„ყველაზე მეტად ჩემი გულშემატკივრები მახარებენ“

„ყველაზე მეტად ჩემი გულშემატკივრები მახარებენ“

არ მიყვარს, როდესაც ამა თუ იმ რესპონდენტის შესახებ ჩემი აზრის დაწერა მიწევს, განსაკუთრებით - მის ადამიანურ თვისებებზე საუბარი, მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავს უფლებას მივცემ და გეტყვით - ბერა ივანიშვილი ძალიან ბევრს მიაღწევს თავისი შრომისმოყვარეობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, სიკეთითა და ნიჭიერებით. მისი ოცნება „გრემია”, რაც არა მხოლოდ ბერასთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ყველაზე დიდი მუსიკალური გამარჯვება იქნება.

სულ ცოტა ხნის წინ ბერას ახალი ქართული სიმღერის პრემიერა შედგა.

ბერა ივანიშვილი: უკვე ერთი წელია, რაც ეს სიმღერა დაიწერა. მართალია, სიმღერა სიყვარულზეა, მაგრამ, ის ერთ ადამიანზე მიმართული არ არის, ზოგადად გრძნობებზეა. ამ სიმღერის წერა დავიწყე მისამღერით და შემდეგ უკვე სტროფები შეიქმნა. როდესაც კონცეფცია მოვძებნეთ და გადავწყვიტე, რომ სიმღერას „სიზმარი” ერქმეოდა, მივხვდი, რომ ყველაფრის დაწერა შემეძლო, რაც გულში მქონდა. რადგან სიზმარია, ყველაფრის უფლება მაქვს-მეთქი და,  გულში რაც მქონდა, ყველაფერი გამოვუშვი გაფილტვრის გარეშე.

ამ სიმღერის შექმნას სასაცილო ამბავიც ახლდა: მისმა ჩაწერამ სამი-ოთხი თვით გადაიწია. ჩაწერის დრო რომ მოვიდა, ძველი ვერსიიდან სულ რამდენიმე სტროფი დავტოვე. სამი თვის წინ გულწრფელად დაწერილი სტრიქონებიდან დღევანდელ დღეს თითქმის აღარაფერი მაწყობდა. ბოლოს, ალბათ, ისეთ რაღაცას მივადექი, რაც ჩემს სულიერ მდგომარეობას ზუსტად ასახავდა.

ტექსტში ამბობ: „სადაც არ წავედი, ყველგან ვარ უცხო“. ეს მართლა სიღრმიდან მოდის თუ უბრალოდ რითმაა?

- სიმღერაში ეს სიტყვები სხვანაირად ჟღერს, თუმცა, გეთანხმები, კონტექსტიდან ამოღებული უფრო დრამატულად ისმის. ეს განწყობა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა, თვითონ სიტყვა „უცხო” ცოტა მეუცხოვება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია. მაგალითს გეტყვით, თუნდაც ჩემი ახლანდელი ამერიკული ცხოვრებიდან: ინგლისური ძალიან კარგად ვიცი, ამ საზოგადოებისთვის მისაღები იმიჯი მაქვს, მისაღები ტიპაჟი ვარ, მაგრამ, ბოლომდე შინაურულად, როგორც სახლში, თავს ვერ იგრძნობ. აქ, ჩემ გვერდით, ცოტაა ისეთი ადამიანი, რომლებსაც, შემიძლია, ჩემი განცდების შესახებ მოვუყვე. აქაური მენტალობის ადამიანები სხვანაირები არიან, რაც, შეიძლება, მტკივნეული იყოს ქართველისთვის. ამერიკელს ძალიან გაუკვირდება, რატომ შეიძლება, საერთოდ ინერვიულო ასეთ საკითხზე. აქ სულ სხვანაირი გაგებაა, 180 გრადუსით შეცვლილი.

თექვსმეტი წლის ხარ, ამდენი სათქმელი რამ დააგროვა შენს ცხოვრებაში? შენ რომ ბრილიანტებზე, გოგოებზე და მაგარ მანქანებზე მღეროდე, როგორც ეს რეპისთვის არის დამახასიათებელი, უფრო გასაგები იქნებოდა, მაგრამ,  გაცილებით ღრმა თემებზე მღერი.

- ასე არ დამიფიქსირებია, კონკრეტულად როდის და როგორ დავიწყე მსგავს თემებზე ფიქრი, ტექსტებისა და მუსიკის წერა. ალბათ, ამის მიზეზი მაინც ქართული გენია. როდესაც ჩვენ ასეთი ხალხური პოეზია გვაქვს, შემდეგ უკვე ასეთი პოეტები გვყავდა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული სიტყვის მიმართ, რომელსაც ვწერ. კი არ ვუტოლდები და თავს ვადარებ მათ - არავითარ შემთხვევაში! - უბრალოდ, მეტი ნერვიულობა და პასუხისმგებლობა ახლავს თან ქართულ სიტყვასთან მუშაობას. არ მინდა, იყოს იაფფასიანი და ზედაპირული.

რატომ მაინცდამაინც რეპი, რომელიც შავკანიანების პროტესტის ნიშნად შეიქმნა?

- საკუთარ თავს რეპერს არ ვუწოდებ. ერთი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ცოტა სასაცილო - მუტაციის პერიოდი, როდესაც ვეძებდი ჟანრს, რომელშიც მუშაობა მინდოდა და, ამ დროს, ერთნაირად ვიყავი გატაცებული რეპითა და მელოდიური მუსიკით. რეპერები „მომღერალს“ მეძახდნენ, მომღერლები კი - „რეპერს“. დღეს რომ ადამიანმა მკითხოს, ვინ ხარო, ვუპასუხებ, რომ, პირველ ყოვლისა ვარ მუსიკოსი. მინდა - ფორტეპიანოზე დავუკრავ, მინდა ვიმღერებ, თუ მინდა - გავრეპავ, მთავარია, ვიყო მუსიკოსი. არ ვიზღუდები, ჟანრებში თავს არ ვსვამ. რაც მოუხდება კონკრეტულ კომპოზიციას, იმას გავაკეთებ.

როგორ შემოვიდა მუსიკა შენს ცხოვრებაში?

- კაკუნის გარეშე. 1 წლის ვიყავი, სიარული და ლაპარაკი არ შემეძლო და უკვე რადიოს ვრთავდი. რეალურად, დავიბადე თუ არა უკვე მუსიკაში ვიყავი. ცოტა წამოვიზარდე და დავიწყე სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა. 4 წლის რომ გავხდი, ვიოლინოზე დავიწყე სიარული, ორ წელიწადში ვიოლინოს ფორტეპიანო დაემატა და შემდეგ უკვე - დასარტყამი ინსტრუმენტები. ეს იყო მუსიკასთან პირველი შეხება.

და, შემდეგ უკვე მიხვდი, რომ საკუთარი მუსიკის შექმნა შეგიძლია.

- ეს ცოტა უფრო გვიან მოხდა. მეგობრებმა სხვადასხვა მუსიკოსები, მაიკლ ჯეკსონი, რეი ჩარლზი მომასმენინეს. პირველი მუსიკოსი, რომელზეც გავაფანატე, რეი ჩარლზი იყო - აქ უკვე მივხვდი, რომ მუსიკას სულ სხვა ემოციების მოტანა შეუძლია. რასაც ახლა ვგრძნობ მუსიკაში, ის პირველად რეი ჩარლზისგან ვიგრძენი.

დღეს თუ გყავს ვინმე, რომლის შემოქმედებაც ინსპირაციას გაძლევს?

- როგორც უწოდებენ „ოლდ სქული” ვარ, უფრო ძველი თაობის მუსიკა მომწონს - ოთხმოცი-ოთხმოცდაათიანი წლების მუსიკისგან ვიღებ სიამოვნებას. რაც შეეხება საქმიან მხარეს, რაც არის ბაზარზე, ყველაფერს ვუსმენ. აუცილებელია, რომ მუსიკოსი საქმის კურსში იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ ინდუსტრიაში. ყველა დროის კუმირი მაინც ჯეკსონია, რეპში თუ ფაქი, მომწონს ბარი ვაითი. ეს დღეები ბარი ვაითის შემოქმედებაზე „შევჯექი”, გაგიჟებული ვარ ამ მომღერალზე, ასევე ძალიან მომწონს ლაიონელ რიჩი. ცოტა ხნის წინ გავიცანი, ძალიან, ძალიან კარგი პიროვნებაა და, გადავწყვიტე უფრო კარგად გავცნობოდი მის შემოქმედებას. მართლა განსაკუთრებული ადამიანია.

უამრავ მეგავარსკვლავს შეხვედრიხარ. როგორები არიან ისინი ურთიერთობაში?

- რეალურად, რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს. თავიდან,  სანამ ამ სფეროში ჩავერთვებოდი ალბათ, უფრო ისე ვიყავი, ამ ყველაფრით აღფრთოვანებული. არ მინდა, ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ, განსაკუთრებული გულისცემა არ მეწყება, როდესაც მათ ვხვდები - დღეს უკვე აღარ მემართება ეს. ალბათ, ამაზე ის ფაქტორიც მუშაობს, რომ თავად არ იქცევიან ისე, თავი უხერხულად იგრძნო. ადრე ძალიან მიხაროდა მათთან შეხვედრა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მუსიკა ჩემს ცხოვრებაში პრიორიტეტად იქცა, უკვე ისეთი განწყობით ვარ, რომ უფრო მინდა, მათ სიაში ვიყო, ვიდრე მათ გვერდით ვიდგე ფოტოში.

როგორ გარემოში იზრდებოდი, ხშირად ახერხებდი საქართველოში ჩამოსვლას?

- სადღაც, 10 წლის ასაკამდე საფრანგეთში მისვლა-მოსვლა მიწევდა, რადგან იქ ვსწავლობდი. ერთი სიმღერა მაქვს, სადაც ვამბობ - თუ არ ვარ თბილისში, თბილისი ჩემშია-მეთქი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქალაქი არასდროს დამიტოვებია, მხოლოდ ფიზიკურად მივდიოდი და გულს იქ ვტოვებდი. სახლში ყოველთვის ქართულად ვლაპარაკობდით. თავი არაქართველად არ მიგრძნია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენ დროს ვატარებდი ქვეყნის გარეთ. ხუმრობით იმასაც ვამბობ ხოლმე, რომ არასდროს არ მინერვიულია საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების გამო. თავი ფრანგად არასდროს მიგრძნია. ფრანგებს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, ფანტასტიკური ხალხია და ბევრი ლამაზი წელი მაქვს ამ ქვეყანაში გატარებული, მაგრამ…

ამერიკაში რატომ მოგიწია გადასვლა?

- ამერიკაში 2010 წლის სექტემბერში წავედი. ჩემი პროექტი საფრანგეთში ისე ვერ წავიდა, როგორც ველოდებოდით. არ ვამბობ იმას, რომ ეს ვიღაცის ბრალია და მე ყოველთვის ყველაფერი გამომდის. არა. პირველ ყოვლისა, რომ არ გამოვიდა, ჩემი ბრალი იყო. ალბათ, არ ვიყავი მზად ამ მასშტაბის პროექტისთვის, არ ვიყავი საკმარისად პროფესიონალი. როცა საქმე სიმღერას ეხება, სტუდიაში უნდა ჩაიკეტო და დაივიწყო მეგობრები, გასვლა-გამოსვლა, გართობა. სტუდიის კარი, რომ იხურება მთავრდება ყველაფერი - ამას მაშინ ვერ ვგრძნობდი. ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, ფრანგული პროექტი ბოლომდე რომ ვერ მივიყვანე, მაგრამ, დღეს ეს საუბედუროდ კი არა, საბედნიეროდ მიმაჩნია, რადგან ამერიკაში კი არ ვიქნებოდი, ფრანგული ბაზრით დავკმაყოფილდებოდი. ამერიკაში ჩამოვედი და საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა აქაური სისტემის შესახებ. ცოტა იმედგაცრუებულიც ვიყავი პროექტის გამო. ვფიქრობდი აქაც იგივე თუ მოხდა, სიმღერას პროფესიონალურ დონეზე საერთოდ თავს დავანებებ-მეთქი. ჩავედი და პირველი გავიცანი როდ ფუზარი, ლედი გაგას კო-პროდიუსერი, რომელმაც აღმოაჩინა ლედი გაგა და აქცია იმად, რაც დღეს არის.

შენ როგორ მიაგენი?

- საერთო მეგობარი გვყავდა და, როგორღაც, შეხვედრაზე დავითანხმეთ. ორჯერ კი „გადაგვაგდო” - არ მოვიდა შეხვედრაზე, სერიოზულად არ აღგვიქვა. საერთოდ ამერიკაში ეგრეა - უცხოეთიდან ჩასულ არტისტს ცოტა ზემოდან უყურებენ, მით უმეტეს - ჩემს ჟანრში. მაგრამ როგორც კი მოვახერხე როდთან შეხვედრა, ეგრევე, წამებში მოხდა ყველაფერი. უცებ საოცრად ემოციური გახდა - შემდეგი აფეთქება შენით უნდა მოხდეს ამერიკაში, დავიწყოთ, დავცხოთო იმეორებდა. სულ სხვა პიროვნებას ველოდი და სულ სხვა დამხვდა. მეორე დილით უკვე სტუდიაში ვიყავი და სამი სიმღერა დამახვედრა.

საქართველოში კლიპი გამოვიდა, ახლა - ეს ქართული სიმღერაც... მანდ რა ხდება?

- თითქმის დასრულებულია ალბომი, რომლის დისტრიბუციის საკითხიც ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ, ვცდილობ, საერთაშორისო იყოს, ანუ, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ, ევროპულ ქვეყნებშიც შევიტანოთ. ორმოცდაათზე მეტი ინგლისური სიმღერა მაქვს და ეს, საკმარისია, რომ ალბომისთვის საუკეთესოები აირჩეს. ტურნეები დავიწყე - კონცერტები მაქვს სხვადასხვა ქალაქში.

ანუ, ძალიან დატვირთული ხარ.

- დიახ, საკმაოდ. საკუთარ თავზე არ მიყვარს ხოლმე ასე ლაპარაკი, ძალიან დატვირთული და გადაღლილი ვარ. არასდროს არ არის ადამიანი ისე დატვირთული, როგორც შეუძლია, რომ იყოს. პარალელურად სულ ვსწავლობ.

რომელ დარგში ფიქრობ სწავლის გაგრძელებას?

- ჯერ არ ვიცი. ჩემთვის მთავარია, ნაკითხი და განათლებული ვიყო. ისე არ არის, რომ, მუსიკაში ვარ და დამთავრდა, სხვა აღარაფერი უნდა ვაკეთო. მით უმეტეს, სანამ პატარა ხარ, გონება გახსნილი გაქვს და ადვილად იღებ ყველაფერს, რაც შეიძლება მეტი ცოდნა უნდა შეისრუტო. სულ ვცდილობ,  გავიზარდო ამ მხრივ.

საუბარში ახსენე, რომ ფილოსოფია და, საერთოდ, კითხვა გიყვარს. უფრო ვრცლად ხომ არ მიამბობ ამის შესახებ?

- ახლა ვიღებ ცოდნას, ბევრს ვკითხულობ და ვალაგებ გონებაში რაღაცეებს. სიმღერაში ვიყენებ ყველაფერს. ჩემს ტექსტებს, რომ დააკვირდე, შეიძლება, ისიც იფიქრო, რა კავშირშია ეს ყველაფერი ამ ადამიანთანო, მაგრამ, ყველაფერი აქედან მოდის. ნებისმიერი გამოცდილება, წაკითხული, ნამოქმედარი, ნანახი ადამიანი, მარტივი დიალოგი - შეიძლება, ინსპირაციად იქცეს და სიმღერაში გადმოვიდეს.

ბერა, ერთხელ თქვი, მინდოდა, საკუთარი შემოქმედება დამოუკიდებლად წარმემართა და, ამიტომაც, საკუთარი ლეიბლი დავაარსეო. ცდილობ, ოჯახის გავლენას გაექცე და დამოუკიდებლად მიაღწიო ყველაფერს?

- ყველაფერი მარტომ უნდა გავაკეთო - ასეთი ახირებები არ მაქვს, მაგრამ მალე უკვე 18 წლის ვხდები და ნელ-ნელა კაცური მომენტები ჩაირთო ჩემს ცნობიერში. ამ ასაკიდან უკვე ოფიციალურად დამოუკიდებელი ხდები და თავად უნდა მიხედო საკუთარ თავს. ახლა ვცდილობ, ისე დავალაგო ყველაფერი, რომ დამოუკიდებლად  ვიცხოვრო. ოჯახის გავლენას რაც შეეხება, ამ საკითხს მწვავედ სულაც არ განვიცდი. თვითონ ჩემი ოჯახის წევრები არიან ისეთები, ისე გამზარდეს, რომ თავი დამოუკიდებელ პიროვნებად მეგრძნო. არასდროს ჩემს მისწრაფებებს, გატაცებებს არ ეწინააღმდეგებოდნენ, ბოლომდე გახსნილად და მეგობრულად გამიგეს და გვერდში დამიდგნენ. ისე რომ ყოფილიყო, პატარაობისას ჩემთვის მუსიკა აეკრძალათ და მე გაფრენაზე მეოცნება, მაშინ ჩემს სიტყვებს სხვა დატვირთვა ექნებოდა. ჩემს საქმეში ახლაც ბოლომდე ჩართულები არიან. იქნება ეს მუსიკა, ლეიბლის მართვა თუ სხვა, რჩევისთვის ყოველთვის მათ მივმართავ, მათ შორის - მამაჩემს.

როგორ ფიქრობ, რომ არა მუსიკა, კარგი ბიზნესმენი იქნებოდი?

- ვერ ვიტყვი, რომ მუსიკა ბიზნესი არ არის. ჩვეულებრივი ბიზნესია და ამ ბიზნესში ვარ თავიდან ბოლომდე. არტისტების იმ კატეგორიაში ვარ, ვისაც უნდა, რომ ყველა წვრილმანამდე იცოდეს, რა ხდება მის გარშემო. არ მყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემ მაგივრად იღებს რაღაც გადაწყვეტილებებს. ყველაფერი, რაც მაგიდასთან ხდება - ფურცლები, კონტაქტები - ყველა დეტალში ჩარეული ვარ - ამ გამოცდილებასაც „ვკრეფ“. შორიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს - გამოდის სცენაზე ადამიანი, მღერის, ცეკვავს, მის მაგივრად კი სხვები მუშაობენ. შეიძლება, ამ სიმღერასა და ცეკვაში სიტუაციის კონტროლი საერთოდ დაკარგო და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გქონდეს. მირჩევნია ყველაფერი თავად ვაკონტროლო, რადგან, შიგნით რომ ჩაიხედავ, მართლა იმდენი წვრილმანი რაღაცაა, იმხელა ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო, რომ ვერავინ იტყვის, ეს ბიზნესი არ არისო.

შენი და-ძმა რას აკეთებს, ბერა?

- სულ ოთხნი ვართ. ერთი ძმა პატარა მყავს - 5 წლის არის და ჯერ გადაწყვეტის პროცესშია, რა უნდა. ძალიან ადრე მომივიდა პროფესიის არჩევა და, არ მინდა, ამით ვინმე დავაკომპლექსო. უფროსები ჯერჯერობით სწავლობენ. ჩემი და ხატავს, მაგრამ, ახლა მის მაგივრად ლაპარაკი არ მინდა. ჯერჯერობით ხელოვნებაში მხოლოდ მე ვარ.

თბილისური ნაცრისფერი მასიდან ჩაცმის სტილით ყოველთვის გამოირჩევი. ეს შენი თვითგამოხატვის ფორმაა თუ შექმნილი იმიჯი?

- არ არის მოფიქრებული იმიჯი, არ მაქვს ერთი, განსაკუთრებული მიმართულება ჩაცმაში. ვიცი, რა მიხდება და არ მიხდება. შეიძლება ერთი დღე კოსტიუმი ჩავიცვა, და მეორე დღეს კი - დახეული ჯინსები და კედები. არც ბრენდების მიმართ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება.

ყველაზე მეტად რა გახარებს, რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?

- დღეს ყველაზე მეტად ჩემი გულშემატკივრები მახარებენ - ჩემთვის ეს სულ სხვა ემოციაა. იმდენ ადამიანს ვუყვარვარ, ამაზე, ალბათ, ოცნებასაც ვერ გავბედავდი. მაგრამ, ეს ადამიანები მე გაცილებით უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე მათ ვუყვარვარ. ემოციური გაცვლა ხდება, რომელიც ისე მავსებს, ათჯერ მეტი შემიძლია, ვაკეთო. მიხარია, რომ დამიფასდა შრომა. დამიფასდა კი არა, გაცილებით მეტი დამიბრუნდა, ვიდრე ვიმსახურებდი.

ჩემთვის ოცნება „გრემიაო”, თქვი. როგორ გესახება გზა „გრემამდე”?

- ისეთი ტიპი ვარ, ასეთ კონკრეტულ მიზნებს არ ვისახავ. ჩემთვის მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ; იყო ნამდვილი, საქმეში ჩადო მაქსიმუმი. მაინცდამაინც ისეთი სიმღერის ჩაწერას, რომელიც აუცილებლად „გრემზე” გავა და პოპულარული გავხდები, არ ვაპირებ. ეს არ არის ჩემი მიზანი. „გრემი” მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ ეს ნებისმიერი მუსიკოსის შემოქმედებითი პიკია, რომლისთვისაც ძალიან ბევრი უნდა იშრომო, გაიზარდო, განვითარდე. ანუ, მინდა „გრემის” დონეზე ავიდე.