უცხოელი ბიზნესმენების გატაცება პანკისის ხეობაში

უცხოელი ბიზნესმენების გატაცება პანკისის ხეობაში

გუშინ შს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ძებნილის დაკავების შესახებ. ეს გახლავთ ხვიჩა ჩოფანაშვილი. გვარით თუ ვიმსჯელებთ, ეთნიკური ჩეჩენი (ქისტი), წარმოშობით პანკისელი, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ჩეჩნურ სოფელში იმალებოდა. ამის თაობაზე არათუ საქართველოს სპეცსამსახურები, არამედ ახმეტის რაიონის პოლიციაც სრულ ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ იმ დროს პანკისის ხეობაში „ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა“. ამდენად, ხვიჩა ჩოფანაშვილი, ისევე, როგორც მისი ნათესავი ვეფხია მარგოშვილი, გულარხეინად ცხოვრობდა პანკისში, სადაც რეალურად არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.

სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებულნი არიან, რომ ორივე შედიოდა (მარგოშვილი, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა) იმ ბანდაში, რომელიც თბილისიდან „მსუყე ლუკმას“ იტაცებდა, ანუ მძევლად აჰყავდა ადამიანები და ისინი პანკისში გადაჰყავდა. ვეფხია მარგოშვილი საკუთარ ეზოში ააფეთქეს.

ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ რაკი იგი ვერ მოიხელთეს, ეს ოპერაცია საქართველოს ძალისმიერმა სტრუქტურებმა განახორციელეს. სხვათა შორის, დედამიწაზე არსებული თვით არქიდემოკრატიული ქვეყნების სპეცსამსახურთა ლექსიკაში არსებობდა, არსებობს და ყოველთვის იარსებებს ტერმინი „ლიკვიდაცია“. გააჩნია ვისი, როგორ, სად და რისთვის.

ზოგიერთები ისე იქადნებოდნენ, მარგოშვილი ჩვენმა სპეცსამსახურებმა ააფეთქეს და ფაქტებსაც გამოვაქვეყნებთო, თითქოს ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ ქართულ სპეცსამსახურთა ავტორიტეტი (ამის გამო) ნულზე დავიდოდა და არა პირიქით. ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხის თვალში, გულგასიებულებს ღამით რომ ვეღარ დაეძინათ „ვეფხვოს“ ცნობილი ლანძღვა-მუქარის შემდეგ - მთელ საქართველოს დედას გიტირებთო. ამ კატეგორიის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ყველა გარეწარს, ვინც მთელ ერსა და ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებს, აუცილებლად უნდა ეშინოდეთ, ვაითუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურებს იმის შნო აღმოაჩნდეთ, საკუთარი ფეხის ადგილი თავზე დაამხონ. (მარგოშვილი სწორედ საპირფარეშოში ააფეთქეს)

ასეა თუ ისე, პანკისში განხორციელებულ სპეცოპერაციას უკვე მოაქვს ხელშესახები შედეგი: ადამიანის გამტაცებელთა ბანდის დაპატიმრებით თანდათან იხსნება ის გორგალი, რომელიც სისხლითა და ფულით იბურდებოდა 3-4 წლის განმავლობაში. აქ ლაპარაკია ყველაზე მნიშვნელოვან, „შუალედურ რგოლზე“. საქმე ის გახლავთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მოქმედებს, დაახლოებით, 100-კაციანი ბანდა, რომელიც 3 ძირითადი სეგმენტისგან შედგება.

პირველი, ეს გახლავთ თბილისელი კრიმინალები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას გასატაცებელთა „კანდიდატურების“ შესახებ და შესაბამის გეგმას ამუშავებენ. მეორე ჯგუფი (ძირითადად, ქისტები) ატარებენ უშუალოდ ოპერაციას, ანუ იტაცებენ მძევალს და გადაჰყავთ პანკისში. მესამე ჯგუფი (ჩეჩნები) მძევალს „ინახავენ“, ანუ უზრუნველყოფენ მის დაცვას, აჭმევენ, აცმევენ, დარაჯობენ და ასე შემდეგ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ესპანელი ბიზნესმენების გათავისუფლებისთვის აღებული 350 ათასი დოლარი სამივე ჯგუფმა „პატიოსნად“ გაიყვეს, სხვაგვარად არც შეიძლება, ვინაიდან ეს ბანდა შავი სამყაროს უმოწყალო კანონებით მოქმედებს და სისხლით არის შესუდრული.   

როგორც ჩანს, კრიმინალთა დაპატიმრებები გაგრძელდება და სპეცსამსახურები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაგნებენ პიტერ შოუსა და საცოდავი ქართველი მღვდლის - ბასილ მაჩიტაძის კვალს.

ბრიტანელი ბანკირის გათავისუფლება კი უკვე ძალიან სერიოზული წარმატება იქნება და პანკისში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას დაადასტურებს.