გამოქვეყყებული წერილების ციკლით, ვფიქრობ, ძირითადად მოხერხდა დასმული ამოცანის იმ ნაწილის შესრულება, რომელიც მოიცავდა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთების განსაზღვრას მისი ისტორიულ-კულტუროლოგიური წინამძღვრების ანალიზის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სხვა უკეთესი ალტერნატივის არარსებობის პირობებში ევრაზიის კონტინენტზე მართლმადიდებლური ცივილიზაციის მქონე რუსეთის სივრცეში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრირება-თავის შეფარება იყო ერთადერთი გარანტია ქართველი ერის ფიზიკური და კულტურული თვითმყოფადობის გადარჩენა-შენარჩუნებისთვის.
აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ის სტერეოტიპული მოსაზრება, რომ რუსეთი საქართველოს უპირობო დამპყრობელია და მისგან უბედურების გარდა არანაირი სიკეთე არ მიუღია. არადა, რეალობას ვერავინ უარყოფს, რის შესახებაც ამ წერილის წინა ნაწილებში საკმაო არგუმენტები მოვიყვანეთ, რომ რუსეთის სახელმწიფომ შეასრულა ყველა ის ძირითადი ფუნქცია, რაც, როგორც წესი, ეკისრება ეროვნულ სახელმწიფოს, ანუ იხსნა ქართველი ხალხი ფიზიკური განადგურებისაგან, ეთნოკულტურის განვითარების პირობების შექმნით შეუნარჩუნა ეროვნული იდენტურობა და ამავე დროს, რუსეთთან შეერთების დროს არსებული ქართველი ერის დაქუცმაცებული სასიცოცხლო სივრცე-ტერიტორიები არათუ მის საერთო მფლობელობაში მოაქცია, არამედ დაკარგული ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილის დაბრუნებაც შესაძლებელი გახადა.
ერთადერთი, რაც რუსეთის მონარქიული და საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ქართველ ხალხს არ ჰქონდა, ეს იყო სუვერენული სახელმწიფოებრიობა, ანუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის ყველა უფლებამოსილება, თუმცა სადავო არ უნდა იყოს, რომ მას საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომიური მმართველობა გააჩნდა განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს სსრ-ის სტატუსით. იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ იმავე მონარქიულ რუსეთში, განსაკუთრებით იმპერატორ ალექსანდრე II-ის რეფორმების წყალობით, თვითმმართველობების დემოკრატიული სისტემები დამკვიდრდა მოქალაქეთა არჩევითობის საფუძველზე, რის შედეგადაც ქართველებიც აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივ დონეზე ქვეყნის მართვაში.
მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ქართული პუბლიცისტიკა სავსეა აღნიშნულ თემაზე მასალებით, რაშიც მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძისა და შემდგომი თაობის ქართველი მოღვაწეები. მაგალითად, მრავალმხრივი წარმატებული საქმიანობით ცნობილი ქართველი რეფორმატორი ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის მმართველად (თავად) მრავალი წელი მოღვაწეობდა.
ამავე დროს. უნდა გავიცნობიეროთ, რომ პატარა და სუსტი სახელმწიფოს სრულ სუვერენიტეტზე ლაპარაკი მსოფლიო სახელმწიფოებრიობის ისტორიული გამოცდილებით მიამიტური და რაც მთავარია, არაკომპეტენტური აზროვნების შედეგია. უფრო მეტიც, რეგიონული მასშტაბის გავლენიანი სახელმწიფოების უმრავლესობაც კი საკუთარი უშიშროებისა და ინტერესების დაცვისთვის ყოველთვის იძულებული იყო შეექმნა ალიანსები სხვა სახელმწიფოებთან, რათა დაპირისპირებული ანალოგიურად ძლიერი სახელმწიფოების კავშირებთან ძალთა ბალანსი შეენარჩუნებინა. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილია გერმანია-ავსტრია-უნგრეთისა და იტალიის შემადგენლობით სამთა კავშირი, რომელსაც თურქეთი დაემატა და ოთხთა კავშირად იქცა, ხოლო მას უპირისპირდებოდა საფრანგეთი, რუსეთი და ინგლისი ანტატის სახელით. სწორედ მათ შორის გეოპოლიტიკური ინტერესების დაჯახებამ გამოიწვია პირველი მსოფლიო ომი.
მისი დამთავრებიდან სულ რაღაც 20 წლის შემდეგ ახალი მსოფლიო ომის წინაშე აღმოჩნდა კაცობრიობა. გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, იაპონიისა და მათი სატელიტების ალიანსს დაუპირისპირდა ე.წ. ანტიჰიტლერული კოალიცია საბჭოთა კავშირის, ინგლისისა და აშშ-ის მონაწილეობით.
რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქას, მას უკვე ახასიათებს სახელმწიფოთა შორის ბევრად მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესები და მის ნიადაგზე სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებები. სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტეგრაცია კი, როგორც წესი, სწორედ მათი სუვერენული უფლებების შეზღუდვის ხარჯზე ხდება. ასე შეიქმნა აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიერ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება ნატო, ხოლო დასავლეთ ევროპაში ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, შემდგომში ევროკავშირი, ხოლო მის საპირწონედ ვარშავის ხელშეკრულების გაერთიანება სოციალისტური ქვეყნების ბანაკის სახით.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და სოციალისტურ ფორმაციებს შორის თითქმის ნახევარსაუკუნოვან სისტემურ ჭიდილში მარცხი განიცადა სოციალისტურმა ბანაკმა, რასაც მისი დაშლა მოჰყვა. მსოფლიოში რეალურად ერთპოლუსიანი, ერთი ცენტრიდან მართული საერთაშორისო სისტემა შეიქმნა, რომლის მთავარი ჰეგემონი სახელმწიფო აშერიკის შეერთებული შტატები გახდა.
ამერიკის სტრატეგიული პოლიტიკის აღიარებული არქიტექტორის ბჟეზინსკის დოქტრინის მიხედვით ნატოს გამალებული გეოპოლიტიკური ექსპანსია გავრცელდა არა მარტო ყოფილი სოციალისტური ბანაკის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, არამედ აქტიური შეჭრა დაიწყო მსოფლოში აღიარებული მეორე ჰეგემონი ქვეყნის რუსეთის უშუალო გეოპოლიტიკური გავლენის ზონაში - კავკასიასა და შუა აზიაში. (მოცემულ საკითხზე უფრო დაწვრილებით მოცემულია წერილში: ”საერთაშოროისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და საქართველო” მესამე ნაწილი: http://www.for.ge/view.php?for_id=16065&bloger_id=2&cat=12). ბოლო მოვლენებით კი ნატო გააქტიურდა რუსეთის დასავლეთის საზღვარზე უკრაინაში, თუმცა დასავლეთის ამ შემოტევას რუსეთმა მკვეთრად უპასუხა შავის ზღვის აკვატორიაში უმნიშვნელოვანესი სამხედრო პლაცდარმის ყირიმის ანექსიით, ხოლო მანამდე კავკასიაში საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და შიდა ქართლის ოკუპაციით და ამ ტერტორიებზე სეპარატისტული სახელმწიფოების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით და მათზე საკუთარი სამხედრო ბაზების განლაგებით.
დიახ, რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვისთვის ბრძოლაში გამოირჩევა უფრო ხისტი პოლიტიკით ვიდრე დასავლეთი, რომელიც იდეოლოგიურად მომხიბვლელი დემოკრატიული განვითარების კონცეფციის გავრცელების მიზნით ფინანსების გამოყენებით ქმედუნარიან გავლენის აგენტურას ქმნის იმ სახელმწიფოებში, რომელთა პოლიტიკურ-ეკონომიკურად მარწუხებში მოქცევა სურს. ამის მაგალითი იგივე საქართველო და უკრაინაა.
უმუშევრობამ და უპერსპექტივობამ განათლებულ, ანალიტიკური გონების ადამიანებსაც ხელი აღებინა სიმართლისა და ქვეყნის ინტერესების სამსახურში ყოფნაზე და მწვანე დოლარებს გამოკიდებულნი ინტელექტუალურ მეძავებად აქცია. სხვა რა უნდა ვუწოდო ყბადაღებული გრანტიჭამიების არასამთავრობო ორგანიზაციების კოჰორტას, რომლებიც დემოკრატიის მებაირახტრებად მიიჩნევენ თავს, ხოლო მათგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ორიენტაციის ადამიანებს ქვეყნის მოღალატეებს, კოლაბორაციონისტებსა და მე-5 კოლონას უწოდებენ. სახელმწიფოც გასაქანს მხოლოდ ასეთ ადამიანებს აძლევს მის მიერ მართულ საჯარო სივრცეში. ამას დემოკრატია კი არა ლიბერალური ფაშიზმი შეიძლება ვუწოდოთ, როცა ერთი იდეოლოგია უზურპირებულად ფლობს მთელ სახელმწიფო და საზოგადოებრივ სისტემას, ხოლო მის სადარაჯოზე დგას ოლიგარქიულ-ბიუროკრატიული სახელმწიფო აპარატი.
ის რომ ვარდების რევოლუციის იდეოლოგები დასავლეთის აგენტურაა საქართველოში, ხოლო აგენტი, როგორც წესი, არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არამედ იმ ქვეყნისას, რომლისგანაც მოსყიდულია და ფულს იღებს, ეს არის აქსიომა. ხოლო ამერიკის აგენტურის იმით გამართლება, რომ აშშ ჩვენი მოკავშირეა, ხოლო მისი ინტერესები მუდამ თანხვედრაშია საქართველოს ინტერესებთან, ეს არის უდიდესი სიცრუე, რომლის კატასტროფულ შედეგებსაც აგერ უკვე 20 წელია ვიმკით და რაც მთავარია, ცხადად ჩანს ცხოვრების ყველა სფეროში.
ამის შესახებ უშიშროების პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე თავისი ინფორმირებულობიდან გამომდინარე დამაჯერებლად საუბრობს და იმ ადამიანის ვინაობასაც ასახელებს, ვისგანაც საქართველოში დასავლეთის იდეოლოგიური ქსელის ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორი გიგა ბოკერია დავალებებს იღებს:
„დანამდვილებით ვიცი, რომ ბოკერიას რუსულ სპეცსამსახურებთან შეხება არ აქვს. ის უშუალოდ აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ბრიუს ჯექსონის დავალებებს ასრულებს. სხვათაშორის, ჯექსონი აშშ-ის გარდა, სხვა ქვეყნებშიც ძალიან გავლენიანი პირია. მამამისი „სი-აი-ეს“–ის თანადამფუძნებელი გახლდათ და როგორც „ფე-ბე-ერის“ დამაარსებელ გუვერს, პატივს სცემენ. სერბეთის, სლოვაკეთის, საქართველოს, უკრაინას, ყირგიზეთის. ყველა ამ რევოლუციის ავტორი ბრიუს ჯექსონია. დოქტრინა კი, რომელსაც რევოლუციონერები ახორციელებდნენ, პროფესორ შორტს ეკუთვნის, რომელიც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სათაო ოფისში გავლენიანი ფიგურაა.“ http://chveniambebi.info/ambebi/?p=53789
აღნიშნულ საკითხებზე დაწვრილებით არის ნაჩვენები დოკუმენტურ ფილმში: ”რევოლუციების ანატომია,” რომელშიც ფაქტოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით გადმოცემულია დასავლეთის მიერ პოსტსაბჭოურ სივრცეში ფერადი რევოლუციების დაგეგმვის ოპერაციების შესახებ: http://www.youtube.com/watch?v=FBsjXPZrwbQ#t=65.
ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლების ინსტიტუტი” და მისი უამრავი შვილობილი, ჯორჯ სოროსის ფონდიდან და სხვა დასავლური ცენტრებიდან ფინანსდება. მათ რიგებშია გამოზრდილი ჩვენი პროდასავლურ-ლიბერალისტური ძირითადი პარტიების: ნაციონალური მოძრაობის, რესპუბლიკური პარტიისა და სხვა პატიების ლიდერთა უმრავლესობა, რომლებიც ბოლო 10 წელია ხელისუფლებაში არიან და საქართველოში დასავლური აგენტურის ოფიციალური უჯრედების როლს ასრულებენ.
უცხო სახელმწიფოების ამგვარი პირწავარდნილი აგენტურა სხვებს დებს ბრალს კოლაბორაციონიზმსა და მე-5 კოლონის ფუნქციის შესრულებაში და პეტიციასაც კი იღებს აგრესორთან თანამშრომლობის აღკვეთის აუცილებლობის შესახებ 2014 წლის 13 აპრილს აქციაზე - „არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას.“ http://ghn.ge/news-106688.html
ამ აქციის ორგანიზატორები კი სწორედ ის აგენტურაა, რომელთა ავანტიურისტულმა პოლიტიკამ საქართველოს ტერიტორიები დააკარგვინა, მათი დაბრუნების არანაირი რეალური გეგმა არა აქვთ, ხოლო რაციონალურად მოაზროვნე იმ ადამიანებს, რომლებსაც არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განსხვავებული პოლიტიკური ორიენტირები გააჩნიათ, მოღალატეებს უწოდებენ და მათთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლების აღკვეთას მოითხოვენ.
აღნიშნულ პეტიციამდე იყო ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ პოლიტიკოსად ცნობილი გია თორთლაძის ინიციატივით პარლამენტში დამტკიცებული ე.წ. პატრიოტის აქტი-თავისუფლების ქარტია, რომლის საფუძველზე საბჭოთა ეპოქასთან დაკავშირებული ძეგლების ნგრევა დაიწყეს, რა იდეოლოგიასაც შეეწირა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული 350 ათასი ქართველი მეომრის დიდების მემორიალი ქუთაისში, რომლის მსხვერპლი დედა და პატარა გოგონა ამ უზნეო და დანაშაულებრივი ქმედების გარკვეულ სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.
პატრიოტობის ეს უზურპატორები პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კონსტიტიუციის 26-ე მუხლს იშველიებენ, არადა, ამ მუხლში ჩაწერილი ყველა თეზისი სწორედ მათ ავად გასახსენებელ საქმიანობას ეხება, რაშიც მისი გადახედვის შემდეგ, იმედი მაქვს, დამეთანხმებით: ”3. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალურ შუღლის გაღვივებას.”
აბა, მათ მიერ განხორცილებული ე.წ. ვარდების რევოლუცია რა იყო, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება? 2008 წლის აგვისტოს ავანტიურისტული ომის შედეგად კი სწორედ მოცემულ კანონში აღნიშნული სახელმწიფოებრივი კატასტროფები მივიღეთ, ხოლო ამ ძალების ანტიეროვნული პოლიტიკა, რაც გამოიხატება მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციების შესუსტებაში, უკონტროლო ემიგრაციასა და მიწების უცხოელებზე გასხვისებაში, აღნიშნულ კანონში ჩამოთვლილ ყველა უბედურებას იწვევს.
თითქოს ჩვენი ეპოქის ლიბერალურ კასტაზე წერდა ილია ჭავჭავაძე 1899 წელს: "დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოასწავებს და ლიბერალობის შეგინებასაო".
ამ სტრიქონებიდან კარგად ჩანს, რომ ლიბერალიზმის სახელით მოსული სიცრუე ყველა ეპოქაში ერთი მასალით არის გაკეთებული. მისი მთავარი ნიშანია უცხო იდეოლოგიური ცენტრების ინტერესებისათვის სამსახური და ამ იდეოლოგიის საზოგადოებისათვის თავს მოხვევა, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოპროპაგანდისტული დივერსია, რაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მენტალიტეტის შეცვლას ისახავს მიზნად, თუმცა ამას არც მალავენ ევროინტეგრაციონალისტები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ქართველი ხალხის მენტალური რევოლუციის ლოზუნგებით გამოდიოდნენ.
პოლიტიკა არის სარგებლის ძიება ყველგან, ყოველთვის და ყველასთან. მან არ იცის მუდმივი მეგობარი და მტერი, მითუმეტეს, ეს კანონზომიერებანი სუსტ სახერლმწიფოს ბევრად მეტად ეხება. შურისძიების გრძნობით, იდეოლოგიური მოსაზრებებით ან გაქვავებული სტერეოტიპებით სწორი პოლიტიკა ვერ გატარდება.
ვფიქრობ, ბევრ ჩვენთაგანს, საერთოდ, რეგიონალური მასშტაბის საქართველოს ჰეგემონური სახელმწიფო გვინდა. რეალპოლიტიკის კანონზომიერებათა მიხედვით ეს ნიშნავს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით რეგიონში გავლენიან, ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო საკუთარი თავის უშიშროებას და კეთილდღეობას, არამედ სხვა ჰეგემონ სახელმწიფოებთან დალაგებული დიპლომატიური ურთიერთობების საფუძველზე რეგიონში სტაბილური მშვიდობის გარანტი იქნება.
ისტორიულად ამგვარი სტატუსი რამდენიმეჯერ გაგვაჩნდა ფარსმან მეფის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალის ეპოქაში, მაგრამ ამ ეტაპზე ეს უტოპიური სურვილია, რადგან საქართველოს სახელმწოფო ეკონომიკურ და სამხედრო კომპონენტში იმდენად სუსტი და უავტორიტეტო წარმონაქნია, ამავე დროს, იმდენად არსწორი დიპლომატიური კურსი აქვს არჩეული, რომ საკუთარი დარღვეული ტერიტორიული მთლინობის აღდგენის პერსპექტივაც კი არ ჩანს.
ამიტომ არსებული მდგომარეობიდან ისეთი გამოსავლის მოძიება უნდა შევძლოთ, რომლითაც საქართველოს ნაკლები დანაკარგები ექნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შანსი გაუჩნდება, არ გაღატაკდება, ფიზიკური განადგურების საშიშროება არ დაემუქრება და ეროვნულ-ზნეობრივად არ გადაგვარდება, ხოლო ამ ამოცანის განსახორციელებლად ყველასთან უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, მითუმეტეს, მასთან, ვისზეც ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება დიდწილად არის დამოკიდებული და ეს სახელმწიფო რომ რუსეთია, სამწუხაროა, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დავის საგანია.
უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, პროდასავლელი იდეოლოგები ამტკიცებენ, რომ რუსეთი გეოპოლიტიკურ ბრძოლაში საბოლოოდ დამარცხდა და ის თავის პოლიტიკურ გავლენებზე მალე უარს იტყვისო და ამას ამბობენ რუსეთის მიერ ყირიმის სრული ანექსიის შემდეგაც, რომელსაც შავ ზღვაში ჩაუძირავ ავიამზიდს უწოდებენ და მის მიწაზე რომ რუსეთი ნატოს ჯარისკაცის ჩექმას არ დაუშვებდა, ამის პროგნოზს რუსეთ-დასავლეთის უკრაინისთვის ჭიდილის დაწყებისთანავე გამოვთქვამდით წერილის ერთ-ერთ ნაწილში.
ახლა კი მეორე პროგნოზსაც გავაკეთებ, თუმცა კარგად ვიცი, რომ პროგნოზების დადება წამგებიანი საქმეა, რადგან სხვადასხვა ფაქტორის წინდაწინ გაუთვლელობის შეუძლებლობის გამო, ხშირად სრულიად მოულოდნელი მოვლენების განვითარება ხდება, მაგრამ, როგორც წესი, პროცესების ანალიტიკა სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მენტალურად რუსული მოსახლეობის მქონე აღმოსავლეთ უკრაინის ჩამოშორება რუსეთისათვის დასავლეთის ფუჭი მცდელობაა, მითუმეტეს, უახლოეს ხანებში იმავე დასავლეთის ზედამხედველობით გატარებული რეფორმების შედეგად, რომელთა შესახებ ბევრი გვაქვს ნათქვამი, უკრაინას ელოდება ღრმა ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა და მოსახლეობის არნახული გაღატაკება. თავისთავად, ამგვარ პროცესებს პოლიტიკური მოსაზრებით რუსეთიც შეუწყობს ხელს თავისი მძლავრი ეკონომიკური ბერკეტებით, რომელიც მას უკრაინაში გააჩნია. ყოველივე ეს კი დასავლეთისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას გაზრდის და პარალელურად პრორუსულ განწყობებს მოაძლიერებს, რომელთა პოლიტიკური რეალიზება უკვე ტექნიკის საქმეა, რაშიც არანაკლები გამოცდილება გააჩნია რუსეთს.
აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მთელი უკრაინის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევის გეგმების განხორციელების საფუძვლიანი იმედი და ამიტომაც სამხედრო მექანიზმით აქტიურად არ ცდილობს მხოლოდ აჯანყებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების შეერთებას, თუმცა სამხედრო კომპონენტის გამოყენების შეზღუდვაში გარკვეული როლი, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან მძიმე ეკონომიკური საქციების მუქარაც გარკვეულ როლს ასრულებს, მაგრამ არა გადამწყვეტს და თუ შეამჩნევს, რომ სამხედრო კონფლიქტში ძალთა ბალანსი უკრაინის მხარეს საგრძნობლად გადაიხარა, მაშინ სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების მოტივით არც რეგულარული არმიით აღმოსავლეთ უკრაინაში შესვლისგან შეიკავებს თავს. ამიტომ ერთი კარგი გამონათქვამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, შეიძლება ითქვას - ლიბერალისტები ბჭობდნენ და პუტინი იცინოდაო.
ვიცი, გამოვა ვინმე და მკრეხელობაში დამდებს ბრალს - ღმერთზე ნათქვამი პუტინზე როგორ გადმოგაქვსო. ამიტომ ასეთებს გავცემ პასუხს, რომ პუტინი ღმერთი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამჟამად მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პიროვნებად აღიარებენ და რაც მთავარია, მის ნებაზეა დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედი, ხოლო ის ვინც ჩვენი ქვეყნის ბედს დიდწილად განსაზღვრავს, ის ჩემთვის ამ ქვეყნად უზენაესი ძალაუფლების მფლობელიც არის.
იგივე ვისწავლე ქართული კლასიკური ლიტერატურითაც, როცა გრიგოლ ხანძთელი ეუბნება მეფე აშოტ კურაპალატს: ”დიდებულო მეფეო, შენ ქვეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყანისა და ქუესკნელთა; შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - ყოველთა დაბადებულთა; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - საუკუნოჲ მეუფე” ... ეს სიტყვები მე ასე მესმის, რომ გრიგოლ ხანძთელიც სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფალს ამქვეყნიურ მეუფედ თვლის, ხოლო ასეთი ადამიანის ძალაუფლების შეუფასებლობა, რომლის ნებაზეა დამოკიდებული საბოლოოდ დადებითად თუ უარყოფითად გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, არის სიშლეგე და მტრობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიმართ.
პირიქით, საკუთარი სამშობლოს მოყვარული გონიერი ადამიანი ამგვარი ძალაუფლების მქონესთან კარგი ურთიერთობების დამყარებას უნდა ცდილობდეს, რომ შემდგომში სარგებლის მომტანი დიპლომატიური პოლიტიკისთვის ხელშემწყობი გარემო შექმნას.
თავისთავად ცხადია, რუსეთის პრეზიდენტთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთოებების დამყარება დაკავშირებულია პოლიტიკური ორიენტაციის საკითხთან. სწორი პოლიტიკური ორიენტაცია კი ნიშნავს, როცა სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოსთან აუცილებლად ესაჭიროება ისეთი დიპლომატიური ურთიერთობა, რომლის ამოცანა და შედეგი იქნება საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა. მაშასადამე, აღნიშნული მიზანი და ამოცანა, რომლის აღსრულებას განაპირობებს გარკვეული პოლიტიკური ორიენტაცია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მოღალატეობრივი და კოლაბორაციონისტული, ხოლო ამ ორიენტაციის მატარებელი ხალხი, თავისთავად, არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის მტრები და ე.წ. მეხუთე კოლონა.
კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოსთან დიპლომატიური თანამშრომლობის სურვილი ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის მტრობად, როცა ამგვარი სახელმწიფოები ერთმანეთთან პირდაპირი მნიშვნელობით ომის მდგომარეობაში იმყოფებიან და ხელისუფლება და ხალხის უმრავლესობა ერთსულოვანია იმაში, რომ დაპირისპირებულ სახელმწიფოსთან არსებული პრობლემა ომის საშუალებით უნდა გადაწყდეს. მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის, ცხადია, რომ ამჟამად საომარი ვითარება არ არსებობს და შეიარაღებული დაპირისპირების გზით ამ სახელმწიფოებს შორის არსებული ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტა საქართველოში არც სახელმწიფო დონეზე იგეგმება და არც ხალხის უმრავლესობაა ამის მომხრე.
უფრო მეტიც, სახელმწიფო სტრატეგიად გამოცხადებულია მშვიდობიანი მეთოდებით, ანუ დიპლომატიური ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა. ხოლო რა სახის დიპლომატია, ანუ რა პოლიტიკური ორიენტაციაა უფრო სასარგებლო ტერიტორიული პრობლემების მოგვარებისთვის, ეს არის პოლიტიკური განსჯის საკითხი, მითუმეტეს, დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამიტომ ხელისუფლების დონეზე პოლიტიკური ორიენტაციის დომინირების გამოცხადება არის სრულიად უკანონო, არადემოკრატიული, ქვეყნისთვის საზიანო მოვლენა და ნეობოლშევიკურ, ტოტალიტარულ აზროვნებად შეფასებას იმსახურებს.
ოპონენტები ამბობენ, რომ ნატოსა და ევროკავsირში საქართველოს ინტეგრაცია ეს ხალხის ნება და ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა გამორიცხულიაო და ამის საფუძვლად ნაცრეჟიმის პერიოდში ნატოში შესვლასთან დამოკიდებულების შესახებ ჩატარებული პლებისციტის შედეგებს ასახელებენ. იმაზეც რომ თვალი დავხუჭოთ, რომ ნაცრეჟიმის პოლიტიკური ტერორისა და არჩევნების გაყალბების პირობებში ვერანაირი სამართლიანი პლებისციტი ვერ ჩატარდებოდა, არსებობს სხვა არგუმენტიც, რომლის თანახმად რამდენიმე წლის წინ ჩატარებული პლებისციტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გარემოებების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის სტრატეგიის შეუცვლელობის საფუძველი და სამუდამო ვერდიქტი, მაშინ როცა პოლიტიკური მოსაზრებების ცვალებადობიდან გამომდინარე ლამის ყოველწლიურად კონსტიტუციური მუხლები იცვლება.
არანაირ კანონში არ წერია ის რომ რეფერენდუმისა თუ პლებისციტის შედეგები სამუდამოა და გადახედვას არ ექვემდებარება. იგივე ისლანდიაში მოსახლეობის ნებას ითვალისწინებენ და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას სურდა ევროკავშირში შესვლა, მოსახლეობის საწინააღმდეგო განწყობის გამო ამ იდეაზე უარი განაცხადა. ანალოგიურად, მაგალითად, ევროზონაში შესვლაზე უარს ამბობს ინგლისი, დანია და ჩეხეთი. დიდი ბრიტანეთი შენგენის უვიზო რეჟიმის სივრცეშიც არ შედის. ხოლო მისი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი დაპირებას იძლევა, რომ პოსტს მანამ არ დატოვებს, სანამ არ ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ, რადგან ამომრჩეველი სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართო. http://lenta.ru/news/2014/04/29/cameron/ მაშასადამე, დიდი სიცრუეა ის რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხის ნების აღმსრულებელია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.
დროა ქართველმა ხალხმა გაიცნობიეროს, რომ საქართველოს ამ 20 წლის მანძილზე დასავლური პროტექტორატის ქვეშ მყოფი მარიონეტი ხელისუფლებები ჰყავს და ისინი მოქმედებენ მისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინსტრუქციებით და არა უშუალოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მარიონეტობის საფასური კი არის პირადი არნახული გამდიდრება და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პირველი პირების მიმართ დასავლეთიდან ხელშეუხებლობის გარანტიის მიღება.
სააკაშვილისა და მისი ბანდის წევრების დაუსჯელობა, განა ამის მშვენიერი მაგალითი არ არის? დასავლეთის დირექტივების საფუძველზე შენარჩუნებული იქნა სამართალწარმოების სახელმწიფო სტრუქტურების: პროკურატურისა და სასამართლოს ძირითადი შემადგენლობა, რომელთაგან პროკურატურაში ნაციონალების კადრებთან კოაბიტაციას ხელმძღვანელობდა ოდიოზური ფიგურა ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც სკანდალური ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ საზღვარგარეთ გააპარეს, თუმცა ძველი კადრების უმეტესობა პოსტებზე დატოვეს, ხოლო სასამართლო სისტემას კვლავ ორთვალა ციკლოპი, ნაციონალების ჟანდარმი კოტე კუბლაშვილი განაგებს, რომლის სინდისზეა პოლიტიკური მოტივებით ათასობით ადამიანისათვის უკანონო განაჩენების დაშტაპვა.
ყველაფერი თითქოს შენიღბულია, მაგრამ ოდნავი ანალიზის გაკეთებაა საჭირო და ამის მიხვედრა არც თუ ძნელია, მაგრამ თუ ადამიანს წინსაწარ აქვს უკვე ჩამოყალიბებული სტერეოტიპული შეხედულებები, რომლის შეცვლა მისთვის ფსიქოლოგიური ტრამვის მიღების ტოლფასია, მას ფაქტებითა და დოკუმენტებით დამტკიცებული სიმართლეც რომ წინ დაუდო, მაინც ვერ დაინახავს. მიუხედავად ამისა, სათქმელი მაინც უნდა ითქვას, რომელსაც გამგები გაიგებს, ხოლო ეს გამგები როცა იმდენი გახდება, რომელსაც სახელმწიფოში ცვლილებების მოტანა შეუძლია, სწორედ მაშინ იქნება სახელმწიფოც სასიკეთო ტრანსფორმაცია-მოდერნიზების განხორციელებისათვის მზად.
მთავარი სათქმელი კი იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების მიერ აღებული საგარეო პოლიტიკური კურსი სახელმწიფოს წინაშე დასმული ამოცანების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, აქამდე ზიანის მომტანი იყო და მომავალშიც საშიშროების შემცველია. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად და პირველ ეტაპზე ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ვიმსჯელოთ.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა სახელმწიფო კონსტიტუციის პრიორიტეტული საკითხია და მისი დაცვა ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა. ფაქტია, რომ პოლიტიკოსთა მიერ აღებული ვალდებულება, მიუხედავად უამრავი დაპირებისა, განსაკუთრებით არჩევნების წინ, შეუსრულკებელი დარჩა და იმ გაცვეთილი მესიჯებით, რასაც პოლიტიკური ლიდერები დრო და დრო ისვრიან, მისი შესრულების არანაირი პერსპეტივა არ არსებობს. ეს კი იმის გამო ხდება, რომ არსებული პრობლემის გამოსავალს იქ არ ვეძებთ, სადაც უნდა ვეძებდეთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზეზია რუსეთ-საქართველოს მტრული ურთიერთობები, რის შედეგადაც რუსეთს დასჯილი ჰყავს საქართველო მისთვის ტერიტორიების წართმევით.
აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ისევ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, ანუ მტრული დაპირისპირების ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კალაპოტში გადასვლით არის შესაძლებელი. აი, ამ დროს გვედავებიან ოპონენტები, რომ სწორედ ეს არ არის საქართველოს ინტერესებში, რადგან დასავლური ფასეულობების უარყოფის ხარჯზე მიუღებელია პოლიტიკური ორიენტირების შეცვლაო. ამიტომ აქ უნდა ჩამოყალიბდეს ქართული საზოგადოება, უღირს თუ არა ყბადაღებული დასავლური ფასეულობების ერთგულების სანაცვლოდ საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის, აფხაზეთისა და შიდა ქართლის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დაყენება. ეს კი გაეროს მიერ აღიარებული საქართველოს უძველესი ისტორიული ტერიტორიების თითქმის 20%-ია, ლამის 15 ათასი კვ,კმ. თან, საუბარია არა უნაყოფო, გაუდაბნოებულ მიწაზე, არამედ სუბტროპიკულ, საკურორტო და ნაყოფიერებითა და წიაღისეულით სავსე მიწა-წყალზე, რომლის შეფასება ფულად ექვივალენტში შეუძლებელია, მაგრამ რეალურად ტრილიონობით დოლარის ღირებულება ექნება.
ის რომ საქართველოს ნატოში შესვლის კანიდადატად ყოფნა შეუთავსებელია მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ეს უკვე ისეთი პოლიტიკური აქსიომაა, რომ მასზე მხოლოდ პოლიტიკური იმბეცილები საუბრობენ, ხოლო ივანიშვილის დაპირება, რომ ნატოშიც შევალთ და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთო, უნდა დავაბრალოთ საარჩევნო კომპანიაში პოლიტიკოსების მიერ ხალხის ყალბი პროპაგანდით გაბრუების მანიპულაციებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინამაც პოლიტიკაში შემოსვლის წინ კარგად აითვისა, თუ მისი სხვა შეუსრულებელი დაპირებების კასკადსაც გავიხსენებთ, რომელიც ნიუ-ორკში 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს აფეთქებული ცათამბჯენებივით ინგრევა.
რაც შეეხება დასავლეთის დემოკრატიულ ფასეულობებს, არავინ უარყოფს, რომ რუსეთში არის ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ არ არსებობს თავისუფალი მედია, არ ტარდება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები, არ ფუნქციონირებს სასამართლო სისტემა, ხოლო ცხოვრების დონის გაუმჯობესება და რუსეთის ახალგაზრდობის დასავლური ცხოვრების წესთან და გლობალურ საინფორმაციო სივრცესთან მრავალწლიანი ურთიერთობა უკვე წარმოშობს იმ სტაბილურ საშუალო ფენას, რომელიც დემოკრატიული პროგრესისა და ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე თავისუფალი სივრცის ფორმირების მომხრეა, რაზეც, სხვათა შორის, რუსეთის პირველი პირებიც საუბრობენ, ოღონდ, ამ ეტაპზე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.
თუ იმ მოსაზრებაზე ვთანხნდებით, რომ საქართველომ ტერიტორიები დაკარგა რუსეთის გეოპოლიტიკური სივრციდან ნატოს სივრცეში გადასვლის პოლიტიკის გამო და აქ სადავო მართლაც არაფერი უნდა იყოს, თუნდაც რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის მედვედევის განცხადების შემდეგ, რომ ჩვენ აგვისტოში რომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაცია არ განგვეხორიცილებინა, მაშინ ახლა საქართველოში ნატოს ჯარები იდგებოდნენო, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ ტერიტოროიული მთლიანობიის აღდგენის თუ რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ნატოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაში.
ამგვარ ორიენტირს მივყავართ ორ არჩევანამდე. ერთია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ხოლო მეორეა ევრაზიული კავშირი, რომლის ეკონომიკური კავშირის შექმნის პრეზენტაცია ყაზახეთის ახალ დედაქალაქ ასტანაში გაიმართა ამა წლის 29 მაისს რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის შემადგენლობით, ხოლო რეალური კანდიდატები არიან სომხეთი, ყირგიზეთი და სხვა რესპუბლიკები. სხვათა შორის, მასში გაერთიანების სურვილი გამოთქვა თურქეთმაც, რომელიც განაწყენებულია ევროკავშირში მიღების ნახევარსაუკუნოვანი ლოდინით.
რუსეთის თურქეთთან დაახლოების პროცესი კი საკმაოდ საშიში შედეგებით შეიძლება დასრულდეს საქართველოს რუსეთთან დაპირიპირების პირობებში, რაც 1921 წლის მოვლენების ანალოგის გამეორების საფრთხეს მოიცავს, როცა თურქეთიც აცხადებდა პრეტენზიას საქართველოს ტერიტორიებზე და მათ შორის მორიგება სწორედ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ტერიტორიების გაყოფის ხარჯზე განხორციელდა.
არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად შეიძლება თუ არა ნეიტრალიტეტის მიჩნევა, რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა პირადად მე მის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ნეიტრალიტეტი, როგორც სუვერენული ქვეყნის სტატუსი უპირველესად ნიშნავს სამხედრო ბლოკებში მონაწილეობაზე უარის თქმას, რასაც სჭირდება რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით სხვა სახელმწიფოების აღიარება. ამგვარ მაგალითს წარმოადგენს შვეიცარია, ავსტრია, შვეცია, ნაწილობრივ ფინეთი ...
შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ჯერ კიდევ 1815 წელს აღიარეს ვენის კონგრესზე ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ევროპის სახელმწიფოების შეკრებაზე. მას შემდეგ ამ სტატუსის მოთხოვნებს ბეჯითად იცავენ როგორც ევროპის ქვეყნები, ისე თავად შვეიცარია. ავსტრია ოკუპირებული იყო 1955 წლამდე საბჭოთა ჯარების მიერ და იქიდან იმ პირობით გამოვიდა, რომ არცერთ სამხედრო ალიანსში არ გაერთიანდებოდა, რაზეც დასტური მისცეს დასავლეთის სახელმწიფოებმაც და ავსტრიაც მას შემდეგ ტკბება ნეიტრალიტეტის სიკეთეებით. შვეციამაც ნეიტრალიტეტი მიიჩნია საბჭოთა აგრესიისგან დაცვის საფუძვლად და მის გზას გაჰყვა საბჭოთა კავშირთან ომებით დაზარალებული ფინეთიც, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების სანაცვლოდ ნატოში შესვლას ამჟამადაც მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.
ნეიტრალიტეტის სურვილის მქონე სახელმწიფოს, მინიმუმი, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები მაინც არ უნდა გააჩნდეს ისეთ ქვეყანასთან, რომლის მიერ მისი ნეიტრალიტეტის აღიარება ამ სტატუსის შენარჩუნების მთავარი გარანტია უნდა იყოს. მეტად საეჭვოა რომ რუსეთი საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებით იმდენად მოინუსხოს, რომ საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებული რეგიონები და ამით უარი თქვას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ თავის სამხედრო ბაზებზე, რაც ნეიტრალიტეტის მთავარი მოთხოვნაა. ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უარყოს სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირე სომხეთზე თავისუფალი სახმელეთო გასასვლელის ხელში ჩაგდების სტრატეგიული გეგმა. პრინციპულად, ეს კავკასიასა და მისი ენერგოდერეფნისათვის ბრძოლაზე უარის თქმას უდრის, რაც კრემლის სტრატეგიული ინტერესებია, ამგვარი ჰიპოთეზების ახდენა ნაკლებად სავარაუდოა.
ამავე დროს, უკვე აშკარად ჩანს თუ რა სწრაფად იძაბება და სამხედრო ესკალაციაში გადადის საქართველოს სამხრეთით რეგიონალური თუ მსოფლიო მასშტაბის დაპირიპირებები, რომლებიც ისლამური რელიგიური ექსტრემიზმის ნიშნებს უფრო და უფრო აქტუალურად იძენს. სამომავლოდ ირანისა და თურქეთის ამგვარ პროცესებში ჩართვა თავისუფლად არის მოსალოდნელი, თუ გავითვალისწინებთ მათი მოსახლეობის ეთნოფსიქიკურ ცივილიზაციურ ფენომენს, რომლის საზღვარზეც იმყოფება საქართველო აქედან გამოწვეული ყოფნა-არყოფნის საუკუნოვანი საფრთხით, რომელიც მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური ინტეგრაციის შედეგად გადაჭრა საქართველომ.
ფუჭი იმედია რომ საქართველოს სამხრეთით ამგვარი პოლიტიკური ექტრემიზმისგან დაგვიცვას ნეიტრალიტეტმა, რომელიც უფრო სტაბილური ევროპის შუაგულშია გამართლებული. ხოლო, იქ, სადაც ჯერ კიდევ რელიგიური ფანატიზმი ყოველგვარ საერთაშორისო სამართალზე მაღლა დგას და უფრო მეტიც, სადაც მასობრივი დახვრეტები, მასშტაბური ტერორისტიული აქტები და თავების დაჭრა ჩველებრივი საომარი მეთოდებია, სუსტი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის გაქელვა ამ ძალებისათვის საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იქნება ყველაზე იოლად გასაკეთებელი საქმე.
საქართველო რომ არსებულ რეგიონალურ გარემოცვაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო და დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე სუსტი სახელმწიფოა და გლობალისტ-ლიბერალისტთა ანტიეროვნული იდეოლოგიის ათწლოვანი პროპაგანდის შედეგად კი საზოგადოებაში სახელმწიფოებრივ-პატრიოტული განწყობებიც რომ ატროფირებულია, სამწუხაროდ, ეს ის რეალობაა, რომელიც ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
აღნიშნული სავალალო მონაცემების მქონე სახელმწიფო კი ვერც საკუთარ ბრძოლისუნარიან შეიარაღებულ ძალებს შექმნის, რადგან ის მეტად ძვირადღირებული თანამედროვე იარაღის შეძენას მოითხოვს, რომლის უქონლობამ იგივე აგვისტოს ომში მოწინააღმდეგეს საჰაერო სივრცეში სრული გაბატონების საშუალება მისცა, რამაც ჩვენი ჯარების სწრაფ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა, ხოლო სამხედრო ბლოკებისა და საკუთარი ბრძოლისუნარიანი არმიის გარეშე დარჩენილი საქართველო მოსალოდნელ სამხედრო კონფლიქტში, თუ გავითვალისწინებთ სავარაუდო მტრის ექსტრემისტულ მენტალიტეტს, განწირული იქნება სასტიკი დამარცხებისა და გენოციდისთვის.
ამიტომ ნეიტრალიტეტის მომხრეები სანამ დასაბუთებული კონტრარგუმენეტებით საფუძვლიანად არ დაამტკიცებენ ნეიტრალიტეტის უპირატესობას საქართველოსთვის ამ ფეთქებად საშიშ რეგიონში არსებული ყველა გარემოების გათვალისწინებით, მანამდე ნეიტრალიტეტის იდეის გამარჯვება ქართულ საზოგადოებაში დიდი კითხვის ქვეშ დგას.
გაგრძელება იქნება