როკ მუსიკაში ახალი იდეების კრიზისზე საუბრისას, რაც სიმართლეს არაა მოკლებული, ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ საკუთარ მიდგომასაც მუსიკისადმი, რაც დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს უნდა განიცდიდეს, რადგან სამყარო მოძრავია, განვითარებადი და მუდმივად ცვალებადი.
ასე ფიქრობენ როკ მუსიკის უკვე მესამე თაობის წარმომადგენლები, რომელთაც გათავისებული აქვთ საუკეთესო, რაც კი ათწლეულების განმავლობაში დაუგროვდა ამ უკვდავ ჟანრს, ალამაზებენ რა ტექნოლოგიური სიახლეებით უპირველეს ყოვლისა ექსპერიმენტულ-პროგრესივ მიმართულებით განმსჭვალულ რეპერტუარს...
The Tangent ამის ნათელი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები ყოველნაირად ცდილობენ, რომ „სუპერჯგუფად“ არ შეირაცხონ, ამას ვერსად გაექცევიან, რადგან Emerson, Lake & Palmer-ის მსგავსად, The Tangent-ში მონაწილე თითოეული მუსიკოსი, პროგრესივ როკ წრეებში დიდი პატივით სარგებლობდა ჯერ კიდევ ჯგუფის დაარსებამდე.
რა თქმა უნდა, ზემოთქმული უკვდავი ტრიოს მასშტაბი განსაკუთრებულია, მაგრამ მოდით 21-ე საუკუნეში გადავინაცვლოთ და ისიც გავითვალისწინოთ, რომ The Tangent-ის სადებიუტო ალბომის ჩაწერაში თვით Van Der Graaf Generator -ის ბუმბერაზი საქსოფონისტი დევიდ ჯექსონი მონაწილეობდა.
მულტინაციონალურმა კოლექტივმა, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე, შვიდი სტუდიური ალბომი ჩაწერა, Emerson, Lake & Palmer-გან განსხვავებით, არაერთი საინტერესო მუსიკოსი ჩაანაცვლა, რადგან მუდმივი როტაცია პროგ-როკ ჯგუფებში, დღესდღეობით ჩვეულებრივი მოვლენაა.
არტ-როკ/პროგრესივი, რომელიც 70-იანებშიც კი ვერ იქცა მრავალი მუსიკოსის შემოსავლის წყაროდ, ბუნებრივია, რომ დღეს კიდევ უფრო ნაკლებად კომერციული სფეროა, მაგრამ მუდმივი სახეცვლილების ხარჯზე, როკ მუსიკის ჟანრთაგან, ყველაზე მეტად ინარჩუნებს ახალ იდეებს. მსმენელს არ წყინდება ახალი ჯგუფების გაცნობა, მაგრამ არც მისი რაოდენობაა შთამბეჭდავი.
მუსიკოსებს ხშირად არ სცალიათ, რადგან რეპეტიციების გარდა, სხვა საქმეებითაც უწევთ დაკავება, ამ დროს ვინმე სხვა მოიცლის და... უკვე შემადგენლობაც იცვლება ხოლმე. პროგ-როკ ფესტივალებმა ერთი შეხედვით „ნაკლებად როკულ“ ქვეყნებში გადაინაცვლა და ინგლისურ და ამერიკულ ჯგუფებს, ხშირად პოლონეთის ქალაქ კატოვიცეშიც ეპატიჟებიან ხოლმე უკვე ტრადიციად ქცეულ პროგრესივ/არტ ფესტივალებზე.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ ფესტივალზე გაიცნეს ერთმანეთი მომავალში The Tangent-ის მუსიკოსებმა. ეს როტერდამში მოხდა 1999 წელს, როდესაც ენდი ტილისონისა და სემ ბეინის Parallel Or 90 Degrees, დიდად პოპულარული შვედური კოლექტივის The Flower Kings-ის გამახურებლად წარდგა სცენაზე.
ენდი ტილისონი შემდგომში აღნიშნავდა, რომ სწორედ შვედურმა კოლექტივმა განაწყო იგი ახალი მუსიკის შექმნისადმი, რომელიც გააერთიანებდა მის საკუთარ იდეებს The Flower Kings-თან, რომელსაც ინგლისელი მულტიინსტრუმენტალისტი უკვე გამუდმებით უსმენდა.
ენდი ტილისონის ბოლომდე დაუმუშავებელი მასალა ისე მოეწონა შვედური ჯგუფის ლიდერ როინ სტოლტს, რომ მან გარდა იმისა, რომ მასალის ბოლომდე მიყვანა ითავა, ამ საქმისთვის The Flower Kings-ის მუსიკოსები - დრამერი ზოლტან კშორსი და ბასისტი იონას რეინგოლდი გამოგზავნა სტუდიაში სამუშაოდ.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი დღემდე როგორც The Flower Kings-ის, ასევე The Tangent-ის წევრია და შარშან ამ ორივე ჯგუფის ახალი ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.
სადებიუტო ალბომი The Music That Died Alone, The Tangent-მა 2003 წელს ჩაწერა. სახელწოდება თითქოს რეპერტუარის განცალკევებულობასა და მიუწვდომლობაზე მიუთითებდა, მაგრამ ალბომის გაყიდვებმა Parallel Or 90 Degrees მთელ დისკოგრაფიას გადააჭარბა.
ექსპერიმენტმა ჰამონდის, საქსოფონის და თვით კენტერბერული სცენის ჟღერადობის შეჯერებისა, პროგ-როკ გურმანთა ვიწრო წრეში გაამართლა და მაშინვე გაირკვა, რომ პროგრესივ-არტ როკი კიდევ ერთი შესანიშნავი ჯგუფით უნდა გამდიდრებულიყო.
სადებიუტო ალბომში ჯგუფს ოფიციალურად მხოლოდ ენდი ტილისონი წარმოაჩენს, დანარჩენი მუსიკოსები კი როინ სტოლტისა და დევიდ ჯექსონის ჩათვლით, მოწვეული სტუმრების სტატუსით არიან წარმოდგენილნი.
მომავალი ცვლილებები ალბომის გამოსვლისთანავე დევიდ ჯექსონის წასვლამ დააჩქარა. ენდი ტილისონი აღნიშნავდა: „თან მეწყინა, მაგრამ თანაც ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ბენდის Van Der Graaf Generator-ის შეკრებას უკავშირდებოდა. ამგვარად, წყენა სიხარულმა გადაფარა...“
დევიდ ჯექსონს საუკეთესო შემცვლელი მოუნახეს და მეორე ალბომ The World We Drive Through -ში შესანიშნავი საქსოფონისტი და ფლეიტისტი თეო ტრევისი უკრავს.
დევიდ ალენის Gong-ში გამობრძმედილი ტრევისი, ნებისმიერ ძირეულ მიმდინარეობაში თანაბრად ღრმად ჩახედული მუსიკოსია. ამიტომაც, სადაც მას ერთხელ მაინც დაუკრავს, იქიდან არასოდეს უშვებენ ხოლმე; თეო ტრევისს დაკრული აქვს როგორც The Tangent-ის, ასევე Soft Machine Legacy-ის შარშანდელ ალბომებში. აღსანიშნავია, რომ სხვა მრავალ პროექტში მუშაობის მიუხედავად, იგი მთელი ათწლეულის მანძილზე, The Tangent-ის სტაბილურ წევრად იქცა.
2006 წლის მესამე ალბომ A Place In The Queue-ში კი უკვე როინ სტოლტს ვეღარ ვხედავთ. მან თავისი საქმე გააკეთა და სულაც აღარ იყო საჭირო, რომ მომავალში The Tangent, რამით მაინც რომ დამსგავსებოდა The Flower Kings-ს...
The Tangent სულ უფრო თამამდებოდა და 25 წუთიანი კომპოზიციები მისთვის მხოლოდ სიამოვნების მომტან ჩვეულებრივობად იქცა. სცენაზე რეპერტუარი იმპროვიზაციას ექვემდებარებოდა და მუსიკოსების ფანტაზიაც ორდისკიან ალბომებში რეალიზაციას სულ უფრო მეტად ჰპოვებდა.
ღრმა ინტელექტის ფონზე, ვირტუოზული ტექნიკა, ორიგინალური გადასვლები და რაც მთავარია ჩინებული ურთიერთწვდომა, კოლექტივს დროთა განმავლობაში თანდათანობით უფრო ხვეწდა და სხვა მუსიკოსებსაც კარს უხსნიდა ენდი ტილისონის რეპერტუარში.
მათ შორის ძალზედ მნიშვნელოვანესია King Crimson-ის ბოლო პერიოდის და რობერტ ფრიპის „ძველი ოჯახის“ უცვლელი წევრი - გიტარისტი და მომღერალი - ჯეკო ჯეკშიჩი და იმავე King Crimson -ის 2011 წლის სტუდიურ ალბომში მონაწილე Porcupine Tree-ის დრამერი გევინ ჰარისონი.
2013 წლის La Sacre Du Travail საუკეთესო პროგ-როკ ტრადიციებში ჩაწერილი ორდისკიანი ალბომია. იგი ბოლოსკენ უიშვიათეს - ენდი ტილისონის ჯგუფის 1979 წელს გაკეთებულ სკოლის ჩანაწერსაც მოიცავს, რომელშიც გიტარისტის ვინაობა უცნობია...
ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა კი გვაიმედებს, რომ ბოლო ათწლეულის პროგ-როკ გენერატორი, ამიერიდან ჩვენი როკ მსმენელისთვის აღარ იქნება უცხო.