავი დავანებოთ, გამუდმებული საფრთხის ქვეშ არიან.

რა გამოდის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა დასრულდა?

- არ დასრულებულა და არც დასრულდება, სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. თუ იმ ფორმით გაგრძელდა, რა ფორმითაც ვთვლი, რომ საჭიროა - ეს ერთადერთი აჯანყებაა, აჯანყებულების რიგებში ვიდგები, მაგრამ საარჩევნო გარემოს ცვლილების მებრძოლთა რიგებში ნამდვილად არ დავდგები. აგერ კიდევ ერთხელ გვატენიან სააკაშვილისეულ კონსტიტუციას და რომელ გარემოზე ვლაპარაკობთ?!

ამბობენ, რომ პროცესი შემოდგომაზე გააქტიურდება.

- ვნახოთ. თუ საჭირო გახდება, ზუსტად სამ საათში თბილისში ვიქნები. თავი დამანებონ. პოლიტიკოსი არ ვარ და ნუ ინერვიულებენ ნურც ჩემს აწმყოსა და ნურც - მომავალზე. ყველას ვთხოვ, როგორც პოლიტიკოსს, ნუღარ მახსენებენ. როგორც ინდივიდი, რას ვიზამ და სად ვიქნები, არავის საქმე არაა.

გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული, არც ერთ პოლიტიკურ პროცესს გამოკლებიხართ. ორჯერ იყავით სახელმწიფო მინისტრი. პოლიტიკა მეტი რა არის?

- ჩემზე ბრძენი ადამიანი, ბატონი ლევან ბერძენიშვილი ბრძანებს, რომ თუ პარტიის წევრი არ ხარ, ე.ი. პოლიტიკოსი არ ხარ. მე პარტიის წევრი არ ვარ. ცხოვრება ისე ამეწყო, რომ ორჯერ მომიწია სახელმწიფო მინისტრობა. ორჯერვე ქარცეცხლიან რეგიონში, ომის და გაჭირვების დროს და იმ საქმეში, სადაც ამ ქვეყნისთვის რაღაც სიკეთის მოტანა შემეძლო. ის ადამიანები მენდობოდნენ აფხაზეთშიც, ცხინვალის რეგიონშიც. უამრავ მათგანთან ძველი მეგობრობა მაკავშირებდა. შეიძლება შემეშალა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ შემეძლო რაიმე სიკეთის მოტანა, მაგრამ ეს არ იყო პოლიტიკური გზის პრეტენზია. მაშინ აფხაზეთში ომი მძვინვარებდა. 4 ოქტომბერს გაგრა დაიკარგა და 3 ოქტომბერს დამნიშნეს ცეცხლმოკიდებულ, გადამწვარ აფხაზეთში, საიდანაც, ერთი სული ჰქონდათ, გამოესწროთ დევგმირებს, დღესაც რომ მებრძოლები არიან. ერთი მუჭა ახალგაზრდები იდგნენ იქ სიკვდილამდე. საქართველომ არც ერთის სახელი და გვარი არ იცის. მარტო სოხუმის სადგურის დაცვა უკვე დატოვებულ ქალაქში ოთხი დღის განმავლობაში რას ნიშნავდა და რამდენი შეეწირა, სხვას აღარაფერს ვიტყვი.

ამის გარდა, რეპატრიაციის სახელმწიფო კომისიის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ორჯერ პარლამენტში გავედი და უარი ვთქვი. რაღაც პოლიტიკური წარსული მაქვს, მაგრამ აწმყო პოლიტიკური არ მაქვს, ვერც ჩემს პოლიტიკურ მომავალს ვხედავ. რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკა არ არის, ამიტომ მე ვერ ვიქნები პოლიტიკოსი.

აბა, ეს ჩვენი პოლიტკოსები რას აკეთებენ?

- რაც ხდება, ეს პოლიტიკა არაა. ეს არის ნაწილის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა გადარჩენისთვის, ნაწილის - ცხოვრებიდან გახიზვნა და გაგდება, ნაწილი ეძებს მზის ქვეშ ადგილს და ამას პოლიტიკას ეძახის. აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს და გიჟივით მარტო ვერ ვირბენ ქუჩაში. თუ იქნება აქტიური საბრძოლო მოქმედებები, მშვიდობიან ბრძოლას ვგულისხმობ, თუ წინა რიგებში ვერ დამინახავენ, მაშინ მესროლონ ქვა. არავის წინაშე ვალდებული არ ვარ, ღმერთისა და წინაპრების ხსოვნის გარდა.

მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. იმ 100 ათასობით ადამიანის წინაშე ყველა ხართ ვალდებული, ვისაც გამძლეობისკენ მოუწოდებდით: "მოვედით!", "მოვდივართ!", "ცოტაც და გავიმარჯვებთ!" და ა.შ.

- რამე დავაკელით ამ ბრძოლას? ბრძოლა სააკაშვილის უჯიშო რეჟიმის წინააღმდეგ დავიწყეთ. ნამდვილად არ მეგონა, რომ მის უკან ამერიკის ადმინისტრაცია იდგებოდა. არც უნარი მაქვს და არც ძალა ამერიკის ადმინისტრაციას მოვერიო. დღეს მსოფლიოში მაგათი მომრევი არავინაა. სააკაშვილს ლევან გაჩეჩილაძემ არჩევნები პირწმინდად მოუგო, მაგრამ წინ დახვდა დიდი მთა, რომელსაც ამერიკის ადმინისტრაციის ძალისხმევა ჰქვია, რომელმაც ძალით დატოვა ეს უმსგავსო რეჟიმი საქართველოს სათავეში და ამის წინააღმდეგ ბრძოლის არც რესურსი გაგვაჩნია და არც - ამბიცია. ამის გარდა, სააკაშვილის რეჟიმს გაუთავებლად აქვს რუსეთის დახმარება. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, სააკაშვილის რეჟიმის არსებობა რუსებს აწყობთ იმიტომ, რომ ვერასოდეს იოცნებებდნენ, თბილისიდან ორმოც კილომეტრში ასეთი სიძლიერის ბაზა ჰქონოდათ, რასაც ახლა ცხინვალის რეგიონი წარმოადგენს. ყველა მიმართულებით გადმოლახეს კავკასიონი, დაწყებული ლაგოდეხიდან დამთავრებული ფსოუმდე. ერთი კვირის წინ ვიყავი ყაზბეგში და ჩემი თვალით ვნახე, აგერ დგანან, მყინვარწვერის ძირში. აქეთ ფართოდ გააღეს აჭარის კარი და თურქეთმა, რაც სამასი წლის განმავლობაში ცეცხლით და მახვილით ვერ მოახერხა, დღეს ეკონომიკურად ახერხებს.

სააკაშვილი აზერბაიჯანთან კონფედერაციაზე ალაპარაკდა. ამას როგორ უყურებთ?

- თურქეთში წერილები დაიწერა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის კონფედერაციაზე. თაგვის და სპილოს გაერთიანებაზე მიდის ლაპარაკი. 70 მილიონიანი, ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა და 2 მილიონ ნახევრიანი კოჭლი, ბრუციანი და დაცემული საქართველო, ხომ გესმით, როგორ სერიოზულ კონფედერაციას გააკეთებენ? ნათელია, რა ხდება. ოღონდ სააკაშვილმა თავი გადაირჩინოს და ინდონეზიას შეუერთებს საქართველოს და ჩრდილოყინულოვან ოკანეში გადაგვიყვანს ყველას. ეს ქვეყანა ჭაობში იძირება. აქვს უნარი ამ საზოგადოებას, ამ ჭაობს თავი დააღწიოს? ჩემი თავი ენაცვალოს! აქაც არ დამიხევია უკან და სადაც უნდა ვიყო, ჩემი მახვილი ყველგან ამ უმსგავსობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ვინ იცის, საიდან ნატყორცნი შუბი იქნება უფრო ეფექტური - აქედან, როცა რეალურად მარტო ხარ თუ იქიდან, სადაც რაღაც წონაც გაქვს და ჩემს ნათქვამს მოისმენენ მაინც. იმედია, ყველაფერი ერთად შედეგს გამოიღებს. თუ არ გამოიღებს, ბიზანტია გაქრა და...

რაღაც პესიმისტურად ხართ განწყობილი.

- პესიმისტურად კი არ ვარ, ვამბობ, რატომ მივდივარ და მაინც ისეთ ინტერპეტაციას აკეთებენ, როგორიც უნდათ. ერთ სერიოზულ გაზეთში ჟურნალისტი წერს, გეიაღლუმის მოდელირებული ქრონიკა იყოო. წერილიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მე და კიდევ რამდენიმე ადამიანმა არაფრისგან ავტეხეთ აჟიოტაჟი ამ საკითხზე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს აღლუმი იგეგმებოდა, შეეძლო იმ დღეებში შესულიყო ბათუმის "შერატონში". ის, რომ ამ აღლუმის შესახებ ბათუმის მერიაში არაფერი იცოდნენ, არგუმენტი არაა. ბათუმის ბულვარში რაიმე ღონისძიების ჩატარებას მერიის ნებართვა არ სჭირდება. მადლობა უფალს, საქართველოს ეკლესიას და მრევლს, რომ ამჯერად ფხიზლად იდგნენ და არ მისცეს საშუალება, ამ სოდომ–გომორისტების შეკრებას ჰქონოდა ადგილი.

რატომ უნდა ჩატარებულიყო გეიაღლუმი მაინცდამაინც ბათუმში?

- იმიტომ, რომ ახლა იქ ყველაზე ადვილია ამის გაკეთება. სეზონზე ყველა ტანგათი დადის, ვეღარ გაარკვევ, ვინ კაცია და ვინ ქალი. ბათუმში მრევლს 3 დღე მორიგეობა ჰქონდა, რომ ეს უმსგავსობა არ შემდგარიყო. დღეს მათი საიტებიდან მიდის ჩემი დაბომბვა. 25 წელია კინოში ვარ და ვიცი, გეებს მსოფლიოში რამხელა გავლენა აქვთ, განსაკუთრებით - ჟურნალისტიკაში, კინოში, პოლიტიკასა და ფინანსებში. ამიტომ ვიცი, ვის წინააღმდეგ გამოვდივარ.