Genesis და მისი გავლენიანობის საკითხები - ფილ კოლინზი

Genesis და მისი გავლენიანობის საკითხები - ფილ კოლინზი

გავლენიანობა უმნიშვნელოვანესი საკითხია ხელოვნებაში. არსებობენ მუსიკოსები, რომელთაც მთელი პლეადა შექმნეს თაობების, მიმდინარეობების მრავალგვარობებისა და რაც მთავარია თავად წამითაც არ მოძველებულან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია აქტივში აღარ არიან.

ამ თვალსაზრისით Genesis-ს შეიძლება ბადალიც კი არ ჰყავდეს. ამ ჯგუფს დიდწილად უნდა უმადლოდეს პროგრესივ/არტ-როკი დღევანდელ არსებობას და განვითარებას.

თუკი Deep Purple-ის, Black Sabbath-ის, Led Zeppelin-ისა და Rainbow-ის სულიერი შვილები მამებს ხარისხით აშკარად ჩამოუვარდებიან და ამან გამოიწვია კიდევაც ჰარდ როკის კრიზისი, Genesis-ის „აღზრდილები“ დღემდე სოკოებივით მრავლდებიან დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, ამდიდრებენ რა ახალი პროგ/როკ იდეებით მუსიკალურ საგანძურს.

პროგრესივ როკს, ბლუზისაგან განსხვავებით, უხდება ტექნოლოგიური წინსვლა, ჩანაწერის კომფორტული ჟღერადობა, მელოტრონი, სინთეზატორები, გიტარის მელოდიური სოლოები, სასიამოვნო ხმის ტემბრი...

მოდით ამ უკანასკნელით შევაფასოთ Genesis-ის აქტუალობა. პიტერ გებრიელის ხმის  ტემბრი პირველი მოსმენით შეიძლება მაინცდამაინც არც გვესიამოვნოს. ერთგვარი სიცივე ყოველთვის შეიგრძნობა რეალურად პროგრესივ/არტ ეტალონურ ვოკალში.

სად უნდა ვეძიოთ საიდუმლოს პიტერ გებრიელის ვოკალისადმი ასეთ მისწრაფებაში. Genesis-ის ვოკალის მაგალითით ხელმძღვანელობენ მთელი ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე პროგ/როკ -ის ისეთი ბუმბერაზი ჯგუფები, როგორიცაა მაგალითად Marillion და IQ .

საინტერესო კი ისაა, რომ თუკი ხშირად აშკარად გვაღიზიანებენ რობერტ პლანტისა, თუ დევიდ ქოვერდეილის წამბაძველები, პიტერ გებრიელის მიმდევრები მეტი ფანტაზიით გამოირჩევიან და მათი ვოკალის (ფიში, პიტერ ნიკოლსი) პარტიები თითქოს იმ დანაკლისს ავსებს, პიტერ გებრიელისგან მსმენელი ათწლეულების განმავლობაში რომ ელოდა ან ელის გინდ Genesis -ში, გინდ სოლო ალბომებში.

გავლენიანობით Genesis აღემატება 70-ების ისეთ პროგრესივ როკ მონსტრებს, როგორიცაა King Crimson, Yes, Emerson, Lake & Palmer. რატომ, რაშია საქმე?

დავიწყოთ იმით, რომ პიტერ გებრიელს პირველი „მიმბაძველი“ Genesis-შივე გამოუჩნდა.

დრამერმა ფილ კოლინზმა დიდი მომღერლის ჯგუფიდან წასვლისთანავე დრამერობასთან ერთად წამყვანი ვოკალისტობაც ითავა, ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ არანჟირებისა და პროდიუსირების დიდი ნიჭის პატრონს, სრულიად ახლებური ყაიდის ჯგუფის მართვაც კი შეძლებია.

გასული საუკუნის 70-ების მეორე ნახევარი და 80-იანი წლები განსაკუთრებით მტკივნეულად პროგრესივ როკზე რომ აისახა, ეს ამბავი საყოველთაოდ ცნობილია.

 

ზემოთ ნახსენები ჯგუფებიდან, თითოეულმა სახე იცვალა, თუმც გარდა იმისა, რომ ახლოსაც ვერ მივიდა საკუთარ ადრეულ  შედევრებთან, ჩარტებში მოხვედრითაც მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა თავი.

სულ სხვაგვარად წარმოჩინდა ამ დროს ფილ კოლინზის Genesis. თითქოს, მუსიკოსმა იმ უხილავ ძაფს მიაგნო, რითაც უნდა ჩასჭიდებოდა შოუ ბიზნესის ულმობელ მანქანას, რომლის ძარაზედაც გადმოყრამდე კარგა ხნით დონა სამერი, გლორია გეინორი, სინდი ლაუპერი თუ სხვა პოპ ვარსკვლავები დამკვიდრებულიყვნენ.

Genesis ამ ავანტიურაში საოცარი წარმატებით ჩაერთო. ევროპულ ჩარტებში Genesis, კონკურენტებს 70-იანებშიც სჯობნიდა, მაგრამ 1981 წლის ალბომ Abacab-დან მოყოლებული, კოლექტივი უკვე ამერიკაშიც „ვარსკვლავებს ეთამაშებოდა“ და თუნდაც 7 წუთიანი კომპოზიციების შემცველი ალბომები, ჩარტების სათავეში ექცეოდა ყველგან.

ამრიგად, Genesis-ს არც პროგრესივ როკ კოლექტივისათვის აუცილებელი “ალბომურობა“ დაუკარგავს და არც კლიპების ჩაწერას თაკილობდა, რასაც კოლინზის საკმაო ტელეგენურობა და მსახიობური ნიჭიც უწყობდა ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეპერტუარის აშკარა კომერციული ნოტები საფუძვლიან გაღიზიანებას იწვევდა ჯგუფის ადრინდელ თაყვანისმცემლებში, ვერც ისინი უარყოფდნენ კოლინზის ვირტუოზულ დაკვრას, ბგერის სილამაზეს (ელექტროდრამის დამკვიდრების ეპოქაში) და რაც მთავარია ეფექტურობას, აგრერიგად საყოველთაოს რომ ხდიდა ახალ Genesis-ს ნებისმიერი თაობის მსმნელისათვის.

აქედან გამომდინარე, გავლენიანობა ბუნებრივია, რომ ამ პერიოდის Genesis-ის დამახასიათებელი ნიშანიცაა. „სულიერმა შვილებმა“ 80-იანების Genesis-ის მაგალითზე ხომ დისკების გაყიდვის ტექნოლოგია, თუნდაც „ეფექტურობის“ მიღწევით გააუმჯობესეს.

ფაქტია, რომ ძველი Genesis ისტორიას ისე ჩაბარდა, რომ ხეირიანი ვიდეო ჩანაწერიც კი არ დაუტოვებია.

ერთ-ერთი გამორჩეული ლაივ ბენდის სეტ ლისტისა და პიტერ გებრიელის ალბომ Foxtrot-ის მელაკუდის ნიღაბის შესახებ, მომღერალს კარგა ხანს რომ გასდევდა სასცენო იმიჯად, კონცერტებზე დამსწრეთაგან გადმოცემით თუ ვიცით. მოგვიანებით მელაკუდა Marillion-ის ფიშმა თევზად აქცია, ხოლო პიტერ გებრიელი კი მარადიულ კუმირად...

ფილ კოლინზმა, Genesis-ის „ლაივ ვაკუუმის“ აღმოსაფხვრელად, რომლის დისკოგრაფიასაც მანამდე ერთადერთი ერთდისკიანი საკონცერტო ალბომი ავსებდა, ძველი და ახალი რეპერტუარის წარმოსაჩენად ჯგუფთან ერთად1982 წელს Free Sides Live ჩაწერა. ვინილის დისკის მეოთხე გვერდი მანამდე გამოუქვეყნებელი სტუდიური სიმღერებით დაიტვირთა.

სამწუხაროდ ლაივ ალბომი ვერ ივარგებდა 1970-ების დასაწყისის Genesis-ზე წარმოდგენის შესაქმნელად. უბრალოდ, აშკარა იყო, რომ კოლინზი შეუდგა უპირველეს ყოვლისა ჯგუფის პოპულარიზაციაზე ზრუნვას და შემოქმედებითი მხარეც შეუსაბამა „კომერციულ აზროვნებას“.

Genesis-ს 1977 წლიდან მოყოლებული 1997 წელს ბოლო სტუდიური ალბომის ჩაწერამდე, თავდაპირველი 5 მუსიკოსის ნაცვლად სამნი - ფილ კოლინზი და მულტიინსტრუმენტალისტები მაიკ რატერფორდი და ტონი ბენქსი წარმოადგენდნენ.

2010 წელს, როკ’ნ’როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიალზე, სამეულს სტივ ჰაკეტიც დაემატა. Genesis-ს აქ არ დაუკრავს, ფიში გამოჩნდა საკუთარ ჯგუფთან ერთად და Watcher Of The Skies შეასრულა.

სამწუხაროა, რომ ფილ კოლინზი სმენისა და ხერხემლის პრობლემების გამო სცენას რამდენიმე წლის წინათ დაემშვიდობა, პიტერ გებრიელი კი არამცთუ ოდესმე დაბრუნებულა ჯგუფში, არამედ სტივ ჰაკეტთანაც კი ვერ ვხედავთ მას უკანასკნელი წლების საკმაოდ გახშირებულ და გახმაურებულ Genesis Revisited კონცერტებზე.

სამაგიეროდ შესანიშნავი გიტარისტის გვერდზე Genesis-ის სულიერ შვილებთან ერთად, აუცილებლად ვხედავთ პროგ/როკ სიმბოლო ჯონ უეტონს...