ვის ცემას აპირებენ კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი

ვის ცემას აპირებენ კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი

კახი კავსაძეს ინტერვიუს ჩაწერის თაობაზე რამდენჯერმე დავურეკეთ. მოუცლელობის გამო ის ვერ ახერხებდა ჩვენთან შეხვედრას, ბოლო საუბარში მან თქვა, რომ არავითარ ინტერვიუზე არ დათანხმდებოდა, სანამ ერთ ვიღაცას არ სცემდა. ბატონმა კახიმ არ გაამხილა, ვისზე იყო საუბარი. გივი ბერიკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერისას კი ეს ყველაფერი გამოირკვა.

ბატონო გივი, საზოგადოების ნაწილი არცთუ დადებითად აფასებს ხელოვანი ადამიანების პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობას და გარკვეული პოლიტიკოსების მიმართ აშკარა მხარდაჭერას. თქვენ ბრძანდებოდით სტადიონზეც, როდის გაჩნდა თქვენში პროტესტი?

- ჩემი პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა არტისტობაზე შევედი. მსახიობი თავის ბუნებით არის ოპოზიციონერი. კარგს და ცუდს სცენიდან ერთიანად ლაპარაკობს. ვიღაც ყურს დაუგდებს და გაიგებს, რომ ასე არ მოიქცეს, ვიღაცა არც მოუსმენს და ა.შ. სცენა და ეკრანი ამის საშუალებას იძლევა. თქვენ სტადიონიც ახსენეთ, მე ყოველთვის დავდივარ იქ, სადაც ხალხია, მაინტერესებს, საზოგადოება რას ფიქრობს, რა პოზიცია უკავია. ასევე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ბედი. ხომ უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, რა გააკეთო, რა ნაბიჯები გადადგა ცხოვრებაში.

ვარდების რევოლუციის დროსაც იყავით გამოსვლებზე, მაშინ ვის უჭერდით მხარს?

- მე ყოველთვის ვიყავი ხალხის გვერდით. სტალინთან დაკავშირებით რომ იყო ამბები, მაშინ სტუდენტი ვიყავი. მაშინაც კინაღამ დაგვხოცეს, სტალინის ძეგლთან ვიდექი და გვესროლეს რუსებმა, კომუნისტებმა.

თქვენს სტადიონზე მისვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ხალხი ოვაციებით შეგხვდათ.

- ცნობადი სახე ხარ და იმიტომ. რაც ქვეყანაში მდგომარეობა გართულდა, ხალხის სიყვარული უფრო გაიზარდა. თუ მართალი კაცი ხარ, რაღაცის და ვიღაცის გულისთვის არ აკეთებ არაფერს, ხალხი უფრო შეგიყვარებს და ჩაგიხუტებს.

ბევრს უთქვამს, რას უხდიან ისეთს უბრალო და თუნდაც ცნობილ ადამიანებს, რომ ქუჩაში ისევ გამოდიანო.

- ერთი კაცი ეუბნება მეორეს, ტყუილს რატომ ამბობო? მე დავაბრალებ და მერე იმან ამტკიცოს, მართალია თუ არაო. ასე როგორ დავადო ხელი ვინმეს. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. რაღაცეები მეც მაეჭვებს, მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ასე ხელაღებით დავწამო ცილი. რაშიც არ ვარ დარწმუნებული, იმაზე კომენტარს არ ვაკეთებ. მე რომ მიტინგზე მივდივარ, ფული მომცეს? არავის არაფერი მოუცია და ვერც გამიბედავენ შემოთავაზებას, მაგრამ მაინც მივდივარ. ალბათ ბევრი ასე დადის.

თქვენ აშკარად მხარს უჭერდით ნინო ბურჯანაძეს. როცა ეს მიტინგები დაიწყო, ქალბატონ ნინოს გამოსვლას ხალხისგან დადებითი რეაქცია არ მოჰყოლია.

- ეს რეაქცია ძალიან ზომიერი იყო. ნინოს რეიტინგი ამ ბოლო დროს გაიზარდა. მან ნელ–ნელა მოიზიდა მომხრეები. მახსოვს, ნინო ყველაზე მაღალი რეიტინგით იყო, როცა ეს სამნი იყვნენ ერთად. ხალხის ნათქვამი მახსოვს, ეს ჟვანია რას აიკიდა, რეიტინგს დაუკარგავსო. რაც შეეხება მხარდაჭერას, ჩემი ახლობელია და რა ვქნა, ქვეყნის დაუძინებელი მტერი რომ იყოს, არ დავუჭერდი მხარს.

ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში ისევ იმიტომ მოდის, რომ მამის მოპარული ქონების მფარველობაა საჭირო.

- არაფერი იმდენი არ აქვს ანზორ ბურჯანაძეს მოპარული, რაც სხვებზე გამიგია. ნინოს დაცვა რად უნდა, პატარა ბიჭი კი არაა.

ქალბატონ ნინოს მოქმედება უარყოფითად ფასდებოდა, ის მიშას გუნდში იყო, მან არაფერი მოიმოქმედა 7 ნოემბერს და ა.შ.

- მე მასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ვსაუბრობთ. ერთხელ მითხრეს, ტელეფონი ისმინებაო, ჰოდა მისმინონ. რასაც ამ ხალხს ისე ვეუბნები, იმის თქმას ტელეფონით არ ვიკადრებ. ჩვენ დიდი კამათი გვაქვს ხოლმე.

ძირითადად რაზე დაობთ?

- ყველაფერზე. ის პოლიტიკოსია და სხვანაირ ანალიზს აკეთებს. ბეგაშვილს რომ გამოუვარდა ნინო ქუჩაში, შიგნით რომ არ შებრუნებულიყო და იმ დღესვე წამოსულიყო, მე გამიხარდებოდა, მაგრამ იმას თავისი მოსაზრებები აქვს. ის როცა დარწმუნდა, რომ ამ ხელისუფალში ვერაფერს შეცვლიდა, მაშინ წამოვიდა. როცა ასეთ რაღაცეებზე ვსაუბრობთ, ცოტა თავშეკავებულები უნდა ვიყოთ.

მე ძალიან გაბრაზებული ვარ რამაზ იოსელიანზე, სულელი ბიჭია. ჩემზე და კახიზე თქვა, პოლიტიკაში რატომ არ მოდიხართ, მართალია, გივი სტადიონზე იყოო, მაგრამ ალბათ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. მერე წავიდაო და ქურდთან ერთად ფილმი გაახმოვანაო. თავის თავს კი ეს ლაწირაკი რეჟისორს ეძახის. მულტფილმი გავახმოვანე და ძაღლს ახმოვანებინებენ კოხორელ ბიჭს. ქარელი მიშას კაცი იყო, რამაზი მაშინ იმის ჯიბეში იჯდა, მაშინ კაი ბიჭი იყო მიშა, არა? დეპუტატად იყრიდა კენჭს, არ გავიდა და მიშაც ცუდი გახდა. ბინა წამართვესო, ამბობს, სამი ბინა გაყიდა თავისით. თურმე ბინა რომ წაართვეს, მიშას და უგულავას წინააღმდეგ რატომ არ გამოვედი. ბევრს ჩამოართვეს ბინა, მათ შორის, ზაზა კოლელიშვილს და ნინელის, რაც ძალიან მეწყინა. მერე რჩეულიშვილმა მისცა მაგათ, რამაზს იმიტომ არ მისცეს, რომ არ ეკუთვნოდა.

საუბრისას საგრიმიოროში კახი კავსაძე შემოვიდა და ჩვენს საუბარში ჩაერთო.

კახი კავსაძე:

- გაბრაზებული ვარ და არ მრცხვენია, უნდა ვცემო.

გივი ბერიკაშვილი:

- ჭოლა დღეს დასაბმელი იყო, მოყვა თურმე, გორის თეატრიდან გამოაგდო სამხატვრო ხელმძღვანელი და ნერვიულობით ტვინში სისხლჩაქცევა დაემართაო. გარდა ამისა, 4 თვის ხელფასი შეუჭამა იმ ადამიანს.

კახი:

- ასე მითხრეს, ეს ისეთი კატეგორიის ადამიანია, ისე გაზრდილი, რომ ყველაფერს იკადრებს და შეგშლისო ჭკუიდანო. თბილისიდან უნდა გავაძევო. სადაც მე ვიქნები, იქ არ გავაჩერებ. სცენაზე რომ ვიდგე და მითხრან, აქ არისო, გავაჩერებ მოქმედებას, ჩავალ და კარგ თეატრს მოვუწყობ.

გივი:

- არავინ არ გვილანძღია და ამ ლაწირაკმა ასე გამოგვიყვანა მდგომარეობიდან. რთული სიტუაციაა და როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, ყველას აინტერესებს. პოლიტიკოსები მიდიან საზღვარგარეთ, რაღაცეებს არკვევენ, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ამ მონსტრი რუსეთის გამო არავინ დაგვიცავს. შუა ზამთარში მთელ ევროპას გაზი გამოურთო და ჩვენ რას გვიზამს. ვფიქრობ, ჩვენებს "ნაცარქექია" არ აქვთ წაკითხული. მან ხერხით და ჭკუით აჯობა დევს.

თქვენი შვილი მანანა მეტყველების სპეციალისტია, ახლა თუ დადის მასთან მიშა სააკაშვილი მეტყველების გამოსასწორებლად?

- მიშა რომ ჩამოვიდა, მეტყველება უჭირდა და მანანასთან დადიოდა. ახლა რა ვიცი, სჭირდება თუ არა, კარგად ლაპარაკობს? სცალია ახლა მანანასთვის მაგას? მეტყველებაში დეფექტი ჰქონდა, პირის აპარატი არ იყო გამართული. ენერგიულად მუშაობდა და შედეგიც მიიღო. ახლა მეტყველება მიშას კი არა, თეატრალურ ინსტიტუტშიც არ უნდათ, არ არისო საჭირო. მთავარი ოსტატობააო.