საქართველომ სომხეთს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სომეხი სამხედროების მომზადება შესთავაზა, რომელსაც ნატო-ს "პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის" სწავლების და განათლების ცენტრის სტატუსი აქვს მინიჭებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამ საკითხზე მინისტრ ბაჩო ახალაიას სომხეთში ოფიციალური ვიზიტისას იყო საუბარი.
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბაჩო ახალაია სომეხ კოლეგა სეირან ოჰანიანს და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანს შეხვდა. გაიმართა ასევე საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც თავდაცვის მინისტრებთან ერთად მათი მოადგილეები, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და დეპარტამენტების უფროსები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ძირითადი თემები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა და სამხედრო განათლება იყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს ათწლიანი გამოცდილების სომხეთის არმიის წარმომადგენლებისთვის გაზიარება შესთავაზა, გააცნო საქართველოში რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების გეგმა. ცენტრში, საერთაშორისო ოპერაციებში გაიწვრთნებიან საქართველოს და სურვილის შემთხვევაში სომხეთის, კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის და შუა აზიის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, ქვედანაყოფები (ბატალიონების დონეზე).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთობლივი წვრთნებით, დანაყოფების მომზადება დროისა და ფინანსური რესურსების კუთხით გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე ევროპულ ცენტრებში.
თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ქართულ დელეგაციას დაათვალიერებინა ვაზგენ სარქისიანის სახელობის ინსტიტუტი, გააცნო სამხედროების განათლების სისტემა და საცხოვრებელი პირობები.