რატომ უჩიოდა გელა კეტაშვილი გიორგი ბარამიძეს

რატომ უჩიოდა გელა კეტაშვილი გიორგი ბარამიძეს

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს - გელა კეტაშვილი. განაპირა მცველს განსაკუთრებული თამაშის სტილი ჰქონდა და დაცვითი ფუნქციების შესრულებასთან ერთად არც შეტევებში ჩართვას ერიდებოდა. საბჭოთა კავშირის დროს ყველა ასაკობრივ ნაკრებში მუდმივად იწვევდნენ, სსრკ–ს უფროსთა ნაკრებში კი 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფეხბურთის თამაში თავდამსხმელად დაიწყო და ახალგაზრდულ გუნდებში ბევრიც გაჰქონდა, მაგრამ 17 წლის ასაკში გივი ნოდიამ მცველად გადაიყვანა.

ამავე ასაკში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დებიუტი ქუთაისის "ტორპედოში" ჰქონდა და თავისი თამაშით არამარტო იქაური გულშემატკივარი, არამედ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაც მოხიბლა და 1985 წლიდან ამ გუნდის ფეხბურთელი გახდა, ხოლო 1989 წელს კაპიტნის სამკლაურიც ჩააბარეს.

ამავე წელს საქართველოში ეროვნული მოძრაობა ფართო მასშტაბით დაიწყო. ქართული საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე თამაში ქართულმა გუნდებმაც იუარეს. კეტაშვილს კარიერის გასაგრძელებლად 2 ვარიანტი ჰქონდა - ქართველ ფეხბურთელს ანატოლი ბიშოვეცი მოსკოვის, ხოლო ვალერი ლობანოვსკი კიევის "დინამოში" ეპატიჟებოდნენ. თავად ფეხბურთელს დიდი სურვილი ჰქონდა კარიერა რომელიმე მათგანში გაეგრძელებინა, მაგრამ მის გამოცხადებას ქართველი ხალხის მტრად აპირებდნენ და თავის გეგმებზე უარი თქვა. არადა, თამაში რომელიმე მათგანში რომ გაეგრძელებინა, მისი კარიერა შესაძლოა, გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო.

ეროვნული ჩემპიონატი კეტაშვილისთვის არასახარბიელოდ დაიწყო - 1990 წელს პირველი ჩემპიონატის გახსნის მატჩში ფოთის "კოლხეთთან" კეტაშვილმა 80.000 მაყურებლის თვალწინ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და "იბერიამ" (ასე ერქვა მაშინ "დინამოს") 0:1 წააგო. ამან კეტაშვილზე ძალიან იმოქმედა და იმ სეზონში სულ 9 მატჩი ითამაშა. სეზონის ბოლოს კი გუნდის სამზარეულოში სიტუცია დაიძაბა - კეტაშვილი გუნდიდან წავიდა.

1991 წელს ლანჩხუთის "გურიაში" გადავიდა, მაგრამ მენისკის ტრავმამ და ავტოავარიამ სეზონში მხოლოს 7 მატჩის ჩატარების შესაძლებლობა მისცა. ავარიის შემდეგ გამოჯანმრთელებულმა ძალების მოსინჯვა მახაჩყალის "დინამოში" გადაწყვიტა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო კონფლიქტი მოუვიდა და 4 თვის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

26 წლის ფეხბურთელი უფეხბურთოდ დარჩა. თუმცა, ყველაფერს მის ფეხბურთისადმი არასერიოზულ მიდგომას და დისციპლინის ხშირ დარღვევას ასახელებდნენ. ამ ყველაფერს კი იმ ფეხბურთელზე ამბობდნენ, რომელსაც ფეხბურთის თამაშისას ხელი, ფეხი, ნეკნები, ცხვირი, ლავიწის ძვალი გატეხილი აქვს და 3–ჯერ აქვს მიღებული ტვინის შერყევა. ამას დაუმატეთ ზემოთხსენებული ავტოავარიის დროს (შემხვედრი მანქანის ფარებით დაბრმავებული ბეტონის პარაპეტს შეეჯახა) მიღებული ტრავმა და ხშირად ყოფილა შემთხვევები მოედანზე ტკივილგამაყუჩებლით გასულიყო.

ორწლიანი უქმობის შემდეგ კეტაშვილმა ფეხბურთის თამაში მეგობრის თხოვნით "თეთრ არწივში" დაიწყო, რომელიც პირველ ლიგაში გამოდიოდა. მრავალნაცად კეტაშვილს იქ თამაში არ გასჭირვებია და 1994 წელს სერგო კუტივაძემ ისევ "დინამოში" უხმო, მაგრამ მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა ვერ აეწყო და კეტაშვილსაც კიდევ ერთხელ მოუწია "დინამოდან" წამოსვლა.

კეტაშვილმა ბედი ისევ რუსეთში მოსინჯა - 1995 წლის დასაწყისში გელა მოსკოვის ცსკაში ალექსანდრ ტარხანოვთან ვარჯიშობდა, მაგრამ დიდი ხნის უქმობამ ფიზიკურად არ მისცა შესაძლებლობა მაღალ დონეზე ეთამაშა და 30 წლის ასაკში მთლიანად ჩამოშორდა აქტიურ ფეხბურთს.

იმავე წელს უფროსმა ლეიტენანტმა გელა კეტაშვილმა მუშაობა ავტოსაგზაო პოლიციის ინსპექტორად დაიწყო, მუშაობდა მატჩების ინსპექტორად საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე.

კეტაშვილისთვის ყველაზე სკანდალური 2005 წლის მარტი გამოდგა. საგზაო პოლიციის რეგისტრაციის განყოფილების უფროსად 3 თვისა და 13 დღის მუშაობის შემდეგ კეტაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ოლიმპიური ჩემპიონი აპირებდა მაშინდელი შს მინისტრის გიორგი ბარამიძისთვის სასამართლოში ეჩივლა, რადგან უკანონოდ იყო განთავისუფლებული და ქრთამის ბრალდება შეთითხნილი იყო იმის გამო, რომ მინისტრს მის ადგილზე თავისი მეგობრის დანიშვნა სურდა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისი კუთვნილი ოქროს მედალი აფხაზეთიდან დევნილთა ფონდში ჩააბარა. შემდეგ გაირკვა, რომ მისი გატანა საქართველოდან უნდოდათ და გადამტანი თურქეთის საზღვარზე დააკავეს.

შარშან კეტაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებთან ერთად აქტიურად მუშაობდა. კენჭი იყარა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე, მაგრამ გრიგოლ ცაავასთან წააგო.

გელას ვაჟი, გიორგიც ფეხბურთელია, თამაშობდა ბოლნისის "სიონში" და ცხინვალის "სპარტაკში", ერთი პერიოდი ბედი ყაზახეთშიც სცადა. ამჟამად სად მოღვაწეობს, უცნობია.