„ჩემს მოსაშორებლად ევროპის ჩემპიონატიც კი გაწირეს

„ჩემს მოსაშორებლად ევროპის ჩემპიონატიც კი გაწირეს

საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - შოთა ხაბარელის გათავისუფლებას დიდი ხმაური მოჰყვა. პრესკონფერენცია ხაბარელმაც გამართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოფიციალურად გახმაურებული მიზეზი - შედეგების უქონლობა არაფერ შუაშია და მისი გათავისუფლება ფედერაციის პრეზიდენტის დილარ ხაბულიანის პირადი ანგარიშსწორება იყო.

იმავე პრესკონფერენციაზე თავისი პოზიცია რამდენიმე ძიუდოისტმაც დააფიქსირა. მათ შორის, ზურაბ ზვიადაურმა, ვალერი ლიპარტელიანმა, ნესტორ ხერგიანმა, ლევან წიკლაურმა და სხვებმა. მათ მიაჩნიათ, რომ დიდი შედეგების მქონე მწვრთნელის ასე გაშვება უმადურობაა და ხაბარელის კვალად, ფედერაციის თავკაცებიც უნდა შეიცვალონ. თავად შოთა ხაბარელი კი მიიჩნევს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებმა დებულება დაარღვიეს.

თქვენი გათავისუფლება კანონის დაცვით მოხდა?

- ფედერაციას შეუძლია, მწვრთნელი მოხსნას, მაგრამ აღმასკომის სხდომის გარეშე ახალი მწვრთნელის დანიშვნის უფლება არა აქვს. პრეზიდენტსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეუძლიათ წარადგინონ მწვრთნელის კანდიდატურა, რომელიც აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს, - ასე წერია დებულებაში. სინამდვილეში კი ხაბულიანმა და ბერძენიშვილმა კანონდარღვევით, სასწრაფოდ დანიშნეს ახალი მწვრთნელები მთავარ და ასაკობრივ ნაკრებებში და პრეზენტაციაც სასწრაფოდ მოუწყვეს. ფედერაციის ხელმძღვანელებს აღმასკომი არაფრად მიაჩნიათ. არადა, სწორედ აღმასკომია ფედერაციის ერთ-ერთი უმაღლესი ორგანო.

ოფიციალურად, რა იყო შოთა ხაბარელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი?

- ოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ ხაბარელს ცუდი შედეგები აქვს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. სინამდვილეში, ხაბულიანი უკვე დიდი ხანია მიზანმიმართულად მებრძვის და დავით ბერძენიშვილიც სწორედ ამისთვის მოიყვანა ფედერაციაში. ბინძური ხერხით მებრძვის და საზეიმოდაც გამოაცხადა, ხაბარელის გათავისუფლებით „კორუფციის პირამიდა" დავანგრიეო.

ფედერაციას, პრეზიდენტის გარდა, ოთხი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. ყველა მათგანს ჩემზე მეტი უფლებამოსილება ჰქონდა და მათი გვერდის ავლით ამხელა „პირამიდები" თუ წამოვჭიმე, ჯადოქარი ვყოფილვარ.

ოპონენტთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, ხაბარელს შეკრებებზე ფული ჩემოდნით დაჰქონდაო".

- ასე იქცეოდა სპორტის თითქმის ყველა სხვა სახეობის ფედერაციაც. არსებობენ ფედერაციები, რომლებიც ფულს დღემდე ასეთი სახით იხდიან და მხოლოდ ჩემი მაგალითი ჩანდა? როცა თანხა უკვე გადარიცხულია და შეკრებიდან ადრე მოგიხდა გუნდის წამოყვანა, თანაც, რომელიმე სპორტსმენი ტრავმის გამო გამოგაკლდა ან შეიცვალა, ფულს ხომ არავინ დაგიბრუნებს? ამიტომაც ნაღდი ფულით ვიხდიდით. მათი შეთითხნილი ბრალდებები მართალი რომ იყოს, ჩემი დაპატიმრების შანსს გაუშვებდნენ ხელიდან? ყველა დოკუმენტს თვითონ აწერდნენ ხელს და ფულის მითვისება მე როგორ უნდა მომეხერხებინა?!

ის კონფლიქტებიც, რომლებიც თქვენსა და მოჭიდავეებს, მოგვიანებით კი სპორტსმენებს შორის მოხდა, ინსპირირებული იყო?

- როცა ბინძური ხერხებით ვერაფერს მიაღწიეს, ჩემივე გაზრდილი ძიუდოისტები ამიმხედრეს. წინასწარ ადგილებიც კი გადაუნაწილეს ფედერაციაში და ასეთი ბინძური თამაშის მსხვერპლად აქციეს. ჩემი მოცილების სხვა გზა რომ ვეღარ მოძებნეს, ევროპის ჩემპიონატიც კი გაწირეს, ოღონდ ხაბარელი მოეშორებინათ. მერე გამოდის ბერძენიშვილი და უტიფრად აცხადებს, ხაბარელი მწვრთნელი არ არის და კვალიფიკაცია არა აქვსო. თავს არ ვიქებ, მაგრამ თურმე მსოფლიო ფედერაცია გიჟებით ყოფილა სავსე და „უცოდინარი" ხაბარელი ოთხჯერ შეცდომით დაუსახელებიათ წლის საუკეთესო მწვრთნელად.

თქვენ რატომაც გაუთავისუფლებიხართ, გავიგეთ, მაგრამ ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელები რატომღა შეცვალეს?

- სწორედ იმიტომ, რომ ყველამ ერთად, მწვრთნელთა საბჭომ, მოვითხოვეთ ბერძენიშვილის მოცილება. მიუხედავად იმისა, რომ ბორის ფირცხელიანიც და ჯემალ ნათელაშვილიც უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები არიან და მათი შეგირდები ყველა ჩემპიონატიდან რამდენიმე მედლით ბრუნდებოდნენ, თანამდებობიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. და ეს იმიტომ, რომ ჩემს გუნდში, ანუ სიმართლის მხარეს იყვნენ.

ბერძენიშვილმა ისიც მოიგონა, ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოლოვეიჩიკმაც მითხრა, ხაბარელი მწვრთნელი არ არისო. არადა, სწორედ სოლოვეიჩიკმა გადმომცა გასული წლის დეკემბერში ევროპის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული ჯილდო.

პრესკონფერენციაზეც თქვით, მე წავედი, მაგრამ მოჭიდავეები ხომ რჩებიან და სპორტის მმართველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, მომავალში უფრო დიდი არეულობა რომ არ მოხდესო.

- ნაკრების მწვრთნელი აღარა ვარ, მაგრამ 35 წელია ძიუდოში ვარ და ამ სახეობას ვერ მოვშორდები. ნაკრების ყველა წევრი, ორივე მხარე, ჩემს ხელშია გაზრდილი და მინდა, კონფლიქტი ამოიწუროს. ახლა ისეთი ვითარებაა, ერთი მხარე „გამარჯვებულის" პოზიციიდან იყურება, ამაყად დადის, - ხაბარელს ვაჯობეთო. მაგრამ ხომ არის მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი მხარეც? ამ ბიჭებმა ერთად თუ არ ივარჯიშეს, ერთი გუნდი თუ არ იქნებიან, წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ფედერაციის სათავეში სუფთა წარსულის მქონე, ნეიტრალური ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც სიყვარულით გააერთიანებს ძიუდოს სამყაროს.

ის მოთხოვნებიც გვითხარით, თქვენს პრესკონფერენციაზე მოსულმა ზვიადაურმა, ლიპარტელიანმა, ხერგიანმა და სხვა ძიუდოისტებმა რომ წამოაყენეს.

- მათ დანაშაულად მიაჩნიათ ის, რაც ნაკრების მწვრთნელებს გაუკეთეს. ახალგაზრდები არიან და დღეს თუ შეეგუებიან ამ უსამართლობას, მთელი ცხოვრება მოუწევთ მისი ატანა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვუყვარვარ და ჩემი კვალიფიკაციაც მოეხსენებათ, ხაბარელზე აღარა აქვთ ლაპარაკი, - ხაბარელი წავიდა, მაგრამ ფედერაციის თავკაცებიც უნდა წავიდნენ, - ასეთია მათი პოზიცია.

თუ დამიჯერებთ, წარმოდგენაც არ მქონდა, ჩემს პრესკონფერენციაზე თუ აპირებდნენ მოსვლას. მოვიდნენ და მოითხოვეს, სპორტის მინისტრის თანდასწრებით ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის კითხვების დასმა გვსურსო. ფედერაცია თუ არ გასუფთავდა, სამართლიანობა არ აღდგება. თუ ყველაფერი ერთი კაცის სურვილზეა დამოკიდებული, მაშინ ვარჯიშსაც არ ჰქონია აზრი, ჩავაბარებთ კიმონოებს და მერე ხაბულიანმა და ბერძენიშვილმა იჭიდაონო.